[გიორგი ბექაური]
ტურისტები მეტად ფრთხილი ხალხია. დასასვენებლად და სამოგზაუროდ წამსვლელი ადამიანი, რა თქმა უნდა, თავს არიდებს ისეთ ქვეყნებში მოგზაურობას, სადაც მუდმივად პოლიტიკური დაძაბულობაა. თუმცა, ტურისტებიც ორ ნაწილად იყოფიან - ევროპელი ტურისტები და პოსტსაბჭოთა ქეყნის ტურისტები. ამათგან პირველნი განსაკუთრებული სიფრთხილით გამორჩევიან, ხოლო მეორენი უფრო თამამები და გულადები არიან.
რა გამოძახილი პოვა ევროპაში საქართველოში მიმდინარე არეულობებმა და არის თუ არა საფრთხე, რომ ამის გამო ვიზიტორებმა ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის გეგმებს გადახედონ? ტურიზმის სექტორზე საპროტესტო აქციების გავლენას საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო სწავლობს.
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ სერიოზული გავლენას საპროტესტო აქციების და მისი უცხოურ მედიაში გაშუქებისგან ნაკლებად უნდა ველოდეთ. თუმცა, ბექა ჯაყელის თქმით, ამ ეტაპზე ტურისტულ სააგენტოებთან და სასტუმროებთან მუშაობა მიდის, რათა დადგინდეს, ხომ არ გაუქმდა მაისსა და ივნისში დაგეგმილი ვიზიტები. ჯაყელის განცხადებით, მომართვები სხვადასხვა ქვეყნიდან ჯერჯერობით არ ყოფილა, რადგან ყველა ქვეყნის მოქალაქეს ესმის, რომ საპროტესტო აქციები ბუნებრივი მოვლენაა და მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანაა.
ტურისტული სააგენტო „ელიტ თრეველ ტურის“ მარკეტინგის დირექტორის ვასილ მიქაძის განცხადებით, ასეთი გამოსვლები ტურისტულ სეზონზე ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითად აისახება. მისი თქმით, უკრაინელმა, აზერბაიჯანელმა და სომეხმა ვიზიტორებმა, რომლებიც საქართველოს კარგად იცნობენ, იციან, რომ ასეთ დროს სიტუაცია არც ისე მძიმეა, როგორც ამის წარმოჩენა ხდება. ამიტომ ისინი უფრო თამამები არიან და საეჭვოა დაგეგმილი მოგზაურობა გადადონ. დასავლეთ ევროპელი ტურისტები კი ძალიან ფრთხილები არიან და ყველანაირ ინფორმაციაზე აქვთ რეაქცია.
იმავეს აცხადებს ტუროპერატორ „გეორგიკა თრეველის“ დირექტორი გიორგი კალანდაძე. მისი თქმით, საპროტესტო აქციები და გამოსვლები ქვეყანაში ტურისტულ სეზონს საფრთხეს უქმნის, თუმცა მიმდინარე აქციები იმდენად ხანმოკლე იყო, საეჭვოა ტურისტების ჩამოსვლას ხელი შეუშალოს.
ტურიზმის სფეროს ექსპერტს მარინა მეტრეველს კი მიაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ინვესტორების შემოსვლას და ტურისტული ნაკადის შემცირებასაც განაპირობებს. მისი ვარაუდით, მდგომარეობა მალე თუ დასტაბილურდა, შესაძლოა, აგვისტოში მოსალოდნელი ტურისტების რაოდენობაზე არ იქონიოს გავლენა, ივლისში კი ამ მხრივ ქვეყანას სერიოზული პრობლემა ექნება.
„დღესავით ნათელია, პოლიტიკური დაძაბულობა საინვესტივიო გარემოს განვითარებას შეაფერხებს და შეამცირებს ვიზიტორების რაოდენობას ქვეყანაში. ნებისმიერი პოლიტიკური არასტაბილურობა და ამის შესახებ უცხოურ მედიაში გაჟღერებული ინფორმაცია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას შეაფერხებს და დააზარალებს.
ცხადია, არ შემოვა იმდენი ტურისტი, რამდენზეც კომპანიებს წინასწარ ჰქონდათ შეკვეთა მიღებული. სიტუაცია მალე თუ მოგვარდა, შეიძლება, აგვისტოში ტურისტების შემოსვლა არ შეფერხდეს, მაგრამ ივლისში ამ პროცესების გავლენა უეჭველი იქნება, ამ ფაქტს ვერ გავექცევით“, - ამბობს მარინა მეტრეველი.