თარგამაძე მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულეს

თარგამაძე მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულეს

ლეიბორისტი გუგავას აზრით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაამტკიცოს რუსეთის ტელევიზიით გივი თარგამაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების უსაფუძვლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული საერთაშორისო სკანდალი გარდაუვალია.

„იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლება უცხო ქვეყნებში მკვლელობებს გეგმავს,“ - აღნიშნა გიორგი გუგავამ და დასძინა, რომ დადასტურების შემთხვევაში ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, რომელსაც მკვლელობის ორგანიზებისა და უცხო ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევის კვალიფიკაცია მიენიჭება.

თავად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე არ აპირებს რუს ჟურნალისტ მიხეილ ლეონტიევს სასამართლოში უჩივლოს. მისი თქმით იგი არ მოითხოვს გადაცემა „ოდნაკოში“ გასული აუდიოჩანაწერის ექსპერტიზას და აცხადებს, რომ რუსი ჟურნალისტის მოსაზრებებს იგი სერიოზულად არ უპასუხებს.

ცნობისთვის: ოპოზიციამ მოითხოვა გადაცემაში გასულ აუდიოფირს ექსპერტიზა ჩაუტარდეს. ამის პასუხად თარგამაძემ განაცხადა: „როგორც ჩანს, დავით გამყრელიძე და კობა დავითაშვილი მიხეილ ლეონტიევის ნათესავები არიან.“

გადაცემა „ოდნაკოს“ ავტორმა და წამყვანმა მიხეილ ლეონტიევმა თარგამაძე ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერის ალექსანდრე მილინკევიჩის მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულა. ამის დამადასტურებლად რამდენიმე აუდიოჩანაწერი წარმოადგინა, რომელიც მისივე თქმით, ქართულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული წყაროებისგან მოიპოვა.