მეორე ტურში

მეორე ტურში "ნაციონალების" მხარდასაჭერი კამპანია ჩავარდა

"სამოქალაქო საზოგადოების სახელით ორი დღის წინ გავრცელებული მიმართვა, რომ არჩევნების მეორე ტურში პროდასავლურმა პარტიებმა მხარი ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირონ, რადგან "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საფრთხეს შეიცავს, უშედეგოდ დასრულდა. პარტიები "ნაციონალების" მხარდაჭერისკენ საჯაროდ მოწოდებებს არ გეგმავენ. უფრო მეტიც, ლიდერების აბსოლუტური უმეტესობა თავადაც არ აპირებს, ხმა "ნაციონალებს" მისცეს. მხოლოდ ერთი პარტიის, "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აპირებს, მხარდამჭერებს აუხსნას, რატომ არის ცუდი საკონსტიტუციო უმრავლესობა და რატომ უნდა მისცენ ხმა "ოცნების" წინააღმდეგ. თუმცა მისი თანაპარტიელი ნიკა ქავთარაძე ამბობს, რომ საკუთარ მხარდამჭერებს უთხრას, სხვა პარტიას მიეცით ხმა, ეს უპრინციპობაა და არასერიოზულია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით მეორე ტურში "ნაციონალების" მხარდასაჭერი კამპანია ჩავარდა.

"ორადაა გაყოფილი აზრი "რესპუბლიკელებში", სადაც ცალკეული ლიდერები ამბობენ, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს, მაგრამ პარტიის არც ერთი ლიდერი არ აპირებს მოწოდებების გაკეთებას. სხვა პარტიები კი აცხადებენ, რომ ამ მიმართვას ისინი საერთოდ არ შეუერთდებიან, ან საერთოდ არ აპირებენ არჩევნებზე წასვლას, ან "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ მისცემენ. სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას ხელს საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი 44 ადამიანი აწერს და მისი პათოსი საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ ბრძოლაა.მოწოდებაში პირდაპირ ნათქვამი არ არის, რომ პროდასავლურმა პარტიებმა მეორე ტურში "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ მხარი, მაგრამ ოპოზიციურ კანდიდატებში სწორედ "ნაციონალების" მხარდაჭერა იგულისხმება იმ მარტივი მიზეზით, რომ მეორე ტური ტარდება 50 ოლქში და 50-დან 45 ოლქში ოპოზიციიდან სწორედ "ნაციონალების" კანდიდატები არიან გასულ. მიმართვის ადრესატი კი 8 პარტიაა: "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები", "გირჩი", ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის", ვაშაძის "ახალი საქართველო", "ახლები", "ნაციონალები" და ლეიბორისტები", - აღნიშნავს გამოცემა.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ძალიან სახიფათო, ანტიდემოკრატიული და რეგრესული მოცემულობაა, ის პრობლემაა ქვეყნისთვის, მაგრამ მასზე არანაკლებ პრობლემაა "ნაციონალური მოძრაობაც", თავისი არსით. ის ამბობს იმასაც, რომ რატომღაც სამოქალაქო საზოგადოების ამ ნაწილს 2008 წელს არ გაუპროტესტებია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა და მინიშნებას აკეთებს იმაზეც, რომ მოწოდების ავტორთა ერთი ნაწილი სწორედ "ნაციონალების" მხარდამჭერია. "8 წლის წინ ანალოგიურ მომენტში არაფერი მსგავსი არ გაკეთებულა. ამით იმის თქმა არ მსურს, რომ გინდა თუ არა, ეს ხალხი ყველა "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერია და "ნაციონალების" პროექტში იღებენ მონაწილეობას. ეს ყველას არ ეკუთვნის, მაგრამ ცალკეული პიროვნებები, ვინც ამ მოწოდების ავტორები არიან, ბუნებრივია "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან ახლო წარმომადგენლები არიან სხვადასხვა ფორმით," - აცხადებს კაციტაძე. მისი თქმით, დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოცემულობა, სამწუხაროდ 8 ოქტომბრის შემდეგ უკვე დადგა და ახლა მოწოდებებით არაფერი შეიცვლება", - წერს სტატიის ავტორი.

"ბოლო ფაზაზე შედეგი როგორც წესი არ იცვლება ხოლმე, ამიტომაც ეს მოწოდებები უაზრობაა. ამას რომ თავი გავანებოთ, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა სერიოზული პრობლემაა ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის, არანაკლებ სერიოზული პრობლემა მგონია "ნაციონალური მოძრაობა" თავისი არსით, რომელიც დღეს თითქოს უნდა მოგვევლინოს ამ მრავალპარტიულობის გადამრჩენლად, საკონსტიტუციო უმრავლესობის არ შექმნის გადამრჩენად და რაც ყველაზე უფრო სასაცილოა, ქართული ოპოზიციური სპექტრის მაკონსოლიდირებელ ეპიცენტრად. 2008 წელს თავისი მეცადინეობით ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას" შექმნილი საკონსტიტუციო უმრავლესობა, რასაც შემდეგ მანდატების დატოვება, პარლამენტში არშესვლა და მთელი რიგი ამბები მოჰყვა. ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობას წინ უძღოდა ჯერ მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები, შემდეგ მრავალდღიანი შიმშილობა. ამიტომაც "ნაციონალური მოძრაობა" ქართული დემოკრატიის გადამრჩენად ვერ წარმომიდგენია. უცებ, რომ გავგიჟდეთ მემარჯვენეები და ასეთი მოწოდება გავაკეთოთ, ჩვენი ამომრჩეველი, ბევრი თუ ცოტა, ვერ გაიგებს და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ მივიღებთ," - აღნიშნავს კაციტაძე. ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელ მდივან გიორგი გუგავას თქმით, პარტიაში ამ პათოსს "არც ერთ შემთხვევაში არ იზიარებენ", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"ეს არის იმ თამაშის გაგრძელება, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების გათეთრება და ლეგიტიმურობის შეძენა, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდა. ბუნებრივია, ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ. მეტსაც გეტყვით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებული არ არის ბატონ ივანიშვილთან, მეორე ტურს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ და პარლამენტში არ უნდა შევიდნენ, რაც ავტომატურად პარლამენტის არალეგიტიმურობას ნიშნავს და ასევე ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლას დააჩქარებს. თუმცა არსებობს სერიოზული ვარაუდი იმის შესახებ, რომ არჩევნების წინ ბოკერია ივანიშვილს გაურიგდა. ვინც მეორე ტურებში მონაწილეობით ამ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას უწყობს ხელს, ის ივანიშვილის ავტოკრატიული მმართველობისთვის პოლიტიკური ლეღვის ფოთლის ფუნქციას ასრულებს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გუგავა. "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრის, გიორგი პაპავას განცხადებით, მთავარია, ხალხი მეორე ტურში მივიდეს და იქ თავად გადაწყვიტოს, რა ურჩევნია. "მე არც "ნაციონალურ მოძრაობას" ვუჭერ მხარს და არც "ოცნებას", - აღნიშნავს პაპავა. "პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვის ხელმომწერებისგან სჭირდება მეტი არგუმენტაცია, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო რა შედეგი დადგება, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია" , - განაგრძობს გამოცემა.

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა ჩვენს მხარდამჭერებს ვერაფერს შეუცვლის, არც იქნება სწორი და არც დაუჭერენ მხარს. კიდევ ერთი საკითხი, "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ არ ასხივებს იმას, რომ ბრძოლას აპირებს მეორე ტურში. სხვა პოლიტიკურ პარტიებზე რომ მიდგა ჯერი, ჯერ შიგნით მოიძიონ ძალები, რამდენად არიან განწყობილი, რომ იბრძოლონ მეორე ტურისთვის. ამას დღეს ვერ ვხედავ და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია ამ მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ნეგატიური," - მიიჩნევს ვაშაძე. რესპუბლიკური პარტია არ აპირებს, ამომრჩეველს მოწოდებით მიმართოს და საერთოდ, ლიდერებს შორის აზრიც გაყოფილია იმაზე, "ოცნებას" დაუჭირონ მხარი, თუ "ნაციონალებს". პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ის არც ერთს არ შემოხაზავს. ამბობს, რომ სამოქალაქო აქტივისტების პათოსი მისთვის გასაგებია, მაგრამ მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა პოლიტიკურად შედეგს და პარლამენტში ძალთა ბალანსს მაინც ვერ შეცვლის, სამაგიეროდ 4 წელი პარტიას ექნება დამღა, რომ "ნაციონალების" ამომრჩევლები არიან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქზე" წერს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ ბრძოლა საჭირო საქმეა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიცემის კამპანიაში არ ჩაებმება", - განაგრძობს ავტორი.

"მე მეორე ტურში ხმის მისაცემად არ მივდივარ, ვინაიდან პასუხისმგებლობას ვერც ერთ კანდიდატზე ვერ ავიღებ, ორივე თანაბარი კატასტროფაა პარლამენტისთვის და პასუხისმგებლობა სწორედ იმათ უნდა ზიდონ, ვინც ისეთი 9 ოქტომბერი უზრუნველყო, როგორიც დადგა; "ნაცმოძრაობისთვის" ხმის მიცემის კამპანიაში არასოდეს ჩავებმები, ვინაიდან... რა ვიცი მგონი განმარტება არ სჭირდება," - წერს ხიდაშელი. არც ლევან ბერძენიშვილი აპირებს, მეორე ტურში ხმის მისაცემად მივიდეს. განსხვავებული პოზიციები აქვთ დავით ბერძენიშვილსა და დავით ზურაბიშვილს და ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ აპირებენ ხმის მიცემას. "პარტიაში ვთქვით, რომ ყველა ინდივიდუალურ არჩევანს გააკეთებს. პირადად ჩემთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე სამი-ოთხი "ნაციონალით" მეტი პარლამენტში. "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო უმრავლესობა რომ იყოს, ამას უფრო დიდ საფრთხედ ჩავთვლიდი, მაგრამ ახლა საუბარია 4-5-ით მეტ "ნაციონალზე", - თვლის დავით ზურაბიშვილი. ახალ პოლიტიკურ ცენტრ "გირჩის" ლიდერი მეორე ტურში "ნაციონალურ მოძრაობის" მხადრაჭერის მოწოდების პათოსს სრულად იზიარებს", - წერს გამოცემა.

"ჩემი აზრით, ნებისმიერი მოქალაქე უნდა მივიდეს და ხმა უნდა მისცეს იმას, რომ ერთ პარტიას ამ ქვეყანაში არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, გამომდინარე იქიდან, რა საფრთხეები ახლავს ამას და გამომდინარე იქიდან, რა ცუდი გამოცდილება გვაქვს წინა ხელისუფლების შემთხვევაში. პათოსს სრულად ვიზიარებ", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. ნიკა ქავთარაძე კი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ჯაფარიძის განცხადებას ეთანხმება იმაში, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა დიდი საფრთხეა, თუმცა ამომრჩევლებისთვის ამგვარ მიმართვას წარმოუდგენელს და არასერიოზულს უწოდებს. "ჩვენი კონსტიტუცია შეიძლება არ არის იდეალური, მაგრამ მაინც დღესდღეობით რა პოლიტიკური სიტუაციაც გვაქვს, ვინც ხელისუფლებაშია, მათ არ უნდა ჰქონდეთ კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით და ზურა ჯაფარიძეს ვეთანხმები. სხვა მხრივ, ჩვენს მხარდამჭერებს რომ მოვუწოდოთ, სხვა პარტიას მისცენ ხმა, ეს წარმოუდგენელია. უპრინციპობა იქნება, საკუთარ მხარდამჭერებს უთხრა, სხვას დაუჭირონ მხარი. ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკოსი მესიჯებსა და მიმართვებში ფრთხილი უნდა იყოს. ყველგან, ვინც წლების განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" აგინებდა, წარმოუდგენელია ხალხმა დამაჯერებლად მიიღოს ის, რომ მოდით, ახლა "ნაციონალებს" დავუჭიროთ მხარი, იმიტომ, რომ არ გაიმარჯვოს "ოცნებამ" - ამბობს ქავთარაძე და ამას არასერიოზულად მიიჩნევს" - დასძენს გამოცემა.