სოციალურ ქსელში გავრცელებულმა სურათმა, სადაც სუხიშვილების ანსამბლის წევრი დაცვას გაყავს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სუხიშვილებმა 26 მაისს აქციის დარბევა გააპროტესტეს და აღლუმზე ამიტომ არ იცეკვეს... თითქოს, ამის გამო ანსამბლის წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა და ერთ-ერთი მოცეკვავე სასწრაფო დახმარების მანქანით გაიყვანეს მოედნიდან.
შესაბამისი სურათის გამოქვეყნებამ ეჭვი რეალობად აქცია. ანსამბლის პიარმენეჯერის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. გაირკვა, რომ თურმე სუხიშვილებს ცეკვა უნდოდათ, მაგრამ სააკაშვილმა მათ ამის საშუალება არ მისცა.
„პრესაგე.ტვ“ შეეცადა ხელოვნების წარმომადგენლებისთვის მიეცა საშუალება მომხდარი შეეფასებინათ. კონტაქტზე მხოლოდ ცნობილი ქორეოგრაფი ლელა მაქაცარია დაგვეთანხმა.
შეგახსენებთ რომ ლელა მაქაცარია არის მიუზიკლების – „ფიროსმანი“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „თოვლის ბებოს ზრაპარი“, ასევე – თემურ ყვითელაშვილის, მანანა თოდაძის, თემურ წიკლაურის, ჯემალ სეფიაშვილის, ალექსანდრე ბასილაიას სოლო კონცერტების ქორეოგრაფი:
– როდესაც კარგი არ მაქვს სათქმელი, საჯაროდ არაფერს ვამბობ, თუმცა ჩემს პოზიციას ყოველთვის ვაფიქსირებ. სუხიშვილების ხელმძღვანელი ნანუ (და არა ნინო) სუხიშვილის გამოსვლამ ისე აღმაშფოთა, თქვენთან მოსვლა გადავწყვიტე. 26 მაისს სპეცრაზმმა დაარბია რუსთაველზე შეკრებილი მშვიდობიანი მოსახლეობა. ბატონმა სააკაშვილმა (როდესაც ხელისუფალი თავის ხალხს არბევს და კლავს, პრეზიდენტად ვერ მოვიხსენიებ) აღლუმი გამართა. მოვედი თქვენთან, რათა ჩემი და ჩემი მეუღლის, რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის, და იმ ადამიანების სახელით ვინც ხალხს ემსახურება და არა რომელიმე ხელისუფალს, ბოდიში მოვიხადო. არ მინდა ხალხმა იფიქროს რომ ყველა ხელოვანი ადამიანი ისეთია, როგორიც ნანუ სუხიშვილი.
სუხიშვილების ანსამბლს არასდროს აკლდა ხალხის სიყვარული, მაგრამ ეს იყო დიდი ნინოს და ილიკოს დროს, მისმა შთამომავლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს სახელი ქართულ ფესვებთან ერთად ჩაეჭრათ და ამოეძირკვათ – შუაღამისას ხელისუფლებამ პროსპექტზე ქართველი ხალხის სისხლი დაღვარა, რაც შემდეგ ჩარეცხა და ჯერ კიდევ გაუმშრალ, ქართველების სისხლით მორწულ ადგილზე ცეკვას აპირებდი თურმე.
არ უცეკვიათ აღლუმზე სუხიშვილებს...
– ნანუ სუხიშვილს ტუზი დაეცა. ხალხს ეგონა, რომ სუხისვილებმა აღლუმზე პროტესტის ნიშნად არ იცეკვეს. დღეს გამოდის ეს ქალბატონი და სააკაშვილს ბოდიშს უხდის – ჩვენ გამოვიდოდით და ვიცეკვებდით, მაგრამ მიშამ გვიბრძანა და ამიტომ არ გამოვედითო...
ჯერ ერთი, იმ ხელოვანი ადამიანის პატრიოტიზმს და ქართველობას რა ვუთხარი, რომელიც სცენაზე ვიღაცის ბრძანებით გამოდის ან არ გამოდის და მეორეც, ნუთუ ელემენტარული ადამიანობა არ შერჩათ, არ გააჩნიათ სირცხვილის გრძნობა და იმ ადგილზე სადაც ხელისუფლებამ სისხლი დაღვარა, ცეკვას აპირებ? თურმე, მიშას რომ არ ეთქვა, არ იცეკვოთო – იცეკვებდნენ. ერთ რამეს ვურჩევდი მათ - მიშასთან ერთად სულ ცეკვა-ცეკვით წავიდნენ საქართველოდან. ასეთი ხელოვანი ადამიანების ადგილი საქართველოში არ არის.
ძალიან ბევრს მოუწევს წასვლა.
– მოდით, ვიკითხოთ, რამდენი წავიდა საქართველოდან მათ გამო. რამდენი წავიდა, რამდენი დაიხოცა, რამდენი მშიერია... მე არ მინდა, ჩვენი სახელით ილაპარაკონ ეგრეთ წოდებულმა ხელოვანებმა. ხმამაღლა ვაცხადებ - ნანუ სუხიშვილი არის უზნეო ქალი, რომელიც აცხადებს, რომ თურმე მიშას რომ არ აეკრძალა იცეკვებდნენ. იცით, რა? მაგათ ბევრი უცეკვიათ ქუჩაში, წვიმიან მოედანზე და წყალში მიშას გულისთვის და ბევრჯერ დანარცხებულან ასფალტზე, მაგრამ არასდროს მითქვამს რამე. ვისაც უნდა, იმას უცეკვონ, მაგრამ როდესაც სისხლი იღვრება და ქართველი კაცი კვდება, იმ ადგილას გამოხვიდე და იცეკვო, დიდი სირცხვილია. უფრო მეტი სირცხვილია, გამოხვიდე და თქვა, მე ცეკვა მინდოდა, მაგრამ არ მაცეკვესო.
რამდენად იყიდებიან ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები?
– ბევრი უფასოდაც გამოდის, ვიღაცას შეიძლება მოწონს სააკაშვილი და გამოდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტრაგედიის დროსაც გამოხვიდე. სწორად გამიგეთ, მე არავის ვუკრძალავ ვინმეს გვერდით დგომას. მინდა შეგახსენოთ, რომ ვიეტნამის ომის გამო „ბითლზის“ ბიჭებმა ინგლისის დედოფალს ჯილდოები უკან დაუბრუნეს და სულ არ მაინტერესებს, ლელა წურწუმია ვის უმღერებს ან ვის უცეკვებენ სუხიშვილები! ხალხი დაიხოცა, და არ გრცხვენია უცეკვო მიშას?! ამ ფონზე ხელოვან ადამიანად როგორ ასაღებ თავს? აფრიკელ ბავშვებს რომ უჭირთ, მთელი მსოფლიო საქველმოქმედო კონცერტს მართავს, როგორ – შენთან დაიღუპა ხალხი და პროტესტის გრძნობა არ გიჩნდება?
ნინი ბადურაშვილმა ჰიმნი შეასრულა, ხოლო ბათუმში კონცერტი მაინც შედგა. ამდენად, მთლად სააკაშვილსაც ვერ დავაბრალებთ სუხიშვილების „ჩავარდნას“.
– ჰიმნი ყველა დროს სრულდება, მაგრამ – ჩანაწერი და არა ცოცხალი შესრულება. მაგრამ, რაც მოხდა, არ უნდოდათ, რომ ეს ტრაგედიად გამოეცხადებინათ და ამიტომ გამოვიდნენ „სცენაზე“. თურმე, მიშას მოერიდა და ის უფრო „კაი ტიპია“ ვიდრე ეს „ხელოვანები“. წარმოგიდგენიათ, რა გააკეთეს? რომელ სამშობლოს სიყვარულზე უნდა ილაპარაკონ ამ ადამიანებმა?!
ეგებ, სუხიშვილების ანსამბლს დაშლა ემუქრება, თუკი ხელისუფლების დაკრულზე არ იცეკვებს?
– სუხიშვილებს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, ეს არ დაგავიწყდეთ და არც ის დაგავიწყდეთ, რომ ბიუჯეტს ხალხი უხდის ფულს. ჩვენი შეტანილი გადასახადებით იღებენ ხელფასს. თუ, გინდათ მითხრათ, რომ მოცეკვავეები ხელფასისთვის კი არა, ნანუს და ილუშას სიყვარულისთვის დადიან? ცეკვა კარგია მაშინ, როცა გეცეკვება. ვის უნდა 6–საათიანი რეპეტიცია? სახელმწიფო ანსამბლი რატომ ცეკვავს-მეთქი, მე ამას არ ვამბობ. უნდა, მიშას უცეკვონ და უნდა – გრიშას. მიშაც წავა და კიდევ ბევრი მიშასნაირი, მაგრამ ხალხი ხომ რჩება? ქართველ ხალხს ნანუს მსგავსი ხელოვანები არ დააკლდება, ქართველ ხალხს ნამდვილი ხელოვანი დააკლდება. როდესაც ადამიანის სისხლი იღვრება, მკვლელის დაკრულზე არ უნდა იცეკვო. ანსამბლს სააკაშვილი ვერ დაშლიდა, რამდენი სამსახურიც არ უნდა გამოიცვალო ადამიანად უნდა დარჩე.