მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.
ერთ-ერთი ასეთი თანამდებობა მინისტრის თანამდებობაა და სწორედ ამ მოტივით, კახა კალაძემ და ოთარ დანელიამ თანამდებობა დატოვეს. ისინი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ღებულობენ მონაწილეობას.
მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას მთავრობის ახალი წევრები წარუდგინა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა. ახალი მინისტრები დღემდე მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდნენ.
გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდეს. კვირიკაშვილმა დავით კირვალიძეს თანამშრომლობა უკვე შესთავაზა.
„დავით კირვალიძე არის ძალიან მაღალი რანგის პროფესიიონალი. მქონდა მასთან საუბარი მინისტრთა კაბინეტში შესაძლო დაბრუნების თაობაზე. მას დღეს უჭირავს მნიშვენლოვანი საერთაშორისო პოზიცია, აქვს კონკრეტული მიმართულებები ჩაბარებული და ამ მიმართულებებიდან მისი გამოსვლა რთულია.
რაც შეეხება მომავალ თანამშრომლობას, შევთავაზე, დაეკავებინა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიცია. არ არის გამორიცხული, რომ ამ მიმართულებით გაგვიწიოს დახმარება, მასთან აუცილებლად გვექნება პარტნიორობა ამა თუ იმ ფორმით“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დავით ბაქრაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას აღარ დაიკავებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დავით ბაქრაძე აშშ საქართველოს ელჩის თანამდებობაზე არჩილ გეგეშიძეს შეცვლის. მისივე თქმით, ყველა შეთანხმდა, რომ დავით ბაქრაძეს გააჩნია ყველა ის საჭირო თვისება, რაც მნიშვნელოვან წარმატებებს მოუტანს ქვეყანას.
„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო არჩილ გეგეშიძეს. მან ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. მისი ელჩობის პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოს პარტნიორობა აშშ-სთან. მინდა ვუსურვო წარმატება მომავალ საქმიანობაში.
დავითს ვუსურვებ დიდ წარმატებებს, ის ძალიან მნიშვნელოვან დროს და მომენტში დაიკავებს ამ უმნიშვნელოვანეს პოსტს, მას გააჩნია გამოცდილება როგორც ელჩად მუშაობის, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებში, ასევე ახლა უკვე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მისი პიროვნული თვისებები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხალხთაშორის ურთიერთობების გამყარების კუთხით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, აშშ-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნის პროცედურები მალევე დაიწყება და ის არჩევნების შემდეგ უახლოეს მომავალში შეუდგება აღნიშნულ პოსტზე მუშაობას. მისივე თქმით, ბაქრაძის კანდიდატურა პრეზიდენტთან კონსულტაციების გზით შეირჩა.
მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნა ამერიკასთან ჩვენს ურთიერთობას გააძლიერებს. საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადებით, ბაქრაძე ძალიან წარმატებულად იმუშავებს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დასახულია.
„გაიმართა კონსულტაციები. გადაწყდა, რომ დავით ბაქრაძე არჩევნების შემდეგ იქნება ამ პოზიციაზე წარდგენილი. მას გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება დიპლომატიური მუშაობის, ასევე ევროატლანტიკური მუშაობის ძალიან წარმატებული გამოცდილება. ამიტომ ძალიან წარმატებული არის მისი კანდიდატურა ელჩად აშშ-ში, რომელთანაც ჩვენ გადავიყვანეთ უთიერთობა სრულიად ახალ დონეზე, რაშიც რა თქმა უნდა, წვლილი მიუძღვის არჩილ გეგეშიძესაც და ეს არის ის გადაწყვეტილება, რაც გააძლიერებს ჩვენ ურთიერთობებს აშშ-სთან“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ბაქრაძის კანდიდატურა კონსულტაციების შედეგად შეირჩა. ის დარწმუნებულია, რომ დავით ბაქრაძე ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„ელჩის პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენს დიპლომატიურ სამსახურში, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პატნიორი. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი იქნება ღირსეული ელჩი, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
რაც შეეხება თავად არჩილ გეგეშიძეს, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება, სავარაუდოდ, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი მისივე განცხადება გახდა, კერძოდ ის, რომ პრორუსული ძალები არიან მმართველ გუნდში, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.
ამ განცხადების საფუძველზე ელჩი თბილისში ახსნა-განმარტებისთვის გამოიძახეს, სწორედ ამ პროცესს დაემთხვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. აღსანიშნავია, რომ თბილისში გამოძახებული ელჩი, ჯონ ქერის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არ გამოჩენილა. მოგვიანებით კი, გეგეშიძემ განმარტა, რომ საკითხი ამოწურია და ელჩის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობს. გეგეშიძისგან განსხვავებით ამ საკითხზე განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა საგარეო საქმეთა სამინისტროში.