"ქართული ოცნება" მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმას არ აპირებს. პარტიის წევრთა ნაწილი წინააღმდეგია, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს და, შესაძლოა, ეს საკითხი უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას საერთოდ არც დააყენონ - მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იყო კოალიცია "ქართული ოცნების" დაპირება. "ოცნების" ის წევრები, რომელიც არჩევნების მეორე დღიდან კონსტიტუციაში შესატან კონკრეტულ საკითხებზე განცხადებებს აკეთებენ - იქნება ეს ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა, პარლამენტის თბილისში გადმოტანა თუ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ხმას საერთოდ არ იღებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნება" მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმას აღარ აპირებს / ამ ცვლილების მხარდაჭერა იმ დეპუტატებმაც გადაიფიქრეს, ვისაც შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე აქვთ ხელი მოწერილი.
"ქართულ ოცნებას" 2015 წლის სექტემბერში 81 დეპუტატის ხელმოწერით შეტანილი აქვს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და 150 მანდატის პროპორციული წესით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით განაწილებას ითვალისწინებს. პლუს, საარჩევნო ბარიერის 5%-იდან 4%-მდე დაწევაცაა გათვალისწინებული. ეს პროექტი 2016 წელს პირველი მოსმენით კენჭისყრაზეც დადგა, თუმცა, მაშინ "ოცნება" წინააღმდეგი იყო ეს ცვლილება 2016 წლის არჩევნებისთვის მომხდარიყო და პირობა დადო, რომ 2020 წლისთვის ამ ცვლილებას აუცილებლად მიიღებდნენ. არგუმენტი იყო ის, რომ 2016 წლის არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი და ამხელა ცვლილების გათავისება რთული იქნებოდა. მეორე მიზეზად კი დასახელდა ის, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირი 113 ხმა არ ჰქონდათ. ახლა, როდესაც უკვე დარწმუნებულები არიან, რომ "ოცნებას" 113 დეპუტატი ეყოლებათ, ირაკლი კობახიძეს პარტიის ეს ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაწყებული პოლემიკის დროს არც უხსენებია", - აღნიშნავს გამოცემა.
"უფრო მეტიც, "ოცნების" რამდენიმე დეპუტატი ღიად აცხადებს იმას, რომ ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ დაუჭერენ. მეორე ნაწილი აღნიშნავს, რომ იმ ხელმომწერი 81 დეპუტატიდან ახალ პარლამენტში ნახევარიც არ არის და ახლების აზრი მათთვის უცნობია. გადაწყვეტილების მიღებას კი ვერავის აიძულებენ, ამას თითოეული დეპუტატი საკუთარი ნებით წყვეტს. პოლიტოლოგების თქმით, "ქართულ ოცნებას" მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება რომ სასიცოცხლოდ სჭირდება, ეს 8 ოქტომბრის არჩევნებმაც აჩვენა, რადგან პროპორციული სიით "ოცნებამ" მხოლოდ 48% მიიღო. შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობა, სავარაუდოდ, სწორედ მაჟორიტარების წყალობით ექნებათ და ამიტომაც ახალი პარლამენტი ამ სისტემის გაუქმებაზე საკითხს საერთოდ ან არ დააყენებს, ან თუ დიდი წნეხი იქნება გარედან, განიხილავენ, მაგრამ საჭირო 113 ხმას არ შეაგროვებენ და ყველაფერს რადენიმე მაჟორიტარის თავისუფალ ნებას გადააბრალებენ", - დასძენს გამოცემა.
"ქართულ ოცნებაში" უკვე გამოკვეთილია ის ნაწილი, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგაა და ეს თავად მაჟორიტარების დიდი უმეტესობაა, რომელთა ნაწილი ღიად აცხადებს საკუთარ მიუღებლობას სისტემის გაუქმებაზე, ნაწილი დუმს, თუმცა მათზე მინიშნებებს აკეთებენ მათივე თანაპარტიელები. ამ სისტემის გაუქმების წინააღმდეგია კახა ოქრიაშვილი, რომელიც 2012 წელს "ნაციონალების", ახლა, 2016 წელს კი - "ოცნების" სახელით იყრიდა კენჭს მაჟორიტარად და ის საკუთარ დამოკიდებულებას არც მალავს. ასევე თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი ზაქარია ქუცნაშვილი ღიად აცხადებს, რომ ის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არც ადრე უჭერდა და არც მომავალში დაუჭერს. მისი განმარტებით, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება დაახლოებით იგივეა, ბიზნესის კეთების უფლება რიგით მოქალაქეს წაართვა და ამის მონოპოლიზება ფირმების ხელში მოახდინო. ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ ის წინააღმდეგია მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიცირებაზე 81 დეპუტატს შორის მისი ხელმოწერაცაა. როგორც თავად ხსნის, ეს გუნდური თამაშის პრინციპების გამო მოხდა", - წერს სტატიის ავტორი.
"პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, "თავის დროზე უსუფაშვილი ოპოზიციას სწორ გზას სთავაზობდა - მოდით, გადაწყვეტილება მივიღოთ და 2020 წლისთვის დავთანხმდეთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზეო, მაგრამ ოპოზიციამ არ დაიჯერა და სასწრაფოდ გვინდა ყველაფერიო. ახლა კი, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება ერთ პარტიას, არავინ აიტკივებს თავს და არ იტყვის, რომ ეს სისტემა შევცვალოთო. ეს არის სისტემა, რომელიც ხელისუფლებას მეტად აძლევს ხელს, ვიდრე ოპოზიციას და ხელისუფლება მას არ შეელევა. თუ რევოლუციური სიტუაცია არ იქნა და ოპოზიცია ქუჩაში არ გამოვა, ამ სისტემის შემცვლელი, რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ არის", - მიიჩნევს ძაბირაძე და იმასაც ამბობს, რომ მაშინაც, როდესაც ეს ინიციატივა სულ ძალის-ძალით წარადგენინეს "ოცნებას", მაჟორიტარების გარკვეული ნაწილი წინააღმდეგი იყო", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"ოცნებაში" დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ინიციატივა არ გავიდოდა, მაგრამ პროცესი დაიწყეს და თუ საკითხი კენჭისყრამდე მივიდოდა, ხელმომწერებიდანაც კი დიდი ნაწილი უარს იტყოდა მხარდაჭერაზე. ახლა კი პროცესის დაწყებაც საერთოდ არ სჭირდებათ და არც დაიწყებენ. იტყვიან, რომ ჩვენ მაშინ ოპოზიციას შევთავაზეთ და უარი თქვეს და ყოველ წუთას ასეთი შეთავაზების ხასიათზე არ ვართო; ან განიხილავენ და იტყვიან, რომ გადავწყვიტეთ, სწორი არ იქნებაო და დასრულდება ეს ამბავი", - აცხადებს გამოცემის კრესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველას ავიწყდება როგორ უნდოდა დემოკრატიის გაუმჯობესება და მათი საქმიანობის მთავარი მიზანი მხოლოდ საკუთარი სავარძლის შენარჩუნება ხდება. "მათ წინასწარ ლამის ფიცი დადეს, რომ 2020 წელს აღარ იქნებოდა მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ ახლა, როდესაც იღლიაში აქვთ ამოდებული საქართველოს კონსტიტუცია, ამ თემაზე აღარ საუბრობენ. სულ მალე ახალი პარლამენტის შემადგენლობა ახალ შეჯიბრს დაიწყებს იმაზე, თუ ვინ უფრო სხარტი გამონათქვამებით შეაყვარებს თავს ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესს, რომელსაც აქამდე პრივატიზებული ჰქონდა მხოლოდ მთავრობა და პარლამენტის ნაწილი, ახლა კი კონსტიტუციის პრივატიზაციისთვისაც ემზადება," - აცხადებს ცისკარიშვილი. პოლიტოლოგი უშვებს იმის ალბათობასაც, რომ შესაძლოა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ინიციატივა განიხილონ, მაგრამ 113 ხმა არ შეგროვდეს და მაჟორიტარების თავისუფალ ნებას გადააბრალონ ყველაფერი", დასძენს სტატიის ავტორი.