მდიდარი, გავლენიანი და განთქმული როტშილდები

მდიდარი, გავლენიანი და განთქმული როტშილდები

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

როტშილდების გვარი საკუთარი ქონებისა ბიზნესის მართვის მემკვიდრეობით გადაცემის შესანიშნავი მაგალითი გახლავთ. იგი არ არის უძველესი, ან უმდიდრესი ევროპული გვარი, თუმცა, საქვეყნოდ განთქმული კი უდავოდაა. უკვე ორ საუკუნეზე მეტია სიტყვა როტშილდი წარმატებულ ფინანსისტთან ასოცირდება, რომელსაც ფორტუნა არასოდეს ზურგს არ აქცევს. ამ გვარის წარმომადგენლები მსოფლიოს საფინანსო ბაზრების უმსხვილეს მოთამაშეებად დღემდე რჩებიან და კვლავ უდიდესი გავლენით სარგებლობენ.

დიდი მემკვიდრეობა

თავის გვარს დიდებისა და სიმდიდრისაკენ გზა 250 წელზე დიდი ხნის წინ მაიერ ამშელ როტშილდმა გაუკვლია, რომელსაც ფრანკფურტში პატარა მაღაზია ჰქონდა და ათასგვარი საქონლით ვაჭრობდა. მათ შორის გახლდათ ძველი მონეტები, რომელთა კოლექციონერობა იმ პერიოდის არისტოკრატთა შორის ძლიერ პოპულარული იყო. ამგვარად გაიცნო მან ლანდგრაფი ჰესენ ვილჰელმ მეცხრე, რომლის შინამმართველიც მოგვიანებით გახდა.

როტშილდმა ფინანსისტის ვირტუოზული ნიჭი გამოავლინა და მისი წყალობით ლანგრაფის კაპიტალი გადარჩა, როცა ჰესენის საგრაფო ნაპოლეონის ჯარებმა დაიპყრო. ამ სამსახურისათვის ლანგრაფმა როტშილდს თავისი საქმეების მართვის სრული თავისუფლება მიანიჭა. მაიერმა ამით მშვენივრად ისარგებლა, დიდი ქონება დააგროვა და როცა გარდაიცვალა, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და საიმედო ბანკი დატოვა. მისი ხუთი შვილი მამას ჭკუით არ ჩამორჩა, მათ ოჯახური ბიზნესი გააფართოვეს და ბანკის ფილიალები ევროპის სხვადასხვა

დედაქალაქში გახსნეს.

დროთა განმავლობაში ოჯახის ბიზნესი იზრდებოდა და მისი გარიგებები ისტორიაში შედიოდა. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო: მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ბრიტანეთის მიერ სუეცის არხის საკონტროლო პაკეტის შეძენა, რომელშიც როტშილდებმა 4 მილიონი ფუნტი სტერლინგის ინვესტირება მოახერხეს, ევროპასა და სხვა კონტინენტებზე რკინიგზების მშენებლობის დაფინანსება, სამხრეთ აფრიკაში ალმასის საბადოების წილების შეძენა და ა.შ. ეგზომ მნიშვნელოვანი დამსახურებებისათვის როტშილდებს ინგლისში, ავსტრიასა და საფრანგეთში ბარონის ტიტულები უბოძეს.

როტშილდებმა ევროპის სხვადასხვა კუთხეში მშვენიერი სასახლეები წამოჭიმეს. ხელოვნების ნიმუშთა კოლექციონერობისა ფუფუნებისაკენ ლტოლვას, არც მეტი, არც ნაკლები, “როტშილდის სტილი” უწოდეს. მათ თავის არაერთ ეგზოტიკურ სფეროში გამოჩენა მოახერხეს, არსებობს როტშილდად წოდებული აფრიკული ჟირაფის ჯიში, სხვადასხვაგვარი ღვინო, როტშილდების მუზეომი, პარკი, ჰოსპიტალი და ა.შ.

კუნძულელი როტშილდები

ამ დროისათვის როტშილდების ფინანსური ჯგუფი სამი ცალკეული ბანკის კონფედერაციას წარმოადგენს. ესენი გახლავთ: N.M.Rothschild & Sons დიდ ბრიტანეთში, Rothschild de Cie Banque საფრანგეთში და Rothschild Bank AG  შვეიცარიაში, ხოლო მთელი ფინანსური იმპერია ფილიალებსა და შვილობილ კომპანიებს 30-მდე ქვეყანასა და ოფშორულ ზონაში ფლობს.

როტშილდების ჯგუფი ძვირფასი ლითონების ბაზრის წამყვანი მარკეტ-ტრეიდერია, N.M.Rothschild & Sons ლონდონის წამყვან ოქროს დილერთა სიას, რომელიც დღეში ორჯერ ამ ძვირფასი ლითონის ფასს განსაზღვრავს, სათავეში უდგას. მას უკვე 35 წელია ხელმძღვანელობს ძირითადი აქციონერი, მისი 40 პროცენტიანი წილის მფლობელი ეველინ რობერტ დე როტშილდი. მამამისი - ფრანგი არისტოკრატი ბანკს მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა, მისი რესკონსტრუქცია განახორციელა და აღმასვლას ხელი შეუწყო.

თავად ეველინი დაიბადა 1931 წელს ლონდონში. ბანკში მუშაობა 60-იან წლებში დაიწყო, როცა მას ბიძამისი ედმონდი თავკაცობდა. მისი პირადი კაპიტალი 2 მილიარდ დოლარამდეა, როგორც ამბობენ, ეველინი არცთუ ძლიერი, მაგრამ ერთობ ფრთხილი ფინანსისტია. მასზე უფრო მეტად მსოფლიოს ბიზნე-სამყაროში მის ბიძაშვილ ჯეიკობს აფასებენ, რომელსაც ეველინთან ერთობ დაძაბული ურთიერთობა აქვს, რადგან იგი ბევრად აგრესიული პოლიტიკის მომხრეა. ბიძაშვილებს შორის განხეთქილებას ჯეიკობის მიერ ბანკიდან წასვლა და ნავთობის ბიზნესში ჩაბმა მოჰყვა. 80-იან წლებში მან ამ სფეროში რამდენიმე რისკიანი და საინტერესო ინვესტიცია განახორციელა, რომელთაგან ნაწილმა გაამართლა, ნაწილმა კი არა. ამ დროისათვის ლორდ ჯეიკობის კაპიტალი 1,1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

როტშილდების შედარებით ახალი თაობაც არ დგას საბანკო საქმისაგან შორს. ბევრი თვლიდა, რომ N.M.Rothschild & Sons-ის თავკაცის პოსტზე ეველინის მემკვიდრე ჯეიკობის ნახევარძმა ამშელი იქნებოდა, რომელიც თავდაპირველად სათავეში ვაშლის წვენის წარმოებას ედგა, მაგრამ შემდეგ ეს არცთუ მომგებიანი ბიზნესი გაყიდა და საბანკო საქმეზე გადაერთო. 1993 წლიდან ეველინმა იგი N.M.Rothschild & Sons-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაამტკიცა. მას შემდეგ მან რამდენიმე საინტერესო რეფორმის განხორციელება მოასწრო, რასაც კლიენტურის მომრავლება და გავლენის სფეროს გაფართოვება მოჰყვა. მაგრამ, 1995 წელს პარიზში მოლაპარაკებებზე ყოფნისას ამშელმა სასტუმროს ნომერში თავი საბანაო ხალათის ქამარზე ჩამოიხრჩო.

სხვათა შორის, ეს როტშილდების ოჯახში სუიციდის ერთადერთი შემთხვევა როდია. გასული საუკუნის დასაწყისში ოჯახის ავსტრიული ნაწილის წარმომადგენელ ოსკარს ამერიკელი გოგონა შეუყვარდა და როცა მამამ მასზე დაქორწინება აუკრძალა, შუბლში ტყვია დაიხალა. სამი ათეული წლის შემდეგ კი დეპრესიით შეპყრობილმა ჩარლზ როტშილდმა ყელი გამოიჭრა.

ახალი თაობა

როტშილდების ოჯახის კონტინენტური, კერძოდ კი ფრანგული ნაწილი რამდენიმე თაობითაა წარმოდგენილი. საბანკო ბიზნესის ზვიგენი უფროსის თაობის წარმომადგენლები გი დე როტშილდი და მისი ბიძაშვილები ილი და ედმონდი გახლავთ.

გი დახვეწილი მანერების, ძველებური ყაიდის და მჩქეფარე ტემპერამენტის კაცი გახლავთ. მან ბანკი 1945 წელს ჩააბარა, იგი საბოლოოდ კომერციულად აქცია, უამრავი ფილიალი გახსნა და დიდ წარმატებას მიაღწია. მისი ბიზნესი განსაკუთრებით 70-იანი წლების დასაწყისში გაიფურჩქნა, როცა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი როტშილდების ბანკის ყოფილ დირექტორს და გის ახლო მეგობარს ჟორჟ პომპიდუს ეკავა.

მაგრამ 70-იანი წლების ბოლოს ეკონომიკური დაღმასვლა დაიწყო და ბანკის საქმეც უკან წავიდა. 1981 წელს გავრცელდა ხმები, რომ პარიზული ბანკი თითქმის გაკოტრებული იყო. როცა სოციასიტმა მიტერანმა ნაციონალიზაცია გამოაცხადა, რომელიც როდშილდების ბანკსაც შეეხო, გი საფრანგეთიდან გადაბარგდა. მართალია, სახელმწიფომ ბანკის სანაცვლოდ 110 მილიონი დოლარი გადაიხადა,

რამაც, როგორც ამბობენ, იგი გაკოტრებისაგან იხსნა, მაგრამ როტშილდები ბანკის დაკარგვით მაინც უკმაყოფილოები იყვნენ. 1986 წელს სოციალისტებმა არჩევნები წააგეს და ნაციონალიზაცია შეწყდა, გი პარიზში დაბუნდა.

გისგან გასნსხვავებით, მისი ბიძაშვილი ილი არისტოკრატულ მანერებს მოკლებულია. თავდაპირველად იგი ღვინისა და რესტორნების ბიზნესში იყო ჩაბმული, მაგრამ ნაციონალიზაციამ როტშილდებს ესეც დააკარგვინა. ჰოდა, იგი ციურიხში ბანკის მმართველი გახდა, რომელსაც ედმონდთან ერთად განაგებდა. ეს უკანასკნელი წილებს სხვადასხვა ოჯახურ ბიზნესში ფლობდა და 1997 წელს მოულოდნელად გარდაცვალების დროისათვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის

კაპიტალის მეპატრონე იყო.

როტშტლდების კონტინენტური ნაწილის ახალი თაობის წარმომადგენელი კი საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი, გის ვაჟი დევიდია. ნაციონალიზაციის შემდეგ მამისაგან განსხვავებით მან ბიძაშვილებთან, ერიკთან და ნათანიელთან ერთად ახალი კომერციული ბანკი Rothschild de Cie დაარსა, რაშიც მას ლონდონელმა

ნათესავებმა ხელი დიდად შეუწყვეს. მან რამდენიმე მსხვილი გარიგება განახორციელა და თავისი ბიზნესის სწრაფად გაზრდა შეძლო. Rothschild de Cie-ის ერთ-ერთი განყოფილების თავკაცია დევიდის ძმა ედუარდი.

სწორედ როტშილდების ახალ თაობაზე დამოკიდებული საგვარეულო ბიზნესის მომავალი. შეძლებენ თუ არა როტშილდები პლანეტის საქმიანი ელიტის სათავეში კუთვნილი ადგილის შენარჩუნებას მომავალი გვიჩვენებს.