კახა მიქაია -

კახა მიქაია - "თუ სამეგრელოში "ნაციონალებმა" გაიმარჯვეს, ეს "ოცნების" ბრალი იქნება"

"ნაციონალური მოძრაობა" რომ სამეგრელოში ყველაზე ძლიერია, ერთ-ერთ გამოსვლაში ეს თავად ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა. "ოცნებას" პოლიტიკა სათანადოდ რომ წარემართა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. აქ "ოცნების" ყოფილი წევრების დისკრიმინაცია მიდის და მათ ადგილს პორტირებული "ნაციონალები" იკავებენ. ამ ხნის მანძილზე ძირეული გარდაქმნები სახელისუფლებო რეფორმის თვალსაზრისით სამეგრელოში არ ჩატარებულა. მეგრელები შეურაცხყოფილები არიან. მე იმ მეგრელებს ვერ გავამართლებ, ვინც "ნაცმოძრაობას" უჭერს მხარს, მაგრამ მათ რა ვუყოთ, ვინც ნიჰილიზმშია ჩავარდნილი? ის პრობლემები, რაც დღეს სამეგრელოში არსებობს, ძნელად გადასალახავია. მეგრელებს პრობლემების მოგვარებაში "ოცნება" უნდა დახმარებოდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა", - აცხადებს მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახა მიქაია: თუ სამეგრელოში "ნაციონალებმა" გაიმარჯვეს, ეს "ოცნების" ბრალი იქნება.

"სამეგრელოში "ნაციონალური მოძრაობა" კი არ არის ძლიერი, არამედ "ქართული ოცნებაა" სუსტი. სწორედ აქედანაა გამოწვეული ის, რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანი "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხმას. იმ "ქართული ოცნებიდან", რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, თითქმის არაფერი დარჩა. სამეგრელოში ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფილი "ნაციონალია", სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ აქ "ნაცმოძრაობა" ჯერ კიდევ ძლიერია. რა შეურაცხყოფაც |"ნაციონალურმა მოძრაობამ" სამეგრელოს მოსახლეობას მიაყენა, სწორედ იმ იარების მოშუშება ვერ შეძლო "ქართულმა ოცნებამ". მას სათანადო პასუხი ვერ გასცა, სწორედ ამიტომაა, რომ ეს პარტია ისევ წინა პლანზეა წამოწეული. როლანდ ახალაიასა და მეგის ქარდავას თანამებრძოლები დღეს "ოცნებაში" არიან. მის პოლიტიკას დღეს სამეგრელოში ყოფილი "ნაციონალები" წარმართავენ. ეს საზოგადოებასა და ხალხზე ძალიან მტკივნეულად მოქმედებს. საზოგადოება უიმედოდაა დარჩენილი", - აღნიშნავს გამოცემისკორეპონდენტთან საუბრისას კახა მიქაია და შეკითხვაზე - "როგორ ფიქრობთ, ზუგდიდში სანდრა რულოვსს როგორი შანსი აქვს?" - პასუხობს:

| "ვისაც მიხეილ სააკაშვილი მოსწონს, მას სანდრა რულოვსიც მოსწონს. სამეგრელოში მიშას და სანდრას ერთნაირი რეიტინგი აქვთ. როგორ შეიძლება დღეს "ნაციონალურ მოძრაობასა" და სანდრა რულოვსს მხარს უჭერდე, მაგრამ ეს ფაქტი და რეალობაა. სამეგრელოში ის ხალხი, ვინც მიხეილ სააკაშვილისა და როლანდ ახალაიას რეჟიმს ებრძოდა, ახლა შეურაცხყოფილია. აქ ძალიან რთული სიტუაციაა. სანდრა რულოვსის გამარჯვება ზუგდიდში სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია. ამ ყველაფრის შეფასება შორიდან არ შეიძლება. როდესაც სანდრა რულოვსი სამეგრელოში მაჟორიტარობას გაგიბედავს, შენი საქმე ძალიან ცუდად არის. თუ სამეგრელოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა, ეს ხელისუფლების ბრალი იქნება".