ბენდუქიძეს ქურდებმა ქონება წაართვეს

ბენდუქიძეს ქურდებმა ქონება წაართვეს

სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, რომ დონეცკში მოღვაწე ქართველმა კანონიერმა ქურდმა "ხმელომ", იგივე გია ხმელიძემ, კახა ბენდუქიძეს რუსეთში დარჩენილი ბიზნეს - წილები წაართვა.

როგორ და რანაირად, ეს ინფორმაციის წყაროსთვის უცნობია, თუმცა ირწმუნება, რომ საუბარია ურალში, ქალაქ ეკატერინბურგში არსებულ აქტივებზე. კერძოდ, წილებზე "ურალმაშის" ქარხანაში.

ამ საწარმოში თავის აქტივები ბენდუქიძემ 2005 წელს „გაზპრომბანკს“ მიჰყიდა, მაგრამ ჩვენი წყარო ამბობს, რომ გარკვეული, უფრო მცირე აქტივები მაინც დაიტოვა. სწორედ ამ აქტივების წართმევაზეა საუბარი.

თავად ბენდუქიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსთან" საუბარი არ ისურვა.

"თქვენს გაზეთთან არ მსურს საუბარი. თქვენი გაზეთი არ მაინტერესებს," - უთხრა "რეზონანსს" კახა ბენდუქიძემ.

"დონეცკში "ხმელო" დიდ საწარმოებს აკონტროლებს და სხვათა შორის ძალიან გავლენიანია. მას კარგი კავშირები ჰქონდა იაპონჩიკთან, რომელიც თავის მხრივ დაახლოებული იყო კრემლთან და ფაქტიურად ყველაფერს აკონტროლებდა. ახლა უკვე "ხმელო" აკონტროლებს "ურალმაშში" კახა ბენდუქიძის კუთვნილ წილს. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ამ ადამიანმა ბენდუქიძეს წილები წაართვა," - უთხრა "რეზონანსს" ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა, რომელიც ერთ-ერთ სამინისტროში საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობს.

"ხმელო" 49 წლისაა და წარმოშობით რუსთავიდანაა. მან საქართველო სამოქალაქო ომის შემდეგ დატოვა. ამავე წყაროს ცნობით, "ხმელო" დაპირისპირებულია ტარიელ ონიანთან, რომელსაც, ოპოზიციის მტკიცებით, ახლო კავშირები აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან.

კახა კუკავა: ძალიან მაღალ დონეზეა ხელისუფლებასა და კანონიერ ქურდებს შორის კავშირები. ეს კავშირები განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება არჩევნების ან პოლიტიკური დაძაბულობის დროს. კანონიერი ქურდების დიდი ნაწილი პირდაპირ თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან.

რა კავშირებია, გაქვთ ინფორმაცია?

- ბუნებრივია. იგივე წილების გადაფორმება, 2004-2005 წლებში მთელი საქართველოს ბიზნეს აქტივები იქნა გადაფორმებული ერთი მესაკუთრიდან მეორეზე. ამ საქმეში პირდაპირ იყვნენ ჩართული ქურდები და რამდენიმე ასეთი საქმე გახმაურდა კიდევაც.

რომელ საქმეს გულისხმობთ?

- ესპანეთში დააკავეს კანონიერი ქურდი ვინმე მელია, რომელიც ჩამოიყვანეს საქართველოში და გაასამართლეს. მაგრამ ზუსტად ორ თვეში გაათავისუფლეს ის კაცი და საქართველოს ხელისუფლებას ეხმარებოდა ამ არჩევნებში. ქურდებთან ბრძოლა მხოლოდ პიარია. სააკაშვილი ქურდებს კი არ ებრძვის, არამედ თავად არის ამ სამყაროს ნაწილი.

სწორედ მიხეილ სააკაშვილი ეხმარება ტარიელ ონიანის ჯგუფს კალაშოვის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კალაშოვის ქონების რეკვიზიცია გააკეთეს თბილისში და ნამდვილად, როგორც სანიმუშო ხელისუფლება, ისე მოიქცნენ. მაგრამ, რაც შეეხება ონიანს, აქ სრულიად სხვაგვარი მიდგომაა. მისი ბიზნეს-ინტერესები არ შეუვიწროებიათ საქართველოში, ვინაიდან ის იყო ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი და რამდენიმეჯერ ძალიან მსხვილი შეწირულობა გამოუგზავნა მიხეილ სააკაშვილს. ეს ინფორმაცია "ნაციონალურ მოძრაობას" არ უარუყვია. ტარიელ ონიანთან ხელისუფლებას აქვს როგორც პირდაპირი, ასევე ფინანსური კავშირები.