უნაპირო სტიქია და ნაპირმორღვეული დაფინანსება

უნაპირო სტიქია და ნაპირმორღვეული დაფინანსება

გაზაფხულის ბოლოს სტიქიამ მოსახლეობას ახალი ძალით შემოუტია. ბუნებრივი კატაკლიზმების გამო ყოველ წელს ასეულობით ოჯახი რჩება საცხოვრებლის გარეშე. წყალდიდობა სულ უფრო სერიოზულ პრობლემას უქმნის მოსახლეობას. მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები კი თითქმის უნაყოფოა.

2011 წლის ბიუჯეტში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის სულ რაღაც 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა სტიქიური უბედურებების პრევენციისთვის საკმაოდ ცოტაა.

2009 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 9,2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2010 წელს - 1,187 მილიონი ლარი, 2011 წელს კი - 5,371,4 ათასი ლარი. 2009 წელს 9-მილიონიანი ბიუჯეტის ფარგლებში, დაახლოებით, 60-მდე ობიექტის შეკეთება მოხდა, 2010 წელს კი ამ ციფრმა არაოფიციალურად 10-ს მიაღწია.  რამდენ მდინარეზე ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები წლეულს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა 5 მილიონი ლარის ფარგლებში, ცხადია, რომ გამაგრებული მდინარეების რიცხვი საკმაოდ ცოტა იქნება.

რაც შეეხება სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების დაფინანსებას, წლეულს ამისათვის ბიუჯეტიდან 6,500,0 ლარია გამოყოფილი, რაც გასული წელთან შედარებით, 2-ჯერ ნაკლებია. 2010 წელს სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ და პრევენციის მიზნით სულ გამოყოფილი იყო 14,649.9 ათასი ლარი, 2009 წელს კი - 6,999.5 ათასი ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპაში ნაპირსამაგრი სამუშაოების გამაგრებაზე საერთოდ ხელი აიღეს, გამოსავალი მდინარის ჭალებიდან მოსახლეობის განსახლებაა. საქართველოს კი საამისოდ, არც ფინანსური რესურსი აქვს და არც საკმარისი მიწა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მდინარის ჭალებში ცხოვრება არ შეიძლება და თავის დროზე, ამ პრობლემურ ტერიტორიებზე მიწები არასწორად განაწილდა.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად 2010 წელს განსაკუთრებით აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები დაზარადა.  გასულ წელს სხვადასხვა რეგიონში რეგიონალური მონიტორინგული შეფასებისა და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პირობებში განხორციელებული კვლევების შედეგად შეფასდა 366-მდე დასახლებული პუნქტი და 2750 საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 822 ოჯახი აღმოჩნდა მაღალი საშიშიროების რისკის ქვეშ. თუმცა, როგორც გეოლოგები ვარაუდობენ, სტიქიური პროცესები მომავალშიც გაგრძელდება და გამორიცხული არ არის, რომ მისი მასშტაბებიც საგრძნობლად გაიზარდოს.

2010 წლის ანალოგიურად, პროცესები 2011 წელს გააქტიურდება და ის არა მარტო აჭარას, არამედ თითქმის მთელს საქართველოს მოიცავს.

„11 ათასზე მეტ ოჯახს, რომლებიც დღემდე ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზიანებულ სახლებში ცხოვრობენ, წყალდიდობის შემთხვევაში, ამ წელს სერიოზული რისკის ქვეშ ყოფნა მოუწევთ. მათთვის არც 2009 და არც 2010 წელს არაფერი გაკეთებულა“, - განაცხადა „კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის“ წარმომადგენელმა რეზო გეთიაშვილმა.

მისივე თქმით, ის თანხა, რაც ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი, საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს.

საქართველოში 30 ათასზე მეტი ეკომიგრანტია აღრიცხული.  საქართველოს კანონმდებლობა დეფინიციას - „ეკომიგრანტი“ არ ცნობს, შესაბამისად, არ არსებობს მათი დახმარების, სოციალური გარანტიების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი. არადა, გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილების შესახებ ნებისმიერ სახელმწიფოს ავალდებულებს, იზრუნოს ამ კატეგორიის მოქალაქეებზე.