„ოთხი ეკა“ და სააკაშვილი

„ოთხი ეკა“ და სააკაშვილი

„ვიკილიქსი“ ამ ბოლოხანს ისე გვანებივრებს საქართველოს შესახებ დოკუმენტების გამოქვეყნებით, რომ საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება - არც ასეთი მასშტაბური გაჟონვაა შემთხვევითი და არც ამ დოკუმენტების ხასიათი. დეპეშებსა და დოკუმენტების მასივში საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გაგზავნილი ერთი დოკუმენტი მართლაც სენსაციურ ხასიათს ატარებს. იგი იმ ქართველ ქალებს ეძღვნება, რომელთაც წამყვანი პოზიციები უკავიათ დღევანდელ ხელისუფლებაში.

მეტად საინტერესოა რომ დოკუმენტი მომზადებულია 2007 წლის 21 აგვისტოს, გაგზავნის თარიღად კი 2011 წლის 30 აგვისტოა მითითებული. რას უნდა ნიშნავდეს ეს და რაში დასჭირდათ 4 წლის წინანდელი დოკუმენტის ამერიკის საელჩოდან სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს გადაგზავნა? მით უფრო, რომ საელჩოების საქმიანობაში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან - აგვისტო საკუთარი თავის მოყვარული დიპლომატებისთვის მკვდარი თვეა. ვის დასჭირდა ასე სასწრაფოდ უკვე კარგა ხნის მოძველებული ბიოგრაფიული ცნობების გაგზავნა?

ასევე გაუგებარია, გენდერული თანასწორობის მოყვარულმა ამერიკელებმა რატომ გამოარჩიეს ცალკე ქალები. დასკვნაში ნათქვამია:

„აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერ, დასავლური განათლების მქონე ოფიციალურ პირებს შორის ხელისუფლების ბევრი წამყვანი პოსტი უკავია ქალებს. პარლამენტის სპიკერსა და 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ სულისჩამდგმელს, პარლამენტში დამაბალანსებელი ძალის მქონე ნინო ბურჯანაძესთან ერთად, საქართველომ შეიძლება იამაყოს მთავრობაში საკვანძო პოზიციებზე, მათ შორის ძალოვან სამინისტროებში, ქალთა დიდი წარმომადგენლობით. ჩვენ მიერ ქვემოთ მოცემულია ამ ქალთა და მათი საქმიანობის დახასიათება“.

ჯერ ერთი, ხელისუფლების ბევრი წამყვანი პოსტი ქალებს არ უკავიათ. პარლამენტში სულ 9  ქალია (ანუ 6% - ასეთივე მაჩვენებელი იყო წინა პარლამენტებშიც, მაგრამ მაშინ ამას ამერიკელები „ცოტას“ უწოდებდნენ), ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებაში 19 მინისტრიდან სამი ქალია: ეკა ტყეშელაშვილი (ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში), ვერა ქობალია (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი) და ხათუნა კალმახელიძე (სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი). რამდენად კმაყოფილია აშშ-ის საელჩო მათი მიღწევებით, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას მათი მთავრობაში ყოფნა-არყოფნის საკითხზე მეტად ის პრობლემები აწუხებს, რომელთა მოგვარება მათ არც შეუძლიათ და არც იციან.

დოკუმენტის მომზადების პერიოდში პირველ თანამდებობას მხოლოდ ნინო ბურჯანაძე (პარლამენტის თავმჯდომარე) და ანა ჟვანია (კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი) იკავებდნენ. დანარჩენები უმეტესად მოადგილეობას კმაყოფილდებოდნენ. ეს დაახლოებით ისეა, როგორც საბჭოთა პერიოდში, როცა რაიკომის მეორე მდივანი აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო. გენდერული ბალანსი ამ სახით კომუნისტებსაც უყვარდათ.

აქ უპრიანია, 2004 წელს ახალგაპრეზიდენტებული  სააკაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები გავიხსენოთ, ახალი მთავრობის ფორმირების წინ რომ თქვა:

„იქნება საშუალო ასაკის, ახალგაზრდობისკენ გადახრილი კაბინეტი, ეს შემიძლია გითხრათ. იქნება სიმპათიური, იქნებიან შიგ ქალები - რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ქალები და პროფესიონალები. ჩემი იდეალია, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ქალი იყოს - ოღონდ ეს ბურჯანაძეს არ უთხრათ. ის, რა ჰქვია, პარლამენტის თავმჯდომარეც ქალი იყოს და, საერთოდ, მინისტრების უმრავლესობა იყვნენ ქალები. მართლა მიმაჩნია, რომ ეს იქნება ქვეყნისთვის კარგი. მოხდა ისე, რომ კაცი აირჩიეს ამჯერად. ესეც დროებითია... მიყვარს ქალები და იმედია, რომ ვუყვარვარ ასევე მათ“.

სხვათა შორის, თავად ნინო ბურჯანაძე, რომელსაც „არ უნდა უთხრათ“, რომ ქალი პრეზიდენტი სასურველია, ამ დასკვნაში დახასიათებული არ არის, სამაგიეროდ, ხაზგასმით უთითებენ, თუ რომელი ქალბატონია მისი კადრი და მასთან მეტად დაახლოებული, თუმცა მათ ქვემოთ მივუბრუნდეთ.

ყურადღებას იქცევს ისიც, რომ საელჩოს ქალთა ნუსხაში ასევე არ არის შეყვანილი სალომე ზურაბიშვილი, თუნდაც „ოპოზიციის ხმის“ სახით. მით უფრო, რომ ვიდრე „ქაჯების წასვლაზე“ გააკეთებდა ხმამაღალ განცხადებას, საქართველოში 2003 წლამდე საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

ვფიქრობთ, ამის მიზეზი ის არის, რომ ყველა ჩამოთვლილ ქალბატონს განსაკუთრებულ  დამსახურებად ინგლისური ენის ცოდნას უთვლიან. ზოგი მას სრულყოფილად ფლობს, ზოგის ცოდნის დონე კი „დამაკმაყოფილებელია“. ცხადია, სალომე ზურაბიშვილმაც იცის ინგლისური, მაგრამ პირველი ენა მისთვის მაინც ფრანგულია, ამიტომაც ვერ მოხვდა იგი ამ „პერსპექტიული ქალბატონების“ სიაში.

თავად ამ ქალბატონების დახასიათება და მეტსახელებით მოხსენიება მეტად სახალისოა. ასე მაგალითად, ეკა ზღულაძე „ძალოვანი სამინისტროს ძალა“ ყოფილა, ეკა ტყეშელაშვილი - „სასამართლო რეფორმის ტვინი“, ეკა გიგაური - „ენერგიული შემსრულებელი სასაზღვრო პოლიციაში“, ანა ჟვანია - „არასამთავრობო სექტორის პატივცემული წარმომადგენელი“, ნონა წოწორია - „პროკურატურის ხავერდის ხელთათმანი“, ელენე ხოშტარია - „საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მებრძოლი“, მაია ნადირაძე - „პარტიის სახე“.

პარტიამ სახე, კარგა ხანია, დაკარგა. ნადირაძემ მაღალანაზღაურებადი სინეკურა მიიღო ხელისუფლებისგან ენერგომარეგულირებელი კომისიის წევრობის სახით. როგორც ამბობენ, თვეში ერთხელ ქუთაისში კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის იგი მრავალათასიან ხელფასს იღებს. იმ დროისთვის კი (2007 წ.) ამერიკის საელჩო მას ასე ახასიათებს:

„მაია ნადირაძე, 46 წლის, არის საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე. ამავე დროს, იგი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახე. როდესაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, მაია იძლევა შესაბამის განმარტებას. მისი რეპუტაცია გარკვეულწილად შებღალულია წარსულში მის მიერ პარტიების ხშირი ცვლის გამო. მაგალითად, წარსულში იგი იყო ყოფილი პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერი, შემდეგ გახდა ტრადიციონალისტების ლიდერი და ბოლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამორჩეული წევრი. იგი დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი“.

აშშ-ის საელჩო უზუსტობას უშვებს - მაია ნადირაძე „ტრადიციონალისტთა“ ლიდერი არასოდეს ყოფილა, მიუხედავად აკაკი ასათიანთან მისი მეგობრობისა. საელჩოს  არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, რომ მაია ნადირაძის პირველი ქმარი, იმჟამად პოლიტპატიმარი ირაკლი ბათიაშვილი იყო. მას მხოლოდ წლინახევრის შემდეგ, 2008 წლის იანვარში გაათავისუფლებენ პატიმრობიდან. ვინმემ შეიძლება მიიჩნიოს, რომ აშშ-ის საელჩო პირადი ცხოვრების ამგვარ დეტალებს დელიკატურად უვლის გვერდს, მაგრამ ყველა ქალბატონის შესახებ ცნობაში ხაზგასმით არის მითითებული, დაოჯახებულია თუ არა იგი და რამდენი შვილი ჰყავს.

მეტიც, ანა ჟვანიას შესახებ იმაზეც კი არის მითითება, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა ბოლო პერიოდში, რის გამოც მკურნალობას გადის ისრაელში. იგი დაქორწინებულია და ელოდება პირველ შვილს შემოდგომაზე. იგი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ ენაზე.

საელჩო ხაზგასმით იტყობინება, რომ ჟვანიამ, რომელიც იყო პრეზიდენტის მრჩეველი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, არასამთავრობო სექტორში გამორჩეული მუშაობის შემდეგ, გადაინაცვლა ქართული საზოგადოების ყველაზე მამაკაცურ სფეროში. ამერიკელების აზრით, იგი არის ნიჭიერი, ღრმად მოაზროვნე და მშვიდად მოსაუბრე. შემდეგ მის სამსახურებრივ პრობლემებზეც უთითებენ:

„ჩვენ გავიგეთ, რომ მას პრობლემები აქვს მის მოადგილესთან (და არა მარტო მასთან), რომელიც უარს აცხადებს, წარუდგინოს მას დეტალური ანგარიშები“.

და მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარი მოადგილეც კი არ აბარებს ანგარიშს, აშშ-ის საელჩო მაინც დაასკვნის:

„თუმცა ჟვანია, შესაძლებელია, მოვიაზროთ სამომავლოდ პოლიტიკაში, ვინაიდან მას დიდ პატივს სცემენ საქართველოში მისი პატიოსნებისა და პრინციპების გამო“.

ანა ჟვანიას საქართველოში ზოგადად არ იცნობენ, არც მისი პრინციპების თაობაზეა ვინმე ინფორმირებული, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ მას აშშ-ის საელჩო სცემს პატივს.

საელჩოს ინფორმაციას ოთხი ეკა ხსნის: ეკა ზღულაძე, ეკა ტყეშელაშვილი, ეკა გიგაური და ეკა შარაშიძე.

„ეკა ზღულაძე, 29 წლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა 2006 წლის მაისში. ამ პოსტზე მან შეცვალა ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. არსებობს ხუმრობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს თანამდებობა მხოლოდ იმ ადამიანებისათვის არის განკუთვნილი, რომელთაც ჰქვიათ „ეკა“. ზღულაძე არის დაუღალავი ბიუროკრატი, რომელიც მუშაობას იწყებს შინაგან საქმეთა მინისტრის - მერაბიშვილის მოსვლამდე და ასრულებს მას შუაღამისას. იგი არის ენამახვილი, მცოდნე და სწორხაზოვანი მოსაუბრე. ეკა იშვიათად ან საერთოდ არ თმობს მის პოზიციას. ზოგჯერ მისი ეს თვისება მისი პოზიციების სიხისტეს განაპირობებს, მაგრამ ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნისა და დებატების წარმართვის გამოკვეთილი ნიჭის გამო, მან იკისრა მთელ რიგ საკითხებზე სამინისტროს წარმომადგენლის როლი. სწორედ იგი იქნა გაგზავნილი აფხაზეთის თაობაზე ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებზე ბონში, რათა დაეცვა ზემო კოდორის ხეობაში საქართველოს პოზიციები. გარდა ამისა, იგი რეგულარულად მიემგზავრება ბრიუსელში, რათა მონაწილეობა მიიღოს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში. ზღულაძე თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას, არის დაქორწინებული“.

პირველ ადგილზე საელჩოს დასკვნაში ეკა ზღულაძე ანბანური რიგით ვერ მოხვდებოდა. ეს უფრო იმას უკავშირდება, რომ იგი „საქართველოს ხერხემლის“ - ვანო მერაბიშვილის მოადგილეა. როგორც ჩანს, აშშ-იც აღიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ როლს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება იმას, რომ ზღულაძე „არასოდეს თმობს პოზიციებს“, საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს ეკა ზღულაძის განცხადება 2008 წლის აგვისტოში იმის შესახებ, რომ „რუსული ტანკები თბილისზე აღარ მოდიან - ორჭოსანთან გადაუხვიეს“!

მომდევნო ეკა ტყეშელაშვილია. საოცარია, აშშ-ის საელჩოს უცერემონიობა ტყეშელაშვილის ქებისას კოტე კუბლაშვილის უუნარობაზე ხაზგასმისას. დოკუმენტი ნათლად წარმოაჩენს იმ „სამთავრობო კარუსელებსაც“, რომლითაც პრეზიდენტი და მისი გარემოცვა იქცევდნენ თავს. ერთი და იგივე „ნაცელიტა“ ისეთი თავბრუდამხვევი ტემპით ცვლიდა სავარძლებს, რომ მათი თანამდებობების დამახსოვრება მოსახლეობასაც უჭირდა და ჟურნალისტებსაც.

„ეკა ტყეშელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილეობამდე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო მანამდე მთავრობის გარეთ მოღვაწეობდა ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში სამართლებრივი კუთხით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კუბლაშვილის ნაკლებად წონადი ფიგურის ფონზე იგი მოიაზრება სასამართლო რეფორმის ტვინად. ზღულაძის მსგავსად, ტყეშელაშვილი მუდამ დარწმუნებულია თავის სიმართლეში. თუმცა იგი უკეთესი დიპლომატია იმ თვალსაზრისით, რომ იგი ზრდილობიანობისა და სამართლებრივ ფარგლებში აფიქსირებს მის უთანხმოებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით“.

რიგით მესამე ეკაა ეკა გიგაურია, სასაზღვრო პოლიციის რესურსების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

„მან სასაზღვრო პოლიციაში მუშაობა დაიწყო 2004 წლის შუიდან, კერძო სექტორში გარკვეული პერიოდით მუშაობის შემდეგ და ექვსი თვის შემდეგ დაწინაურებული იქნა ამჟამინდელ თანამდებობაზე, რომელზეც შეცვალა ბრიგადის გენერალი. ამ პოსტზე ეკამ მოახდინა სასაზღვრო პოლიციის სამხედრო ძალიდან სამართალდამცავ ძალად გარდაქმნა. ამავე დროს, იგი ხელმძღვნელობდა ახალწვეულთა სისტემიდან საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლის რთულ პროცესს, კოორდინირებას უწევდა რა ტესტირებების, ინტერვიუებისა და ტრენინგების ჩატარებას ახალი თანამშრომლებისათვის.

ცნობილია, რომ იგი ეფექტურად და პროდუქტიულად მუშაობდა მის უფროსთან, ბადრი ბიწაძესთან (ამავე დროს, სპიკერ ბურჯანაძის მეუღლე), მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ცნობილი არის მოძველებული საბჭოთადროინდელი მართვის სტილით. გავრცელებული ჭორის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ეკა არ არის სპიკერ ბურჯანაძის ნათლული. იგი არ არის დაქორწინებული და ცხოვრობს მშობლებთან ერთად. მის მამას ეკავა მაღალი თანამდებობა შევარდნაძის მთავრობაში 1990-იანი წლების ბოლოს“.

დღეს ბრიგადის გენერლის შემცვლელი ეკა გიგაური „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორია. როცა სააკაშვილი კორუფციის დამარცხებით იწონებს თავს, იგი სწორედ ამ ორგანიზაციის მონაცემებს ეყრდნობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მტკიცებით კი, თბილისის მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა „ეფექტური“ ან „ძალიან ეფექტურია“.  ასე გამოიყურება ეკა გიგაურის „ეფექტურობა და პროდუქტიულობა“ ნაციონალური ხელისუფლების სამსახურში.

მეოთხე ეკა შარაშიძეა. მის შესახებ ცნობები ისეთივე არადასამახსოვრებელია, როგორც მისი მუშაობა, მაგალითად, დღეს ქობალიას მიერ გასკანდალებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე. ერთადერთი, რაც ყურადღებას იქცევს, ის არის, რომ „იგი მუშაობდა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში და პრემიერ-მინისტრთან შეკამათების შემდეგ გადავიდა სამუშაოდ თბილისის მერიაში“. როგორც ჩანს, ეკა შარაშიძე სააკაშვილის ხელისუფლებაში იმ უმცირესობის წარმომადგენელია, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია შეკამათების უნარი.

„პროკურატურის ხავერდოვან ხელთათმანად“ წოდებული ნონა წოწორიას შესახებ ვკითხულობთ:

„ნონა წოწორია, გენერალური პროკურორის მოადგილე, არის გენერალური პროკურორის მარჯვენა ხელი. მასზე შეიძლება დაყრდნობა, იგი არის საიმედო და საკმაოდ მაღალი ნდობით სარგებლობს როგორც ქართველებში, ასევე უცხოელებში მისი ზომიერი და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომების გამო. იგი 30 წელს გადაშორებულია, ზღულაძესა და ტყეშელაშვილზე უფროსია და ეკუთვნის ქართველ ქალთა სხვა თაობას. იმის გამო, რომ მას უცხოელებთან ურთიერთობის ოდნავ მეტი გამოცდილება აქვს, ზოგი მას უფრო სასურველ მოსაუბრედ მიიჩნევს. ამავე დროს, იგი უფრო მეტად „ქალურია“, ტრადიციული გაგებით, იგი არ საუბრობს გულახდილად და პირდაპირ. მან ახლახან შეწყვიტა აკადემიური პროგრამა პენსილვანიის უნივერსიტეტში, რათა დაბრუნებულიყო საქართველოში ახლო მომავალში ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად. წოწორია არ არის დაქორწინებული“.

ნონა წოწორია დაინიშნა კიდეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლედ და, საოცარი დამთხვევით, იქ სანდრო გირგვლიანის საქმეს განიხილავდა. რამდენად მართებულია, ქვეყანაში უსამართლო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი იმავე მოსამართლემ განიხილოს, რომელიც მის წარმოებაში გენერალური პროკურორის სტატუსით მონაწილეობდა, მკითხველმა განსაჯოს.