მარგველაშვილის „დესანტი“ საკონსტიტუციო სასამართლოში და პაპუაშვილის „მარწუხებისგან“ გათავისუფლებული უწყება

მარგველაშვილის „დესანტი“ საკონსტიტუციო სასამართლოში და პაპუაშვილის „მარწუხებისგან“ გათავისუფლებული უწყება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ახალი თავმჯდომარის არჩევის მოლოდინშია, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი კი, ვაკანტურია. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ირინა იმერლიშვილი საკუთარ გუნდში ჯერ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წაიყვანა, ახლა კი, მას გიორგი კვერენჩხილაძესთან ერთად მოსამართლის მანტია მოასხა და საკონსტიტუციო სასამართლოში 10 წლის ვადით გაამწესა.

ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს რიგითი წევრი იქნება თუ თავმჯდომარე, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას პლენუმი მიიღებს, მაგრამ იმერლიშვილ-კვერენჩხილაძის შესაძლო დაწინაურების შესახებ for.ge სანდო წყაროზე დაყრდნობით ჯერ კიდევ აგვისტოში წერდა.

იმ შემთხვევაში თუკი, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი ირინა იმერლიშვილი გახდება, მას „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის შესაბამისად, ხუთი მოსამართლის ხმა დასჭირდება და თანამდებობაზე ხუთი წლის ვადითაც დაინიშნება, თუმცა, მანამდე, მას საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცის დადება მოუწევს, რაც უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტის დატოვების ექვივალენტი იქნება.

უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას ვინ დაიკავებს, ამას ქვეყნის პირველი პირი ჯერჯერობით არ ამხელს და მოქმედ მდივანს აფასებს.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, იმერლიშვილი და კვერენჩხილაძე მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, ძლიერი და პრინციპული ადამიანები არიან, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას გააძლიერებენ და ადამიანის უფლებებს დაიცავენ.

იმერლიშვილი და კვერენჩხილაძე, რომელთაც საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილი და კონსტანტინე ვარძელაშვილი ჩაანაცვლეს, პრეზიდენტს ნდობისთვის მადლობას უხდიან და საზოგადოებას ინსტიტუტისთვის ავტორიტეტის დაბრუნებას ჰპირდებიან.

როგორც for.ge-ს ირინა იმერლიშვილმა განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა ძალიან დიდი პატივია და პრეზიდენტს ნდობისთვის მადლობას უხდის.

„რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, ერთი მხრივ, პოლიტიკოსები და მეორე მხრივ, მოსამართლეები ერთმანეთს ტელევიზიით ესაუბრებიან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ახლადანიშნული, ასევე მოქმედი მოსამართლეები ერთმანეთთან და საზოგადოებასთან მხოლოდ გადაწყვეტილებების მეშვეობით ვისაუბრებთ“, - აცხადებს იმერლიშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საკუთარ შანსებზე არ საუბრობს.

იმერლიშვილი ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი ადრეა, რადგან გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა მიიღოს.

„ახალი ცვლილებების თანახმად, თავმჯდომარეს თავად მოსამართლეები ირჩევენ და გარედან სხვა კანდიდატურებს ვერავინ წარადგენს“, - დასძენს იმერლიშვილი.

გიორგი კვერენჩხილაძე საკუთარ გეგმებზე საუბრისას ყურადღებას საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების განმტკიცებაზე ამახვილებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობა საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობაა და მოსამართლეებმა და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სამი ძირითადი ფუნქციის შესრულება შეძლოს, რაც არის - კონსტიტუციის უზენაესობის დაცვა, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა.

კვენერჩხილაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტი აიწიოს, ამაღლდეს და სასამართლო, რომელიც სახელმწიფოს დემოკრატიულობის განსაზღვრის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, იმ დონეზე უნდა იყოს, რა დონეზეც კონსტიტუციამ მას უფლებები და მოვალეობები განუსაზღვრა.

„შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ერთ-ერთი მოსამართლე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და ავტორიტეტი სათანადო საფეხურზე იყოს და მოსამართლეებმა ეს საკუთარ გადაწყვეტილებებში უნდა უზრუნველვყოთ“, - ამბობს პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი.

კვერენეჩხილაძეს იმის დაკონკრეტება უჭირს, ირინა იმერლიშვილი გახდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თუმცა, ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი საკმაოდ მაღალი დონის იურისტია და მას დიდი გამოციდლება აქვს.

„ეს საკითხი პლენუმის გადასაწყვეტია. როცა პლენუმი შეიკრიბება და ფიცის დადების ცერემონია გაიმართება, ეს საკითხები შემდეგ გადაწყდება. ჩვენი უფლებამოსილების ვადა ფიცის დადების შემდგომ დაიწყება“, - აღნიშნავს კვერენჩხილაძე, რომლის ახალ სტატუსსაც შეფასებები პოლიტიკურ წრეებში მოჰყვა.

for.ge-სთან საუბარში ყველა პოლიტიკოსი კვერენჩხილაძესა და იმერლიშვილს კვალიფიციურ, პრინციპულ და ობიექტურ ადამიანებად აფასებს, თუმცა, მათ რჩევებსაც აძლევენ.

როგორც for.ge-ს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, აღნიშნული პირები საქმეების კვალიფიციურ განხილვას შეძლებენ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ახალ ამპლუაში რამდენად პრინციპულები იქნებიან.

„ყველაზე მარტივი პასუხია - „საქმენმან შენმან წარმოგაჩინოს“. ანუ, ყველაფერი გამოჩნდება. კვერენეჩხილაძეს საკმაოდ კარგად ვიცნობ, როგორც კონსტიტუციონალისტს და მასთან კონსტიტუციურ საკითხებზე საქმიანი ურთიერთობა მქონია. ვფიქრობ, რომ ის იმ საქმეების კვალიფიციურად გადაწყვეტას შეძლებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება. ასევე მიმუშავია ირინა იმერლიშვილთან, რომელიც საქმეების კვალიფიციურ განხილვას შეძლებს და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ამ ახალ ამპლუაში რამდენად პრინციპულები იქნებიან. ჯერჯერობით იმის თქმა, რომ ისინი პრინციპულები არ იქნებიან, ნამდვილად არ შემიძლია, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ როცა ადამიანი რაიმე ახალ პოზიციას იკავებს, ამ ახალ მდგომარეობაში, ყოველთვის ისეთი ვერ აღმოჩნდება ხოლმე, როგორც თავიდან ჩანდა“, - აცხადებს ხმალაძე, რომელიც ყურადღებას პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს ასარჩევ ერთ წევრზე ამახვილებს.

ხმალაძის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატის ზაზა რუხაძის თაობაზე უმრავლესობამ განცხადება გააკეთა, რომ მას ხმას არ მისცემენ, რაც აბსოლიტურად მიუღებელი მიდგომაა.

„ეჭვი მეპარება, რომ ამ პარლამენტმა კანდიდატურის არჩევა შეძლოს, მაგრამ ეს მიდგომა აბსოლუტურად მიუღებელია“, - დასძინა ხმალაძემ.

ზაზა რუხაძეს ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩი“-ს წევრი პავლე კუბლაშვილი მხარს უჭერს და for.ge-სთან საუბარში პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც აფასებს.

კანონმდებელის მოსაზრებით, პრეზიდენტმა მისთვის მისაღები და მისადმი ლოიალურად განწყობილი კანდიდატურები შეარჩია, თუმცა, ეს პირები იურიდიული წრეებისთვის ცნობილი არიან.

„კვერენჩხილაძეს უფრო მეტად იცნობენ, როგორც კონსტიტუციონალისტს, რადგან ის ამ კუთხით, დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა და ლექციებს კითხულობდა. იმერლიშვილი ცნობილია უფრო მეტად როგორც პოლიტიკური ფიგურა. პროცესი იმ მიმართულებით მიდის, რომ ის უნდა გახდეს პოლიტიკური პასუხისმგებელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და როგორც ჩანს, მისი მომზადება ხდება საკონსტიტუციო სასამართოს თავმჯდომარეობაზე. დღევანდელ პირობებში, მას ამის შანსი აქვს“, - ამბობს კუბლაშვილი.

ნაციონალი ლევან ბეჟაშვილი იმერლიშვილის შანსებზე არ საუბრობს, თუმცა, ფიქრობს, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი „საპენსიო“ თანამდებობაზე გადადის.

როგორც for.ge-ს ბეჟაშვილმა განუცხადა, ორივე კანდიდატურას თავისი პლუსები აქვს.

„იმერლიშვილს საკმაოდ მაღალი პოსტი ეკავა და ის შედარებით „საპენსიო“ თანამდებობაზე გადადის. ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციურ სამართალში მასაც დიდი გამოცდილება აქვს. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ კანდიდატურები შერჩეული მისი გარემოცდვიდან ყოფილიყო“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

ზემოთ აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, კვერენჩხილაძე-იმერლიშვილის კანდიდატურებს „თავისუფალი დემოკრატებიც“ მიესალმებიან.

for.ge-სთან საუბარში გიორგი ცაგარეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ყოვლად გაუგონარი ამბავი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს სჭირს, წარსულს ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდება. დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დისკრედიტაცია მოეხდინა და ეს „წარმატებით“ მოახერხა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მოსამართლეების დანიშვნით სიტუაცია რადიკალურად შეიცლვლება. ამ ადამიანებს ძალიან ახლოს ვიცნობ და მათ დიდ პატივს ვცემ. განსაკუთრებით, ირინა იმერლიშვილს, რომელიც დიდი ხნის ჩემი თანამებრძოლია. ის ძალიან პრინციპული, თავის საქმის მცოდნე, პროფესიონალი ადამიანია. ასევე დავახასიათებ კვერენჩხილაძესაც, რომელიც სწავლული იურისტი და პრინციპული ადამიანია. იმედი მაქვს, რომ უბედურება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გვჭირს, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება, თუმცა, ამ ორი მოსამართლის იქ დანიშვნით, პროცესი ძალიან სწარაფად ვერ დასრულდება, რადგან სხვა ვაკანსიებიც არის“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ცაგარეიშვილი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატიც იმავე ხარისხიც იქნებიან შერჩეული, როგორც ეს მარგველაშვილმა მოახერხა.

„ახალ მოსამართლეებს ვუსურვებ, თბილისში შინაური ცხოველები მაშინ ნაკლებად ასეირნონ, როცა ბათუმში საქმე ექნებათ. ასევე, როცა კონსტიტუციაზე ფიცს დადებენ, ეს ფიცი შეასრულონ, რაც რთულია, მაგრამ როცა ადამიანს რაიმე გულით უნდა, გამოუვა“, - ამბობს ცაგარეიშვილი.

კანონმდებელი იმერლიშვილის თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, უმძიმეს მისიას თავს წარმატებით გაართმევს.

„თუ მოქმედმა ხელისუფლებამ „ადეიშვილის სტილში“ ხელების ფათური არ დაიწყო, იმერლიშვილს შანსები აქვს. იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების პრინციპული დამცველი იქნება, მასზე დაკისრებულ მოვალეობას განუხრელად შეასრულებს და საკონსტიტუციო სასამართლოში ხელებს არავის არ აფათურებინებს“, - დასძენს ცაგარეიშვილი, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი ირაკლი ჩიქოვანი.

for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ორივე ადამიანი კვალიფიციური იურისტები არიან.

„იმედს ვიტოვებ, რომ ისინი როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები უწყებას იმ სიმტკიცეს და იმ ავტორიტეტს დაუბრუნებენ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ასე ძალიან სჭირდება“, - აცხადებს ჩიქოვანი.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ განწყობას, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პრეზიდენტის მიერ შერჩეულ კანდიდატებს მიესალმება და მათ ნდობას უცხადებს.

როგორც for.ge-ს კახიანმა განუცხადა, იმერლიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრი იყო, ძალიან კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი, პრინციპული ადამიანია და ძლიერი კონსტიტუციონალისტია, რომლის მოსამართლედ გამწესებაც ამ ორგანოს უფრო გაამდიდრებს.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება სრულიად მისაღები და მისასალმებელია. თავმჯდომარის საკითხი თავად მოსამართლეების გადასაწყვეტია, მათ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. წინასწარ იმის თქმა გამიჭირდება, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასამართლო კორპუსმა, თუმცა, თუ ირინა თავმჯდომარე გახდება, დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ღირსეული იქნება“, - აღნიშნავს კახიანი.

კანონმდებელი ამბობს, რომ შესაძლოა, მერვე მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში მისთვის განკუთვნილი ერთი კვოტა ვერ აითვისოს, რადგან წინასარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და საპარლამენტო საქმიანობა შეჩერებულია.

კახიანის მსგავსად, იმერლიშვილ-კვერენჩხილაძის კანდიდატურებს მიესალმება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიც. for.ge-სთან საუბარში ვოლსკი ამბობს, რომ საქმეში, რომელშიც მას კვენერჩხილაძესთან შეხება და ურთიერთობა ჰქონდა, მან პოზიტიური განწყობა დატოვა.

ვოლსკის თქმით, ის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს პოზიტიურად აფასებს.

„პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს საქმისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ მისი ობიექტურობის მჯერა, რადგან ის დახვეწილი ადამიანია და ინტელექტუალია. იმედია, ის პოზიტივი რაც მას გააჩნია, მის პროფესიონალურ ეფექტურობაში გარდაისახება. თავმჯდომარეობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ირინა ჩვენი გუნდის წევრი დიდი ხანი იყო და ის საკმაოდ პრინციპული, მცოდნე ადამიანია. დიდი იმედი მაქვს, რომ ირინაც თავის პოზიტივს ქვეყნის სამსახურში, საკონსტიტუციო წესრიგის განმტკიცების მიზნით გამოიყენებს. ორივე კანდიდატურას პოზიტიურად ვაფასებ“, - დასძენს ვოლსკი.

პაპუაშვილ-ვარძელაშვილის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილება ასევე ეწურებათ პირველი კოლეგიის მოსამართლეს, სასამართლოს მდივანს, ქეთევან ერემაძესა და მეორე კოლეგიის მოსამართლეს, ოთარ სიჭინავას.