„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია დაკომპლექტებულია, მოქმედ დეპუტატთა ნაწილი კი, განაწყენებულია. მმართველი პარტიის 155 კაციან სიაში 15 მოქმედი დეპუტატი ვერ მოხვდა, რომელთა ნაწილი ახალი თანამდებობის შეთავაზების მოლოდინშია, მეორე ნაწილი კი, საკუთარ პროფესიაში დაბრუნებას გეგმავს.
როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, „ქართული ოცნება“ სიის მიღმა დარჩენილი დეპუტატების სხვადასხვა უწყებაში დასაქმებას აპირებს, რის გამოც განაწყენებული კანონმდებლები მკვეთრი საჯარო განცხადებების გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
ვინც საჯაროდ საუბრობს, ისინი ირწმუნებიან, რომ საარჩევნო სიაში საკუთარი გადაწყვეტილებით არ მოხვდნენ, თუმცა, for.ge-ს იმ დეპუტატთა განცხადებებიც ახსოვს, რომლებიც გუნდის სურვილის შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობასაც არ გამორიცხავდნენ. მათ შორის იყო ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე, რომელმაც მედიას თავი პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული ნატოს საწინააღმდეგო განცხადებით დაამახსოვრა, ხოლო ზესტაფონლებს მუდმივი პოლიტიკური გარჩევებითა და დაპირისპირებით.
for.ge-ს ქავთარაძე არწმუნებს, რომ ის „ოცნების“ საარჩევნო სიაში მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.
„პასუხისმგებელ პირებს ვუთხარი, რომ პარლამენტში აღარ მინდოდა. რატომ აღარ მინდოდა, ყველაფერს ვერ გეტყვით. ჩემს საქმეს დავუბრუნდები - თეატრს”, - დასძენს ქავთარაძე.
ქავთარაძის მსგავსად, თეატრში დაბრუნებას გეგმავს პაატა ბარათაშვილიც, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, თუმცა, განსაკუთრებული პოლიტიკური და საკანონმდებლო აქტივობით არ გამოირჩეოდა.
for.ge-სთან საუბარში ბარათაშვილი აცხადებს, რომ მან პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურა და სურს, თეატრს დაუბრუნდეს.
„ეს გადაწყვეტილება ჩემი ნებით მიიღეს. პარლამენტში მე თვითონ არ მსურდა, რადგან სხვა გეგმები მაქვს. თან იმ ასაკშიც აღარ ვარ და ქუთაისი-თბილისის გზაზე სიარული მიჭირს. აღარ შემიძლია. ჩემი გეგმა თეატრია და მინდა მივხედო, ცოტა ჩამოვრჩი”, - აღნიშნავს ბარათაშვილი.
ასაკის მიუხედავად, ქუთაისი-თბილისის გზაზე სიარული არ უჭირდა განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ვანო კიღურაძეს, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, პრინციპული და დისციპლინირებული დეპუტატი იყო.
იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში, ვანო კიღურაძე განათლების ყოფილ მინისტრ თამარ სანიკიძის ხედვებს არ იზიარებდა და უწყებას უპირისპირდებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან მისი ვიცე-სპიკერის პოსტზე დანიშვნა განიზრახა, თუმცა, საბოლოო ჯამში, დეპუტატმა თანამდებობა შეინარჩუნა.
ვანო კიღურაძე მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი რომ აღარ იქნება, ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტში კარიერის გასაკეთებლად არ შესულა.
კანონმდებელის განცხადებით, ის „ოცნების“ ერთ-ერთი დამაარსებელია, მისი გულშემატკივარი იყო, არის და იქნება.
„დეპუტატთა კორპუსის ცვლილება სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია და თავიდანვე ვიცოდი, რომ პარლამენტში აღარ შევიდოდი. ასაკოვანმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ თაობათა ცვლა გარდაუვალი პროცესია და ეს პრობლემა არ არის. საქმიანობის გაგრძელებას იქ ვაპირებ, სადაც ვიყავი. ჩემი სამეცნიერო საქმიანობა არ შემიწყვეტია და ისევ ამას გავაგრძელებ“, - დასძენს კიღურაძე.
კიღურაძისგან განსხვავებით, ლუკა კურტანიძეს გული წყდება, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტის წევრი რომ აღარ იქნება.
მართალია, ლუკა კურტანიძე მერვე მოწვევის პარლამენტს მოგვიანებით შეუერთდა, თუმცა, მან საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას პოლიტიკური ალღო მალე აუღო და ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, სხდომებზე სანიმუშო დასწრებითაც გამოირჩოდა და საკითხების მოსმენითაც. კურტანიძე პარლამენტის თითქმის ყველა პლენარულ სხდომას ესწრებოდა და მიმდინარე საკითხებზეც, მისი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად მსჯელობდა.
კურტანიძე საქმიანობას თუ სად გააგრძელებს, for.ge-სთან საუბარში დეპუტატს ამის დაკონკრეტება უჭირს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გვამისამართებს.
კანონმდებელის ცნობით, მას პრემიერთან კონსულტაცია ჰქონდა, რადგან არჩევანის საშუალება არა მხოლოდ გუნდს, არამედ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს.
„ურთიერთშეთანხმებიდან გამომდინარე, რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, რა მიმართულებით შეიძლებოდა ვყოფილიყავი. გადაწყვეტილება პრემიერმა მიიღო. ალბათ, საჭიროდ ჩათვალეს, რომ განახლებული სია უნდა ყოფილიყო, სადაც სხვა უნდა ყოფილიყო და მე - არა. ამას გაგებით ვეკიდები, საერთოდ, ასეთ რაღაცეებს მიჩვეული ვარ. როცა პარლამენტში ვიყავი, ყოველი დღე მეამაყებოდა და ძალიან გული დამწყდება, რომ არ ვიქნები, მაგრამ რას ვიზამთ?! მთავარია, განახლებულმა გუნდმა უფრო მეტი შეძლოს, ვიდრე მე შევძელი. იმედით ვარ განწყობილი. ერთი საათიც არ გამიცდენია, მაგრამ გუნდის ლიდერებმა ასე გადაწყვიტეს, რომ არც სიაში და არც მაჟორიტარად არ ვიყო. ღმერთმა ქნას, რომ ამ მიდგომამ და გადაწყვეტილებამ გაამართლოს. პრემიერთან კონსულტაციები მქონდა და ჯერი მასზეა. მას უნდა ჰკითხოთ, ვიქნები თუ არა საერთოდ გუნდში სადმე”, - აღნიშნავს კურტანიძე, რომლის მსგავსად, სიაში არ არის ომარ ნიშნიანიძე.
ამ მოწვევის პარლამენტში, ომარ ნიშნიანიძეს განსაკუთრებული და ღირებული არაფერი შეუქმნია, თუმცა, მან მედიას თავი ხმაურიანი განცხადებებით და პლენარულ სხდომებზე ჩხუბის პროვოცირებით დაამახსოვრა.
ომარ ნიშნიანიძე სხდომათა დარბაზში მომხდარი თითქმის ყველა ჩხუბის მონაწილე იყო, რომელიც ნაციონალებს საკუთარი ადგილიდან ხან აგინებდა, ხან წარსულს ახსენებდა.
ნაციონალების კრიტიკის პარალელურად, ნიშნიანიძე საკუთარ გუნდსაც არ ზოგავდა და უკმაყოფილებას ხან პარტიული ყრილობის მოსაწვევების დაგვიანების გამო გამოთქვამდა, ხან უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, დავით საგანელიძის საქმიანობას აკრიტიკებდა.
თუ რატომ ვერ მოხვდა „ოცნების“ საარჩევნო სიაში, ამ კითხვის დასმას ნიშნიანიძე პარტიის ხელმძღვანელებისთვის გეგმავს, თუმცა, ამის მიუხედავად გუნდის წევრად რჩება.
„საარჩევნო სიაში რატომ ვერ მოვხვდი, ამ კითხვას მე რატომ მისვამთ? - ეს იმას ჰკითხეთ, ვინც სიაშია. ვერ გეტყვით, რატომ ვერ მოვხვდი. ალბათ, საუბარი ხელმძღვანელობასთან მექნება. შეიძლება, თვითკრიტიკულიც ვიყავი და ესეც არ მოსწონდათ. რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდა. უმადურობის გამოხატულებაა ერთგვარად, არ ვიცი?! გუნდში ვრჩები. ბევრი თანამებრძოლი არ იყო პარლამენტში, რომელიც ღირსეულად საქმიანობდა. მგონი, ჩემი განათლება გამოუყენებელი არ დარჩება, თუმცა, ძველი კადრების არდაფასება და ჩვენი თანამებრძოლების მიმართ გარკვეული უყურადღებობა იყო და არის, რაც სამწუხაროა“, - განუცხადა for.ge-ს ნიშნიანიძემ.
ზემოთ აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, „ოცნების“ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა გოგლა ჟვანია, რომელიც ძირითადად, საკუთარი ძმის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებით იყო დაინტერესებული და მისი პოლიტიკური განცხადებებიც სწორედ ამ საქმეს უკავშირდებოდა. იმის მიუხედავად, რომ ჟვანიამ საქმის გახსნის სავარაუდო თარიღები რამდენჯერმე დაასახელა და საქმეც ამ დრომდე გაუხსნელია, თუმცა, ჟვანია for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ის „ოცნების" წევრად და მხარდამჭერად რჩება.
დეპუტატის ინფორმაციით, როდესაც სია კომპლექტდებოდა, მას პარტიის ხელმძღვანელობასთან საუბარი ჰქონდა და შინაარსი ის იყო, რომ მისთვის პარლამენტში ყოფნა პრინციპული საკითხი არ არის.
„თუ პარტია საჭიროდ ჩათვლიდა, პარლამენტში ვიქნებოდი, თუ არადა, არა. მთავარი მიზეზი რის გამოც პარლამენტში ყოფნა დასაშვებად მიმაჩნდა, ეს გარკვეულწილად ჩემი ძმის მკვლელიბის საქმის გამოძიებაში მეხმარებოდა. თუმცა, ბუნებრივია, ამ საქმეში ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იყო. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ სააკაშვილის რეჟიმი მოგვეშორებინა და ჩემი ძმის საქმის გამოძიება მომხდარიყო. გამოძიება მიმდინარეობს და პროკურატურასთან მუდმივ კონტაქტზე ვიქნები იმის მიუხედავად პარლამენტში ვიქნები თუ არა. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დაგვირგვინდება”, - აცხადებს ჟვანია, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა - „ახალი ხელისუფლების მმართველობიდან 4 წელი გავიდა და საქმის გამოძიების, კიდევ რისი იმედი აქვს?“.
ჟვანია ამბობს, რომ რაც ხდება, საქმის კურსშია.
„საზოგადოება ინფორმაციას ვერ გებულობს, შიგნით რა ხდება და ეს სწორადაც მიმაჩნია, რადგან ინფორმაციები ჟონავდა და ეს გამოძიებისთვის საზიანო იყო. სამწუხაროდ, დროში გაიწელა და ცოტა იმაზე რულია, ვიდრე წარმოგვედგინა. პროცესში ჩართულია უცხოელი ექსპერტები, რაც გამოძიების პროცესს აფერხებს”, - დასძენს ჟვანია, რომლის მსგავსად, „ოცნების“ სიაში ვერ მოხვდნენ: ელისო ჩაფიძე, თედო ჯაფარიძე, ზვიად ზვიადაური, დავით ლორთქიფანიძე, ლექსო თამაზაშვილი, გელა გელაშვილი, თენგიზ ხუბულური და თამაზ ჯაფარიძე.
რაც შეეხება იმათ, ვინც მოქმედი დეპუტატებიდან „ოცნების“ სიაში მოხვდნენ, ესენი არიან: მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ზვიად ძიძიგური, გია ჟორჟოლიანი, რუსლან პოღოსიანი, მახირ დარზიევი, გიორგი გაჩეჩილაძე, ლერი ხაბელოვი, გიორგი კახიანი, გიგა ბუკია, თემურ ჭკუასელი, დიმიტრი ხუნდაძე, ოთარ ჩრდილელი, კარლო კოპალიანი, გუგული მაღრაძე, გია ვოლსკი, შოთა ხაბარელი, ზაზა პაპუაშვილი, 8ირაკლი სესიაშვილი, კახა ოქრიაშილი, ზაქარია ქუცნაშვილი, გედევან ფოფხაძე და პაატა კვიჟინაძე.