ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება და გურიაში, კერძოდ, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
ეს აკაკი ჩხაიძისთვის პოლიტიკაში მოსვლის პირველი მცდელობა არ გახლავთ - იგი 2003 წელს, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, სათავეში ედგა საარჩევნო ბლოკს „ახალი საქართველოსთვის“, რომელშიც პრეზიდენტის მხარდამჭერი პარტიები „მოქალაქეთა კავშირი“, „სოციალისტები“ და სახალხო მოძრაობა „დიდი აბრეშუმის გზა“ გაერთიანდნენ. ამ უკანასკნელს „საქართველოს რკინიგზის“ დეპარტამენტის თავმჯდომარე აკაკი ჩხაიძე ხელმძღვანელობდა. მაშინ ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ამ მოძრაობის როლი საარჩევნო ბლოკში უფრო ფინანსური იქნებოდა, რადგან მას ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სახელმწიფო კომპანიის „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე ეთგა სათავეში.
აღნიშნული ბლოკის საარჩევნო ლოზუნგი მაშინ ახალი საქართველოს შენებისკენ მოწოდება იყო და საქართველოს მოსახლეობას ეკონომიკური რეფორმის განხორციელებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ადამიანის უფლებების დაცვას, ხელფასების ზრდას, კრიმინალის აღმოფხვრას, კორუფციის დამარცხებას და, რაღა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა.
ასე რომ, აკაკი ჩხაიძისთვის მსგავსი დაპირებების გაცემა უცხო არ არის, მეორე საკითხია, თუ როგორ ასრულებდნენ ის და მისი „ამფსონები“ ხალხისთვის მიცემულ დაპირებებს.
ცნობისათვის - აკაკი ჩახაიძე 2004 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობით თანხების მითვისების და გადასახადების დამალვის ბრალდებით იყო დაკავებული. სხვადასხვა ვერსიით, მას თავისუფლების სანაცვლოდ 3-დან 10 მილიონამდე დოლარი გადაახდევინეს.
აკაკი ჩხაიძის საქმეში რამდენიმე ეპიზოდი ფიგურირებდა:
1. „საქართველოს რკინიგზის“ მიერ „ჭიქათჰესაა“ და „ბჟუჟჰესს“ შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 135 ათასი ლარი შეადგინა.
2. აკაკი ჩხაიძემ, საწარმოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 2002 წლის განმავლობაში უძრავ ქონებაზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარების პროცესში არერთგზის უკანონოდ შეამცირა დღგ-ს გადასახადი, რითიც სახელმწიფო ბიუჯეტს 353 ათასი ლარის ზარალი მიაყენა.
3. 2000-2003 წლებში „საქართველოს რკინიგზამ“ „ალეგრატრანს ლიმიტედთან“ გააფორმა ხელშეკრულება ვაგონების მიწოდებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებაზე. ამ ხელშეკრულების პირობების მიხედვით „ალეგრატრანს ლიმიტედს“ ჯარიმის სახით გარკვეული თანხების გადახდა დაეკისრათ, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელებს კი დაკისრებული გადასახადები შემოსავალში არ დაუფიქსირებიათ, შესაბამისად, არც ქონებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე გადასახდელი დღგ გადაუხდიათ. აქედან გამომდინარე, რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა თანხების უკანონოდ დამალვის ფაქტს.
საბოლოო ჯამში, აკაკი ჩხაიძისთვის წარდგენილ ბრალდებებში ასახულმა თანხამ 50 მილიონ ლარს მიაღწია, თუმცა ბიუჯეტისთვის ნაპარავი თუ დამალული გაცილებით მეტი - ასეულობით მილიონობით ლარი ჰქონდა.
2004 წელს აკაკი ჩხაიძემ საპროცესო გარიგებას მხოლოდ რამდენიმე მილიონი ლარი შესწირა, ამით თავისუფლებაც იყიდა და დანარჩენი მილიონებიც „ხახვივით შერჩა“.
ბატონი ჩხაიძე დღემდე რჩება ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად და კვლავ პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება.
მისი დაპირებები ახლაც „უხვია“, თუმცა, წარსული გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ძნელი არ უნდა იყოს იმის ვარაუდი, რომ თავის სიტყვებს ისევ ქარს გაატანს.