„საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ“

„საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ“

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახე, ფილოლოგი და გერმანისტი ლაშა ბაქრაძე თვლის, რომ მხოლოდ პოლიტიკური ძალების გადასაწყვეტი არ არის, საითკენ მიდის სახელმწიფო. ეს არის საზოგადოებრივი საკითხი და სამწუხაროა, რომ ჩვენ, ხალხმა, „თვითმარქვია პოლიტიკურ ძალებს" გადავეცით ჩვენი უფლებები და ვუთხარით, რომ მათ მოგვიწესრიგონ საკითხები. სხვანაირად როგორ უნდა იყოს და საერთოდ, რას ფიქრობს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, თავად მას მოვუსმინოთ.

ლაშა, უკვე ერთი წელი გავიდა რუსული ინტერვენციიდან. დღევანდელი გადასახედიდან, რა შეფასება შეიძლება მიეცეს მას?

- ჩვენ რეალურად დღემდე არ ვიცით, რაც მოხდა შარშან 8 აგვისტოს, ამიტომ, ცოტა არ იყოს, რთულია ამაზე საუბარი. თუმცა ცხადად ჩანდა, რომ იმ მილიტარიზმს, რაც საქართველოში არსებობდა, კარგი დასასრული არ ექნებოდა და, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ამ ომის წინაპირობები, რაღაცა მცირედი წილი მაინც არის ჩვენი დანაშაული. საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს ამ სიმართლეს და არ უნდა იყოს მუდმივად იმის პროპაგანდა, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გარე ბოროტი ძალის მსხვერპლნი ვართ. დიდი ინტერესით ველოდები ტალიავინის დასკვნას, რადგან ვფიქრობ, რომ ბევრი დეტალი, რომელიც დღეს მიჩქმალულია, უფრო კარგად გამოჩნდება და მას საერთაშორისო შეფასება მიეცემა.

ტალიავინის დასკვნისგან საქართველოს ხელისუფლება კარგს არაფერს ელოდება.

- ალბათ იმიტომაც, რომ იმ წილზე, რომელზედაც ვსაუბრობდი, იქაც იქნება ნათქვამი. ჩვენ გვინდა, რომ სრულიად უცოდველობაში დავიბანოთ ხელი და ასე სრულიად უცოდველობაში ხელის დაბანის პრინციპი არა მარტო ამ ომთან, მთლიანად მთელ ისტორიასთან მიმართებაში არ წაადგება ქვეყანას.

ხშირად ამბობენ, რომ ეს ომი ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომაა.

- ასე ამბობენ ოპოზიციონერები. მე ამ ომის შესახებ იმდენივე ვიცი, რამდენიც ჩვეულებრივმა ქართველმა მოქალაქემ. ამის გამო ვერ ვიტყვი, რომ ეს ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო, თუმცა თუნდაც ამ ომში რომ თავის ჩათრევის საშუალება მისცა ხელისუფლებამ, უკვე შეცდომაა, თან ამდენი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვები. რუსეთს არ უნდა, თავის საზღვარზე ჰყავდეს თავისუფალი, მისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო. საფრანგეთის ერთ–ერთ პრეზიდენტს ელცინისთვის უთქვამს კიდეც, რუსეთს არ ჰყავს კარგი მეზობელი, მისი მეზობელი ან მონაა, ან მტერიო. ასე რომ, ძირითადი დანაშაულებრივი ქმედება არის რუსეთის მხარეზე და არა - საქართველოსი.

ომის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

- ოპოზიცია ომის და სოციალური მდგომარეობის ინსტრუმენტალიზაციას შეეცადა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოში ოპოზიცია ძალიან სუსტია და არ შესწევს ძალა, რაღაცა სერიოზული ცვლილებები განახორციელოს. ოპოზიცია ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა, ერთი მხრივ, იმის გამოც, რომ ქართველების დიდი რაოდენობა კომფორმისტია და ისიც პრობლემაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა ჯერჯერობით დაბალ დონეზეა. ამის გამო ხელისუფლებას ყოველთვის აქვს საშუალება, ადვილად მოიგერიოს ოპოზიცია. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჯერ ვერ ჩამოყალიბდა ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც გარკვეულ პროცესებზე გავლენის მოხდენა შეეძლება. მხოლოდ პოლიტიკური ძალების გადასაწყვეტი არ არის, საითკენ მიდის სახელმწიფო. ეს არის საზოგადოებრივი საკითხი და სამწუხაროდ, ჩვენ რატომღაც პოლიტიკურ ძალებს, მე ვიტყოდი, თვითმარქვია პოლიტიკურ ძალებს გადავეცით ჩვენი უფლებები და ვუთხარით, რომ მათ მოგვიწესრიგონ საკითხები. სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახებს კი ძალიან უჭირთ, რაიმე ზეგავლენა იქონიონ იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში მიდის. ამაში თანადამნაშავეა ყველა ხელისუფლება, რომელიც საქართველოში იყო დამოუკიდებლობის შემდეგ.

ამ ბოლო დროს შეიქმნა რამდენიმე საზოგადოებრივი გაერთიანება - „დაიცავი საქართველო!", „აკადემია"... ესენი თუ შეძლებენ, ეს ნიშა დაიკავონ?

- ეს ჯგუფები, განსაკუთრებით „დაიცავი საქართველო!", სრულიად პოლიტიზირებულია და საზოგადოების ძალიან პატარა სეგმენტს წარმოადგენს, ამიტომაც არ მგონია, რომ მისგან რაიმე სერიოზულს უნდა ველოდოთ.

მრავალათასიანი მიტინგები, ასდღიანი აქცია უშედეგოდ დასრულდა, რატომ?

- ხშირად ვხედავთ, რომ საქართველოში გათვლილი არ არის ნაბიჯები. ერთ ნაბიჯს გადადგამენ და მეორეზე აღარ ფიქრობენ. ასეთი სუნი უდიოდა ამ ასდღიან აქციასაც და შემთხვევითი არ არის, რომ შედეგი არ მოჰყოლია. მიზეზი აქაც მათი სისუსტე და პროგრამის არქონაა, რითაც უფრო დიდი ძალების მობილიზებას შეძლებდნენ. არ ვთვლი, რომ პროგრამა შეიძლება იყოს „ძირს პრეზიდენტი" და არ არსებობდეს არანაირი კონკრეტიკა, თუ ეს პრეზიდენტი არ იქნება, რა იქნება მერე. ხალხი 20 წლის განმავლობაში მუდმივ ბრძოლებში იმყოფება და ძალიან რთულია, რომ ეს ადამიანები კიდევ ერთხელ წაიყვანონ.

ოპოზიცია გეტყოდათ, რომ მერე იქნება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ეს ცოტაა?

- მაშინ, მათ ვერ მიაქვთ თავიანთი სიტყვა საზოგადოებამდე. საქართველოში ფაქტობრივად პარტიები არ არსებობენ. ეს არის პატარ–პატარა ინტერესთა ჯგუფები, რომელთაც არანაირი სტრუქტურა არ გააჩნიათ. მაგალითად, როცა თქვენ გინდათ, დაუკავშირდეთ გარკვეული პარტიის ლიდერებს და არ იცნობთ, არ არსებობს რაიმე დამაკავშირებელი რგოლი.

რატომ? თითქმის ყველას აქვს პრესცენტრები.

- კი, აქვთ პრესცენტრები, მაგრამ მათი სერიოზული მუშაობა არ მინახავს. ამიტომაც ადამიანს, რომელსაც აინტერესებს თავისი ქვეყნის ბედი, ლოზუნგების უკან დიდი გეგმების დანახვა უჭირს.

ანუ დიალოგი არ აქვთ საზოგადოებასთან?

- დიახ, თუმცა ისიც მესმის, რომ საზოგადოებასთან დიალოგის წარმოება დღეს რთულია, რადგან ჩაკეტილია ეგრეთ წოდებული ნაციონალური არხები, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. სამწუხაროა, რომ არანაირი ცვლილება და ძვრა არ ჩანს საზოგადოებრივ მაუწყებელშიც, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ამ პარტიების ორგანიზება ძალიან დაბალ დონეზეა და ამიტომაც ვერ მიაქვთ თავიანთი სათქმელი გასაგებად საზოგადოებამდე.

კარგით, ოპოზიცია სუსტია, მაგრამ მათი მოთხოვნა - გადადგეს პრეზიდენტი, ლეგიტიმურია?

- ლეგიტიმურობის საკითხი ძალიან რთულია. სანამ ლეგიტიმურობის საკითხამდე მივიდოდეს საზოგადოების აზრი, მანამდე მნიშვნელოვანია პატარ–პატარა ნაბიჯები და არა პირდაპირ საბოლოო მოთხოვნის დაყენება. ოპოზიციურ პარტიებს რომ შეეძლოთ ასეთი პატარ–პატარა ნაბიჯების გადადგმა, მათდამი მეტი ნდობა გაჩნდებოდა.

პატარპატარა ნაბიჯები რა შეიძლება იყოს? მაგალითად, საარჩევნო კანონმდებლობა?

- ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი საბოლოო მიზნამდე და მათ შორის არის კანონმდებლობის ცვლილებაც, რომ უფრო წესიერი არჩევნების ჩატარების თეორიული შანსი მაინც გაჩნდეს. რატომღაც ოპოზიციური პარტიები ხმას არ იღებენ იგივე საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში და ეს მაშინ, როცა ტელევიზიის წინ იყო პროტესტები მათი მხრიდან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა არის ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი და რა მექანიზმებისთვის ღირს ბრძოლა.

გარდა ამისა, პოლიტიკურ ძალებს შორის - გინდ სახელისუფლებოში და გინდ ოპოზიციაში, ჩუმი თანხმობა არსებობს. მაგალითისათვის, საქართველოში გართულდა დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობა არჩევნებში და ეს ყველა არსებულ პარტიას აძლევს ხელს. მე კი ვფიქრობ, რომ საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე დამოუკიდებელი კანდიდატების პარლამენტში მოხვედრა მომგებიანი იქნებოდა. საზოგადოებაში არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელთა მიმართ ნდობა უფრო დიდია, ვიდრე პოლიტიკური პარტიისადმი და კარგი იქნებოდა, თუ ეს ადამიანები უფრო აქტიურად ჩაერთვებოდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამისათვის აუცილებელი არ უნდა იყოს კიდევ ერთი ათკაციანი პარტიის ჩამოყალიბება. ეს ყალბი მიდგომა საქართველოში ნამდვილი პარტიული სისტემის აშენებას არ უწყობს ხელს.

თქვენ კითხვაზე არ გამეცით პასუხი - ხელისუფლება უნდა გადადგეს?

- ხელისუფლებას ჰყავს თავისი მომხრეები და ეს მომხრეები საკმარისად ბევრია, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ. ნდობა ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ დაახლოებით ერთნაირ დონეზეა.

ვატყობ, თვლით, რომ 2013 წელს უნდა დაველოდოთ, თუ რაღაც ცვლილებები მაინც საჭიროა?

- ცვლილებები მუდმივად საჭიროა. უნდა შევეცადოთ, შევქმნათ საზოგადოებრივი აზრი, რომ ჩვენ, საზოგადოებას (პოლიტიკური პარტიებიც საზოგადოების ნაწილია), ყველა საჭირბოროტო საკითხზე გვქონდეს რეაქცია და ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ მას ხალხი აკონტროლებს და ადვილად არაფერი გაუვა. ამ ეტაპზე გამოსავალი ნამდვილად არ არის ვადამდელი არჩევნები, რადგან ვერ ვხედავ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ არსებული სახელისუფლებო ჯგუფი ჩაანაცვლონ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომწონს ხელისუფლება, მაგრამ ვერც ოპოზიციურ მხარეს ვხედავ ძალას, რომელიც უფრო ნათელი მომავლისკენ წაიყვანს ქვეყანას.

ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?

- კარგი იქნება, მექსიკის მაგალითი გამოვიყენოთ ანუ ამომრჩეველს ჰქონდეს საშუალება, არავის მისცეს ხმა. ეს არ ნიშნავს, რომ ბიულეტენი გადახაზოს, არა, უნდა იყოს გრაფა, სადაც ეწერება - „ხმას არავის ვაძლევ" და შემდეგ, როგორც ხმები, ისე დაითვალოს. ეს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მოწყვეტილები არიან საზოგადოებას, გარკვეული ჩაფიქრების საშუალებას მისცემდა.

გინდათ თქვათ, რომ არავის მისცემდით ხმას?

- სწორედ ასეა.

როცა ოპოზიცია სუსტია, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას, საზოგადოება კი პასიურობს, რა შეიძლება იყოს ხვალ?

- ვფიქრობ, საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა იმ რეალობასთან მიმართებაში, რომელშიც ცხოვრობს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ საზოგადოება გააქტიურდება.