შენება რომ ახლის შექმნასთან ასოცირდება ამაზე არავინ დაობს. თუ ამ სიახლეს თამამი გადაწყვეტილება, ახალი ტექნოლოგიები, კრეატივი და საქმის კეთების დაუღალავი სურვილი ქმნის, შედეგიც მყარი და სასურველია.
იმისთვის, რომ ჩანაფიქრი განახორციელო პირველ რიგში იმ მთავარს უნდა ენდობოდე, რაც მშენებლისთვის, არქიტექტორისთვის, რესტავრატორისთვის მთავარი მოკავშირეა – ხარისხიანი ცემენტი. სწორედ ამ ამბიციით შემოდის ქართულ ბაზარზე ცემენტის მწარმოებელი ახალი – ,,საქართველოს ცემენტის კომპანია” (GCC) – დაამკვიდროს ახალი სტანდარტები და ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი მომხმარებლისთვის ის არაერთი ნოუჰაუ, რასაც უცხოელი მწარმოებლები არცთუ იშვიათად სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს.
4 ოქტომბერს ფოთში გაიხსნება ცემენტის ქარხანა, რომელიც პირველ ეტაპზე წელიწადში 250 ათასი ტონა ცემენტის წარმოებას გეგმავს. როგორ გაჩნდა ქარხნის აშენების იდეა, რა უძღოდა წინ პროექტის განხორციელებას და რა გეგმები აქვს სამომავლოდ ბიზნეს ჯგუფს – ამ საკითხებზე ,,საქართველოს ცემენტის კომპანიის” დამფუძნებლები ღიად საუბრობენ.
,,საქართველოს ცემენტის კომპანიის” ჯგუფმა სამი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება ფოთში ცემენტის ქარხნის პროექტი განეხორციელებინა. თუმცა ეს არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება. საქმიანობა სამშენებლო ბიზნესში ჯგუფმა ბევრად ადრე დაიწყო. სწორედ ამ სფეროში მრავალწლიანმა საქმიანობამ და გამოცდილებამ უკარნახა მათ, რა უნდა ყოფილიყო მომდევნო ეტაპი.
,,ჩვენ ამ სფეროში 2005 წლიდან წარმატებით ვსაქმიანობთ. ყველა მოვლენა, რამაც ამ წლების მანძილზე ეკონომიკურ სფეროზე იქონია გავლენა, ჩვენს თავზე გამოვცადეთ. არავისთვის გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ქართული ინდუსრტია დაბალგანვითარებულია. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა ერთი შეხედვით ამბიციური სურვილი, დაგვემკვიდრებინა ევროპული სტანდარტები ადგილობრივ ბაზარზე“ – ამბობს ჯგუფის დამფუძნებელი მერაბ ჩიხრაძე.
პროექტის განხორციელებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯგუფმა მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ცემენტის ბაზრის საფუძვლიანმა კვლევამ საინტერესო შედეგი აჩვენა – დასავლეთ საქართველოს ცემენტის ბაზარი ძირითადად თურქეთიდან იმპორტირებულ ცემენტს ეკავა. სურათი, რომელიც გამოიკვეთა იმაზე მიუთითებდა, რომ ბაზარზე ჯერ კიდევ არსებობდა ნიშა ერთი მსხვილი ბიზნესმოთამაშისთვის. ,,საქართველოს ცემენტის კომპანიამ“ გადაწყვიტა სწრაფად ემოქმედა და დაესწრო პოტენციური კონკურენტებისთვის. ,,კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო დასავლეთ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების, ახალი ავტომაგისტრალების, პორტებისა და ინფრასტრუქტურული და ტურისტული ცენტრების პროექტების წამოწყება“ – აცხადებს მერაბ ჩიხრაძე.
ამ ამბიციური ჩანაფიქრის განხორციელება რომ მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე ვერ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ბიზნესმენთა ჯგუფმა თავიდანვე განსაზღვრა. მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება თანამშრომლობაზე ცემენტის წარმოებაში მსოფლიო ლიდერ ფრანგულ კომპანია ,,ლაფარჟთან“. ეს იყო ,,საქართველოს ცემენტის კომპანიის“ პირველი დიდი წარმატება პროექტის განხორციელების გზაზე.
2015 წელს ქართული ბიზნესჯგუფის პარტნიორი ფრანგული კომპანია კიდევ უფრო გამსხვილდა. ,,ლაფარჟი“ და სამშენებლო სექტორის ასევე მსხვილი მოთამაშე შვეიცარული „ჰოლციმი“ გაერთიანდნენ და მსოფლიო სამშენებლო მასალების ბაზარზე უპირობო ლიდერი ,,ლაფარჟჰოლციმი“ (LafargeHolcim) დამკვიდრდა.
ფრანგულ–შვეიცარული კომპანია ,,ლაფარჟჰოლციმი“ წარმოდგენილია 90 ქვეყანაში და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ბიზნესში. კომპანიაში დასაქმებულია 115 000 თანამშრომელი და ფლობს 2500 მეტ ქარხანას მთელს მსოფლიოში, მათ შორის 1600 ბეტონის, 180 სრული ციკლის და 70 ცემენტის ქარხანას.
ცემენტისა და ბეტონის წარმოებაში „ლაფარჟჰოლციმის“ უახლესი მიღწევების გასაცნობად „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ გუნდი პარტნიორმა მხარემ საფრანგეთში მიიწვია. ლიონში, სადაც ,,ლაფარჟჰოლციმის“ ულტრათანამედროვე კვლევითი ცენტრი მდებარეობს, ქართულმა ბიზნესჯგუფმა ფასდაუდებელი ინფორმაციები და იმ მთავარ კითხვაზე მიიღო პასუხი, თუ რატომ არის მსოფლიო ლიდერი ეს ფრანგულ–შვეიცარული კომპანია. სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები არის ის ქვაკუთხედი, რაზეც „ლაფარჟის“ ინოვაციურობა არის დაფუძნებული. კომპანია აერთიანებს პირველხარისხოვან ექსპერტიზას, ყველაზე თანამედროვე დანადგარებს და ცნობილ საერთაშორისო პარტნიორებს, რაც მთლიანობაში ქმნის უკონკურენციო უნარებს სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში. კომპანიის მიზანია ინოვაციური პროდუქტებით შექმნას დამატებითი ღირებულება კლიენტებისთვის და ხელი შეუწყოს უფრო მდგრად მშენებლობას.
პარტნიორების დახმარებით და საკუთარი გამოცდილებით ქართული ცემენტის კომპანიამ ჩანაფიქრი წარმატებით განახორციელა. ფოთში ქარხნის მშენებლობა 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყო.
პროექტის განხორციელების პროცესში ,,საქართველოს ცემენტის კომპანიამ“ სათანამშრომლოდ მიიწვია ქართული კომპანიები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო ინჟინერიაში, გეოლოგიურ და ტოპოგრაფიული სამუშაოებში, არასტანდარტულ დეტალების დამზადებაში და ქარხნის უშუალო მშენებლობაში. ამით ქართულმა კომპანიებმა ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინეს.
კომპანიაში სამომავლოდაც გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ქართული წარმოების განვითარებას, მათ შორის საქველმოქმედო პროექტებით. ბიზნეს–ჯგუფის საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტი სწორედ სოციალური პასუხისმგებლობაა.
ფოთში უკვე დასრულებულია რამდენიმე ჰექტარზე განლაგებული ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა. სწორედ ფრანგი პარტნიორების სტანდარტის შესაბამისად ფოთის ცემენტის ქარხანა აღჭურვილია უნიკალური ლაბორატორიით. ის აპარატურა, რომლითაც ქარხნის ლაბორატორიაა აღჭურვილი, საშუალებას იძლევა უმოკლეს ვადაში დადგინდეს პროდუქციის ხარისხი, მათ შორის მისი ქიმიური შემადგენლობა. აღნიშნული ლაბორატორიაა ქარხნის ის სეგმენტია, რითაც სამართლიანად ამაყობენ დამფუძნებლები, რადგან ჯერჯერობით ის საქართველოში ერთადერთია.
ფოთში ცემენტის ქარხნის დაპროექტების და მშენებლობის პროეცსში ერთ–ერთი ყველაზე პრიორიტეტული ეკოლოგიური მიმართულება იყო. ქარხანაში ამ მხრივაც დაცულია უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტი. 11 ერთეული ფილტრის მეშვეობით მოხდება ცემენტის წარმოების შედეგად გამოყოფილი მტვრის დაჭერა. სწორედ ეს ფილტრები უზრუნველყოფენ ჰაერის სიწმინდეს ევროსტანდარტების დონემდე. ფოთის ცემენტის ქარხანა ამ მხრივაც გამორჩეული იქნება რეგიონში მოქმედ ცემენტის ქარხნებს შორის.
ქარხანის ამუშავების შედეგად 100 – ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმეტესი ნაწილი ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნება. უცხოელ პარტნიორებთან ერთად ქარხნის მესვეურებს უკვე შემუშავებული აქვთ სპეციალური გეგმა, რომლის განხორციელება იძლევა შესაძლებლობას, სტაჟირებების და ტრენინგების ხარჯზე, მუდმივად მოხდეს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თანამშრომელთა ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დაცვას. ქარხანაში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, იმუშავებს შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი. ,ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხზე და მომხმარებელს მრავალფეროვან, მათ შორის პრემიუმ კლასის მომსახურებას ვთავაზობთ“ – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი მერაბ ჩიხრაძე და სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.
პარიზში ვიზიტისას ქართული და ფრანგული კომპანიების ტოპ–მენეჯერები თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების სტრატეგიაზეც შეთანხმდნენ. შედგა თანამშრომლობის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ამ გეგმის ფარგლებში უკვე დასრულებულია ბეტონის წარმოების პროექტი თბილისში, რომელიც, ასევე, დაპროექტებული და აღიჭურვილია „ლაფარჟჰოლციმის“ სტანდარტებით. ქარხანა, რომელშიც ათობით ადამიანი დასაქმდება, რეგიონში ერთ–ერთი ულტრათანამედროვეა.
ბაზრის კვლევის შედეგად გამოიკვეთა სურათი, რომ მშენებლების მხრიდან არსებობდა მოთხოვნა ახალ პროდუქტებზე. ამიტომ ,,საქართველოს ცემენტის კომპანიამ“ გადაწყვიტა მომხმარებელს შესთავაზოს პრემიუმ კლასის სერვისი, დროულ მიწოდებასა და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტი. პროდუქცია განკუთვნილი იქნება თანამედროვე ტიპის მშენებლობებისთვის.
,,გვაქვს ამბიცია, რომ ქართველ მშენებლებს მივცეთ ისეთი ტიპის ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც მათ არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. საუკეთესო სამეცნიერო „ნოუ ჰაუს“
დახმარებით, „ლაფარჟჰოლციმმა“ შეიმუშავა ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც უკვე ფართოდ გამოიყენება ევროპაში და ეხმარება მშენებლებს CO2 შემცირებაში, უფრო ენერგო ეფექტური კონსტრუქციების მშენებლობაში, ხარჯების და სამშენებლო დროის შემცირებაში და შრომის ნაყოფიერების გაზრდაში“ სწორედ ამიტომ ქართველ არქიტექტორებს შევთავაზებთ ისეთი ტიპის ბეტონის პროდუქციას, რომელიც ფართო ასპარეზს აძლევს არქიტექტორების კრეატიულობას, რათა შექმნან მაქსიმალურად ესთეტიური შენობები უნიკალური ფორმების, ფერების და ტექსტურის გამოყენებით. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ განახორციელონ თამამი იდეები და იმუშაონ ისეთი სამშენებლო მასალებით, რომლებიც დაეხმარება მათ არქიტექტურული და ვიზუალური შედეგის გაუმჯობესებაში“ – ასეთია, ჩიხრაძის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლების სურვილები და უახლოესი გეგმები.
რომ არა ქვეყანაში არსებული სტაბილური საინვესტიციო გარემო, ჩვენ ამ პროექტის განხორციელებას ვერ შევძლებდით – აცხადებენ ,,საქართველოს ცემენტის კომპანიაში“. სწორედ ეს არის მთავარი პირობა კომპანიის მიზანის განხორციელებაში – იყოს გამორჩეული ქართული სამშენებლო მასალების ბაზარზე და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებაში.
,,დეკლარირებული დასავლური კურსი და ჩვენი სწრაფვა დასავლური ღირებულებებისკენ ცარიელი სიტყვებია საქმის გარეშე. თუ თითოეულმა ჩვენთაგანმა ეს სტანდარტები ყოველდღიურ საქმიანობაში თავად არ დავამკვიდრეთ, ვერ გავხდებით სასურველი პარტნიორი ცივილიზებული მსოფლიოსთვის. ესეც იყო მნიშვნელოვანი მოტივაცია ჩვენთვის რომ პარტნიორად ევროპული კომპანია აგვერჩია, რომელიც გამოირჩევა თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების, ეკოლოგიის საკითხებში მაღალი სტანდარტების ერთგულებით და ბიზნესის განვითარების ფილოსოფიით ‘’– ამბობს ,,საქართველოს ცემენტის კომპანიის“ დამფუძნებელი.