დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე ბუნების ძეგლი კაკლისყურე კატასტროფის პირასაა. მდინარემ შესაძლოა კალაპოტი შეიცვალოს, რის შედეგადაც 180 ჰა მიწის ფართობი აზერბაიჯანს დარჩება.
კაკლისყურეს მეორენაირად ჯუმასყურესაც ეძახიან. აქ 180 ჰა (ადრე 200 ჰა იყო) ნახევარკუნძული ხმელეთს 6-7 მეტრიანი მიწის მონაკვეთით (მეანდრის ყელი) უკავშირდება. მას გარშემო უვლის ალაზანი. მეანდრის ყელს მარჯვენა და მარცხენა მხრიდან ტალღები ეხლება და თანდათან საფუძველს აცლის.
ალაზანი ტრასსასაზღვრო მდინარეა, საზღვის დემარკაცია აქ განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, მდინარემ ყელი რომ გაგლიჯოს და სწორხაზოვნად წამოვიდეს, 180 ჰა მიწის ფართობი საზღვრის გარეთ დარჩება და გარკვეულ პრობლემებს შექმნის, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად ამ ნახევარკუნძულს მდინარე გარკვეული სისქის გარსს აცლის და თანდათან აპატარავებს.
წლების განმავლობაში კი, ე.წ. ნახევარკუნძული, შესაძლოა, წყალმა ჩამორეცხოს და სრულად გააქროს. არადა, ამ იშვიათ ულამაზეს ადგილს ბუნების ძეგლის სტატუსი სწორედ იმიტომ მიენიჭა, რომ აქ ბუნება პირველქმნილი სახით არის შემონახული. ჭალის ტყეების გარდა (რაც თავისთავად უკვე იშვიათობაა), აქ შემორჩენილია ველური კაკლის ენდემური ჯიშები. ის ვაშლოვანის ნაკრძალის დაცული ტერიტორიების ტურისტულ მარშრუტშია შეტანილი, აქ არის საფეხმავლო მარშრუტები, მდინარეზე გასასეირნებელი ნავები, საპიკნიკე ადგილები და კოტეჯები ბუნებისმოყვარული ტურისტებისთვის. ახლო პერსპექტივაში ადგილობრივ მოსახლეობას (თუკი ისინი შეძლებენ პროდუქციის მოყვანას) შეეძლება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შესთავაზოს ტურისტებს და მცირე საოჯახო ბიზნესი განავითაროს.
ანა ბენაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, აღნიშნავს: "რამდენიმე წლის წინ კალაპოტის ასამაღლებლად დროებითი სამუშაოები ჩატარდა, მდინარის ნაპირთან კალაპოტის ასამაღლებლად ბეტონის სამშენებლო ნარჩენები ჩაიყარა, ამან გარკვეული დროით შეაჩერა მეანდრის ყელზე ტალღების დარტყმის ძალა, მაგრამ დღეს პრობლემამ ისევ იჩინა თავი. ისევ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულია ამ პრობლემის მოგვარებით, ზემდგომ ინსტანციებში გაგზავნილია თხოვნა კაკლისყურეში ნაპირის გასამაგრებელი სამუშაოებისთვის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით, თუმცა რამდენად დაკმაყოფილდება ეს თხოვნა, არავინ იცის".
გარემოს დაცის სააგენტოს ნაპირდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი რუსუდან სტურუა აცხადებს, რომ ობიექტი შესწავლილია და წინასაპროექტო აგეგმვებიც გაკეთდა. თუმცა ამ წლის ბიუჯეტის მიხედვით, კაკლისყურე არ არის იმ თხუთმეტი ობიექტის სიაში, რომელზეც ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.