„ივანიშვილი ვერ შეგვაშინებს“

„ივანიშვილი ვერ შეგვაშინებს“

უშიშროების საბჭოს მდივანი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლება დააპანიკა. როგორც მან ჟურნალ „ტაბულასთან" ვიდეოინტერვიუში განაცხადა, საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველანაირი ხალხი არსებობს.

„საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა. ჩვენ არა ვართ მრავალწლიანი ლიბერალურ-დემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ დღეს საქართველოში არის დემოკრატია და ეს არის თავისუფალი ქვეყანა. ამ სვლით გზა გრძელდება და ეს გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველანაირი ხალხი არსებობს, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ჩემი აზრით და საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის აზრით, ფუნდამენტურ საკითხებს აყენებს ეჭვის ქვეშ. ესეც ნაწილია თავისუფლების. ჩვენ ასეთი ფიგურები გვყოლია სხვადასხვა დროს და თავისუფლებასაც აქვს ეს ფასი, რომ ესეთი ხალხი არსებობს", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის შეხედულება ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, მასში კრიტიკას იწვევს.

„თავისუფალი საზოგადოება ამ ყველაფერს ხარშავს და სწორად იგებს. ჩემი შეხედულებები, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, ყველასთვის ცნობილია და საჯაროდაც ცნობილია, რომ იმ რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხებში მის შეხედულებას, რომელიც უკავშირდება მის საგარეო პოლიტიკურ კურსს, ქვეყნის იდენტობას, ჩემთვის უაღრესად კრიტიკულია", - აღნიშნა ბოკერიამ.