ჟვანია-სააკაშვილის გუნდის მიმართ სკანდალური განცხადებებით განთქმული ირინა სარიშვილი, რომელსაც პრეზიდენტმა 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის დროს წარმოთქმულ სიტყვებში ფრიად არაკორექტული ეპითეტი „ავადსახსენებელიც“ კი უწოდა, ჩვეულებას არ ღალატობს და სკანდალურ განცხადებას აკეთებს ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით. იგი ხელს კვლავ ჟვანია-სააკაშვილისკენ იშვერს.
ქალბატონო ირინა, საოლქო სასამართლოში გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი განახლდა. თქვენი აზრით, როგორ წარიმართება იგი ახალი ხელისუფლების პირობებში?
- ჯერ ერთი, სადავოა, რამდენად ახალია ეს ხელისუფლება, რადგან ეს ხალხი იყო ქვეყნის სათავეში მაშინაც, როცა გიორგი მოკლეს და მაშინაც, როცა მკვლელობის საქმის გამოძიება დაიწყო. სწორედ ჟვანია-სააკაშვილი და „თავისუფლების ინსტიტუტი“ არიან იმ ბინძური ჭორების თანაავტორები, რაც სანაიას გარშემო გავრცელდა. სწორედ ისინი ცდილობდნენ ჟურნალისტის მკვლელობის სათავისოდ გამოყენებას და ეს მცდელობა ჯერ კიდევ ცხედრის სახლიდან ეკლესიაში გადასვენების დროს ჰქონდათ. “თავისუფლების ინსტიტუტის“ ბიჭები იმ დღეს პირდაპირ მოუწოდებდნენ ხალხს აჯანყებისაკენ, რაც დასაფლავების დღესაც განმეორდა. ამის გამო გამიჩნდა ეჭვი - ხომ არ მეორდება საქართველოში ხელისუფლების შეცვლის უკრაინული მოდელი, იმიტომ ხომ არ მოკლეს გიორგი, რომ საყოველთაოდ საყვარელი ადამიანის სიკვდილს ბუნტი გამოეწვია?
გიორგის მკცლელობა ვერ გახდა საყოველთაო გამოსვლის მიზეზი, ამიტომ დაიდგა ახალი სპექტაკლი, კერძოდ, გიორგი სანაიას მკვლელობას მოჰყვა რამდენიმე ჰალსტუხიანი ადამიანის შესვლა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში, რამაც გამოიწვია მასობრივი არეულობა, მოხდა გარკვეული ძვრები ხელისუფლებაში, თუმცა, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ საგრძნობლად განმტკიცდა მომავალ რევოლუციონერთა პოზიციები. ფაქტობრივად ეს იყო ნოემბრის რევოლუციის გენერალური რეპეტიცია.
იქნებ დააკონკრეტოთ, გიორგი მოკლეს იმის გამო, რომ აჯანყება გამოეწვიათ თუ მისი მკვლელობა გამოიყენეს საკუთარი მიზნებისთვის?
- პირადად მე გიორგის მკვლელობის სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. მისი მოკვლით ორგანიზატორები „ორ კურდღელს იჭერდნენ“. ერთი მხრივ, თავიდან იცილებდნენ ჟურნალისტს, რომელიც არავის გეგმაში არ ჯდებოდა და არავის უკმევდა გუნდრუკს. ასეთი ადამიანის არსებობა იმ დროს, როცა ელექტრონული მედიის სრული კონტროლია გადაწყვეტილი, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. მეორეც, როგორც აღვნიშნე, მისი მკვლელობის გამო ხალხში გაჩენილი უარყოფითი მუხტი მიმართული იქნებოდა ხელისუფლებისაკენ, უფრო სწორედ, ხელისუფლების ერთი ნაწილისკენ.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სრულიად ნათელია, ვინ ცდილობს გიორგის მკვლელობის სათავისოდ გამოყენებას. თუ რამდენად ემთხვევა იგი მკვლელობის ორგანიზატორის ვინაობას, ამის შესახებ უაპელაციო განცხადებას ვერ გავაკეთებ, თუმცა, მაქვს ეჭვი და საფუძველიც, ვიფიქრო, რომ ეს ერთი და იგივე ჯგუფი უნდა ყოფილიყო.
გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ყველამ საკუთარი თვალით ნახა მკვლელობის მოტივის შესახებ მოწმეთა ჩვენებები...
- სასამართლო პროცესები პირდაპირ ეთერში სწორედ იმიტომ გადაიცემოდა, რომ ზემოაღნიშნული ორივე ვარიანტისათვის გზა გახსნილი ყოფილიყო. თუ მკვლელობა გაამართლებდა თავის მიზანს, ხომ კარგი, თუ არა და, ბინძური ჭორებითა და მონაჩმახებით ჩაფარცხავდნენ მკვლელობის ნამდვილ მოტივს.
გიორგის დროს თქვენ „რუსთავი 2“-ის ღამის ეთერის ხშირი სტუმარი იყავით. მისი სიკვდილის შემდეგ კი თქვენი და ტელეკომპანიის დამოკიდებულება შეიცვალა. რატომ?
- გიორგი იმდენად ავტორიტეტული ჟურნალისტი იყო, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებს არხის ხელმძღვანელობას არ უთანხმებდა. რამდენჯერმე გიორგისთან ისეთ თემებზე ვისაუბრე ეთერში, რომ ნამდვილად არ მოეწონებოდა იმ ხალხს, ვინც „რუსთავი-2“-ს თავის ნებაზე ატრიალებდა. ჩემთვის ძნელია ამ თემაზე საუბარი, რადგან შეიძლება, მეც ვიყავი ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გიორგი სანაია მაშინდელი ხელისუფლების ნაწილისთვის, ანუ დღევანდელი ხელისუფლებისათვის არასასურველ პიროვნებად ჩათვლილიყო.
საყოველთაოდ ცნობილია „რუსთავი 2“-ის დამსახურება რევოლუციის წინაშე. თუკი, თქვენი თქმით, გიორგი სანაიას მკვლელობა რევოლუციის ათვლის წერტილი უნდა გამხდარიყო, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ტელეკომპანიის მესვეურებმა იცოდნენ მკვლელობის მოტივის შესახებ?
- ამ შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ ტელეკომპანია და ის რამდენიმე პიროვნება, ვინც მას თავის ნებაზე ატრიალებს. გიორგი სანაიას მკვლელობა „რუსთავი-2“-ისთვის დიდი დარტყმა იყო, რადგან ასეთი პოპულარული ჟურნალისტი არცერთ სატელევიზიო კომპანიას არ ჰყოლია, თუმცა, ისიც ცხადია, რომ ინფორმაცია გიორგის გადაადგილების შესახებ ყველაზე კარგად სწორედ მისმა თანამშრომლებმა იცოდნენ.
და ბოლოს, ქალბატონო ირინა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტის სხდომის გახსნის დროს წარმოთქმულ სიტყვაში თქვენ „ავადსახსენებელი“ გიწოდათ. რით დაიმსახურეთ ასეთი ეპითეტი?
- უბრალოდ, პრეზიდენტს უნდოდა, ჩემთან დაკავშირებით რაიმე ორიგინალური და აღმატებული სიტყვა ეთქვა. „კრიმინალსა“ და „მაფიოზს“ (მის საყვარელ სიტყვებს) ვერ მიწოდებდა, ამიტომაც მოიფიქრა „ავადსახსენებელი“. თუ მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ მიღწევად იმას თვლის, რომ ჩემ მაგივრად ახალი სახეები გამოჩნდა პარლამენტის დარბაზში, ძალიან ცდება, რადგან მე დიდი ხანია, იმ დარბაზში არ ვყოფილვარ. სწორედ ისინი მოღვაწეობდნენ იქ „მოქკავშირის“ დროშის ქვეშ და იღებდნენ ქვეყნისათვის საზიანო გადაწყვეტილებებს.