წარმოდგენილი საარჩევნო სია, როგორც პოლიტიკური ორიენტაციის ნიშანი, ცალსახად ლაპარაკობს, რომ საქმე გვაქვს ევროპულ ორიენტაციასთან. ამასვე ადასტურებს ფაქტი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გათავისუფლდა იმ ადამიანებისგან, რომელთაც თვალი რუსეთისკენ გაურბით. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის გუნდი პოლიტიკური ილუსტრაციაა იმისა, რომ ეს არის პროდასავლური გუნდი.
for.ge რამაზ საყვრელიძეს ესაუბრა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას თუ გადავხედავთ, იგრძნობა, რომ მოხდა გუნდის გადახალისება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ძირეულად შეიცვალა. როგორ ფიქრობთ, ეს არის როგორც კახა კალაძე ამბობს დამრტყმელი ძალა, რომლითაც „ქართული ოცნება“ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას - ვგულისხმობ საკონსტიტუციო უმრავლესობას? რამაზ საყვარელიძე: რა თქმა უნდა, როგორც წესი, თქვენს კითხვაზე პასუხი მარტივი არ არის. მრჩება შთაბეჭდილება და თვითონ სიაც ტოვებს ამ შთაბეჭდილებას, რომ სიის დაკომპლექტებაში არ მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი და ამას რატომ ვუსვამ ხაზსს - სიას ეტყობა, რომ მის დაკომპლექტებაში მრავალი ხელი ერია, რადგან სხვადასხვა ელემენტებით არის სია დაკომპლექტებული. პრინციპში, დაახლოებით ვიღებთ სურათს, როდესაც სხვადასხვა ხალხის მოთხოვნა არის გათვალისწინებული.
ძირითადად რომელი ჯგუფის ინტერესებს ატარებს სიის ესა თუ ის ნაწილი?
- ვფიქრობ, რომ დიდი ნაწილი არის გიორგი კვირიკაშილის ჯგუფი, ის რასაც ახალ სახეებს ეძახიან და რომლებიც პოლიტსაბჭოს შემადგენლობით წარუდგინა საზოგადოებას. თუ ამ ჯგუფზე ვლაპარაკობთ, - მოახერხებენ თუ არა უმრავლესობის მოპოვებას? - მასში ბევრი ახალი სახეა და ამიტომ მგონია, რომ გაუჭირდებათ.
რაც შეეხება წარმოდგენილი სიის იმ ნაწილებს, რომლებიც ძველი სახეებით არის დაკომპლექტებული, მათ შეიძლება უმრავლესობის დაკომპლექტება გაუჭირდეთ, სწორედ იმიტომ, რომ ძველი სახეებია და ამომრჩეველის უკმაყოფილება შეიძლება ამ ძველი სახეების მიმართ გამოიხატოს. ამიტომ, კითხვა - მოახერხებენ თუ არა უმრავლესობის მოპოვებას? - სწორედ ამიტომ მიმაჩნია რთულ კითხვად - თვითონ სია არის რთული.
ფაქტია, რომ სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა რამეს ამბობს წარმოდგენილი სია, მაგრამ რას აძლევს საზოგადოებას სიის თუნდაც ოცეული?
- ოცეულის ძირითადი ბირთვი არის კვირიკაშვილის ჯგუფი და თუ კვირიკაშვილს ვენდობით, მაშინ მისი პოლიტიკის გამტარებელი იქნება ეს გუნდი, ვფიქრობ, რომ ამას ამბობს სიის ზედა ნაწილი.
სია იძლევა საშუალებას ვთქვთ, რომ მის დაკომპლექტებაში მონაწილებას არ ღებულობდა ივანიშვილი, სიის ოცეულში იგრძნობა კვირიკაშვილის ხელი, მაგრამ წარმოდგენილი 155-კაციან სიაში იგრძნობა კახა კალაძის გავლენა? ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ კალაძის ინიციატივით ძალიან ბევრი, ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი, ვერ აღმოჩნდა განახლებულ საარჩევნო სიაში...
- თუ კახა კალაძის გავლენა იმაში მდგომარეობდა, რომ ძველ სახეებზე ამბობდა უარს, ვთვლი, რომ ეს კარგი გავლენაა, რადგან პარტიას აქვს კრიზისი და ამას რეიტინგიც უჩვენებს.
თუმცა, ხშირად ამბობენ, რომ ბუნებრივია რეიტინგის ვარდნა...
- გეთანხმებით, მაგრამ მაინც ვარდნაა და არა აღმაფრენა. ამ ვარდნაზე პარტიას უნდა მიეცა რეაქცია. კერძოდ, მას უნდა მოეხდინა ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნებოდა ქრესთომატიული შეცდომა. როდესაც პარტიას დაბალი აქვს რეიტინგი, ცვლილება უნდა ანახო. თუ ეს გადაწყვიტეს და ცვლილებები ანახეს საზოგადოებას, ეს უკვე პიარ-თვალსაზრისით პოზიტიური მოვლენაა. არ ვიცი, ვისი გაკეთებულია, მაგრამ ცხადია, რომ ასეთი ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო. როცა რიტინგი ვარდნას იწყებს, საჭიროა რებრენდინგი.
განვლილი 4 წლის განამვლობაში გვესმოდა და ამაზე ყოფილი პრემიერიც საუბრობდა, რომ ამ გუნდმა ვერ შეძლო შედეგის დადება დასავლეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მაგალითად ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში მოქმედი გუნდი ვერ უწევდა კონკურენციას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხშირად არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. ახალი გუნდი გაუწევს კონკურენციას ოპოზიციას დასავლეთთან ურთიერთობის ხაზით, ანუ, დაძლეულია ეს მდგომარეობა?
- რებრენდინგი, კვირიკაშვილის ფიგურაზე აქცენტის გაკეთება და მის მიერ კადრების განახლებაზე დათანხმება, ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ გამოწვეულია იმ პრობლებით, რასაც თქვენ ხაზი გაუსვით. კერძოდ, ილუსტრაციის დონეზე ავიღოთ - თამარ ჩუგოშვილი არის ადამიანი, რომელსაც გაუჭირდება უცხეთთან დიალოგი? - არა. ალბათ, მის კანდიდატურაზე მსჯელობის დროს ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი. ანალოგიური კადრი ბევრია განახლებულ გუნდში. როდესაც გაკეთდა განცხადებები რატომ უნდა იყოს პრიორიტეტი უცხოეთში მიღებული განათლებაო, ჩვენ ხომ ყველაფერის არმოწონების კულტი გვაქვს, ამით კვირიკაშვილმა თქვა ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ მათ უცხოელ კოლეგებთან დიალოგის უნარი უნდა ჰქონდეთ. ამ ნიშნით არის ახალი გუნდი შეკრებილი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ უცხოეთში ჰქონდეთ განათლება მიღებული, რომ შეეძლოთ საერთო ენის პოვნა უცხოელებთან. ვვარაუდობ, რომ სწორედ ამ ნიშნით მოხდა გუნდის ახალი სახეებით დაკომპლექტება.
გადაწყვეტილება რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, არც ერთი მაჟორიტარი სიის მოწინავე რიგებში და მაჟორიტარებმა დამოუკიდებლად უნდა შეძლონ საზოგადოებაში ნდობის მოპოვება - სტრატეგიულად სწორი გათვლაა?
- საერთოდ, პროპორციული სისტემა არ მომწონს იმიტომ, რომ პოლიტიკური მუქთახორების არსებობას უწყობს ხელს. უპრეცედენტო ფაქტი ნამდვილად არის. იმიტომ, რომ ახლაც კი, პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილ სიებში თითქმის ყველგან ერთი და იგივე ადამიანები არიან მაჟორიტარულ სისტემასა და პროპორციულ სიაში. არ რისკავს პარტია, არ უნდა ადამიანის დაკარგვა.
მაგრამ ამის ფუფუნება აქვს ხელისუფლებას დღეს?
- როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი გაბედულობა აქვს. შეიძლება უკეთესიც იყოს და როგორც ჩანს, მას უნდა ახალი პოლიტიკური სტანდარტი დაამკვიდროს, რომელსაც მივესალმები. სიმართლე გითხრათ, არ მომწონს პროპორციული სისტემა, რადგან ვიღაცის სახელს ამოეფარება ადამიანი და მერე ვაგონში მოყუჩებული მგზავრივით ჩიქინ-ჩიქინით შედის პარლამენტში. ამ მხრივ, ამერიკული სისტემის მომხრე ვარ, სადაც ყველა არჩევნები მაჟორიტარულია. ეს ელემენტი დავინახე ამ შემთხვევაში, როდესაც მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნები ასე მკაფიოდ განასხვავა „ქართლმა ოცნებამ“.
საბოლოო ჯამში, თუ იმასაც ვიზამთ, რომ მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავალთ, უკეთესი იქნება, რადგან პოლიტიკის მუქთახორები აღარ იარსებებენ.
თქვენ იცნობთ სოციოლოგიას და თუ გადავხედავთ პოლიტიკური პარტიების სიას, ვის აქვს შანსი მოიპოვოს მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსი?
- ვერ ვიტყოდი, რომ აღფრთოვანებული ვარ შექმნილი სიტუაციით, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ალბათ, შეინარჩუნებს მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს. ველოდი, რომ ამ სტატუსში მას ბევრი შეეჯიბრებოდა, მაგრამ პრაქტიკულად ფენომენალური უპასუხისმგებლობა გამოვალინა ქართულმა ოპოზიცურმა სპექტრმა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - „ნაციონალური მოძრაობა“ არის მეორე პოლიტიკური ძალა.
თავის დროზე, ამის ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა პაატა ბურჭულაძეს, მაგრამ მან სარეკორდო რაოდენობის შეცდომები დაუშვა და ეს შანსი დაკარდა. მოცემულ მომენტში გვაქვს სიტუაცია, როცა ყველა პარტიისთვის მთავარი ამოცანა არის ბარიერის გადალახვა და ნაციონალების ჩანაცვლება, ანუ მეორე ოპოზოციური ძალის სტატუსის მოპოვება.