ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის დაპირისპირება დღითიდღე მწვავდება და მხარეები ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ ეპითეტებსაც აღარ ერიდებიან. ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს აფრთხილებს, რომ რესპუბლიკელები მტრად არ დანიშნოს, რადგან ეს სასარგებლო არც ქვეყნისთვის არ იქნება და არც მისთვის. კანონმდებელის შეფასებით, ივანიშვილი შემცბარია, რადგან ხედავს, რომ „ოცნება“ ძალიან სახიფათო მდგომარეობაშია, ხოლო თავად ერთმმართველობის დაკარგვის საფრთხეს გრძნობს და ადეკვატურობა დაკარგა.
დეპუტატი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი რესპუბლიკელებთან ჭიდილში დამარცხდა, რადგან დავით უსუფაშვილი ვერ წაიყვანა, თუმცა, მას სხვა თანამდებობებსაც სთავაზობდა და რესპუბლიკელებსაც „ბევრი რამ ჯერ კიდევ არ უთქვამთ“.
ვის ვერ აჯობა მენტალურად ივანიშვილმა და რა მოხდა 2012 წლის კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილთან ჩავწერეთ:
პარლამენტის თავმჯდომარემ ერთგვარი წუხილი გამოთქვა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის პოტენციული პარტნიორი „პატრიოტთა ალიანსი“ უფროა, ვიდრე „რესპუბლიკული პარტია“. თქვენ for.ge-სთან ინტერვიუში, ჯერ კიდევ გაზაფხულზე „ოცნების“ ქურქში გახვეულ „პატრიოტთა ალიანსზე“ საუბრობდით. თქვენი პროგნოზი გამართლდა თუ ეს დავით უსუფაშვილმა ახლა აღმოაჩინა?
- ბუნებრივია, „პატრიოტთა ალიანსი“ ძირითადი მოთამაშე არ არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მიბრუნებულია „ასავალ-დასავალის“ ტექსტებისადმი, რაც მას დაძლეული ჰქონდა. როგორც ჩანს, ის ისევ „ასავალ-დასავალის“ ენაზე ამეტყველდა. პროცედურული დემოკრატია და განათლება ირონიისთვის გამოსადეგი როდის მერეა, არ ვიცი, მაგრამ ეს იმ ადამიანის ერთგვარ კომპლექსზე მეტყველებს, რომელიც პროცედურულ დემოკრატიასთან დაკავშირებით, დავით უსუფაშვილის ფრაზას ირონიულად მოიხსენიებს.
ყოფილმა პრემიერმა სპიკერი გიორგი კვირიკაშვილს შეადარა და აღნიშნა, რომ უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე მათი დახმარებით გახდა, ის კი, თავს ამადლის. უსუფაშვილ-ივანიშვილს შორის ვითარება რატომ გამწვავდა?
- ივანიშვილი ყოფილ პრემიერს საჯაროდ არ აკრიტიკებდა, რომელიც ათი მაქანით გადაადგილდებოდა და ღარიბაშვილიც მისი შერჩეული იყო. უსუფაშვილი ერთი ავტომობილით გადაადგილდებოდა და გადაადგილდება კიდეც. კვირიკაშვილს, როგორც პროფესიონალს რაღაც პლუსები აქვს და გვინდოდა, იმედები გვქონოდა. ორი დღის განმავლობაში, კვირიკაშვილი ორპარტიული შეთანხმების მოსურნეც კი იყო, მაგრამ შემდეგ, ივანიშვილისა და „ოცნების“ მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. მოკლედ, კვირიკაშვილი იმ სისტემას მთლიანად მოერგო, რაც მას ივანიშვილმა შესთავაზა. კვირიკაშვილი დეპუტატი ერთხელ იყო, მაგრამ მას პოლიტიკური წარსული არ ჰქონდა, განსხვავებით, უსუფაშვილის პოლიტიკური და საჯარო ცხოვრებიდან. უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ ძალიან რთულ პერიოდებში გამოატარა. მათ შორის, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების, 2009 წლის გაზაფხულის აქციების დროს, ასევე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს. ივანიშვილს უამრავი განცხადება ამოუგდეს, უსუფაშვილს თუ რა ფრაზებით აქებდა. ვფიქრობ, რომ ივანიშვილი შემცბარია.
რატომ?
- ივანიშვილი ხედავს, რომ მისი დამცრობილი „ოცნება“ ძალიან სახიფათო მდგომარეობაშია, ის ერთმმართველობის დაკარგვის საფრთხეს გრძნობს და ადეკვატურობა დაკარგა. 2011 წელს, ივანიშვილის „ოცნება“ დაკავშირებული „რესპუბლიკურ პარტიასთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ იყო და მას ტაბუები არ ჰქონდა. ის მრავალპარტიული საქართველოს ჩამოყალიბებას აპირებდა და სააკაშვილის ერთპარტიული სისტემის წინააღმდეგ მრავალპარტიული პოლუსი შექმნა, რომლის განვითარება ყოველგვარი პოლუსების გარეშე, ჩვეულებრივ მრავალპარტიულობაზე გადასვლა უნდა ყოფილიყო. ეს პირადად ივანიშვილისთვისაც მითქვამს, მაგრამ ის დაშინდა და ხელში ერთი უმწეო, უნიათო პოლიტიკური სუბიექტი შერჩა, რომელიც გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე კოალიცია იყო. კოალიცია ოთხმა პარტიამ დავაფუძნეთ და დღეს, ამ ოთხიდან სამი მასთან არ არის.
თქვენ ივანიშვილის მიერ უსუფაშვილისადმი გაკეთებული განცხადებები გაიხსენეთ და ფაქტი იყო, რომ ყოფილი პრემიერი სპიკერს ფავორიტად მიიჩნევდა. მათ შორის ხიდები რატომ ჩატყდა? მათ ურთიერთობებში ძმები ბერძენიშვილების ფაქტორიც ხომ არ იყო? თქვენ რამდენიმე ხმამაღალი განცხადება გააკეთეთ და ურთიერთობების დაძაბვას ბიძგი, თქვენც ხომ არ მიეცით?
- ფავორიტები კი არა, პარლამენტში მშრომელები ვიყავით. პარტია ერთიანია და ადამიანებს პოზიციების გამოხატვის სხვადასხვა ტემპერამენტი და ფორმა გვაქვს. ბიძინა ივანიშვილი რესპუბლიკელებთან ჭიდილში დამარცხდა და საკუთარი თავი საკუთარ თავთან ჭიდილში დაიმარხა. 2016 წელს, ივანიშვილმა ისევე დაამარცხა 2011 წლის ივანიშვილი, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის სააკაშვილმა - 2003 წლის. სააკაშვილმა საკუთარი თავი დაიმარხა, სხვა ქვეყნის ჩინოვნიკია და ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას არაფორმალურად თუ ფორმალურად ცდილობს. ასევე დაიმარხა თავი ივანიშვილმა, რაც სასარგებლო და კარგი არ არის, მაგრამ ეს წარსულია. სააკაშვილი და ივანიშვილი წარსული გახდნენ.
ივანიშვილი სააკაშვილს წარსულში დაეწია, რადგან მას ორი ტიპის კომპლექსი აღმოაჩნდა. 2012 წელს, მან სააკაშვილი არჩევნებით, ქართველი ხალხის ნებით კი დაამარცხა, მაგრამ მენტალურად, სააკაშვილი მის „სპარინგ“ პარტნიორად დარჩა. ის ისევ სააკაშვილს ელაპარაკება, მეორე მხრივ, ის საკუთარ კოალიციაში „რესპუბლიკურ პარტიასთან“ დამარცხდა, რადგან ვერ გვიყიდა და ვერ გაგვათითოკაცა, რესპუბლიკელებიდან ხალხის ამოკრეფა ვერ შეძლო. მან პარტიიდან უსუფაშვილი ვერ წაიყვანა, სთხოვდა, სპიკერი მინდა იყოო, სხვა თანამდებობებსაც სთავაზობდა. ბევრი რამ ჯერ კიდევ არ გვითქვამს. უსუფაშვილმა GDS-ის ეთერში გააჟღერა, რომ პრემიერის პოსტზე კვირიკაშვილის კანდიდატურა რესპუბლიკელებმა შევთავაზეთ. ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რამდენი მინისტრი შეიცვლებოდა და ჩვენსკენ იყურებოდნენ, ამათმა რაიმე ხომ არ იციანო. ჩვენ ვიცოდით, რომ სამი მინისტრი შეიცვლებოდა.
თუკი თქვენ მინისტრების შეცვლის თაობაზე, პირდაპირი კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან გქონდათ, ეს არაფორმალური მმართველობა არ იყო? ამის წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არ გამოიოდა?
- პარლამენტის თავმჯდომარე და „რესპუბლიკური პარტია“ ძალიანაც ვებრძოდით, მაგრამ კოალიცია კომპრომისებია. შეცდომად რას ვთვლი? თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ევროპული ან ტექნიკური კოალიცია მოვითხოვეთ და მართლები ვიყავით. ასე თუ ისე, კანონით, „ოდეერები“ გავაქრეთ, „ენკავედე“ დავშალეთ და შედეგები დავდეთ. მათ ევროპული კოალიცია შევთავაზეთ და ეს კვირიკაშვილმა ვერ იტვირთა. ტექნიკური კოალიციის პირობებში დავრჩით, რადგან ჩვენს გარეშე სხდომა ვერ გაიხსნებოდა და კვორუმი ვერ იქნებოდა. ამასთანავე, არჩევნებამდე, ან არჩევნების შემდეგ, ევროპული კოალიციის გზით წასვლა გვსურდა, მაგრამ ივანიშვილი საკუთარი ლოდის ტარებისას, ლოდის ქვეშ მოექცა და ვერ ატარა. მისთვის სიზიფეს შრომა დაუძლეველი აღმოჩნდა. ამიტომ, ის ერთპარტიულობას მიუბრუნდა და იძახის, 100 მანდატი მინდაო. „ოცნების“ 100 მანდატს რამდენიც დააკლდება, ქართველ ხალხს პროგნოზებში ივანიშვილის არაკვალიფციურობა იმდენჯერ გაახსენდება. მან მიშა სააკაშვილს მოუგო და ეს უნდა შეერგო, მაგრამ მენტალურად სააკაშვილი ვერ დაამარცხა და ძლიერი არ აღმოჩნდა.
მეორე მხრივ, მან როგორც ჩანს, „განათლებით დამძიმებული თავების“ და პროცედურული დემოკრატიის კომპლექსი ვერ გადალახა. რესპუბლიკელები დიდი ავიამზიდი არ ვართ, მაგრამ ჩვენ სულ ვართ - არა მხოლოდ ძველი, არამედ წარსულის მქონე მომავლის პარტია ვართ.
თუმცა, ყოფილი პრემიერი თვლის, რომ თქვენ ერთპროცენტიანები ხართ...
- მაგას ვნახავთ. 1991 წელს, აჭარაში 20 პროცენტი გვაქვს აღებული, ხოლო 1990 წელს, ორი ოლქი მოვიგეთ. 1992 წელს, არჩევნები შევარდნაძის ფავორიტ ბლოკს მოვუგეთ და უკაცრავად, მაგრამ ასე არ არის. 2004 წელს, გამარჯვებულ სააკაშვილს აჭარაში ბრძოლა გავუმართეთ. ჩავარდნა გვქონდა და 3,8 პროცენტი დაგვიწერეს, მაგრამ არჩევნები ყველასთვის გაყალბდა და ჩვენთვის - არა? ერთი პროცენტი არასოდეს არ გვქონია. ეს არის მოწოდება, რომ ხალხო, რესპუბლიკელები ვერ გადიან, მათზე ნუ იზრუნებთ და ხმა ჩემს „ოცნებას“ მიეცითო. ეს მარტივი პოლიტიკური ტექნოლოგიაა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არც ისე გამოცდილია, რომ ამაში გაწაფული და ჩვენთან კონკურენტუნარიანი იყოს.
მან აჭარაში გროსმაისტერიული პრეტენზიით გამოაცხადა, რომ ბურჭულაძის პლატფორმა ახალი „ნაციონალური მოძრაობაა“ და იქ ვაშაძე და კუბლაშვილები არიანო. მან ჩემზე თქვა, რომ ვარშალომიძე-თარხნიშვილი და ბერძენიშვილი ერთი დონის არიანო. დონეებზე პრეტენზიები არ მაქვს, ნერვები ატროფირებული მაქვს და ამ მხრივ, გამეღიმა. ვინ როგორი დონისაა, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. ჩემს კონკურენტებს პატივს ვცემ. ივანიშვილი გულწრფელი არ იყო, როცა ამას ლაპარაკობდა. მას ჰგონია, რომ მისთვის პოლიტიკური ანალიზი და პროგნოზი იმდენად ბუნებრივი გახდა და ეს საქმე იმდენად შეისწავლა, რომ შეუძლია, ასეთი „მალფუჭებადი“ პროდუქტი შემოგვთავაზოს და შემოგვასაღოს, თითქოს ბურჭულაძე ახალი „ნაციონალური მოძრაობაა“, რაზეც ვუპასუხე, რომ სააკაშვილს კუბლაშვილები ივანიშვილმა წაართვა და ეს ზუსტად ვიცი.
ანუ, პოლიტიკურად „იყიდა“?
- მოდით, ასე ვთქვათ, წაართვა. კოტე კუბლაშვილის საშუალებით, მან მურუსიძის სასამართლო მიიღო და „ჩაიჯიბა“. მისთვის პოლიტიკაში, სასამართლოში თუ ნებისმიერ სფეროში პატრონგამოცვლილი - „ვინც მოვიდა, გაუმარჯოს“ ადამიანები, მისი ბიზნესიმპერიის დროინდელი, რაღაც ზეკაცის დამოკიდებულების დამადასტურებელია. მას ქვეშევრდომები უყვარს და არა პარტნიორები.
ივანიშვილს ქვეშევრდომების და არა პარტნიორების სიყვარულს ოთხი წლის წინაც ამჩნევდით, თუ მაშინ, გაწყობდათ და ამაზე თვალს ხუჭავდით?
- სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან პოზიტიური იყო, რაც პლუსია. სააკაშვილს შევარდნაძის პარტიაში ყოფნის ცუდი და მძიმე გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ჩვენთან მოვიდა, კოალიცია გვთხოვა და შევარდნაძე-აბაშიძის წინააღმდეგ კოალიციის შექმნის თაობაზე მოტივირებული ვიყავით. სააკაშვილმა იცოდა, რომ აბაშიძეს რესპუბლიკელების გარეშე ვერ დაამარცხებდა და ჩვენც ვიცოდით, რომ მის გარეშე შევარდნაძეს ვერ დავამარცხებდით. ასე რომ, სახელმწიფოებრივი პრინციპიდან გამომდინარე ხელი-ხელს ბანს პრინციპი იყო.
როცა სააკაშვილი, ყოფილი მზეჭაბუკი, ურჩხული თავად გახდა და ივანიშვილის სახით ახალი მზეჭაბუკი გამოჩნდა, ის სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში სასარგებლო ფიგურა აღმოჩნდა. თუმცა, მზეჭაბუკები და ურჩხულები უნდა დასრულდეს. ისინი არიან უკვე გამოფიტული, ყოფილი ლიდერები.
არ ფიქრობთ, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, ივანიშვილის დამარცხება გაგიჭირდებათ, რადგან მის სახელს არც მიტინგების დაშლა, არც პატიმრების წამება და არც ბიზნესის დატერორება არ უკავშირდება?
- ის უკვე დამარცხებულია. მედია არის და ვსაუბრობთ, რაც კარგია. ბოლო ხანებში, ივანიშვილმა თავი შევარდნაძემდე ჩამოილაბორანტა და მას ახალ „ოცნებაში“ შევარდნაძის კადრები შერჩა. 2016 წლის „ოცნებაში“ 12 მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ არის გადმობირებული, რომლებიც ე.წ. ვინც მოვიდა, გაუმარჯოს პრინციპით არიან. ასევე იქ არის ნარჩემაშვილი და უკვე რეპუტაციის შელახვისთვის გამზადებული ერთი-ორი ახალგაზრდა, რომლებიც ბოლო პერიოდში, „ოცნებამ“ ახალ სახეებად გამოაჩინა, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ბაზარზე რეპუტაციის შელახვისთვის შემოაგდო, ისინი გამოუცდელები არიან და ამდენს ჯერ ვერ ხვდებიან.
როცა ე.წ. პორტირებულ ნაციონალებზე საუბრობთ, მინდა, შეგახსენოთ, რომ მათი საშუალებით უმრავლესობა შეინარჩუნეთ და მაშინ, თქვენი მხრიდან კრიტიკა არ ისმოდა. ხშირად, თინა ხიდაშელი კახა ოქრიაშვილს ახსენებს და ავიწყდება, რომ ის თავდაცვის მინისტრი ოქრიაშვილის ხმითაც გახდა?
- ისედაც გახდებოდა. ჩვენ მაგ ხალხის უმრავლესობაში შემოყვანის მომხრე არ ვიყავით.
თუმცა, თქვენ ეს საჯაროდ არ გითქვამთ...
- კოალიცია კოალიცია იმისთვის არის, რომ საკითხები შეთანხმდეს. თუმცა, კახა ოქრიაშვილთან და რამდენიმე ადამიანთან მიმართებაში დამოკიდებულება არც მაშინ დაგვიმალავს. პრაქტიკულად, უმრავლესობა მათ გარეშეც რჩებოდა, მაგრამ „ოცნებამ“ და ივანიშვილმა იმაზე იზრუნეს, რომ უმრავლესობა მხოლოდ რესპუბლიკელებზე არ ყოფილიყო დამოკიდებული.
რატომ, არ გენდობოდნენ?
- როგორც ჩანს, მათ ასეთი განცდა ჰქონდათ. რომ არ დავწვრილმანდეთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ივანიშვილი ძლიერი მაშინ იყო, როცა მასთან „თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკელები იყვნენ. ჩვენ ძირითადი ტვირთი აღებული პარლამენტში გვქონდა, მათ მთავრობაში. მათი წასვლის შემდეგ, კოალიციის რეორგანიზაციის მომთხოვნი ვიყავით და საპარლამენტო ტვირთს მთავრობის ტვირთიც დავამატეთ. ივანიშვილს სერიოზული შეცდომა მოუვიდა. მან დავით უსუფაშვილს პარტიის დატოვება, როგორ შესთავაზა? ივანიშვილმა უსუფაშვილს შესთავაზა, ჩემი ქვეშევრდომი გახდიო. ივანიშვილმა თქვა, რომ რესპუბლიკელებისთვის სახელმწიფო იქ მთავრდება, სადაც პარტია იწყებაო. 2012 წელს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, კოალიციის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, როცა მან ეს სიტყვები თქვა, ვუპასუხე, რომ რესპუბლიკელებს ასეთი შეფასება არავისგან არ მიგვიღია, არ აგვიტანია, არ მივიღებთ და არ ავიტანთ-თქო. მაშინ, ძალიან მძიმე ლაპარაკი გვქონდა, მან ჩემი მკაცრი პასუხი მიიღო, თავი მოთოკა, გაბრძანდა, დაბრუნდა, სხვა რაღაც კითხვა დასვა და თქვა, დათო მართალიაო. ეს საუბარი ამით დამთავრდა. არც ერთი რესპუბლიკელი არ იყიდება. მათ შორის, არც ათკაციანი ფრაქცია.
თქვენ ივანიშვილს აკრიტიკებთ და მას მის გამონათქვამებს ახსენებთ, მაგრამ საერთაშორისო პრესის ფურცლებზე, ყოფილ პრემიერს ხოტბა დავით უსუფაშვილმაც შეასხა. რიგ საკითხებთან მიმართებაში, მკაფიო განცხადებებს თქვენ უფრო აკეთებდით, ვიდრე უსუფაშვილი. რატომ იკავებდა თავს, თანამდებობა ზღუდავდა თუ ივანიშვილთან ურთიერთობების გაფუჭებას ერიდებოდა?
- ივანიშვილთან თანამშრომლობით უსუფაშვილს უფრო მეტი მოუტანია, ვიდრე მე. ამიტომ, გამოხატვის ფორმებია სხვადასხვა. ის, რომ მერები და გამგებლები პირდაპირ ირჩევა, 50 პროცენტიანი ბარიერია, ანტიდისკრიმინაციული კანონია მიღებული - ეს კოალიციაში რესპუბლიკელების გატანილია. „ოცნებაში“ ამის მომხეები არ იყვნენ და მათ ხელისუფლების მოხვეჭა მარტივად უნდოდათ. მეტი სიმკვეთრე და სიმკაცრე რომ გამოგვეჩინა, უკეთესი იქნებოდა.
საზოგადოების ნაწილი რიგ საკითხებთან მიმართებაში მეტი კრიტიკულობისკენ მოგიწოდებდათ და ანუ, ახლა იმას აღიარებთ, რასაც მანამდე გაურბოდით?
- ივანიშვილთან თანამშრომლობის გარეშე, ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვერ მივიღებდით და „ლიბე“-ს კომიტეტის დადებითი პასუხიც არ იქნებოდა. ეს ჩვენი და ივანიშვილის თანამშრომლობის შედეგად მიღებულია. დეპერსონალიზაცია 2014 წელს ვახსენეთ. რასაც არაფორმალური მმართველობა ჰქვია, იმას ჩვენს ენაზე - დეპერსონალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია ჰქვია. არც ამ ტერმინებს გავურბივართ, მაგრამ სამართლიანობის დამკვიდრებას ვიყენებ, რადგან ამ ქვეყანაში სამართლიანობა არ ყოფილა. გასაგებია, რომ კოალიციაში ურთიერთობა გაგვირთულდა, როგორც ეს დასავლურ ქვეყნებშიც ხდება. „რესპუბლიკური პარტია“ შტორმებში გადარჩენილი მომცრო გემია, რომელსაც მარცხის გამოცდილება არ აქვს. კომპარტიამ და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ დაგვამარცხა. არ ვისურვებდი, რომ ჩვენ ივანიშვილმა მტრად დაგვნიშნოს, რადგან ეს სასარგებლო არც ქვეყნისთვის არ იქნებოდა და არც მისთვის. სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ პარლამენტში არ შევსულიყავით და 4 პროცენტიც კი არ დაგვიფიქსირა, რომ საფინანსო ბარიერი გადაგველახა, რადგან მათ უნდოდათ, რომ ფინანსების გარეშე დავეხრჩვეთ, მაგრამ სააკაშვილი სხვა ქვეყნის ჩინოვნიკია. რესპუბლიკელებთან კონფრონტაციას არავის არ ვუსურვებდი, რაც მუქარა არ არის. ეს იმის გახსენებაა, რომ ხელისუფლებებთან მარცხის გამოცდილება არ გვაქვს. ივანიშვილმა პატრონობა რომ დაგვიპირა და ჩვენ პარტნიორობა შევთავაზეთ, ეს მან ვერ გაიგო. რესპუბლიკელების თავისუფლება შეუზღუდავია, კომპრომისები ვიცით, მაგრამ ქვეშევრდომები არ გავხდებით. მან უსუფაშვილს დაუპირა, ჩემი ქვეშევრდომი გახდი და პარტია დატოვეო. ეტყობა, ვერც კი ხვდება, ან ძალიან გულზე მოხვდა, რომ თავისი ვერ გაიტანა. მან რესპუბლიკელების თავისუფლება ვერ დაამარცხა.
როგორ ფიქრობთ, მომავალი მოწვევის პარლამენტის კონფიგურაცია როგორი იქნება?
- „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ჯამური მაჩვენებელი დაახლოებით ხმების ნახევარი იქნება.
რამდენად მოსალოდნელია, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების საკითხი დადგეს?
- მაღალი ალბათობით, საქართველოში კოალიციის საჭიროება იქნება. ბიძინა ივანიშვილი ევროპულ პოლიტიკას და კოალიციას გაურბის.
ამ შესაძლო კოალიციაში, თქვენს თავს ხედავთ?
- შესაძლოა, კოალიციაში ვიყოთ. მზად ვართ, როგორც კოალიციისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. კოალიციაში ნებისმიერ ფასად არ შევალთ და კოალიციაში ჩვენ და რომელიმე პრორუსული პარტია ერთად ვერ ვიქნებით. იმაზე მეტ პირობას ვერ დავაყენებთ, ვიდრე ეს რეალისტური იქნება. ივანიშვილმა კოალიცია რატომ დაშალა? - მან რესპუბლიკელებისგან მკაფიოდ იცოდა, რომ ჩვენ „დანამატის“ როლს არ დავყაბულდებოდით. ეს კოალიცია მყარი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ გადაწყვეტილებები შეთანხმებებით მიიღებოდა. დემოკრატიულ ინსტიტუტებზე გაცილებით უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ივანიშვილმა.
ანუ, საუბრები იმის თაობაზე, რომ 30 მანდატს ითხოვდით, მართალი იყო?
- საქმე მანდატებამდე არ მისულა. საქმე ხედვებზე მიდიოდა. არ ვაპირებდით, რომ ივანიშვილისთვის ხელისუფლება წაგვერთმია, მაგრამ არ ვგეგმავდით, რომ მისი დანამატი ვყოფილიყავით. ჩვენთვის მთავარია არა ის, ხელისუფლებაში ვართ თუ ოპოზიციაში, არამედ ის ქვეყანა დაახლოებით ისე ვითარდებოდეს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. 2012 წლის ივანიშვილს, 2003 წლის სააკაშვილს არაფერი აღარ აკნინებთ, ისევე როგორც 90 წელს, დამოუკიდებლობის გამომცხადებელ ზვიად გამსახურდიას. ნოე ჟორდანიასაც ვერავინ ვერ დააკნინებს, თუმცა, ყველაზე კარგ ქართველ პოლიტიკოსად არც ის მიმაჩნდა.
ძლიერ ქართველ პოლიტიკოსად ვინ მიგაჩნიათ?
- მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი პოლიტიკოსები ნოე ჟორდანია და ზვიად გამსახურდია არიან, თუმცა, არც ერთის მეხოტბე არ ვყოფილვარ. თქვენ რომ გაიკითხოთ და ვინმეს ჰკითხოთ, 30 ქართველი პოლიტიკოსი გაიხსენოს, იქ 8-10 რესპუბლიკელი გაახსენდებათ. არაფორმალურ პოლიტიკურ კლუბში სულ ვართ - ოპოზიციაშიც, ხელისუფლებაშიც და მაშინაც კი, როცა პარლამენტში არ ვართ.