პანკისი - „კრაზანების ბუდე“

პანკისი - „კრაზანების ბუდე“

იყო დრო, როცა პანკისზე თვით ამერიკაც ალაპარაკდა და ამ პრობლემის მოგვარება სავაჭრო თემად იქცა. შეიძლება ითქვას, ამერიკის ინტერესმა საქართველოს მიმართ ისე გააბოროტა რუსეთი, რომ პანკისის კი არა, უკვე თბილისის დაბომბვითაც კი იმუქრებოდა. ისე კი პანკისური „კრაზანების ბუდე", რომელიც თავის დროზე პოლიციის თუ უშიშროების ზოგიერთი მაღალჩინოსნის კერძო ბიზნესის წყაროდ იქცა, უკვე თვით ხელისუფლებისთვის გახდა მოსაბეზრებელი.

ხუმრობა ხომ არ არის, ჯერ იყო და წითელი ჯვრის თანამშრომლები გაიტაცეს, შემდეგ ცნობილი ფეხბურთელის, კალაძის ძმა, რომელიც საერთაშორისო განსჯის საგანი გახდა, მერე დეპუტატი ცისკარიშვილი, და აი, პიტერ შოუს გატაცებამ ხომ საბოლოოდ დაგვასხა თავზე ლაფი და თბილისი განგსტერების ქალაქადაც კი გამოაცხადეს. აღარაფერს ვამბობთ, ბერ მაჩიტაძეზე, თამუნა გოგინაშვილზე და ბევრ სხვაზე.

ფაქტია, რომ არც კალაძე, არც ბერი მაჩიტაძე, არც თამუნა გოგინაშვილი დღემდე არ გაუთავისუფლებიათ და შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის დაპირებაც, რომ მძევლებს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს, დაპირებად რჩება. თუ გავითვალისწინებთ წარსულის მწარე გამოცდილებას, როდესაც გაათავისუფლეს იმავე წითელი ჯვრის თანამშრომლები, იგივე ესპანელი თუ არაბი ბიზნესმენები და ამას პიტერ შოუს გათავისუფლებაც მოჰყვა, ბუნებრივად იბადება კითხვა: რატომაა, რომ სახელდობრ უცხოელებს ათავისუფლებენ ჩვენი ძალოვნები და არა ქართველებს?

მართალია, ამას კობა ნარჩემაშვილი სრულ შემთხვევითობას უწოდებს, მაგრამ მის დაპირებებს თანდათან შაურის ფასი რომ ედება, ფაქტია. სულ ახლახან, „ლუკოილის" ვიცე-პრეზიდენტის მამის, სადი შარიფოვის გატაცების დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, შს მინისტრმა განაცხადა, რომ მძევალს რამდენიმე საათში გაათავისუფლებდნენ. არადა, საცოდავი 79 წლის მოხუცი რამდენიმე დღის შემდეგ მკვდარი იპოვეს. რა მნიშვნელობა აქვს, მოხუცი გულის შეტევით გარდაიცვალა თუ იარაღის სროლის შედეგად. აქ მთავარი ის არის: შარიფოვს დაემართებოდა სასიკვდილო გულის შეტევა, რომ არ გაეტაცებინათ?!

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მთელ საქართველოს სარეველა ბალახივით მოედო ადამიანთა გატაცებები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პანკისი უკვე მთელი საქართველოა. ამის მთავარი და სავალალო მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენს სამართალდამცველებს არც ერთი გამტაცებელი არ დაუსჯიათ, რაც საბოლოოდ ამყარებს აზრს, რომ თითოეული გატაცება თვითონ სამართალდამცველებისგან იგეგმება.