ნაცემი და შეურაცხყოფილი ჟურნალისტები, წართმეული ფოტო და ვიდეო კამერები, საათობით და თანაც უმიზეზოდ დაპატიმრებული მედიის წარმომადგენლები - ეს არის 26 მაისის ღამეს სპეცრაზმისმიერ დარბეული ოპოზიციის აქციის დროს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგი. ხელისუფლება ამაზე დუმს, შსს-ში კი ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებას რატომღაც ამართლებენ კიდეც, ყოველ შემთხვევაში, როგორც სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი აცხადებს, აქციების დარბევის დროს ასეთი რამეები ხშირად ხდება ხოლმე. რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ის, რაც ჩვენთან მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
“9 აპრილს რუსთაველზე ვშიმშილობდი, როცა საბჭოთა ჯარმა მომიტინგეების დარბევა დაიწყო, მაშინ ჩვენ გზა გაგვიხსნეს და გაგვიშვეს. 1993 წლის 4 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტამიშში მომიწია ყოფნა, რუსი დესანტის განაწიოკებული სოფლიდან უფლება მოგვცეს, რომ ქალები და ბავშვები გამოგვეყვანა. როდესაც ბრძოლის ველს 7 კილომეტრით დავშორდით, ჩვენს ბატალიოსნა და რუსებს შორის ბრძოლა მაშინ დაიწყო.“
“2007 წლის 7 ნოემბერს ასევე ვიყავი აქციაზე, ვაშუქებდი მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ მაშინაც გაგვატარეს, თან ისეთიოდენობით მხუთავ გაზსაც არ უშვებდნენ, როგორც 26 მაისის ღამეს. მიუხედავად იმისა, რომ ვყვიროდი, ჟურნალისტი ვარ და გამიშვით, ხელს მთელი ძალით მკრავდნენ. აქცია ასეთი სასტიკი ფორმებით არამხოლოდ იმიტომ დაარბიეს, რომ მომიტინგეები დაესაჯათ, არამედ იმიტომაც, რომ ჟურნალისტები შევეშინებინეთ. ის მეთოდები კი, რამეთოდებითაც 2011 წლის 26 მაისის ღამეს დაშალეს მომიტინგეები, გენერალ რიდიონოვსაც კი არ მოუვიდოდა თავში”, - ამბობს ”რეზონანსის” ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე.
თუმცა ზაირა მიქატაძე არ არის ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც 2011 წლის 26 მაისის ღამეს ქართველი სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.
მომიტინგეთა დარბევის შედეგად გაზეთ მძიმედ დაშავდნენ ”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტები - ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი.
“როდესაც აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყო, ხალხის ნაკადს თავისუფლების მოედნის მიმართულებით გავყევით, მაგრამ გზა არც ერთი მიმართულებით გახსნილი არ იყო, ყველგან სპეცრაზმი იდგა. გარდა ამისა, სპეცრაზმელები ჯგუფ-ჯგუფად მოძრაობდნენ და განურჩევლად ყველას სცემდნენ. არ ინდობდნენ არც მიწაზე დავარდნილ, გრძნობადაკარგულ ხალხს.
“ჩვენმა განმარტებამ იმის შესახებ, რომ ჟურნალისტები ვიყავით, არც ერთ მათგანზე გავლენა არ იქონია, პირიქით, ამ განცხადების შემდეგ ჩვენს ცემას მოუმატეს, მიუხედავად იმისა, რომ საბუთებიც ვაჩვენეთ. ხელბორკილები დაგვადეს და ძირს დაყრილებს ხელკეტებს გვირტყამდნენ. პირადად მე თავის არეში ხელკეტით მიყენებული დაზიანებები აღმენიშნება, სხეულზე კი 30-მდე რეზინის ტყვია მომხვდა. ანალოგიურ მდგომარეობაშია გიორგი მამაცაშვილიც”, - განაცხადა სივსივაძემ და დასძინა, რომ “ეს არ იყო მხოლოდ მომიტინგეთა დარბევა რუსთაველის გამზირის გათავისუფლების მიზნით, არამედ ფაშისტური ძალადობა იყო ხალხზე”.
ხელკეტით და წიხლით სცემეს ასევე მედია.გე-ს რედაქტორს დავით მჭედლიძეს, რომელიც აქციაზე ჟურნალისტების მუშაობის გასაშუქებლად წავიდა. ინციდენტი ქაშუეთის ეკლესიასთან ჯორჯაძის ქუჩაზე მოხდა, როცა მედია.გე-ს სხვა ჟურნალისტის დაკავების ფაქტის ფოტოზე დაფიქსირებას ცდილობდა.
“რატომ იღებ, შენი დედა...”, - მომაძახა ერთმა პოლიციელმა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტის მოწმობა ვაჩვენე, იქვე მდგომი მეორე სპეცრაზმელი დამესხა თავს და ხელკეტი რამდენჯერმე ჩამარტყა. ამის შემდეგ უკან გამოვბრუნდი, მაგრამ იგივეპ ოლიციელმა წიხლი მითავაზა.
პოლიციას რამდენიმე საათი დატყვევებული ჰყავდა საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსის” ორი კორესპონდენტი. ჟურნალისტი ანა გაბუნია პოლიციამ მხოლოდ გუშინ დილით გაათავისუფლეს. პოლიციას ორი საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდა “ექსპრესნიუსის” კიდევ ერთი კორესპონდენტი თენგო ოკუჯავა, რომელიც ”ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტ მალხაზ ჭკადუასთან ერთად მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ასევე სცემეს საინფორმაციო სააგენტო “პირველის” ორი ჟურნალისტი გოგონა თელარა გელანტია და ხათუნა გაგნიძე.
“მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან ვიყავი, როცა სპეცრაზმი წამოვიდა დასარბევად, გავიქეცი, კანცელარიის კიბეებზე სპეცრაზმელები დამხვდნენ. ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, მაგრამ ხელკეტი დამარტყეს. შემოვტრიალდი, მაგრამ ახლა ზურგიდან მომხვდა ხელკეტი, რის შედეგადაც ძირს დავარდი. წამომაყენეს და საწვიმარი შემომაგლიჯეს. მეტროში ვაპირებდი შესვლას, მაგრამ კარი ჩაკეტილი დამხვდა, ამ დროს მეტროსთან ფანტანებთან მივედი, მე და 80 წლამდე მოხუცი ქალბატონი ვიყავით, უცებ ერთმა პოლიციელმა მუყაოს დიდი ქაღალდი აგვაფარა და ასე ვიყავით, ვიდრე სიტუაცია არ ჩაწყნარდა”, - უთხრა “რეზონანსს” თელარა გელანტიამ.
ხათუნა გაგნიძე კი, რომელსაც არა მარტო ხელკეტებით სცემეს, არამედ რეზინის ტყვიებიც გამიზნულად ესროლეს, ამბობს, რომ სპეცრაზმელები მოხუცი ქალების ცემასაც კი არ ერიდებოდნენ.
“მე ვიყავი 7 ნოემბრის აქციის დარბევაზეც, მაგრამ იმან, რაც 26 მაისის ღამეს მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ალყაში მოგვაქციეს, ცემდნენ მოხუც ქალებს და კაცებს, არ ერიდებოდნენ არავის, ეს იყო საშინელება”, - ამბობს ხათუნა გაგნიძე.
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტს, დარეჯან პაატაშვილს. მას არ მისცეს საშუალება, გადაეღო რამდენიმე დაკავებული ადამიანი, რომლებიც “ქორთიარდ მარიოტთან” ჰყავდათ ჩამწკრივებულები. ჟურნალისტმა მათ განუმარტა, რომ მედიის წარმომადგენელია და შესაბამისი საბუთიც აჩვენა, თუმცა ერთმა სპეცრაზმელმა ეს საბუთი ყელიდან ჩამოგლიჯა, მეორე თანამშრომელმა კი ყელში ხელი წაუჭირა. კამერა დაუმტვრიეს ”პალიტრა ტვ”-ის ოპერატორს ავთანდილ სურმავას, კიდევ ერთი კამერა კი, დაზიანებულია. “მედიაპალიტრის” ჟურნალისტებს ფლიპ-კამერებიც წაართვეს.
“ინტერპრესნიუსის” კიდევ ერთი ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა კი ჯერ დააკავეს, საბუთები წაართვეს, თაბუკაშვილის ქუჩაზე ძირს დააწვინეს, შემდეგ დიღმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მას, ასევე, დაკავებულ სამ ჟურნალისტთან ერთად, საათნახევრის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.
“ალყაში ვიყავით, თაბუკაშვილის ქუჩის ერთ-ერთ კუთხეში დაგვაკავეს მე და “ექსპრესნიუსის” ჟურნალისტი თენგო ოკუჯავა, ხელკეტი გვირტყეს თავში, მიუხედავად იმისა, რომ ვამბობდი, ჟურნალისტი ვარ, მაინც მირტყამდნენ. თან გვაძახებდნენ - თქვენ ბურჯანაძის მონებოო. ვუხსნიდით, რომ ჟურნალისტები ვართ, მაგრამ ვერაფერს გავხდით. მოგვიანებით წაგვიყვანეს დიღმის პოლიციის სამმართველოში, აგვიყვანეს მე-7 სართულზე და იქ დაიწყეს გარკვევა, ნამდვილად ვიყავით თუ არა ჟურნალისტები. იქ გვითხრეს, აქ რა იყო გასაშუქებელი, ხვალ აღლუმია და ის გააშუქეთო. როცა დარწმუნდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი, გამომიშვეს.
პოლიციის სამმართველოს შენობაში, ყველა სართულზე სისხლის სუნი იდგა, ძალიან ბევრი ნაცემი ადამიანი ჰყავდათ შენობაში. სავსე იყო სამმართველოს ეზოც, იქ არა თუ რამდენიმე ათეული, არამედ რამდენიმე ასეული ადამიანი ჰყავდათ დაკავებული. ყველაფერი რომ გავანალიზე, მივხვდი, რომ ეს არ იყო დაშლა, ეს იყო ანგარიშსწორება”, - განაცხადა ჭკადუამ.
სცემეს “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი თამაზ კუპრეიშვილიც. კუპრეიშვილი გამოცემის 3 ჟურნალისტთან ერთად ჩიტაძისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე იმყოფებოდა, როცა სპეცრაზმმა მომიტინგეთა მიმართულებით წყლის ჭავლი გაუშვა, ამას მოჰყვა ცრემლსადენი ყუმბარების და რეზინის ტყვიების გასროლა.
“ვყიროდი - პრესა! პრესა! ამის მიუხედავად, 15-მდე ნიღბიანმა ალყაში მომაქცია და რეზინის ხელკეტებით ცემა დამიწყო. ბოლოს ერთმა პოლიციელმა გამომარიდა. წამართვეს ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი გადავარჩინე. ალყაში ვიყავით, ვერსად წავიდოდით, ყველა მხრიდან სპეცრაზმელი მოდიოდა და არავის ინდობდა. ალყაში ვიყავით, არც ერთი ქუჩა არ იყო თავისუფალი, საიდანაც შეიძლებოდა გასვლა”, - უთხრა “რეზონანსს” თამაზ კუპრეიშვილმა.
სპეცრაზმელების რისხვას არც “აი ტივის” ოპერატორები გადაურჩნენ. დარბევისას დაშავდა ინტენნეტ ტელევიზიის 3 ოპერატორი, ერთ-ერთ ყბა აქვს მოტეხილი, დანარჩენს კი ტყვიისგან ჭრილობები აქვთ მიყენებული.
“მე დამაგდეს და ხელკეტი უნდა დაერტყათ, მაგრამ როცა ვუთხარი, ვინ ვიყავი და საიდან, შემეშვნენ”, - უთხრა ”რეზონანსს” “პრესა.გე”-ს ჟურნალისტმა შორენა გოგოლაძემ.
“რეზონანსის” რედაქცია აღშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო. შესაძლოა, ჩვენ ყველა ფაქტის შესახებ ვერ გიამბეთ, რადგან ასევე დაშავებულები არიან: “გურია-ნიუსის” ჟურნალისტი ნატო გოგელია, რომან ქევხიშვილი, “ობიექტივიდან” - დიანა ხოფერია. ”რეზონანსი” მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მოითხოვონ ხელისუფლებისაგან ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების სწრაფი და ობიექტური გამოძიება და დაისაჯონ მოძალადეები. ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა წუხილს ადამიანების გარდაცვალების გამო და იმედს, რომ დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან.