[ეკა ბაქრაძე]
საქართველოში დემონსტრანტებს არბევენ, მთავრობა კი მსოფლიო მასშტაბით ტურნეს მართავს და ქვეყანაში ინვესტორებს ეპატიჟება. ექსპერტები თვლიან, რომ ხელისუფლების დიდმოხელეთა მორიგი მცდელობაც ფუჭად ჩაივლის, რადგან ასეთ არასტაბილურ ვითარებაში კაპიტალის დაბანდებისაგან თავს ყველა იკავებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტრო ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პრეზენტაციას მართავს. საქართველო მონაწილეობს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ცნობილ უძრავი ქონების გამოფენა „რიალ ვენა 2011“-ში, რომელზეც საინვესტიციო სააგენტო წარადგენს საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს.
ეკონომიკის მინისტრი გერმანიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ტრანსპორტის კონფერენციაში. ვიზიტის ფარგლებში ქობალია შეხვედრებს გამართავს გერმანიის სამთავრობო და ბიზნეს წრეებთან. ამასთანავე, საინვესტიციო სააგენტო და საქართველოს საელჩო ინდოეთში ქართული ღვინის დღეს გამართავენ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ქართული ღვინის სამი კომპანია „თბილღვინო“, „ბაგრატიონი“ და „ვაინმენი“.
ვაგლახ, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე ხელისუფლების დიდმოხელეთა მცდელობა ფუჭად ჩაივლის. როდესაც ქვეყანაში მშვიდობიან მომინტინგეებს უმოწყალოდ არბევენ, რა თქმა უნდა, იქ დაცულობის შეგრძნება არავის უჩნდება. ამიტომ ესქპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში მაინც საქართველში ინვესტიციებსა და ტურისტულ ნაკადებს არ უნდა ველოდოთ.
მათი აზრით, დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე პროცესების უარყოფითი გავლენა მოკლევადიან პერსპექტივაში გარდაუვალია. თუმცა, მდგომარეობა თუ დასტაბილურდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ვითარება გამოსწორებადია. რაც შეეხება შიდა ეკონომიკას, უარყოფითი გავლენა ამ მხრივაც არის მოსალოდნელი, მაგრამ ეს, როგორც ისინი აცხადებენ, არსებითი მნიშვნელობის არ იქნება.
„ინვესტორების მოსაზიდად მიმართული კამპანია ამ დაძაბულობის ფონზე შედეგის მომტანი ვერ იქნება. მოსალოდნელია ასევე ტურისტული ნაკადის შემცირება უახლოეს პერიოდში. მოკლევადიან პერსპექტივაზე ეს ფაქტორი აუცილებლად იმოქმედებს. უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში მდგომარეობა თანდათან გამოსწორდება“, - აცხადებს ექსპერტი ავთო სილაგაძე.
ტურიზმის სფეროს ექსპერტს მარინა მეტრეველს კი მიაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ინვესტორების შემოსვლას და ტურისტული ნაკადის შემცირებასაც განაპირობებს. მისი ვარაუდით, მდგომარეობა მალე თუ დასტაბილურდა, შესაძლოა, აგვისტოში მოსალოდნელი ტურისტების რაოდენობაზე არ იქონიოს გავლენა, ივლისში კი ამ მხრივ ქვეყანას სერიოზული პრობლემა ექნება. მეტიც, არ არის გამორიცხული, ქართულ კომპანიებს უცხოელებთან დადებული შეკვეთები უკვე გაუუქმდათ.
„დღესავით ნათელია, პოლიტიკური დაძაბულობა საინვესტივიო გარემოს განვითარებას შეაფერხებს და შეამცირებს ვიზიტორების რაოდენობას ქვეყანაში. ნებისმიერი პოლიტიკური არასტაბილურობა და ამის შესახებ უცხოურ მედიაში გაჟღერებული ინფორმაცია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას შეაფერხებს და დააზარალებს.
ცხადია, არ შემოვა იმდენი ტურისტი, რამდენზეც კომპანიებს წინასწარ ჰქონდათ შეკვეთა მიღებული. სიტუაცია მალე თუ მოგვარდა, შეიძლება, აგვისტოში ტურისტების შემოსვლა არ შეფერხდეს, მაგრამ ივლისში ამ პროცესების გავლენა უეჭველი იქნება, ამ ფაქტს ვერ გავექცევით“, - ამბობს მარინა მეტრეველი.