ორ დღეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია უკვე გადამწყვეტ ფაზაშია. კანდიდატთა შორისაა ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე, რომელიც ,,ვერსიასთან'' ინტერვიუში უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე, მათ გადაჭრის გზებზე და ორი კონკურენტის შესაძლებლობებზეც საუბრობს.
- ბატონო გიორგი, უკვე რამდენიმე წელია საუბრობთ უნივერსიტეტში გამეფებულ აკადემიურ კორუფციაზე. იქნებ ჩვენს მკითხველს განუმარტოთ, კონკრეტულად რას გულისხმობთ ამ ცნებაში და უკავშირდება თუ არა ის თქვენს გადაწყვეტილებას, წარგედგინათ საკუთარი კანდიდატურა რექტორის არჩევნებში?
- აკადემიური კორუფცია არის კრებსითი სიტყვა, რომელიც გამოხატავს ყველა მანკიერ მოვლენას, რომელსაც ადგილი აქვს აკადემიურ სივრცეში: პროფესორის მიერ სტუდენტების ნაშრომის მითვისება; პლაგიატი, „აკადემიური მეკობრეობა“, „აკადემიური თაღლითობა და ყალბისმქნელობა“, აკადემიურ თანამდებობებზე კანდიდატთა შემრჩევი კომისიების არაობიექტურობა, მიკერძოება და არაკვალიფიციურობა; არჩეული აკადემიური პერსონალის სრული არაპროფესიონალიზმი ანდა მისი უკიდურესად დაბალი კვალიფიკაცია და არაკეთილსინდისიერება, უხარისხო სწავლება. აკადემიური კორუფცია არის კორუფციის ყველა სხვა ნაირსახეობის, მათ შორის მექრთამეობის წინაპირობა; აკადემიური კორუფცია ფეხქვეშ თელავს როგორც სტუდენტის უფლებას - მიიღოს ხარისხიანი განათლება, ისე - პროფესორის აკადემიურ თავისუფლებას; ჩემი გადაწყვეტილება, წარმედგინა საკუთარი კანდიდატურა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში, რა თქმა უნდა, უკავშირდება აკადემიურ კორუფციასთან ბრძოლას.
- გიორგი შარვაშიძის კანდიდატურა რამდენად უქმნის საფრთხეს უნივერსიტეტის ავტონომიასა და სუვერენიტეტს და როგორ შეაფასებდით ამ ადამიანისა და ცირა ბარამიძის ხედვას, კონცეფციას უნივერსიტეტთან დაკავშირებით?
- ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში წარმოთქმულ თავის მონოლოგში ბატონმა შარვაშიძემ მოახდინა თვითლუსტრაცია და ფაქტობრივად აღიარა, რომ ის პორტირებულია უნივერსიტეტში; შარვაშიძემ ასევე აღიარა, რომ განათლების სამინისტრო თავიდან იშორებს მას, როგორც დაბალი კვალიფიკაციის კადრს. საქმე ის არის, რომ ბატონი შარვაშიძის განცხადებით, დღეს განათლება ცხადდება პრიორიტეტად და განათლების სისტემაში იწყება ფუნდამენტური რეფორმები; აშკარაა, რომ მისი კვალიფიკაცია ამ მასშტაბებს არ შეესაბამება. ის დიდი რიხით აცხადებს განათლების პოლიტიკის სპეციალისტი ვარ და უნივერსიტეტს ავაყვავებო, მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ მას თავიდან იშორებენ, როგორც დაბალი კვალიფიკაციის კადრს. განათლების სამინისტროს მხრივ ეს რაციონალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია უნივერსიტეტში ასეთი კადრის პორტირება. უნივერსიტეტის ავტონომიასა და სუვერენიტეტს ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს სწორედ ბატონი შარვაშიძე უქმნის.
რაც შეეხება ბატონი შარვაშიძის ოპუსს, რასაც ის კონცეფციას უწოდებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც ფილოსოფოსი, რომლის პროფესიაც სწორედ კონცეპტების ქნადობაა - მასში კონცეპტუალური აზროვნების ნასახიც კი არ მოიპოვება.
მე ასევე ყურადღებით წავიკითხე ძალზე სიმპათიური ადამიანისა და მეცნიერის, ქალბატონ ცირა ბარამიძის ნაშრომი და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ კონცეფციას კი არა საინტერესო ამბების დაიჯესტს ვკითხულობდი.
- სტუდენტები შარვაშიძეს აფრთხილებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის საკუთარ კანდიდატურას არ მოხსნის, მის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყება. როგორ გგონიათ, რა როლი ეკისრებათ სტუდენტებსა და, ზოგადად, საუნივერსიტეტო საზოგადოებას რექტორის არჩევნების პროცესში?
- სტუდენტებსა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას გადამწყვეტი როლი ეკისრებათ რექტორის არჩევნების პროცესში. უნივერსიტეტი სტუდენტებისა და პროფესორთა კორპუსის ერთობის ფორმაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ არსებული კანონმდებლობით სტუდენტს არ აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს რექტორის არჩევაში. სტუდენტობამ საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან თანამშრომლობით თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა რექტორის არჩევაში. საუნივერსიტეტო განვითარებაში ამ მხრივ მდიდარი გამოცდილება არსებობს.
- რა არის თქვენი მთავარი გზავნილი უნივერსიტეტისადმი, რომლითაც უნივერსიტეტში აპირებთ დაბრუნებას, ამჯერად, როგორც რექტორი?
- მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტის კედლებში 37 წელი გავატარე და ყოველგვარი მეტაფორის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ თავს დაბრუნების რეჟიმში არ ვგრძნობ. ვინაიდან ვარ ძირძველი უნივერსიტეტელი, მასთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია. მარტის პროტესტის დროს გვერდში ვედექი სტუდენტობას, აუდიტორია 115-ში წავიკითხე საჯარო ლექცია „ვის ეშინია უნივერსიტეტის“. ინტენსიურად ვთანამშრომლობ თსუ სტუდენტთა მთარგმნელობით გაერთიანებასთან, უნიჭიერეს და პროფესიონალ ახალგაზრდა ადამიანებთან, რომლებმაც სხვადასხვა ენებიდან შეასრულეს მნიშვნელოვანი ტექსტების მაღალხარისხოვანი თარგმანები, რაც არამარტო სასწავლო პროცესს წაადგება, არამედ მკითხველთა ფართო წრის ინტერესსაც გამოიწვევს.
ჩემი მთავარი გზავნილებია: მეტი სახელმწიფო დაფინანსება უნივერსიტეტს; მეტი თავისუფალი სივრცე სტუდენტს; მეტი აკადემიური თავისუფლება და ღირსეული ანაზღაურება პროფესორს; უარი ვუთხრათ დაუმსახურებელ პრივილეგიებსა და ფეოდალურ მენტალიტეტს; მივცეთ უნივერსიტეტს საშუალება შეასრულოს თავისი ფუნქციები: აწარმოოს და გადასცეს ხარიხიანი ცოდნა.
- გარკვეულმა საუნივერსიტეტო ჯგუფებმა და სტუდენტებმა უკვე გამოხატეს გარკვეული მხარდაჭერა თქვენი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ. აუდიტორია 115-ის წევრები იხსენებენ თქვენ მიერ წაკითხულ ლექციას: „ვის ეშინია უნივერსიტეტის“ და აცხადებენ, რომ საერთაშორისო აღიარების, დიდი მეცნიერი ხართ. როგორ გგონიათ, რამდენად გადამწყვეტი იქნება ამ არჩევნებში სტუდენტური მხარდაჭერა და რამდენად აუცილებელია უნივერსიტეტის რექტორი იყოს აღიარებული მეცნიერი?
- სტუდენტური მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ სტუდენტობაა ახალი საუნივერსიტეტო მოწესრიგების ცენტრი. რაც შეეხება უნივერსიტეტის რექტორს, სოლიდური მეცნიერიც უნდა იყოს და საერთაშორისო აღიარებაც უნდა ჰქონდეს; სიღრმისეულად უნდა იცნობდეს თანამედროვე საუნივერსიტეტო განვითარებისა და ცოდნის ტრანსფორმაციის ტენდენციებს. აუდიტორია 115-ში ჩვენ ვიმსჯელეთ ცოდნისა და კვლევის თანამედროვე მდგომარეობაზე. არ დამავიწყდება სტუდენტების მიერ გამოთქმული უაღრესად საყურადღებო მოსაზრებები.
- ღიად საუბრობენ, რომ ბატონი შარვაშიძე იყენებდა პოლიტიკურ გავლენას, რათა ზეწოლა მოეხდინა აკადემიური საბჭოს წევრებზე. იმასაც ამბობენ, რომ მან განათლების მინისტრის მოადგილის პოსტი გამოიყენა, რომ ხელი შეეწყო რექტორის არჩევნების სწავლის დაწყებამდე დანიშვნისთვის. რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა პირდაპირ დაუჭირა მხარი შარვაშიძის კანდიდატურას. როგორ აფასებთ ამ ფაქტს? თქვენი აზრით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოერიდება თუ არა ხელისუფლება სტუდენტურ ჯგუფებთან დაპირისპირებას და შარვაშიძის ღია მხარდაჭერას?
- განათლების მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ აღქმული იქნა როგორც უნივერსიტეტის ავტონომიაში უხეში ჩარევა; ჩემთვის ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია. ეტყობა ბატონ მინისტრს დიდი სურვილი აქვს რექტორად ბატონი შარვაშიძის დანიშვნის, ამიტომაც განხორციელდა მისი პორტირება უნივერსიტეტში. ბატონი შარვაშიძე კიდეც აღიქმება, როგორც არჩევამდე რექტორად წინასწარ დანიშნული კანდიდატი. სრულიად აშკარაა, რომ ის ყველა ეტაპზე ცდილობდა და ცდილობს როგორც თავისი, ისე მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური ზეგავლენის გამოყენებას უპირატესობის მოსაპოვებლად, მაგრამ ეს მცდელობა წყალში ჩაეყრება.