რა კავშირი აქვს ბათუმში გახსნილ თურქულ სკოლას კომპანია „მეტროსთან“
რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, თურქეთის მთავრობის დაფინანსებით, თურქული სკოლა გაიხსნა, რაც ახალი სკანდალის საბაბი გახდა. ისე, სკანდალი შესაძლოა, არც აგორებულიყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ სკოლის გახსნის შესახებ ქართული მხარე, ესე იგი, არც ქვეყნისა და არც ავტონომიური რესპუბლიკის განათლების უწყება საქმის კურსში არ იყო და ზარზეიმით გახსნილი სასწავლებლის თაობაზე პოსტფაქტუმ შეიტყო. სამაგიეროდ, სკოლის გახსნას თურქეთის განათლების სამინისტროსა და საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თურქული სკოლის გახსნა ოპოზიციური ფლანგის ნაწილმა გააპროტესტა, ამ მხრივ კი, ყველაზე მეტად პატრიოტთა ალიანსი, კერძოდ, მისი წევრი, უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე აქტიურობს, რომელიც თურქული სკოლის გახსნის კონტექსტში ე.წ. ნეოოსმალური ძალების ფარულ ქართულ ინტერესებზეც საუბრობს, თუმცა მოდით, მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ.
თურქული სკოლის გახსნის თაობაზე ინფორმაცია, ფოტოებითურთ, თურქეთის საკონსულოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა წარწერით: „ოფიციალურ სასწავლებელში, ბათუმის თურქულ სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. ბედნიერებისა და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ბათუმში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ერისათვის“.
აღსანიშნავია, რომ სკოლა თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება ანუ გარდა იმისა, რომ სწავლა თურქულ ენაზეა, სასწავლო პროგრამებიც თურქეთის განათლების სამინისტროს მიერაა დამტკიცებული. სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ და პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან.
მოგვიანებით, თურქეთის გენერალურმა კონსულმა სკოლის გახსნაზე განმარტებები გააკეთა. იასინ თემიზქანის თქმით, შენობა, სადაც სკოლაა განთავსებული, ქველმოქმედმა ბიზნესმენმა ააშენა, თუმცა საკონსულო მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ პროცესში ჩართული არ ყოფილა.
,,ჩვენი პრიორიტეტია, სკოლამ იფუნქციონიროს და ბავშვებმა მიიღონ განათლება. ეს არ იყო ოფიციალური გახსნა, უბრალოდ შევეცადეთ, სასწავლო წლის დაწყებამდე მოგვესწრო. უახლოეს მომავალში იგეგმება სკოლის ოფიციალური გახსნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს მთავრობის კომპეტენტური პირები, ასევე თურქეთის მხარე. ჩვენი საელჩო თბილისში კავშირზე იყო, მუშაობდა ამ პროცესზე საქართველოს განათლების სამინისტროსთან. სკოლაში, რა თქმა უნდა, შეისწავლება ქართული ენა - ჩვენი მიზანია, ამ სკოლის კურსდამთავრებულები სრულად ფლობდნენ ქართულს, ასევე იცნობდნენ ადგილობრივ კულტურას იმიტომ, რომ ამ ხალხმა უნდა შეასრულოს ერთგვარი ხიდის როლი თურქეთსა და საქართველოს საზოგადოებას შორის'', - ამბობს იასინ თემიზქანი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე სასწავლო დაწესებულებაში 170 მოსწავლე ირიცხება.
კონსულის თქმითვე, ,,თურქეთს უამრავ ქვეყანაში აქვს სკოლები, რომლებიც თურქეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. გავააქტიურეთ ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით, რათა საზღვარგარეთ ჩვენი სკოლების რაოდენობა გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში ღრმავდება და განათლების სფეროშიც გვინდა, გავაღრმაოთ ურთიერთობა; ასევე შესაძლებელია, მომავალში თურქეთში გაიხსნას ქართული სკოლები, რომელიც მოემსახურება ქართველებს''.
სხვათა შორის, კონსულმა ზემოხსენებული განმარტებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართველმა ოპოზიციონერებმა ხმაური ატეხეს და ამასთან, გაჩნდა ალბათობა, ბათუმის მერიას, შესაძლოა, სკოლის დემონტაჟი მოეთხოვა.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ სკოლის მშენებლობის ნებართვა მერიას არ გაუცია; ირკვევა ისიც, რომ სამშენებლო ნებართვის უქონლობის გამო, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სკოლა რამდენჯერმე დააჯარიმა, მათ შორის, ბოლოს - 9 000 ლარით.
,,მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომელიმე ქვეყანაში სხვა ქვეყნის სკოლა დიპლომატიური სტატუსით გაიხსნას. სხვა შემთხვევაში, სკოლის გახსნა, ასე ვთქვათ, მიმღები ქვეყნის, მინიმუმ, განათლების სამინისტროსთან უნდა იყოს შეთანხმებული, მაგრამ თურქეთის საელჩომ ეს სკოლა თვითნებურად გახსნა, რაც საქართველოსთვის სულში ჩაფურთხებაა და მეტი არაფერი!'' - აცხადებს ,,ვერსიასთან'' საუბრისას უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე, რომელიც აქცენტს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თურქეთის ნეოოსმალური ძალების ფარულ ინტერესებზეც აკეთებს და ამბობს, თურქეთიდან საქართველოში ფულის რელიგიური მიზნებით ინვესტირება ხდება:
,,მე არც მუსულმანები მძულს და არც - მუსლიმური საკულტო ნაგებობები თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები! ან როგორ უნდა მძულდეს, როცა პირადად მე, მუსულმანი ბებიების გაზრდილი ვარ და ყოველ საღამოს „ბისმილას ლოცვით“ ვიძინებდი. ჩემი და ჩემი თანამოაზრეების პოზიცია მარტივია: საქართველოში უნდა აშენდეს მეჩეთი, დაიდგას მინარეთი, გაიხსნას მედრესეები და სკოლები, მაგრამ მედრესეებში საგნები საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებითა და ლიცენზიით უნდა ისწავლებოდეს. ამასთან, ყველაფერი ეს, მხოლოდ და მხოლოდ, ქართული ფულით უნდა მოხდეს! სხვათა შორის, საქართველოში „საქართველოს სამუფთო სამმართველო“ ფუნქციონირებს, შესაბამისად, ყველა საკულტო ნაგებობის აღმშენებელი სწორედ ის უნდა იყოს და არა თურქეთი, სპარსეთი თუ არაბეთი. თუ რომელიმე უცხოელ მუსულმანს სურს, ქართველ მუსლიმებს დაეხმაროს, კეთილი ინებოს და მეჩეთი თვითონ კი არ ააგოს, არამედ ეს ფული „სამუფთოს“ ანგარიშზე გადარიცხოს! გეკითხებით, რა არის ამაში ანტიმუსულმანური ან „მუსლიმებისადმი სიძულვილს“ სად ხედავთ? ასეთ დამოკიდებულებას, საქართველოს მოძულეთა გარდა, ვერავინ დაინახავს იმიტომ, რომ სწორედ ესაა სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა საარჩევნო ხმების ცილისწამებით შეგროვება! - აცხადებს მერაბ ბლადაძე და არ გამორიცხავს, რომ ბათუმში თურქული სკოლის გახსნა შესაძლოა, რომელიმე მაღალჩინოსნის ფარული ხელშეწყობით მოხდა, - საზოგადოება დუმს, აჭარა ისევ მარტოა! ისე, ვერავინ დამაჯერებს, რომ ფარულად რომელიმე მაღალჩინოსნის მხარდაჭერის გარეშე გაბედა თურქმა ელჩმა და ინტერპოლით ძებნილმა ,,მეტროს'' მფლობელმა ამ სკოლის გახსნა''.
,,ვერსია'', ცხადია, დაინტერესდა, რატომ ახსენა მერაბ ბლადაძემ საუბრისას კომპანია ,,მეტრო'', თუმცა უფლებადამცველმა მეტი კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა... ასეა თუ ისე, ბათუმში თურქული სკოლის, მარტივად რომ ვთქვათ, თვითნებურად გახსნა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე დადებით კვალს არ დატოვებს, მით უმეტეს ახლა, როცა საქართველოში დღე-დღეზე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს - შეიძლება, ეს ფაქტი ყველა მხარემ სათავისოდ გამოიყენოს და პრობლემის რეალურად მოგვარების ნაცვლად, თურქული სკოლა პოლიტიკური ვაჭრობის ერთგვარი საბაბი გახდეს, რაც, პირველ რიგში, მოსახლეობას დააზარალებს. ამის თქმის საფუძველს კი აზიზიეს მეჩეთის ირგვლივ თავის დროზე განვითარებული მოვლენები იძლევა.
ზოგადად, რელიგიური საკითხები სენსიტიურია, ამიტომ, როცა საქმე თუნდაც ერთი შეხედვით, უწყინარი სკოლის გახსნას ეხება, ყველა მხარემ მოზომილი და არგუმენტირებული განცხადებები უნდა გააკეთოს.