„სიგუა რომ არ დამალულიყო და არძინბას შეხვედროდა...“

„სიგუა რომ არ დამალულიყო და არძინბას შეხვედროდა...“

(იბეჭდება შემოკლებით)

სოხუმის დაცემიდან 16 წლის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ შეცდომა დაუშვა, როცა არძინბასთან მოსალაპარაკებლად თენგიზ სიგუა გაგზავნა და სოხუმში თავად არ ჩაფრინდა.

„პასუხისმგებლობას მომხდარის გამო ვერავინ გაექცევა, ვერც შევარდნაძე, ვერც კიტოვანი და ვერც სხვები," - აცხადებს ის.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ბოლო ხანებში ბევრი ვერსია გამოითქვა, რომ სოხუმი არ დაეცემოდა, რომ არა სარდლობის შეცდომები. თვლით თუ არა, რომ ხელისუფლებას იმ დროს უფრო გონივრული ქმედებებით შეეძლო სოხუმის შენარჩუნება?

- შეცდომა დაუშვა ბატონმა თენგიზ კიტოვანმა - სოხუმში არ უნდა შესულიყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჯარების შეყვანის მიზანი იყო მატარებლების დაცვა და გაცილება. ომის დაწყების წინა პერიოდში მატარებლები იძარცვებოდა, ზარალმა 10-12 მილიარდი მანეთი შეადგინა და შეიძლებოდა ზარალის გადახდა საქართველოს დაკისრებოდა. თავიდან იქ ამ მიზნით შევიყვანეთ ჯარი.

მაშინ იყო სახელმწიფო საბჭო. ჯარებს, რომლებიც შევიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეკრძალებოდათ დასახლებულ პუნქტებში შესვლა. მაგრამ, ომის დაწყება ძირითადად დაკავშირებული იყო სოხუმში გვარდიის შესვლასთან.

თენგიზ კიტოვანი ამბობს, როცა შევარდნაძე მაბრალებს ომის დაწყებას, ამით ცდილობს, პასუხისმგებლობა მოიხსნასო...

- არავითარ პასუხისმგებლობას არ ვიცილებ. პასუხს ვაგებდი და ვაგებ ახლაც. მაგრამ, კიტოვანი და მისი გვარდია, ისევე როგორც სხვა სამხედროები, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს არ ემორჩილებოდნენ. დაემორჩილნენ მაშინ, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება მატარებლების გაცილებასთან დაკავშირებით. მერე კიტოვანი მიადგა სოხუმს. მაშინ ელცინი სოჭში ისვენებდა, დამირეკა და მითხრა - „უნდათ შეცდომაში შეგიყვანონო. სოხუმში შესვლა არ შეიძლება, იქ კბილებამდე შეიარაღებული ჩვენი ორი ბატალიონია, მესაზღვრეები ჩვენები არიან, თუ სოხუმში შევა თქვენი გვარდია, ეს ნიშნავს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასო".

დავურეკე კიტოვანს, კატეგორიულად გავაფრთხილე (ვიცოდი, რომ ტყუილი იცოდა და თავისი ჭკუით მოქმედება უყვარდა) არ შესულიყო.

ასევე მაშინვე დავურეკე გოგა ხაინდრავას, რომელიც სოხუმში მუშაობდა და ვუთხარი, გააფრთხილე კიტოვანი, ელცინმა ასეთი რაღაცეები თქვა და შეიძლება დაიწყოს სისხლისმღვრელი ომიო.

მაინც შევიდა. მერე ერთ კვირაში ჩამოვიდა და ჩამოიტანა დროშა, რომელიც აღმართული იყო სოხუმში მთავრობის სასახლეზე.

გასაგებია, რომ არ გემორჩილებოდათ კიტოვანი, მაგრამ რა ზომები მიიღეთ იმისათვის, რომ არ დაწყებულიყო ომი? ხომ არ გიცდიათ შეხვედროდით ელცინს, რომელმაც გაგაფრთხილათ, ან თუნდაც ვლადისლავ არძინბას...

- როცა ჯარების შეყვანის შესახებ მივიღეთ გადაწყვეტილება, არძინბას ველაპარაკე ტელეფონით და შევთავაზე, თქვენმა ბატალიონმაც მიიღოს მონაწილეობა მატარებლების გაცილებაში-მეთქი. ფაქტობრივად, ეს უნდა ყოფილიყო ქართულ-აფხაზური ღონისძიება. არძინბა დამთანხმდა და მითხრა - დეტალებია გასარკვევი, ვინმე ჩამოვიდეს და დეტალები მომიყვესო.

მაშინ კიტოვანი ახალციხეში იყო, ტანკები უნდა მიგვეღო, ამიტომ გავაგზავნე თენგიზ სიგუა. მაგრამ, სიგუას არ შეხვდა არძინბა.

თქვენ რომ შეხვედროდით მაშინ პირადად არძინბას, მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდებოდა?

- არა. ჩემი ერთ-ერთი შეცდომა ის არის, რომ მე არ წავედი. ალბათ, მე უნდა ჩავფრენილიყავი მაშინ სოხუმში. მაგრამ, თბილისში იყო მაშინ არეულობა, ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო და თბილისის დატოვება არ შეიძლებოდა. მაგრამ, სჯობდა, დამეტოვებინა და შესაძლოა, ეს უბედურება არ დატრიალებულიყო. ასე რომ, არც ერთი მხარეა მართალი და არც მეორე. მარტო კიტოვანი ხომ არ წყვეტდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მის უკან იდგა სახელმწიფო საბჭო და მისი თავმჯდომარე.

მეორე მხარესაც დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. მაშინ არძინბა რომ არ დამალულიყო და შეხვედროდა სიგუას, მოილაპარაკებდნენ და შესაძლოა ომი არ დაწყებულიყო.

ფაქტია, რომ საქართველოს აფხაზები კი არა, რუსეთი ებრძოდა. თუ გქონდათ ელცინთან ამ თემაზე საუბარი?

- კიტოვანი რომ არ შესულიყო სოხუმში, საომარი მოქმედებები არ დაიწყებოდა. ელცინმა ხომ შემთხვევით არ დამირეკა? რომ გაიგეს, რომ გვარდია მიადგა სოხუმს, აფხაზები გავიდნენ ქალაქიდან და დარჩა რამოდენიმე აფხაზი, რომლებიც ქართველებთან მეგობრობდნენ და დღესაც თბილისში არიან.

სამი ბატალიონი მდინარე გუმისთის ნაპირზე იდგა, მაგარი ბიჭები იყვნენ, ერთი ბატალიონი 52-ე სკოლის შენობაში იყო განლაგებული, მესამე ბატალიონი იყო ფუნიკულიორზე. როცა მოხდა ქართველებსა და აფხაზებს შორის ერთ-ერთი შეტაკება (რუსებიც იყვნენ მაშინ, კაზაკებიც და სხვებიც), ამ ბიჭებმა ისინი ათონის იქეთ გადარეკეს. რა თქმა უნდა, იყო მსხვერპლი, მაგრამ აფხაზები სოხუმს მოვაცილეთ.

შემდეგ მოხდა ორი ამბავი. თავის დროზე ზვიად გამსახურდია ხომ გააძევეს თბილისიდან, მერე სომხეთში გადაფრინდა და იქიდან წავიდა გროზნოში. ბატონი ზვიადი დაბრუნდა სამეგრელოში. შემდეგ გადმოვიდა ოჩამჩირეში. ეს ბიჭები, რომლებიც გუმისთასთან იყვნენ განლაგებული, ყოფილან ზვიადის მომხრეები და ზვიადმა გასცა ბრძანება, ჩამოდით ოჩამჩირეშიო.

დილით ადრე გავდიოდი, ბატალიონებს ვათვალიერებდი. ერთ დღესაც, დილით ადრე გავედი და ვნახე, რომ სოფელ გუმისთასთან ბატალიონი არ არის. არც სკოლაში. მაშინ ჩემთან იყვნენ გია ყარყარაშვილი და ირაკლი ბათიაშვილი, ჩვენ ღამეს ვათევდით ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში. იმ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ჯარები არ იყვნენ სოხუმში, რადგან ბატონი ზვიადისგან მიიღეს ბრძანება, რომ გასულიყვნენ და დაემორჩილნენ, რადგან მისი მომხრეები იყვნენ.

ღამით, როცა გაირკვა, რომ ჯარები უკვე მოხსნილი იყო, გია ყარყარაშვილმა თქვა - მე ძალიან ბევრი ძმაკაცი მყავს, გადავლახავ მდინარეს და ხვალ დილით დიდ ნაწილს ჩამოვიყვანო. ჩამოიყვანა 50 კაცი. მაგრამ 50 კაცით რას იზამდი? უკვე გამოტანილი იყო ტექნიკაც.

როგორც ცნობილია, სამხედრო ტექნიკის გამოყვანა მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე. ეს არ იყო შეცდომა? ვინაიდან, ფაქტია, რომ კონფლიქტის მეორე მხარეს არ გაუყვანია სამხედრო ტექნიკა. ვგულისხმობ 27 ივლისის ხელშეკრულებას...

- შეიარაღების გამოყვანა მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც ხელი მოაწერა ბატონმა ჯაბა იოსელიანმა და გენერალმა კონდრატიევმა. თბილისში ვიყავი წამოსული, ჯაბა იოსელიანმა დამირეკა და მითხრა - კონდრატიევია ჩამოსული და ხელშეკრულებას ვაფორმებთ, მძიმე იარაღს აფხაზებიც გაიტანენ და ჩვენც გავიტანთო. ლტოლვილების დაბრუნებაზე გენერალი კონდრატიევი იღებს პასუხისმგებლობასო. მე ვუთხარი ჯაბას - გჯერა მაგისი-მეთქი? მან მითხრა - ხელს აწერს და მჯერაო.

მერე კონდრატიევმა ისიც თქვა - მე თვითონ წავალ ენგურის ხიდთან და წინ გამოვუძღვები დევნილებსო.

დღეს ვთვლი, რომ იარაღის გატანა და იმ ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერა შეცდომა იყო.

მაგრამ ფაქტია, რომ აფხაზებს არ გაუტანიათ სამხედრო ტექნიკა...

- არა. გაიტანეს აფხაზებმა ათონს იქით. ჩვენ 10-15 ტანკი დავმალეთ. დანარჩენი გავიტანეთ, რადგან ხელშეკრულება იყო დადებული.

მაგრამ მოხდა ისე, რომ 16 სექტემბერს ოჩამჩირის ფრონტის ხაზიდან გახსნეს ცეცხლი ქართული პოზიციების მისამართით, რასაც მოჰყვა აფხაზეთის დაცემა...

- მე მაშინვე ვფიქრობდი, რომ რადგან დაიწყო ეს ომი, ამის მოგება შეუძლებელი იყო. იყო ასეთი შეხვედრაც - 1992 წლის სექტემბერში დამირეკა ელცინმა და მითხრა, ჩამოფრინდით მოსკოვში, დავიბარებ ჩრდილოკავკასიელი ხალხების ლიდერებს, არძინბასაც დავიბარებ და იქნებ, მივაღწიოთ შეთანხმებას, დავამთავროთ ეს ომიო. მეორე დღესვე, 3 სექტემბერს, გავფრინდი მოსკოვში, არძინბაც მოვიდა. იქ იყო დაახლოებით 20 კაცი, ყველა თანახმაა, რომ ომი დამთავრდეს და ჯარი გაიყვანონ. მაგრამ, არძინბა გაჯიუტდა. ელცინმა გაიყვანა, დაახლოებით 20 წუთი ელაპარაკა, შემოვიდა და გამოაცხადა - არძინბაც დათანხმდაო.

მერე მოიყვანა არძინბა ჩემთან და სამივემ ერთმანეთს ჩამოვართვით ხელი, დანარჩენებმა დაუკრეს ტაში, და მაშინ ელცინმა გამოაცხადა: ქართველებისა და აფხაზების ომი დამთავრებულიაო.

სხვათა შორის, ომის დამთავრების შესახებ რადიოთი გადაიცა ინფორმაცია. მაშინ გაგრის დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა ჯაბა იოსელიანი. ჩვენ არ გვყავდა რეგულარული ჯარი, იქ იყვნენ მოხალისეები. როგორც კი გაიგეს, რომ ომი დამთავრდა, მიატოვეს თავიანთი პოსტები. გაგრაში დარჩა სულ 20 კაცი. ჯაბამ დამირეკა და მითხრა - თუ ომი დამთავრდა, მე აქ რას ვაკეთებო. მაშინ ვუთხარი - არ გვატყუებდნენ-მეთქი.

იქ არის ბზიფის ტყეები, სამი სახლია აშენებული, სადაც ადრე პოლიტბიუროს წევრები ისვენებდნენ. ჯაბას ვუთხარი - კარგად შეამოწმე, არ გვატყუებდნენ, შეიძლება, ტყეში იყვნენ-მეთქი. მე ისეთ ადგილზე ვარ, ყველაფერი ჩანს, მაგრამ, მაინც გადავამოწმებო. მერე მირეკავს და მეუბნება - ყველა გაყვანილია და ჩვენი ბიჭებიც გამოდიანო.

მაგრამ, ესეც აღმოჩნდა მორიგი ტყუილი, ერთი თვის შემდეგ დაიწყო შეტევა გაგრაზე...

- დიახ. გაგრაში უკვე აღარ იყვნენ ჩვენი ჯარები და გაგრის აღებას რა უნდოდა?

ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაეცა სოხუმიც, რასაც მოჰყვა ჟიული შარტავასა და მისი მეგობრების დაღუპვა. შეიძლებოდა მას დაეტოვებინა მთავრობის სახლი. თქვენც მასთან ერთად იყავით, თქვენ შესძელით გამოსვლა, რატომ ვერ შეძლო ეს ჟიული შარტავამ, რატომ არ წამოვიდა ის?

- იმიტომ, რომ ქალაქში არ იყვნენ შემოსულნი. დღის მეორე ნახევარში შემოვიდნენ. მანამდე მე და ჟიული ვიყავით მის კაბინეტში. მან დაურეკა აკაკი ელიავას, არწმუნებდა, ახლა სოხუმი გადავარჩინოთ, რომ გელაპარაკები, ამ დროს სახელმწიფოს მეთაურიც ჩემთან არის და ისიც ადასტურებს, რომ ყველანი მიიღებთ თანამდებობასო. მაგრამ, ელიავა არ დათანხმდა, არ წამოვიდა. დააყენა პირობა - თუ გამსახურდია მიბრძანებს, წამოვალო.

შემდეგ მე ისევ წავედი ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც იყვნენ ირაკლი ბათიაშვილი, გია ყარყარაშვილი და სხვები. 3-4 ტანკიც იდგა.