„საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის“

„საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის“

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ნატოში ინტეგრაცია და რეგიონული უსაფრთხოება - ეს არის საკითხი, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივნი და ნატოს 28 წევრი ქვეყნების ელჩები, საქართველოში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განიხილავენ. წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს მნიშვნელოვან გზავნილს უწოდებენ ხელისუფლების წარმოდაგლენლები და აცხადებენ, რომ ეს არის ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ღია დემონსტრიება.

როგორც წესი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი ვიზიტები არაწევრ სახელმწიფებში არ ხდება, საქართველოს შემთხვევაში ეს უკვე მეოთხე ვიზიტია, რაც პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩენს საქართველოს, როგორც იმ ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას, რომელსაც როგორც არაწევრ სახელმწიფოს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში.

საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო (NAC) ეწვია. ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებისგან დაკომპლექტებულ დელეგაციას, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა. დღესვე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა გიორგი კვირიკაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა.

შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და ნატო-ს მნიშვნელოვან წვლილს ამ პროცესში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები თანდათან უფრო ვითარდება და ამაზე ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, ხოლო საქართველო - ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორი. საუბრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საუბარი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა დემოკრატიული ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დაიშურებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველოში ნატო-ს პირველ საერთაშორისო სამიტს ქვეყნისთვის უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

„ვინაიდან ჩვენი ძალები თავსებადია ნატო-ს ძალებთან, ამიტომ აქცენტი იქნება გადატანილი თავდაცვისუნარიანობიოს განმტკიცებაზე. არაერთი ქვეყანა, რომელიც ესწრება სამიტს, ორმხრივ ფორმატში უწევს დახმარებას საქართველოს და ამ ორმხრივ პაკეტებზეც იყო საუბარი. შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველოს ჩართვა მნიშვნელოვანია, რაც კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს ამ ოჯახთან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აცხადებს, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნებაა და მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ არჩევანის განხორციელებისთვის. მისივე განმარტებით, გამოწვევები, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, არის ასიმეტრიული ხასიათის და მოითხოვს ახლებურ მიდგომებს.

„დღეისთვის ჩვენს რეგიონში და ზოგადად ევროატლანტიკურ არეალში შექმნილია საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო. გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას ჩვენს წინაშე არის ასიმეტრიული ხასიათის და მოითხოვს ახლებურ მიდგომებს. ამ კონტექსტში ნატო-ს, როგორც ყველაზე წარმატებულ ალიანსს განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება. ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ამ ეტაპზე არის უაღრესად დინამიური და ალიანსი აქტიურად არის ჩართული საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს სამხედრო მისიებში და ღირსეული წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის საბოლოო გაწევრიანების შესახებ.

„ნატო-ს ვარშავის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი პროექტების შესახებ და დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ ამ პროექტების განხორციელების გზებზე. ქართული მხარე ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-ში უკანასკნელ პერიოდში დაწყებულ სტრატეგიულ დისკუსიაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შავი ზღვის რეგიონი და საქართველო არის ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია ამ რეგიონში სტაბილურობის გარეშე“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

თავის მხრივ, იენს სტოლტენებრგის განცხადებით, თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეკრება, 28 წევრისა და მონტენეგროს შემადგენლობით, ადასტურებს ძლიერ მხარდაჭერას, ძლიერ პარტნიორობას ნატოსა და საქართველოს შორის. სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს და საქართველოს აკავშირებით ორმხრივ მხარდაჭერაზე ორიენტირებული პარტნიორობა.

„ჩვენ გავმრათეთ ნატო-საქართველოს კომისიის ძალიან პროდუქტიული და წარმატებული შეხვედრა. ღრმად განვიხილეთ საქართველოს წვლილი ერთობლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საქართველოს მიერ მიმდინარე რეფორმებში მიღწეული პროგრესი და რეგიონში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი მდგომარეობა.

ნატო-ს და საქართველოს პარტნიორობა არის ძლიერი და კიდევ უფრო ძლიერდება. საქართველო ახორციელებს ამბიციურ თავდაცვით რეფორმებს, აგრძელებს ქვეყანაში დემოკრატიული და სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას. ეს ყველაფერი ეხმარება საქართველოს ნატოსთან დაახლოებაში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივანი ზუსტ ვადებს ვერ ასახელებს, მაგრამ აღიარებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს როგორც ასპირანტ ქვეყანას გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის. მისივე თქმით, გახდება თუ არა საქართველოს ნატო-ს წევრი, ეს არის საქართველოსა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტი. სტოლტენბერგის განცხადებით, არც ერთი სხვა მხარეს არ გააჩნია არც ვეტოს, არც ამ პროცესში ჩარევის უფლება.

„მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, რომ მას ნატო-ს გაფართღოების პროცესი არ მოსწონს, ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას 28-დან 29 წევრის მიმართულებით. ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ნატო-ს კარი ღიაა გაფართოების მიმართულებით, ეს ეხება საქართველოსაც. ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ბუქარესტში, მე ვიღებდი მონაწილეობას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აღნიშნული გადაწყვეტილება ვარშავის სამიტზე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო მიესლამება რეფორმების განხორციელების მხრივ მიღწეულ პროგრესს, რადგან ყველა ეს რეფორმა მნიშვნელოვანია ნატო-სთვისაც.

„ეს არის ქვაკუთხედი საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის. ნატოს სამიტზე ვარშავაში ნატო-ს ლიდერები მიესალმნენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრესი გაგრძელდება, და მოიცავს საკონსტიტუციო, საარჩევნო რეფორმებს.

ჩვენ ველით, რომ მომავალი არჩევნები დააკამყოფილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დემოკრატიულ სტანდარტებს. ეს მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. ნატო-ს ლიდერებმა გამოხატეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარადჭერა საქართველოსადმი. დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბა თბილისში, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება და ურყევი მხარდაჭერა საქართველოსადმი. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას“, -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღესვე, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი ოფისი გახსნა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის სწორად იყოს მიწოდებული ინფორმაცია, თუ რა არის ნატო.

„ეს პრობლემა დგას მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებშიც და ხშირად მიწევს იმის ახსნა, რომ ეს არ არის მარტო სამხედრო ალიანსი და ნატო არის პოლიტიკური ორგანიზაციაც. მოგილოცავთ ცენტრის გახსნას. ხშირად მის გამო, რომ სხვადასხვა მხრიდან მოდის არასწორი ინფორმაცია, ზოგიერთის შეფასებით, საქართველოს დიდი დრო დასჭირდა ნატოში ინტეგრაციისთვის. საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და ტაქსის ბევრმა მძღოლმაც იცის, რა ითქვა ბუქარესტის სამიტზე“, - აღნიშნა ალექსანდრე ვერშბოუმ.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველო თავისი გადადგმული ნაბიჯებით უახლოვდება იმ სივრცეს, რომელიც არის დაცული, უსაფრთხო, აფასებს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ცალსახად ყველა ქვეყნის მხრიდან დაფიქსირდა, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული, ეკონომიკური, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და იმ პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, რომელიც აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

„ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი. ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები იყო გენერალური მდივნის მხრიდან, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ეს არის ბუქარესტის გადაწყვეტილება. ალიანსის წევრები რჩებიან ამ გადაწყვეტილების მხრადამჭერები, ეს არის დამოკიდებული უკვე წევრ ქვეყნებზე, ალიანსზე, საქართველოზე, თუ როგორ მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით და როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.