„ენდი გარსია საქართველოს პრეზიდენტად!

„ენდი გარსია საქართველოს პრეზიდენტად!"

ჰოლივუდის ვარსკვლავი ენდი გარსია, შარშანდელ რუსეთ-საქართველოს ომზე მაღალბიუჯეტიან ფილმში საქართველოს მგზნებარე ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის როლს თამაშობს.

გადაღებები თბილისში დაიწყო. ათასობით მოხალისე შეიკრიბა ფიქციურ აქციაში მონაწილეობისთვის. გარსია სააკაშვილის ხასიათს სრულად მიესადაგა. მისი ინტონაცია და ფრაზები ერთი შეხედვით შაბლონური იყო, თუმცა ისინი სააკაშვილის რეალური გამოსვლებიდან მეტ-ნაკლებად ზუსტად ამოკრეფილი ციტატებისგან შედგებოდა.

„თავს ნუ მოვიტყუებთ, ამ საღამოს ჩვენ მარტონი არ ვართ", - უთხრა გარსიამ მის ფსევდომხარდამჭერებს, რომლებიც იმ დემონსტრაციის მონაწილეებს ასახიერებდნენ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტის წინ გაიმართა. მაგრამ იმ დღისგან განსხვავებით, როდესაც რუსული ტანკები დედაქალაქისკენ მოემართებოდა, ამ დღეს ატმოსფერო უფრო საზეიმო იყო.

ხალხის მასა, რომელიც ძირითადად ოჯახებისა და ახალგაზრდებისგან შედგებოდა, მორჩილად უკრავდა ტაშს, როგორც კი ამას ანიშნებდნენ და გაოცებული მისჩერებოდა საკუთარი ქალაქის ცენტრს, რომელიც კინოს დიდ გადასაღებ მოედნად გადაქცეულიყო.

ეს ყველაზე მასშტაბური ფილმია, რომელიც საქართველოში ოდესმე დადგმულა - იგი 32 მლნ დოლარი (19 მლნ ევრო) ჯდება, ამიტომ ბევრი აქ მხოლოდ სპექტაკლის საყურებლად მოვიდა.

ფილმის დროებითი სახელწოდებაა „საქართველო". მას იღებს „კერკეტი კაკალი-2"-ისა და „მაგნიტის" რეჟისორი რენი ჰარლინი. ფილმი ამერიკელ ჟურნალისტსა და მის ოპერატორზეა, რომლებიც საომარი მოქმედებების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან და ამბის თხრობის დროს ცდილობენ, ობიექტურობა შეინარჩუნონ.

კინომწარმოებლებმა მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ფილმში მთავარია ანტისაომარი გზავნილი, მაგრამ არის საშიშროება, რომ ის მოვლენებზე საქართველოს მთავრობის ვერსიას წარმოაჩენს. ამ მოსაზრებას ის ფაქტი ამყარებს, რომ მთავრობამ კინომწარმოებლებს საჯარო შენობები და სამხედრო ნაწილები დაუთმო, ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი, პაპუნა დავითაია პარლამენტის დეპუტატი და პრეზიდენტის პარტიის წევრია.

ეს ამ თემაზე გადაღებული პირველი კინოსურათი არ არის. ცალსახად პრომოსკოვური ფილმი, „ოლიმპუს ინფერნო“, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით ამ წლის დასაწყისში გავიდა. ის კონფლიქტში ბრალს საქართველოს სდებდა. ცოტა ხნის წინ საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით მომზადდა, ომზე პასუხისმგებლობა, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორივე მხარეს, რუსეთსაც და საქართველოსაც დააკისრა.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს ოპოზიციური ლიდერია, ერთ-ერთი მათგანია, ვინც ბატონ სააკაშვილს პასუხისმგებლობას აკისრებს. სოციალურ ინტერნეტქსელში მან კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ამ ფილმზე დათანხმებით ის ნამდვილ ომს უბრუნდება. მისი დიდ ეკრანზე გადატანა ძალიან ადრეა.

თუმცა ქართველების უმრავლესობისთვის ომის შემდგომ პერიოდში კინოს შოუბიზნესს შხაპის ხიბლი ჰქონდა.

ფილმთან დაკავშირებული ინტერნეტდისკუსიის ერთ-ერთი მონაწილე აღფრთოვანებული წერს: „დავტოვოთ გარსია პრეზიდენტად, სააკაშვილს შეუძლია ჰოლივუდში გაფრინდეს".