ჯაშუში კოჭოიას „თავგადასავალი“

ჯაშუში კოჭოიას „თავგადასავალი“

(იბეჭდება შემოკლებით)

ან რუსი სპეცსამსახურები ვერ არიან ჯანზე, ან ჩვენები არ უქნია ღმერთს. თუ ეს ერთწლიანი აფეთქებები, დღეს უკვე ტერორისტულ აქტებად წოდებული, იმათი გაკეთებულია, მაშინ გაუგებარია, რატომ ეშინია მსოფლიოს რუსების და თუ ჩვენების ნაეშმაკარია, მაშინ ტყუილად მოგვაქვს თავი, მაგრები ვართო. ერთი წლის წინ თბილისში – ამერიკის საელჩოს ღობესთან ახლოს, მერე ჭალადიდთან, მერე ვაგზალზე, ახლახან ლეიბორისტების ოფისთან და მუხიანში მომხდარი ყველა აფეთქება ახლა შეფასდა ტერორისტულ აქტად, თორემ მანამდე ხან ბუნებრივ აირს ბრალდებოდა, ხან – საწვავს.

საიდუმლო ოპერაცია, სახელით "ენვერი 2", მამტკიცებელი არგუმენტების კუთხით, ბევრად უსუსური გამოდგა, ვიდრე "ენვერი 1". "ენვერი 2" უწოდეს, თორემ სინამდვილეში ეს ოპერაცია "კოჭოიას ფათერაკიანი თავგადასავალი" უფრო იყო.

ამ სპექტაკლის ერთ–ერთი მთავარი გმირი, კოჭოია, იგივე მერაბ ყოლბაია, ისევ გალშია და ალბათ რუს ოფიცერ ევგენი ბორისოვთან ერთად გეგმავს ახალ ტერაქტს, რომელიც რატომღაც ისე უნდა განხორციელდეს, რომ მსხვერპლი არ მოჰყვეს. თან აფეთქება დანიშნულების ადგილას კი არა, სადღაც, მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს ან საერთოდ არ უნდა ამუშავდეს ასაფეთქებლით სავსე ლუდის ლითონის ყუთი. მეორე მთავარი გმირი, გოგიტა არქანია და მისი თანამზრახველები დაკავებულები არიან.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "ეხო მოსკვისთან" ინტერვიუში თქვა, რომ მთავარი ტერორისტი გალელი გოგიტა არქანია ყოფილა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა, ერაყსა და ავღანეთში იბრძოდა, მაგრამ ნარკოტიკების მოხმარების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მინისტრის თქმით, არქანიას რუსულ სპეცსამსახურებთან დიდიხნის თანამშრომლობა აკავშირებს. ასეთი აგენტი და დივერსანტი ჩვენს მტერს ჰყავდეს! და ჰყოლია კიდეც! კაცი დაწერილს ვერ კითხულობდა და ამერიკის საელჩოს ღობის იქით გადააგდებდა ასაფეთქებელს?! აღიარებითი ტექსტის კითხვის დროს "სატელიტური რუკის" თქმისას კინაღამ ენა მოიტეხა, თუმცა ისეთი წიგნიერი გამოთქმა კი გამოიყენა, როგორიც არის "რუკაზე დატანილი იყო"...

დიდ საფრთხეს გადავრჩით, რუსებს საქართველოში დესტაბილიზაცია უნდოდათო, თქვა "იმ ვანომ". დესტაბილიზაცია ღამით ცარიელ ქუჩაზე აფეთქებით რომ არ დაიწყებოდა, ცხადია. დილეტანტის თვალით დანახული გაუგებრობების ნუსხა ამით არ მთავრდება. რუსები, რომლებსაც, როგორც არქანია გვაბოლებს, ასაფეთქებელ ობიექტთა სატელიტური რუკა ჰქონდათ, აფეთქებების შედეგებს ტელევიზიით ელოდნენ. დამკვეთს, ანუ ევგენი ბორისოვს, ქართველ თანამზრახველებთან ურთიერთობა რატომაღაც მაინცდამაინც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კორპორაციული მობილურებით ჰქონდა. თანაც ეს მაშინ, როცა "ენვერი 1"–ის დროს ინფორმაცია ისეთი კომპიუტერული პროგრამით გადაიცემოდა, სპეციალური გახსნა რომ სჭირდებოდა.

გაუგებარი კი არა, ცოტა სასაცილოცაა მთავარი ტერორისტის აღიარებაში ბოლო ნაწილი. ლეიბორისტულ პარტიასთან აფეთქება – ჯანდაბას, ნათელაშვილის ასაყვირებლად სჭირდებოდათ თურმე რუსებს, მაგრამ გაუგებარია, რა ჯავრი სჭირდათ მუხიანში მდებარე სუპერმარკეტის?! ასე მითხრეს, მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე რომ სუპერმარკეტია, იმის სარდაფში უნდა ჩააგდო ასაფეთქებელიო... ალბათ ბორისოვი მშვიდობისმყოფელთა უფროსის მოადგილე რომ იყო, წილი ჰქონდა ამ მარკეტში, მერე რომ წავიდა, ქართველებმა "გადააგდეს" და ახლა შური იძია, თორემ სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონოდა? კიდევ ერთი ლაფსუსი – არქანია და კოჭოია ჯავახიშვილის ქუჩაზე დასაზვერად რომ მისულან, ლეიბორისტების ოფისის შენობაზე დამონტაჟებული კამერა დაუნახავთ, შეშფოთებულან, ორივეს თავზე ქუდები დაუხურავს და ისე გაუვლია. შსს–მ არქანიას აღიარების ამ ნაწილს თვალსაჩინოებისთვის ვიდეოთვალიდან ამოღებული მასალაც დაურთო, სადაც ორი კი არა, ერთი ქუდჩამოფხატული კაცი მიდის აჩქარებული ნაბიჯით და კაცი ვერ მიხვდება, ვინ არის.

ჩვენმა ნაციონალურმა არხებმა რუსი სპეცსამსახურების ამ სირცხვილზე დაწვრილებით გვიამბეს. მეცნიერული სიზუსტით აგვიხსნეს, რა ზიანი მოაქვს ჰექსოგენს და როგორ შეიძლება ამ ნივთიერების და ერთი უბრალო ლუდის ან წვენის ლითონის ყუთის ერთობა ასაფეთქებელ საშუალებად აქციო.

რუსებმა ჩვენი სამართალდამცველების ამ წარმატებულ ოპერაციაზე ტრადიციულად იცინეს და მწარედაც დაგვცინეს. ამერიკელებმა თქვეს, გამოძიების დამატებით არგუმენტებს დაველოდებითო.