„თუ ადრე პოლიციელებს დღეში ათ ლარს ვაძლევდით, ახლა, ალბათ, „სტავკას“ გააორმაგებენ“

„თუ ადრე პოლიციელებს დღეში ათ ლარს ვაძლევდით, ახლა, ალბათ, „სტავკას“ გააორმაგებენ“

რამდენიმე დღის წინ თბილისს პოლიციელთა კიდევ ერთი საგუშაგო შეემატა. მთაწმინდის რაიონის პოლიციელებმა ცირკის მიმდებარე ტერიტორია „ფრანგული სექსის“ მოყვარულთაგან უნდა დაიცვან.

„საგუშაგოს გახსნამ შედეგი უკვე გამოიღო, რამდენიმე დღეა ასეთი ქალები ცირკთან აღარ დგანან და არც არასდროს დადგებიან“, - განუცხადა „ალიას“ მთაწმინდის რაიონის პოლიციის უფროსმა ელგუჯა ჯამბურიამ.

ნონა . 23 წლის: „დადგომით ისევ დავდგებით, მაგრამ, თუ ადრე პოლიციელებს დღეში ათ ლარს ვაძლევდით, ახლა, ალბათ, „სტავკას“ გააორმაგებენ“.

მაია . 19 წლის: „აქ გაჭირვებამ მომიყვანა. დალაგებული ცხოვრება რომ მქონოდა, ახლა უნივერსიტეტში (მესამე კურსზე) ვისწავლიდი. აქ, ძირითადად, საღამოობით ვდგები. კლიენტს შორს არ მივყვები, გზაში დრო რომ არ დამეხარჯოს“.

პოლიციასთან რა ურთიერთობა გაქვთ?

- სანამ ფულს არ მივცემ, მაგდებს. ფულს დაინახავს და მერე ვითომ ვეღარაფერს ხედავს. მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორი დღე მქონდა, რამდენი გავაკეთე. ადგილში ათ ლარს მართმევენ. მახსოვს, ავად გავხდი და ოთხი დღე სახლში ვიწექი, მეხუთე დღეს ოცლარიანი წამართვა, მითხრა, სიმულიანტობ და კეთილი ინებე, ფული გადაიხადეო.

ელგუჯა ჯამბურია: კონკრეტული გვარი დამისახელეთ, ფულს რომელ პოლიციელს აძლევენ და დღესვე გავანთავისუფლებ. მასეთი ქალების ნდობა როგორ შეიძლება... როცა ვიჭერთ, ადამიანის უფლებების დარღვევაში გვდებენ ბრალს, სურათის გადაღება მათთვის არ შეიძლება, არც პროსტიტუციასთან ბრძოლის კანონი არსებობს და ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ?

ტერიტორიისგასაწმენდადსაგუშაგო გაიხსნა. თუ?...

- კი. ქალაქის ცენტრში, ბავშვების, მოზრდილების თვალწინ, ასეთი სიბინძურე ხდებოდა.

რა გარანტიაა, რომ კვლავაც არ დადგებიან?

- არ დავუშვებთ.

„ალიას“ ბოლო ინფორმაციით, ცირკთან ქალების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, სამაგიეროდ, ვინც დარჩა კლიენტების მომსახურებას ძლივს აუდიან (?).

ნონა : „გუშინ მთელი ღამე ვიმუშავე, ასეთი შემოსავლიანი დღე კარგა ხანია არ მქონია. ვის რა ესაქმება, მე რას ვაკეთებ, რატომ უნდა ვუხადო ფული ვიღაც პოლიციელს იმაში, რომ ღამე გარეთ ვდგავარ და ორ კაპიკს ვაკეთებ. მე ასე ვცხოვრობ, მომწონს თუ არ მომწონს, ეს მარტო ჩემი პრობლემაა. პოლიციისთვის მისაცემ ფულს ორ რეისზე ვაკეთებ, მაგენი რომ არ იყვნენ, ჩემს სამყოფს ვიშოვიდი და სახლშიც უფრო ადრე წავიდოდი.

ამბობენ, სპეციალური საგუშაგო გაიხსნაო...

- ვიცი, ბევრმა უკვე შეიცვალა ადგილი და სხვაგან გადავიდა, ცოტა ხანს კიდევ ვიდგები აქ, მერე სიტუაციას შევხედავ. ისე, მირჩევნია, პოლიციელს მეტი მივცე და აქ ვიდგე.

რატომ?

- აქვე ვცხოვრობ, პოლიციელისთვის მისაცემი ფული ტაქსს უნდა მივცე და რა აზრი აქვს...

კლიენტს რომ სთხოვო სახლამდე არ მიგიყვანს?

- გააჩნია, ვინ შეგხვდება. ისე, ჩემს საქმეს მოვრჩები თუ არა, ისე მიცქერიან, თითქოს კაციჭამია ან ვამპირი ვიყო. ჩემთან მანქანაში ჯდომაც „ეპაზორებათ“. ამიტომ, მირჩევნია, საქმის მერე, მათთან ურთიერთობა აღარ გავაგრძელო.