დაგვაჯარიმებენ თუ არა ლუდის სმისთვის

დაგვაჯარიმებენ თუ არა ლუდის სმისთვის

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მშვიდ ვითარებაში, ალკოჰოლის, მათ შორის ლუდის სმისთვის მოქალაქეს არავინ დააჯარიმებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, რუსთავში რამდენიმე პირი მართლაც დააჯარიმეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ჯარიმა არა ლუდის სმისთვის, არამედ ნასვამ მდგომარეობაში დებოშისთვის გამოუწერეს.

"მსგავსი ამბავი, ძირითადად, ხდება რუსთავში იმიტომ, რომ იქ იყო ძველი სკვერები, სადაც "ბომჟები" იკრიბებოდნენ. შემდეგ მოხდა სკვერის რეაბილიტაცია, სადაც ბავშვები და მათი მშობლები იკრიბებიან, "ბომჟებმა" სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, სკვერში ლუდით ხელში დებოში რამდენჯერმე მოაწყვეს, რასაც მათი დაჯარიმება მოყვა", - განაცხადა უტიაშვილმა.

მისი თქმით, სამართალდამცველები ერთი და ორი ბოთლი ლუდის დალევისთვის არც ქუჩაში და არც სკვერში არავის დააჯარიმებენ. მთავარია, მათ არეულობა და დებოში არ გამოიწვიონ.

უტიაშვილი განმარტავს, რომ მსგავსი შემთხვევა თბილისის ახალ პარკებშიც მოხდა, სადაც სამართალდამცველებმა ნასვამი პირები გააფრთხილეს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პარკებში და სკვერებში მოქალაქეებს ლუდის სმისთვის პოლიციელებმა 80-ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს. ამავე ქსელებში მითითებულია კანონის ის მუხლი, რომლის საფუძველზეც დაჯარიმება ხდება.  კანონის შს სამინისტროს ვებგვერდზე 2009 წლის ივნისშია განთავსებული.