„პროკურორმა მითხრა, რომ შავაძის საქმით დაინტერესებულია დავით ჯანდიერიო“

„პროკურორმა მითხრა, რომ შავაძის საქმით დაინტერესებულია დავით ჯანდიერიო“

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოკლული, ქართველი მზვერავის, როინ შავაძის საქმის გამოძიება იმ სისხლის სამართლის საქმეებს შორის არის, რომელზეც პროკურატურამ დამნაშავეების დასჯის პოლიტიკური ნება არ გამოავლინა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, 2008 წლის აგვისტოში მოკლული მზვერავის საქმეზე აჭარის პროკურატურამ გამოძიება განაახლა, დაიკითხა 120-ზე მეტი ადამიანი, აქედან 40-მა ადამიანმა აღიარა, რომ შავაძის დაკავებისას არავითარი ჩხრეკა არ ჩატარებულა.

შავაძის დაკავებისა და მკვლელობის სპეცოპერაციას უშუალოდ აჭარის კუდ-ის უფროსი თემურ პატარიძე ხელმძღვანელობდა. როგორც შავაძის ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, პატარიძემ მოწმის სტატუსით დაკითხვისას უარყო შემთხვევის ადგილზე, ბათუმი-გურიის საზღვარზე ქაქუთში ყოფნა, მაგრამ გამოძიებამ ამოიღო პატარიძის მობილური ტელეფონიდან შემავალ-გამავალი ზარები, რითაც დადასტურდა, რომ გასროლის მომენტში პატარიძის მობილურ ტელეფონს მომსახურეობას უწევდა ქაქუთში მდებარე ანძა.

ამის შემდეგ, კუდ-ის მაღალაჩინოსანმა გამოძიებას მისცა ჩვენება და აღიარა შავაძის საქმესთან კავშირი და აღნიშნა, რომ შავაძე შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დავალებით თბილისში მოჰყავდა. შავაძის მეუღლე და დაცვის მხარე ელოდებოდნენ, რომ გამოძიება პატარიძეს შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალს წაუყენებდა, მაგარამ ეს მოლოდინი არ გამართლდა.

როგორც შავაძის მეუღლე, ციცინო შავაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, პატარიძეს გავლენიანი მფარველი აღმოუჩნდა. ეს მფარველი კი, მისივე თქმით, არც მეტი, არც ნაკლები იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ჯანდიერია, რომლის დაც თემურ პატარიძესთან არაოფიციალურ ქორწინებაშია და საერთო შვილი ჰყავთ.

„ჯანდიერი მკვლელებს იცავს. მერე რა, რომ მისი ოჯახის წვერია, ადამიანი მოკლეს და მკვლელს იცავს? მივმართავ ყველას - არ ვიცი რომელ პარტიაშია და რომელი პარტიიდან აპირებს კენჭისყრას, მაგრამ, ნუთუ, კაცი, რომელიც მკვლელს მფარველობს, რომელი მოქალაქე მიცემს ხმას?! ნუთუ არავინ ჰყავს გარშემო, უთხრან, რომ მკვლელებს ნუ დაიცავს.

ვთხოვ ყველას, რომ დროზე დაიწყონ გამოძიება, უკიდურეს მდგომარეობაში ნუ ჩამაყენებენ და ნუ გამომიყვანენ მდგომარეობიდან. ბოლოს და ბოლოს, იქონიონ ნამუსი და დაიწყონ გამოძიება. მე ჯანდიერის ადგილას არა თუ კენჭს ვიყრიდი, არამედ არც გამოვჩნდებოდი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ციცინო შავაძე.

კითხვაზე, თუ რის საფუძველზე ადანაშაულებს ჯანდიერს პატარიძის მფარველობაში, ციცინო შავაძე აცხადებს: „არა მგონია, რომ გამოეხმაუროს, რადგან ამ ხნის განმავლობაში, ერთხელაც არ ამოუღია ხმა და არაფერი უთქვამს ამ თემასთან დაკავშირებით. რატომ მფარველობს მკვლელებს? იმიტომ, რომ მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, შეხება ჰქონდა ამ საქმესთან. დიახ, არის მისი დის ქმარი, ის დღესაც არ არის დაჭერილი, აბა მეტი არ ვიფიქრო. როგორც კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა, იქდან მოყოლებული დაიწყო ამ საქმეზე პატარიძის მფარევლობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ციცინო შავაძემ.

ამ საზარელ მკვლელობის საქმეში დავით ჯანდიერის ინტერესებზე საუბრობს როინ შავაძის ოჯახის ადვოკატი რამინ პაპიძე. for.ge-სთან საუბრისას პაპიძე აცხადებს, რომ ჯანდიერი მფარველობდა დამნაშავეებს, იყენებდა თავის ურთიერთობებს და გავლენას.

მფარველობს თუ არა აჭარის კუდ-ის ყოფილ უფროსს და რა კავშირი აქვს მოკლული მზვერავის საქმესთან დავით ჯანდიერს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამინ პაპიძეს ესაუბრა.

ბატონო რამინ, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს დავით ჯანდიერს როინ შავაძის მკვლელობის საქმესთან?

რამინ პაპიძე: რა თქმა უნდა, მე იმ აზრზე ვრჩები, რომ დავით ჯანდიერი დაინტერესებული იყო და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც დაინტერესებულია ამ საქმით.

რაში მდგომარეობს ჯანდიერის დაინტერესება?

- ჯანდიერი დაინტერესებული იყო, რომ ამ საქმეს არ ჰქონდა ის სამართლებრივი დასასრული, რაც რეალურად უნდა ჰქონდა. ანუ, არ გამოვლენილიყვნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორები და შემსრულებლები. ჯანდიერს ეს ინტერესი ჰქონდა იმ ნათესაური კავშირიდან გამომდინარე, რომელიც გააჩნია თემურ პატარიძესთან და მე ეს პოზიცია დავაფიქსირე საჯაროდ. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ძალიან მალე, ჯანდიერი განთავისუფლებული იქნა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან.

როდესაც წულუკიანს ჰკითხეს განთავისუფლების მოტივი, პასუხი იყო, რომ რეფორემების მიმართულებით გამოწვევებს ვერ გაუძლოო. ანუ, კონკრეტული იქ არ თქმულა, მაგრამ მე დავუკავშირე ამ საქმეს, როგორც ჩანს, მათაც რაღაცა ინტერესი შეამჩნიეს.

2016 წელს კი სტრასბურგის სასამართლოდან მივიღე წერილი, სადაც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი აფიქსირებს, რომ როინ შავაძის ოჯახს მატერიალური და მორალური ზიანი არ მიდგომია, არ ვიცი გაოცებული ვარ. ჯანდიერმა რომ იმოქმედა და რაღაცა ინტერესი ჰქონდა, ეს ფაქტია.

მაგრამ როგორ იმოქმედა ჯანდიერმა, სად ჩანს მისი მოქმედება და ინტერესი, რომ სამართლებრივი დასასრული არ ჰქონოდა ამ საქმეს?

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აჭარის პროკურორად დაინიშნა ლევან ძირიშვილი, განახლდა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები. დაიკითხა დაახლოებით 120 ადამიანი, აქედან 40-მა ადამიანმა აღიარა, რომ შავაძის დაკავებისას არავითარი ჩხრეკა არ ჩატარებულა. მისი დაკავება მოხდა ბათუმში ე.წ ოქროს ბირჟაზე, თავდასხმის მომენტში თავის დეიდაშვილის ცოლთან ერთად იჯდა და საუბრობდნენ, რა დროსაც გაჩერდა 7 მანქანა, გადმოვიდა დაახლოებით სპეცდანიშნულების რაზმის 15-დან 20-მდე წევრი, რომლებმაც ავტომატის კონდახებით დაუწყეს ცემა როინ შავაძეს. მისი ცემა გაგრძელდა 2-3 წუთი, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. გონებადაკარგული შავაძე უკვე სხვა მიმართულებით წაიყვანეს. ამას უყურებდნენ იქ შეკრებილი ადამინები, რომლებმაც განაცხადეს, რომ იქ არავითარი ჩხრეკა არ ჩატარებულა.

ასევე ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები, გამოთხოვილი იქნა თემურ პატარიძის სატელეფო საუბრების ამონაწერები, თუ სად იმყოფებოდა დანაშაულის დროს. პატარიძე უშუალოდ ხელმძღვანელობა შავაძის დაკავებას და მკვლელობას, რომელმაც მოწმის სტატუსით დაკითხვისას უარყო შემთხვევის ადგილზე, ქაქუთში ყოფნა, სადაც როინ შავაძის გვამი იყო აღმოჩენილი.

ის ამტკიცებდა, რომ შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარო. შემდეგ სატელეფონო ანძების მეშვეობით დადასტურდა, რომ პატარიძე იმყოფებოდა გვამთან იმ პერიოდში, როდესაც მოხდა მკვლელობა. რეალურად, ამით პატარიძის სიცრუე გამოაშკარავდა. ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, დაკითხეს პატარიძე და როგორც თავის ჩვენებაში ამბობს, დაკავებული შავაძე მერაბიშვილის დავალებით მიმყავდა თბილისშიო. პრაქტიკულად ამოიწურა საგამოძიებო მოქმედებები და გამოიკვეთა პატარიძის ბრალეულობა.

ველოდებოდით ბრალის წარდგენას და აღმოჩნდა, რომ თავს იკავენებ, უკვე ინფორმაციას არ მაწვდიან. დავიწყე გარკვევა რა ხდებოდა, ერთ-ერთმა პროკურორმა, რომლის სახელს და გვარს არ დავასახელებ, მითხრა, რომ ამ საქმით დაინტერესებულია იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერიო.

ეს აჭარის პროკურატურაში გითხრეს?

- დიახ. მითხრა, რომ ჯანდიერი პატარიძის ქვისლია და ამიტომაც არის დაინტერესებულიო. ამის შემდეგ დავუკავშირდი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს და ვუთარი, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროვებას ვაპირებდი. რომელმაც მირჩია თავი შემეკავებინა, რადგან ჯანდიერს არ ჰყავდა მეუღლე და მიზანმიმართულად შეცდომაში არ შეგიყვანონო. ამის შემდეგ მივედი ისევ ამ პროკურორთან ვუთხარი, რომ მისი ინფორმაცია არასწორი იყო, მან გადარეკა და მითხრა, რომ ბოდიშს გიხდი, ქვისლები არ არიან, მაგრამ პატარიძის მეუღლე ჯანდიერის და არისო.

ეს ინფრომაცია გადავამოწმე და აღმოვაჩინე, რომ პატარიძე არაოფიციალურ ქორწინებაში იყო ჯანდიერის დასთან და ჰყავდათ საერთო შვილიც. აქედან გამომდინარე გავაკეთე განცხადება, რომ ჯანდიერი არის პატარიძის ნათესავი, მისი მხრიდან არის დაინტერესება და ამიტომ, გამოძიება წინ არ მიდის.

ფაქტობრივად, პროკურორმა გარკვევით მითხრა, რომ ამ საქმეზე შედეგი იმიტომ არ დგება, რომ ჯანდიერს აქვს პირადი ინტერესიო.

ეს პროკურორი ლევან ძირიშვილი იყო?

- არა, ძირიშვილი არ იყო ამ ინფორმაციის წყარო. წარმოიდგინეთ, რომ საქმე მიდიოდა აქტიურ ფაზაში, უკვე შემაჯამებელი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული, რომ გამოკვეთილიყო ბრალეულობა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დამდაგარიყო და მოულოდნელად საქმე შეჩერდა. ამ დროს, როცა შენ პროკურორი გეუბნება, რომ ჯანდიერია დაინტერესებული ამით და ირკვევა, რომ ნათესაური კავშირი აქვს, სხვა რა არგუმეტი და მტკიცებულება უნდა მქონდეს, ვამტკიცო, რომ ჯანდიერი იყო დაინტერესებული?! მე სახელმწიფო არ ვარ, რომ მოსმენებზე დამესვა ჯანდიერი, პატარიძე და მათი საახლობლო წრე.

როდესაც გაახმაურეთ ინფორმაცია, რომ ამ საქმის უკან დგას ჯანდიერი, იყო მისგან რეაქცია?

- არა, არავითარი პასუხი, არანაირი კომუნიკაცია, არც მესამე პირების მხრიდან, რომ ჯანდიერს ნუ ახსენებო, არ ყოფილა. მოხდა ისე, რომ ჯანდიერი წავიდა, ვფიქრობდი, რომ საქმეს გაგრძელება ექნებოდა, მაგრამ - არა. რაც შეეხება პატარიძეს, მას 8-თვიანი პატიმრობით ჩამოეწერა ყველა ის სიბინძურე და დანაშაული, რაც მას აჭარაში ჰქონდა ჩადენილი. ფაქტობრივად, ასლან აბაშიძეზე ნაკლები ძალა-უფლება არ ჰქონია პატარიძეს აჭარაში.

8-თვიანი პატიმრობით მისთვის დანაშაულების ჩამოწერა ჯანდიერის უშუალო ჩარევით მოხდა?

- რა თქმა უნდა, აბა რანაირად ჩამოეწერა? არაერთ დანაშაულს ედავებოდნენ ამ ადამიანს, არაერთ გამოუძიებელ საქმეს, მათ შორის ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება, გამოძალვა, ქრთამის აღება, ქონების წართმევა და ამ დროს, 8 თვეში კაცმა 100 ათას ლარად დააღწია თავი პატიმრობას. ამ ლოგიკით ყველა გადაიხდის 100 ათას ლარს და ჩამოეწერება ეს დანაშაული. ჩვეულებრივმა მოკვდავმა ადამიანმა რომ ამის მესამედი ჩაიდიონს, მინიმუმ 7-8 წელი ციხიდან ცხვირს არავინ გამოაყოფინებს. დაინტერესდით სად და ვის ბინაში ცხოვრობს დღეს პატარიძე?

ვის ბინაში ცხოვრობს?

- როგორც მითხრეს, ბათუმის ბინა, სადაც ახლა პატარიძე ცხოვრობს, ვიღაცაზე ძალით წართმეულია და ეს ხმები ძალიან აქტიურად დადის ბათუმში.

პატარიძესთან საპროცესო შეთანხმება ჯანდიერის თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად მოხდა?

- რა თქმა უნდა. მე არ მაინტერესებს ვისი ინტერესები შეილახება, მე მაინტერესებს შავაძის საქმეს რა ბედი ეწევა. შემიძლია დაგიდასტუროთ და დღესაც დარწმუნებული ვარ, ჯანდიერი მაშინაც იყო დაინტერესებული და დღესაც დაინტერესებულია, რომ როინ შავაძის მკვლეობის საქმეზე პასუხისგებაში არ მიეცეს თემურ პატარიძე.

მაგრამ ფაქტია, რომ ჯანდიერის შემდეგაც ტაბუ ადევს ამ საქმეს. როგორ ფიქრობთ რატომ?

- შესაძლებელია, ჯანდიერის გარდა კიდევ სხვა პირებიც იყვნენ დაინტერესებულნი, რომლებიც ფარდის მიღმა არიან და ჩვენ ვერ ვხედავთ. შესაძლებელია, რომ რამდენიმე დაინტერესებულ პირთან გვქონდეს საქმე და ამიტომ არ იხსენება. კი ბატონო, დღეს მას არანაირი მექანიზმები არ აქვს, მაგრამ ჰქონდა, ხელი შეუშალა ამ საქმის გამოძიებას, რომ დამნაშავეები დასჯილიყვნენ. ფაქტია, რომ ჯანდიერის განთავისუფლების შემდგომაც საქმე წინ არ წაწეულა. ჯანდიერი დაინტერესებული იყო და დღესაც დაინტერესებულია, რომ როინ შავაძის საქმეზე არ დადგეს სამართლებრივი და კანონიერი გადაწყვეტილება.