საქართველოს სამეზობლო მრისხანე იარაღით ივსება - სარაკეტო კომპლექსები კავკასიას განადგურებით ემუქრება

საქართველოს სამეზობლო მრისხანე იარაღით ივსება - სარაკეტო კომპლექსები კავკასიას განადგურებით ემუქრება

"კრემლი თანამედროვე მძლავრი იარაღით გამალებით აიარაღებს საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანას - როგორია ძალთა ბალანსი კავკასიაში და გათანაბრდა თუ არა სომხური და აზერბაიჯანული არმიის პოტენციალი რუსული მხარის მიერ ერევანისათვის 200 მლნ დოლარის შეიარაღების მიწოდების შემდეგ. სომხეთის დედაქალაქ ერევანში, დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად გრანდიოზული სამხედრო აღლუმის გამართვა იგეგმება - გასულ კვირას, გენერალურ რეპეტიციაზე ერევნის ცენტრალურ, რესპუბლიკის მოედანზე იმ საჯარისო ქვედანაყოფებმა და ჯავშანტექნიკამ ჩაიარა, რომელმაც მასში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამ ერთი შეხედვით რიგით ინფორმაციას საერთაშორისო ინტერესს ის გარემოება სძენს, რომ დემონსტრირებული თანამედროვე ტექნიკის დიდი ნაწილი რუსეთის მიერ სომხეთისათვის 2015 წელს გამოყოფილი 200 მლნ დოლარის ფარგლებში იყო შეძენილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საქართველოს სამეზობლო მრისხანე იარაღით ივსება / "იალბუზიზ", "ტოჩკა-უ" და "ისკანდერის" სარაკეტო კომპლექსები კავკასიას განადგურებით ემუქრება.

"სომეხმა სამხედროებმა ფართო საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს "იალბუზიზ" (ნატო-ს კლასიფიკაციით "სკადი"), "ტოჩკა-უ" და "ისკანდერის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები. სამთავრობო ტრიბუნებთან ჩაიარა ბუკ 1მ და ს-300 ვ ტიპის მობილურმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა. სამხედრო-საჰაერო ძალებსა და სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკასთან ერთად, დემონსტრირებული იყო ორი ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემა. ეს უკანასკნელი, საკუთარი კლასის შეიარაღებიაში, მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე დამანგრეველი ძალის მქონედ არის მონათლული. ერთი ასეთი დანადგარის სრულ ზალპს, რომელიც 12 რაკეტისაგან შედგება, 90 კმ-ის რადიუსში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, სამეთაურო პუნქტებისა თუ გამაგრებული წერტილების სრული განადგურება ძალუძს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეფექტურია სომხური არმიის შეიარაღებაში მიღებული, ზემოთ ხსენებული სხვა შეიარაღებაც... ს-300 და ბუკ-1მ ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები სომხურ მხარეს მთელი თავისი საჰაერო სივრცის დაცვა-გაკონტროლების საშუალებას აძლევს. ამასთან, სომეხი სამხედროები ამ მძლავრი შეიარაღების საშუალებით მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მფრენი აპარატების "გაცილებასაც" შეძლებენ, რადგანაც ს-300-ის მოქმედების არეალი 300 კმ-ს აღწევს. "ისკანდერისა" და "ტოჩკა-უ"-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების დანიშნულება მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების, ინფრასტრუქტურის, ჯარების თავშეყრისა და სხვ. განადგურებაა - ეს რაკეტები 500 კმ-მდე მიფრინავს და მათთვის გზის გადაჭრა პრაქტიკულად შეუძლებელია", განაგრძობს გამოცემა. 

"სწორედ ამ ტიპის იარაღი გამოიყენა რუსულმა მხარემ საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომის დროს. საერთო ჯამში ჩვენი მიმართულებით რუსმა სამხედროებმა "ტოჩკა-უ" და "ისკანდერ-მ" ტიპის 40-მდე, მათ შორის საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული, კასეტური რაკეტა ისროლეს. ასეთი მძლავრი იარაღი სომეხ სამხედროებს აზერბაიჯანისა და ამიერკავკასიის თითქმის მთელი ტერიტორიის დაფარვის საშუალებას აძლევს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, ერევანი შეძლებს "ისკანდერისა" და "ტოჩკა-უ"-ს რაკეტებით იერიში მიიტანოს ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე, როგორიც მაგალითად არის მინგეჩაურის კაშხალი ან თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი... მუქარა ამის შესახებ სომეხი პოლიტიკოსებისა თუ სამხედროების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა", - დასძენს გამოცემა. 

"აღსანიშნავია, რომ "ტოჩკა-უ"-ს, "სმერჩის" და სხვა სახის რუსული წარმოების შეიარაღება სომხეთის მოწინააღმდეგე აზერბაიჯანული არმიის შეიარაღებაში უფრო ადრე გაჩნდა. მიზეზი მარტივია, თუ ეკონომიკურად სუსტმა ერევანმა მოსკოვისაგან ეს იარაღი კრედიტით და ისიც სტრატეგიული მოკავშირეობის "ხათრით" მიიღო, ბუნებრივი რესურსებით მდიდარმა ბაქომ ეს შეიარაღება რუსეთისაგან საბაზრო ფასად შეიძინა. სომხურ საზოგადოებაში წყენას იწვევდა ის გარემოება, რომ მათი სტრატეგიული მოკავშირე მათ მოწინააღმდეგეს იარაღით ამარაგებდა. კრემლი კი თავის მხრივ თავს იმართლებდა, ამბობდა რა, რომ ამ გზით ის მხარეთა შორის ძალთა ბალანსის დაცვას, შესაბამისად, კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას ესწრაფვოდა. მართლაც, თუ რუსი სამხედროები აზერბაიჯანელ კოლეგებს თანამედროვე, ტ-90 ტიპის ტანკებს აწვდიდნენ, სანაცვლოდ მათ მოწინააღმდეგე, სომხურ არმიას ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით უსასყიდლოდ აიარაღებდნენ. თუმცა, მოსკოვი რატომღაც არ ბაძავს ევროპის წამყვან ქვეყნებს, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს იარაღის მიყიდვაზე უარს ეუბნებიან, ეშინიათ რა, ამან საბრძოლო მოქმედებების პროვოცირება არ გამოიწვიოს", - წერს სტატიის ავტორი. 

" სომხური და აზერბაიჯანული არმიების პოტენციალის გათანაბრებისა რა მოგახსენოთ - სომხეთისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანული არმია იარაღს სხვა, ისეთი ძლიერი სამხედრო ინდუსტრიის ქვეყნებიდანაც იძენს, როგორიც მაგალითად თურქეთი და ისრაელია. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი სომხეთის მთლიან ბიუჯეტს მცირედით ჩამოუვარდება, შესაბამისად, ბაქოსათვის იარაღის შეძენა პრობლემა არ არის. თუმცა, სომხურ მხარეს ეს შეიარაღება შეიძლება ითქვას, რომ წელში გამართავს და თავდაჯერებულობას შეჰმატებს, რადგანაც სომხური არმიის პოტენციალი აღლუმზე წარმოჩენილი ტექნიკის სახეობებითა და რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ერთიათად ამაღლდა. თავის მხრივ, ასეთი მრისხანე სახის იარაღის გამოჩენა "ცხელ თავებს" ათამამებს და ომის პარტიას, როგორც ბაქოში, ასევე ერევანში საომარი რიტორიკისათვის სულ უფრო მეტ საბაბს აძლევს, ეს კი კონფლიქტის მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით მოლაპარაკების შანსს არ ტოვებს. კრემლის მიერ სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღება ორივე ქვეყანას მასზე დამოკიდებულს ხდის. შესაბამისად, გასაგებია, რეგიონის მილიტარიზაცია ვის ინტერესებში შედის..." - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო მიმომხილველი, გიორგი ინაური. 

interpressnews.ge