იგორ გიორგაძემ წარსული გაიხსენა

იგორ გიორგაძემ წარსული გაიხსენა

(იბეჭდება შემოკლებით)

ბატონო იგორ, ყველა თვლის, რომ თქვენ სახელმწიფო უშიშროების მინისტრად კრემლის დაჟინებით დაგნიშნეს?

- მართალია. ჩემს დანიშვნამდე ერთი დღით ადრე შევარდნაძემ სხვა ადამიანის დანიშვნის ბრძანებას მოაწერა ხელი. მერე მითხრა, - გუშინ ბრძანება დავწერე, მაგრამ შენი დანიშვნა მეგობრებმა მირჩიესო. ჯაბას უნდოდა, სახელმწიფოს სპეცსამსახური ჰქონოდა და არა ნარკომანების, ბანდიტების და ქურდების ისეთი კანტორა, როგორიც ჩემს შემდეგ მოსულმა ირაკლი ბათიაშვილმა შექმნა.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ინტერვიუში, ჯაბამ მითხრა, იგორს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარდგენაში დახმარება შევთავაზე, მაგრამ მან უარი მითხრა, - ეს გუნებაშიც არ გამივლიაო.

- საკვირველია მისი ასეთი გულახდილობა! მან შევარდნაძის დაპატიმრება და სასამართლოსთვის გადაცემა შემომთავაზა, მაგრამ მაშინ პრეზიდენტობაზე არც მიფიქრია. იდიოტი უნდა ვყოფილიყავი, იმ სიტუაციაში მის სიტყვას რომ ავყოლოდი. აშშ-ის და მოსკოვის ხელისუფლების მაღალი ეშელონები გვთხოვდნენ, ყველაფერი გვეღონა, რათა 1995 წელს შევარდნაძე ლეგიტიმური პრეზიდენტი გამხდარიყო. ჯაბას ვუთხარი, - წარმოგიდგენიათ, გაზეთები რა ამბავს ატეხენ - „კანონიერმა ქურდმა“ და „კაგებე“-ს გენერალმა გამოჩენილი დემოკრატი დააპატიმრესო. ჯაბამ მაგიდას ხელი დაჰკრა: „ეს „კაზიოლი“ უნდა დააპატიმროთ!“ - მას ქვეყნის ბედი მართლა აწუხებდა.

.. არავითარ შეთქმულებას არ გეგმავდით?

- არავითარს, ამის დაჟინება მარაზმია.

შევარდნაძეზე უშედეგო თავდასხმის შემდეგ, თქვენ თქვით - პროფესიონალები ასე არ მოქმედებენო. აბა, როგორ იქცევიან?

- კენედი. აი პასუხი. რამდენი ხანი გავიდა და სიმართლე არავინ იცის. შევარდნაძეზე თავდასხმის შესახებ კი ყველაფერი ცხადზე ცხადია. 1995 წლის ივლისში თურქეთში ვიყავი, შევარდნაძემ თავად მიმავლინა. არადა ჩემი ბრალდების პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ 1995 წლის ივლისში ჩემს ბინაში შეთქმულებას ვგეგმავდი. ანუ გამოდის, რომ ერთდროულად თბილისშიც ვიყავი და თურქეთშიც. თურქეთიდან მოსკოვში ჩავედი თანამშრომლებისთვის ამუნიციის შესაძენად. საქართველოში კი ედუარდ ამბროსიევიჩმა აღარ ჩამომიშვა.

მოსკოვში, საქართველოს მაშინდელ ელჩთან, ვაჟა ლორთქიფანიძესთან მივედი და ვუთხარი, - შეფს გააგებინე, რომ მე მისი კონკურენტი არ ვარ-მეთქი. ჩემს თვალწინ დაურეკა - იგორი ხვალ მოფრინავს და თუ შეხვდებითო. შევარდნაძემ უპასუხა, არ ჩამოვიდეს, მე თვითონ გამოვიძახებო. მაშინდელი თვითმფრინავის ბილეთები ახლაც შენახული მაქვს. პრეზიდენტზე თავდასხმა რომ მომიმზადებია, ეს ვაჟა ლორთქიფანიძისგან გავიგე. მეორე დილასვე საქართველოში ვიყავი. 2 სექტემბერს თანამდებობიდან გადამაყენეს. 4-ში მოსკოვში გავფრინდი, შვილი წავიყვანე სასწავლებლად.

სამხედრო თვითმფრინავით, რუსეთის ბაზიდან?

- აეროპორტიდან.

ახლა ინტერპოლი გეძებთ. მოკვლას თუ ცდილობდნენ?

- რასაკვირველია. ვიცი, რომ ამისთვის კანონიერი ქურდი შაქროც მიიწვიეს. რა ამოძრავებთ ჩემი მოსპობის დამკვეთებს? - შიში. შს მაშინდელი მინისტრი შოთა კვირაია საკუთარი ხელით აწამებდა ხალხს. ბერეზოვსკი კი, რომელიც მაშინ დსთ-ის აღმასრულებელი მდივანი იყო, შევარდნაძეს დაჰპირდა, მაგიდაზე გიორგაძის თავს გაგიგორებ და აფხაზეთის პრობლემასაც მოგიგვარებო. ეს ამბავი შევარდნაძის ადმინისტრაციიდან გავიგე. ხომ იცით, საქართველოში თუ საუბარს მესამე ესწრება, ეს უკვე საიდუმლო აღარ არის.

ბოლოს და ბოლოს, როდის გამოაქვეყნებთ იმ სენსაციურ მასალებს, ასე ხშირად რომ ახსენებთ?

- როცა დავბრუნდები. ჩვენ ბევრი მასალა გაგვაჩნია. ამის გამო ჩემი მეგობარი თემურ პაპუაშვილი ციხეში მოკლეს. თემური ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს უფროსი იყო და რახან ამ მასალებს ვერ მიაკვლიეს, მოწამლეს. თემური ინახავდა იმ ურიცხვ კასეტას, რაც ჩვენ გაგვაჩნდა.

ბევრს კლავენ ასე?

- კვირაიას ცნობილი მე-6 სართულიდან 7 კაცი ნამდვილად „გადმოხტა“, მისი კაბინეტიდან გამოსულმა ფინანსთა მინისტრმა „თავი მოიკლა“ - კვირაიას კაბინეტში პისტოლეტით შესვლა ხომ წარმოუდგენელია! მინისტრთან დაკითხვაზე მიმავალ კაცს უსათუოდ ახლავს ვიღაც... უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაიამ, შარშან რომ თავი „მოიკლა“, თურმე გაზეთში მასზე დაწერილი ცუდი სტატია წაიკითხა და ისე შეწუხდა, მაშინვე ტყვია იკრა შუბლში.

ახლავე გეტყვით, როგორ იშორებდა შევარდნაძე პოტენციურ კონკურენტებს. მისი მეგობრის, სოლიკო ხაბეიშვილის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე შევარდნაძესთან მივედი მასალებით, სადაც ნათქვამი იყო, რომ სოლიკოს მიერ შექმნილ კომპლექს „გუდაურზე“ პრეტენზიას კრიმინალური ავტორიტეტი დათო სანიკიძე აცხადებდა. სანიკიძე შევარდნაძის ოჯახის ახლობელი იყო. გუდაური კი 30 მილიონ დოლარს ნიშნავდა. „სოლიკოს მოკლავენ“, - გავაფრთხილე პრეზიდენტი, მაგრამ მეგობრის დასაცავად მან არაფერი იღონა.

თქვენ დისიდენტ გიორგი ჭანტურიას მკვლელობაში გადანაშაულებენ.

- რატომ უნდა მომეკლა? არ იკითხავთ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო იმ პერიოდში ეროვნული ლიდერი?

გიორგი.

- ვის გაუწევდა მეტოქეობას? შევარდნაძის მეორე მეგობარი ჟიული შარტავა პრეზიდენტის ოფიციალურ მემკვიდრედ ითვლებოდა. სოხუმის დაცემის წინ შევარდნაძემ ჟიულის უთხრა: - წადი მთავრობის სახლში, შენ იქ საჭირო ხარო. შევარდნაძე გადარჩა, შარტავა და ყველა მასთან მყოფი - დაიღუპნენ. არძინბამ სპეცჯგუფი გაგზავნა მის დასახსნელად, მაგრამ გვიანღა იყო.

ამბობენ, არძინბას მოსკოვიდან სთხოვეს შარტავას გადარჩენაო.

- სრული სიმართლეა.

ამბობენ, შარტავას დაღუპვის ამბავი რომ გაიგო, არძინბა სასოწარკვეთილი ყვიროდა, - დახოცეთ ეგ გარეწრებიო, მკვლელებს გულისხმობდა. აფხაზებთან და ოსებთან შერიგების გეგმა გაქვთ?

- ამას როგორ გავამხელ! ოპონენტთაგან განსხვავებით, ხელი ოსების და აფხაზების სისხლში არ მაქვს გასვრილი. ამიტომ თავისუფლად შემიძლია აფხაზეთსა და ოსეთში ჩასვლა.

კავშირი თუ გაქვთ აფხაზეთის მთავრობასთან?

- უხერხული კითხვაა. ერთს გეტყვით, არავითარი პრობლემა არ მაქვს აფხაზეთთან დაკავშირებით.

საქართველოში დარწმუნებულები არიან რომ ყველა მათი უბედურება და მათ შორის დამარცხებაც რუსეთის ბრალია.

- ფაქტია, რომ რუსეთი ომის დროს აფხაზეთის მხარეს იბრძოდა. საკითხავი სხვა რამეა: შენ, ცნობილო დიპლომატო, როგორ ვერ მოახერხე, რომ რუსეთი შენ დაგდგომოდა გვერდით და არა აფხაზეთს?

(„მოსკოვსკი კომსომოლეცი“)