ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გამოკითხვებით, ყველაზე მეტი მხარდამჭერი „ნაციონალურ მოძრაობას“ სამეგრელოში ჰყავს. ექსპრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სამეგრელოში არჩევნები 2012 წლის მსგავსად აღარ ჩატარდება და ძალადობა აღარ იქნება. მისივე თქმით, დღეს, 2012 წლის მსგავსად სახელმწიფო სტრუქტურებიდან და პოლიციიდან ძალადობა არ მოდის, თუმცა ამბობს, რომ თითოეული ამომრჩეველი ფხიზლად უნდა იყოს.
„ამ არჩევნებზე ძალიან ბევრმა კამერამ უნდა იმუშაოს. იმედი მაქვს, რომ ბრძოლის ნაცვლად ახლა კულტურულ არჩევნებს ჩავატარებთ. ზუგდიდში კორცხელის ინციდენტზე გამოძიება არ დასრულებულა, თუმცა ის მანქანები, რომელშიც ხელკეტები იდო, კარგად ჩანდა. პროფესიონალები არიან პროვოკაციის დაგეგმვაში, „ქართულ ოცნებას“ მართებს დიდი სიფრთხილე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რამ გამოიწვია ის რომ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტი მხარდამჭერი სამეგრელოში ჰყავს, ამის გამომწვევ მიზეზებზე ყოფილ პრემიერს არ უსაუბრია. თუმცა, ეს არის საკითხი, რომელშიც გარკვევა ალბათ, უპრიანია ხელისუფლებისთვის, რადგან პოლიტიკური ცხოვრება ამ არჩევნებით არ დამთავრდება. სამეგრელო კი, ის რეგიონია, სადაც ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება აშკარა და მზარდია. ადგილობრივები ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას მაჟორიტარი დეპუტატების უმოქმედობით ხსნიან.
სამეგრელოს, ისევე როგორც ყველა რეგიონს, თავისი ფსიქოლოგია აქვს და რაღაცა პრინციპეპდიან გამომდინარე იძლევა რეაქციას. შესაბამისად, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სასურველია პოლიტიკურმა ძალამ გაუგოს რეგიონის თემას, როგორ ხასიათს ავლენს და რას უჭერს მხარს. რაც შეეხება სამეგრელოს, საყვარელიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში უფრო ზოგადი ტიპის თემასთან გვაქვს საქმე, ვიდრე კონკრეტული მაჟორიტარების მიმართ დამოკიდებულებაა.
„ისეთი განცდა მრჩება, რომ ფაქტიურად ყველა ხელისუფლების ოპოზიციონერები არიან, ვინც ზვიად გამსახურდიას მერე მოვიდა, გარდა ისეთი ხელისუფლებისა, რომელიც გამსახურდიას აგონებთ. იყო ასეთი ფრთიანი ფრაზა - „გამსახურიას სული სააკაშვილში გადავიდაო“. სააკაშვილიც ყოველთვის ცდილობდა, რომ გაეძლიერებინა ეს სტილისტიკა, რომელიც მას გამსახურდიას სტერეოტიპში ჩასვამდა სამეგრელოს მოსახლეობისთვის. მართლაც, სტილში ბევრ რამეში გვანან ერთმანეთს.
უახლოესი ისტორიის მიმართ დამოკიდებულება არის ამ გაჭიანურებული მეგრული პრობლემის საკითხი. მეგრელები ამაში ბოლომდე მტუანები არ არიან, მათ ძალიან დიდი ტრავმა მიიღეს მხედრიონის ეტაპზე, მაგრამ მეორე მხრივ გაუგებარია ის, რომ ანალაოგიური, რაც მხედრიონმა გააკეთა, შეიძლება რაღაცით უარესი ნაციონალებმაც გაუკეთეს სამეგრელოს მოსახლოებას, მაგრამ ამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მხოლოდ ნაწილს აქვს. ვფიქრობ, რომ მთელი რეგიონი არის ახალი ისტორიით უკმაყოფილო, იმით, რაც მოხდა სამოქალაქო ომის დროს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი მხარდამჭერი ნაციონალებს სამეგრელოში ჰყავთ, ეს არაა გარანტია იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი წელს რთველს ჩაატარებს და კახეთში ყურძენს დაწურავს.
„რთველზე იმედია დამელოდებიან და ყურძენს მანამდე არ დაკრეფენ. წელს რთველს ჩავატარებ და კახეთში ყურძენს დავწურავ“, - ასეთი დაპირება მისცა ამომრჩევლებს ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ნანუკას შოუს“ საშუალებით.
სააკაშვილის განცხადება რომ იმ სტრატეგიის გაგრძელება, რაც ზოგადად „ნაცინალური მოძრაობას“ აქვს, იმითაც დასტურდება, რომ საქართველოში რთველი უკვე დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც მიმდინარეობს. 8 ოქტომებრს რთველი უკვე დასრულებელი იქნება. ასე რომ, ვერც ერთ ვარიანტში სააკაშვილი რთველს ვერ ჩაატარებს და ვერც ყურძენს დაწურავს. ექსპერტების განცხადებით, ამ იაფფასიანი პოლიტიკური სვლით ცდილობენ ამომრჩეველი დაარწმუნონ იმაში, რომ მართლაც აქვთ რეიტინგი და აუცილებლად მოვლენ ხელისუფლებაში. სწორედ ამის გამყარებას წარმოადგენს სააკაშვილის განცხადება, რომ რთველს ჩაიბარებს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რევოლუციის არანაირი რესურსი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც პროკურატურას 4 საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული, რეალურად საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.
„ყოფილი პრეზიდენტი დევნაშია და ის შტაბს ხელმძღვანელობს, ეს ნორმალურია?! ბრალი აქვს პროკურატურის მიერ წაყენებულ 4 საქმეზე და ლიდერად გამოჰყავთ წინა პლანზე. ნორმალურია, როდესაც მისი მეუღლე ამბობს, რომ თვალებში ჩახედა?! ნორმალურია, რომ არ ჩამოდის და კითხვებს არ პასუხობს?! სახელმწიფოს პატივს არ სცემს. ისევ რომ რევოლუციით იმუქრება და ამის თავი არ აქვს ამ საცოდავს. არანაირად არ აქვს ამის რესურსი, ეს ნორმალურია ისევ რომ რევოლუციით გვაშინებს?! არანორმალურია, ისევ ჩვენ უნდა გადავალაგოთ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ სააკაშვილის განცხადება, რომ რთველს ჩაიბარებს, მორიგი პროვოკაციაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს არის ფსიქოლოგიური საინფორმაციო ომი მოსახლეობის წინააღმდეგ.
„ერთი მხრივ, ეს არის ამომრჩევლის იმ ნაწილის დაშინება, რომლისთვისაც კატეგორულად მიუღებელია სააკაშვილი და მისი მოძრაობა. მეორე მხრივ კი, ანუგეშებს თავის ამომრჩეველს და მისი აზრით ახდენს მობილიზაციას. პრინციპში ეს ჩვეულებრივი ხერხია, უბრალოდ, სააკაშვილის მხრიდან არის ისტერიული ტონალობა და დაშინების მცდელობა. ყველას ესმის, მათ შორის სოცილოგებს და არა გამყალბებლებს (რომლებიც საკმაოდ მომრავლდნენ ბოლო პერიოდში და რომლებსაც იყენებს ნაცმოძრაობა), რომ სააკაშვილის ამ განცხადებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. სააკაშვილი კიდევ დიდხანს ვერ დაბრუნდება საქართველოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძე.
მისივე თქმით, დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ მიზანს და ამოცანას წარმოადგენს დესტაბილიზაცია, კონფლიქტების პროვოცირება, კონფრონტაცია და ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია არასტაბილურობასთან და ნერვოზული ომის შექმნასთან.
„მათი უმთავრესი მიზანია დესტაბილიზაციის ფონის შექმნა, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ. მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება არ აწყობთ. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ყველა ლეგიტიმური მოქმედება, რომ არ დაუშვას დესტაბილიზაცია და ძირშივე აღკვეთოს ნებისმიერი მცდელობა, ეს იქნება ძველი ბიჭის, თუ მოკრიმინალო ელემენტების ჩამოსვლა უკრაინიდან თუ სხვა. ნიშანდობლივია თამარ ჩუგოშვილის განცხადება და ამას ხედავენ მმართველი გუნდში“, - ამბობს ვალერიან გორგილაძე.
კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, ფაქტიურად ოდესის გუბერნატორი ზეწოლას ახდენს ქართველ ამომრჩეველზე. როგორც ძაბირაძე აცხადებს, „ნაციონალურ მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანი არაა ხელისუფლებაში დაბრუნება, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ მხოლოს ორმა სუბიექტმა შეძლოს ბარიერის გადალახვა - „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი განცხადებებით ამომრჩეველს აიძულებს, რომ მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, ამითაც მოგებული დარჩება. რადგან, ამ შემთხვევაში მანდატების რაოდენობა ორ პოლიტიკურ ძალაზე გადანაწილდება. ნაციონალები ისევ დარჩებიან მთავარ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალად, რაც არის მათი მთავარი ამოცანა. მათ მშევნივრად იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ, მაგრამ მუშაობენ იმაზე, რომ შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის როლი. სწორედ ამასვე აკეთებს სააკაშვილი თავისი განცხადებით. მან მშვენივრად იცის, რომ ვერც რთველს ჩაიბარებს, ვერც უმრავლესობაში მოვა და ვერც ძალაუფლებას აიღებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ მიზანს, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაცია, ძაბირაძე ამბობს, რომ დესტაბილიზაციის შექმნას სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, რაც „ნაციონალურ მოძარაობას“ არ აქვს. მისივე თქმით, ნაციონალები სიამოვნებით შექმნიდნენ დესტაბილიზაციას 2013- 2014 წლებში, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ მიიღეს.
„სულ იყო ამის მცდელობა, მუდმივად ამოწმებდნენ მოსახლეობასთან თავიანთ დამოკიდებულებას. ყოველ წელს რაღაცა მოტივით ტარდებოდა მიტინგები რუსთაველზე. ხან ანტირუსული, ხან ნეიტრალური საკითხი მოძებნეს და განაცხადეს, რომ აქცია არაა პარტიული და, რომ ყველა ქართველს უნდა აინტერესებდეს ეს თემა, მაგრამ ვერასდროს ვერ შეძლეს მოსახლეობის გამოყვანა.
მათ იციან, რომ ქართველ მოსახლეობაში მხარდაჭერა არ აქვთ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც ლაპარაკია დესტაბილიზაციაზე. დღეს საქართველოს მოსახლეობაში არ არის ისეთი განწყობა, რომ ვინმემ შეძლოს დესტაბილიზაციის მოწყობა და საპროტესტო აქციების აგორება.
ვფიქრობ, რომ ამ განცხადების მიზეზია, ამომრჩევლის დაშინება და, რომ მოსახლეობა ამყოფონ იმ საფრთხის ქვეშ, რომ შეიძლება ნაციონალები დაბრუნდნენ. მათ მშვენივრად იციან საარჩევნო სისტემა და იციან როგორ გადანაწილდება ხმები. რეალურად კი, ნაციონალები ემზადებიან 2020 წლისთვის და არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.