ნაციონალური სამართალი - „მეტი დაკავებული, მეტი პრემია, ვსიო“

ნაციონალური სამართალი - „მეტი დაკავებული, მეტი პრემია, ვსიო“

„მეტი დაკავებული, მეტი პრემია“,- ეს ბრძანება დათა ახალაიამ 2011 წლის 26 მაისის ღამეს გასცა. მთავარმა პროკურატურამ გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, რომელიც 26 მაისის დარბევის ღამეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ არის გადაღებული.

ოპერატიულ კადრებში ასახულია 2011 წლის 26 მაისს, თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას კუდ-ის დირექტორი დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს.

„ჩვენ ვაკავებთ... რაც მეტი... მეტი დაკავება გვინდა - სიჩუმე. ვაკავებთ ყველას, მეტი დაკავებული, მეტი პრემია... ვსიო, ნელა, ნელა, ნელა“, - ასე მიმართავს დათა ახალაია თანამშრომლებს.

ვიდეოკადრებში ახალაიასთან ერთად არიან კუდ-ის მაღალჩინოსნები - ლევან ქარდავა, ვასილ ლელუაშვილი და რევაზ შიუკაშვილი. პროკურატურის განმარტებით, 26 მაისის ღამეს, დავით ახალაიას მიერ გაცემული ბრძანება - „მეტი დაკავებული, მეტი პრემია“, შესრულებული იქნა კუდ-ის ქვედანაყოფების მიერ. შესაბამისად, მხოლოდ კუდ-ის თანამშრომლებზე დაახლოებით, 900 000 ლარი პრემიის სახით გაიცა. მათ შორის, პირადად შს მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ბრძანებით, კუდ-ის მაღალჩინოსნებმა ლევან ქარდავამ პრემიის სახით 13 780 ლარი მიიღო, ვასილ ლელუაშვილმა 9 000 ლარი, დავით ახალაიამ 6 500 ლარი, ხოლო რევაზ შიუკაშვილმა 4 135 ლარი.

ვიდეომასალაზე ჩატარებულ იქნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადასტურდა ჩანაწერის ავთენტურობა. მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს საქმეზე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა. რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებულნი არიან: კუდ-ის დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. ამავე საქმეზე დაბარებულ იქნა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.

პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, გამოძებით დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, იმდროინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით, დაიგეგმა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება და დასჯა, რათა დაუყოვნებლივ აღკვეთილიყო მიტინგი და აღარ გაგრძელებულყო საპროტესტო გამოსვლები.

„დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 25 მაისს, ჯერ კიდევ მიტინგისთვის სანქცირებული ვადის გასვლამდე, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარედ არსებული ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კუდ-ისა და შსს-ს სხვა დანაყოფების მეშვეობით, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ დავით ახალაია და სხვა მაღალჩინოსნები. აღნიშნული ქმედებით, ჯერ კიდევ ღონისძიების დაწყებამდე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები აღმოჩდნენ პოლიციელების ალყაში და მათ გამიზნულად არ დაუტოვეს თავისუფალი გასასვლელები“, - აცხადებს ჯარჯი წიკალური.

გამოძიებით ირკვევა, რომ დაახლოებით 00:10 საათზე, პირადად მერაბიშვილის ბრძანებითა და კონტროლით, საპოლიციო დანაყოფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მიტინგის დაშლის ოპერაცია. თუმცა მომიტინგეებს განზრახ არ მიეცათ ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლისა და პოლიციის მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობა. შესაბამისად, ალყაშემორტყმულ მშვიდობიან მოქალაქეებზე ერთდროულად და ინტენსიურად, რამდენიმე მიმართულებიდან განხორციელდა რეზინის ხელკეტებითა და ტყვიებით აღჭურვილი პოლიციის რაზმების იერიში, რა დროსაც შეგნებულად გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი ადამიანი, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 250-მა ადამიანმა, უკანონოდ დაკავებული იქნა 800-მდე მომიტინგე.

როგორც ჯარჯი წიკლაური აცხადებს, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მოახდინა თვალთმაქცური რეაგირება.

„კერძოდ, რეალური ვითარების დამალვის და, რაც მთავარია, დანაშაულში ვანო მერაბიშვილის, დათა ახალაიას და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით, მოჩვენებითად დაისაჯა შსს-ს 15 რიგითი თანამშრომელი. დასჯილი პოლიციელებიდან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის სამი თანამშრომელი შსს-დან სხვა საფუძვლით, 26 მაისამდე იყო დათხოვნილი“, - ამბობს ჯარჯი წიკლაური.

მისივე განმარტებით, 2011 წლის 26 ჩატარებული სპეცოპერაცია მიზნად ისახავდა არა საპროტესტო აქციის დაშლას, არამედ აქციაში მონაწილე მომიტინგეების სამაგალითო დასჯას.

„საქმეზე გრძელდება გამოძიება დავით ახალაიას, ვასილ ლელუაშვილის, რევაზ შიუკაშვილის და ლევან ქარდავას მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ჩადენილი ძალადობით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება გია ლორთქიფანიძეს, რომელსაც ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობა უკავია, მას მიეცა გონივრული ვადა იმისათვის, რომ გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში. გონივრული ვადა კი 2 დღეა. დაკითხვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროკურატურა გია ლორთქიფანიძის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ზომას მიმართავს“, - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.

აღსანიშნავია, რომ მერაბიშვილის საქმის განხილვისას სასამართლო პროცესებზე, ბრალდებული და მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ თავისუფლების მოედნის მხარეს სამართალდამცავებს დატოვებული ჰქონდათ ღია გასასვლელი და მომიტინგეებს შეეძლოთ ტერიტორიის თავისუფლად დატოვება.

თუმცა, პროკურატურის მიერ გასაჯაროვებული ოპერატიული ვიდეომასალით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თავისუფლების მოედნის მხარეც სრულად იყო გადაკეტილი კუდ-ისა და შსს-ს სხვა ქვედანაყოფების მიერ, მომიტინგეები განზრახ მოაქციეს ალყაში, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოხდა მათი მასობრივი დაკავება.