„ნაბუკოს“ სპონსორები აზერბაიჯანისგან პროექტში მონაწილეობის შესახებ საბოლოო პასუხს ელიან. თუ აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ტრანსპორტირებაზე უარს იტყვის, კომპანიები მოლაპარაკებებს ირანთან, ერაყთან და თურქმენეთთან დაიწყებენ. ამის შესახებ თურქეთში უკვე
დაუფარავად საუბრობენ. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ტანერ იილდიზის თქმით, ნაბუკოს გაზსადენის მშენებლობის შესახებ კონსორციუმის მონაწილე კომპანიებს შორის შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია 6 ივნისს თურქეთში გაიმართება. თუმცა, ცერემონია უკვე რამდენჯერმე გადაიდო.
„შეთანხმების ხელმოწერა უნგრული კომპანია MOL-ის გამო უკვე რამდენჯერმე გადაიდო. ამჟამად ყველა საკითხი შეთანხმებულია და შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის დაბრკოლებას აღარაფერი ქმნის“,
- განაცხადა
მინისტრმა.
გამოცემა Financial Times Deutschland-ი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნაბუკოს პროექტის განხორციელება ისევ ეჭვქვეშ დადგა.
„ცოტა ხნის წინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოდან ევროპა გაზს მიიღებდა. მას შემდეგ, რაც წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ნაბუკოს რეალიზაცია 2013 წლიდან დაიწყებოდა, ბაქოში სკეპტიკოსები საერთოდ ამ პროექტის არსებობის მიზანშეწონილობაზე ალაპარაკდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბაქო მხარს უჭერს იდეას, რომლის მიხედვითაც ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ იქნება, აზერბაიჯანი ფრთხილობს და ახალი პარტნიორების ძიებაშია,“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ნაბუკოს ფასი თვალსა და ხელს შუა ემატება. თურქული წყაროების ინფორმაციით, „ნაბუკოს“ გაზსადენის მშენებლობა 2-ჯერ გაძვირდა. მშენებლობის დასასრულებლად საჭირო ინვესტიციამ დაგეგმილი 7,9 მილიარდი ევროს ნაცვლად 15 მილიარდი ევრო შეადგინა.
„ნაბუკოს“ გაზსადენის საერთაშორისო კონსორციუმის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან ფასის ზრდას და ხარჯების გადახედვას არ აპირებენ. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე პროექტის საინვესტიციო გადაწყვეტილება შესაძლოა 2012 წლამდე გადაიდოს.
აზერბაიჯანში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის როლან კობია კი დარწმუნებულია, რომ გაზსადენ „ნაბუკოს“ ღირებულების შესაძლო გაზრდა მის რეალიზაციაზე გავლენას ვერ მოახდენს. მისი თქმით, „პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მუშაობა გრძელდება. ჯერჯერობით არ არის გახმაურებული ოფიციალური ციფრები. „ნაბუკოს“ პროექტის სხვადასხვა ტექნიკური ასპექტების, მათ შორის, მისი ღირებულების შეფასება, რამდენიმე წლის წინ მოხდა. ლოგიკურია, რომ ამ ეტაპზე ციფრები გადახედვას საჭიროებს, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა ფოლადის ფასი, მუშახელის ანაზღაურება. ასევე, გარკვეულწილად შეიცვალა მილსადენის მშენებლობის მარშრუტი. ამდენად, პროექტის ახლანდელ ღირებულებას „ნაბუკოს“ კონსორციუმში გადაწყვეტენ“.
სულ ცოტა ხნის წინ ბაქოშიც აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანს ნაბუკოს პროექტის გაზმომარაგება დამოუკიდებლად, კასპიის ზღვის აუზის სხვა ქვეყნების დახმარების გარეშეც შეუძლია.
„მის ხელთ არსებული მარაგები ამის საშუალებას იძლევა“, - აცხადებდა „სოკარის“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ჰოშბაჰტ იუსიფზადემ.
მისი თქმით, ნაბუკოს 3300 კილომეტრი სიგრძის მილსადენს ყოველწლიურად 26-32 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ესაჭიროება. აღნიშნული მილსადენის გავლით აზერბაიჯანისა და თურქმენეთისაგან ბუნებრივი გაზი ევროკავშირის სახელმწიფოებს, პირველ ეტაპზე ავსტრიასა და გერმანიას მიეწოდება. იუსიფზადეს თქმით კი, აზერბაიჯანს 2.2 ტრილიონი კუბური მეტრის ოდენობის გაზის მარაგი აქვს. ცნობისთვის, 2010 წელს „ნაბუკოს“ გადაწყვეტილებით, გაზსადენი აზიიდან ევროპაში დასაკავშირებლად ორ ხაზს, საქართველო-თურქეთისა და ერაყი-თურქეთის გზებს გამოიყენებს. ევროპა აღნიშნული გაზსადების ამოქმედებით ცდილობს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შეამციროს.