რამდენი ადამიანი დაითხოვა სამსახურებიდან „ნაციონალურმა“ მთავრობამ

რამდენი ადამიანი დაითხოვა სამსახურებიდან „ნაციონალურმა“ მთავრობამ

(იბეჭდება შემოკლებით)

საქართველოში უმუშევართა რაოდენობა სწრაფად მატულობს. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2003 წლის 9 თვეში საქართველოში ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის 12% იყო უმუშევარი, 2004 წელს - 12,7%. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თვითდასაქმებული უმუშევრად არ ითცლება, გარდა ამისა, გამოთვლა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიხედვით ხდება, უმუშევართა რაოდენობა მოცემულ პროცენტებზე გაცილებით მეტია.

ყველას კარგად ახსოვს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საკადრო წმენდა ყველა სახელმწიფო უწყებაში დაიწყო. ახალი ხელისუფლების მიდგომა ასეთი იყო - ყოფილი ხელისუფლებისდროინდელი თანამდებობის პირები, სამინისტროების, სამსახურების, დეპარტამენტების ხელმძღვანელები გათავისუფლებულიყვნენ და სახელმწიფო უწყებებში ახალი სისხლი გადაესხათ.

თანამდებობებზე ახალი ხელმძღვანელების დანიშვნას კი ქვედა რგოლებშიც წმენდა მოჰყვა. ამ წმენდას კი შეეწირნენ როგორც უღირსნი ისე ღირსეულნი. წმენდის რამდენიმე მეთოდი არსებობდა და არსებობს:

1. თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაეწერათ და ახალი ხელმძღვანელი მათ თავიდან დანიშნავდა. მოტყუებულმა და შეშინებულმა თანამშრომლებმა განცხადებები მასიურად დაწერეს. ამის შემდეგ კი ისინი არავის გახსენებია.

2. სტრუქტურული ცვლილებები - რამდენიმე სამსახური თუ დეპარტამენტი გაერთიანდა, რასაც თანამშრომელთა შემცირება მოჰყვა. მაგალითად, უშიშროება და შსს, ქონების მართვის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა, სპორტის დეპარტამენტი - კულტურის სამინისტროს.

3. რეფორმა, რომელსაც ყოფილი სახეების ახლით ჩანაცვლება მოჰყვა.

მოკლედ, ამ და სხვა მიზეზების გამო, ერთ წელიწადში 150 000 ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მათთვის არც სხვა, ალტერნატიული სამსახური შეუთავაზებიათ და არც კომპენსაცია, რომელიც შრომის კოდექსით გათვალისწინებული იყო. ხელისუფლებამ შრომის კოდექსში გათვალისწინებული მუხლი, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ფულადი კომპენსაციების გაცემას გულისხმობს, 2006 წლამდე შეაჩერა.

სამწუხაროდ, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს არ გააჩნია ინფორმაცია, რომელ უწყებაში რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა. აღნიშნული ინფორმაცია ვერც ცალკეული უწყებებიდან მივიღეთ.

კადრების წმენდა და თანამშრომელთა სამსახურებიდან დათხოვნა ჯერ არ დამთავრებულა. ეს ის პროცესია, რომელიც ერთი წელია, გრძელდება. ზოგ უწყებაში კი კადრების წმენდა 2-3-ჯერ ხდება. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ ამ სამსახურის უფროსი რამდენჯერ შეიცვლება.

ხელმეორე წმენდა იწყება თბილისის მერიაშიც, სადაც 1700 თანამშრომელი უნდა შეამცირონ. თანამშრომელთა მიღება კი კონკურსის საფუძველზე მოხდება. აღნიშნულ ინიციატივას მერიის თანამშრომლები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს უკანონოა. ერთ-ერთი, ვინც თანამშრომელთა შემცირებას ეწინააღმდეგება, არის საკრებულოს „ლეიბორისტული“ წევრი გიორგი გუგავა:

„ეს არის უზნეობა, უნამუსობა და უსინდისობა. წელიწადში სამჯერ პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი ხელფასებს იმატებს და მათი ხელფასები კოლოსალური რაოდენობისაა, უბრალო მუშა-მოსამსახურე კი ყოველგვარი სოციალური გარანტიების, კომპენსაციისა და ალტერნატივის გარეშე დატოვეს. ერთი წუთითაც არ ფიქრდებიან იმაზე, თუ რა მდგომარეობაში არიან მათი ოჯახი და ვინ უნდა არჩინოს ის. 2006 წლამდე კანონმდებლობის ის ნაწილი შეაჩერეს, რომელიც კომპენსაციას ითვალისწინებდა. ერთი წლის განმავლობაში 150 000 ადამიანი დაითხოვეს. 2006 წლამდე კი წმენდას თუ დათხოვნებს მორჩებიან.“

როგორც ჩანს, სამსახურებიდან დათხოვნილ მოსახლეობაზე შრომისა და დასაქმების სამსახურები ზრუნავენ, თუმცა, საკითხავია, როგორ ზრუნავენ. მათი დახმარება, უკეთეს შემთხვევაში, თვეში 20 ლარით შემოიფარგლება.

სამსახურებიდან დათხოვნილები დახმარებისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართავენ. იურისტებთან მსგავსი განცხადებები საკმაოდ ბევრია. როგორც იურისტები აცხადებენ, ზოგს სამსახურში აღდგენაში ეხმარებიან, ზოგს - ვერა.

„ყველა დაწესებულება ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას და ყველა საკითხი ინდივიდუალურად უნდა განიხილო, რამდენად კანონიერად მოიქცა ამა თუ იმ სამსახურის ხელმძღვანელი და რამდენად კანონიერად გაუშვა ხალხი სამსახურიდან. მასიურად დათხოვნის ტენდენცია მიუღებელია, მაგრამ გააჩნია მიზეზს. ძალიან ბევრი მოქალაქე მოდის და დახმარებას გვთხოვს. ზოგ შემთხვევაში მათი გათავისუფლება კანონმდებლობის მიხედვით ხდება, ზოგ შემთხვევაში კი - არა.

საკმაოდ ხშირია, როცა სამსახურიდან წასვლის შესახებ თანამშრომლებს განცხადებას აწერინებენ. ეს არის ყველაზე რთული შემთხვევა. ამის მოთხოვნა არავის შეუძლია, მაგრამ მაინც აკეთებენ. მაშინ, როცა თანამშრომელი გათავისუფლებულია პირადი განცხადების საფუძველზე, სამსახურის უფროსს ვერ შეედავები. მართალია, ეს შეთავაზება და სასამართლო პროცესზე მისი დადასტურება არ ხდება“, - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.