პროფესიით ინჟინერია, მაგრამ საზოგადოება იცნობს როგორც მუსიკოსს. ამბობს, რომ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ განახლებულმა გუნდმა და მის ლიდერთან, გიორგი კვირიკაშვილთან საუბარმა გადააწყვეტინა. „ქართული ოცნების“ ვაკის მე-3 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა ხუციშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი პარლამენტი იქნება ძალიან ქმედითუნარიანი და ძველი დაპირისპირებების გახსნებაზე არ იქნება დრო დაკარგული.
for.ge ზაზა ხუციშვილს ესაუბრა.
რატომ დღეს და არა ოთხი წლის წინ? მით უმეტეს, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანი იყავით...
ზაზა ხუციშვილი: პირველ რიგში გეტყვით, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დიპლომში უწერია პროფესია პოლიტიკოსი. ყველა ადამიანი სხვადასხვა პროფესიით მიდის პოლიტიკაში და ავლენს ალღოს. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსისთვის მთავარია განათლება, პოლიტიკური უნარ-ჩვევები, დიპლომატიური და პოლიტიკური აზროვნება, საჭირო მომენტში სწორი გადაწყვეტილების მიღება.
პირველი - რატომაც წავედი პოლიტიკაში, ეს არის „ქართული ოცნების“ განახლებული გუნდი და მისი ლიდერი, გიორგი კვირიკაშვილი, რომელთანაც პირადად მქონდა საუბარი და დავრწმუნდი, რომ დღეს ამ გუნდს ჩემი მცირედი მხარდაჭერა სჭირდება. მეორე - ვხედავ საშიშროებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან ასოცირებული პარტიები ერთიანი ძალით ცდილობენ, როგორმე ხელისუფლებას ჩამოაშორონ „ქართული ოცნება“, რაც ვფიქრობ, რომ მძიმე შედეგებს მოიტანს.
ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე არსებობს?
- ამის შესაძლებლობას არც ვუშვებ, მაგრამ მცირე საფრთხე მაინც არსებობს.
მცირე საფრთხეში რას გულისხმობთ?
- ვხედავ საშიშროებას, რომ ამ გუნდს ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება უნდა, რაც ჩემი აზრით, ძალიან დიდ არეულობებთან იქნება დაკავშირებული.
გულისხმობთ სააკაშვილის განცხადებას, რომ იმაზე ადრე დაბრუნდება ქვეყანაში, ვიდრე ივანიშვილს წარმოუდგენია?
- კეთდება ასეთი განცხადება, ეს იქნება ძალიან დიდი პროვოკაციების და არეულობის სათავე, რასაც ჩვენ კანონისა და პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში არ დავუშვებთ. მესამე მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე პოლიტიკაში შემოსავლა - ბურკი ამბობდა, რომ ბოროტება იმარჯვებს მაშინ, როდესაც კარგი ადამიანები უმოქმედონი არიან. ძალიან ბევრი თბილი წერილი მომდის, რომ წესიერი ადამიანი ვარ და რატომ წავედი პოლიტიკაში. ვპასუხობ, რომ აბა როგორ წარმოგიდგენიათ, კარგი ადამიანები არ უნდა წავიდნენ პოლიტიკაში?
ცუდი ადამიანები უნდა წავიდნენ, ჩვენ ვაკრიტიკოთ და ჩვენს თავზე არავითარი პასუხისმგებლობა არ ავიღოთ? ჩემთვის დადგა ასეთი მომენტი, როდესაც მინდა ვიყო მოვლენების ცენტრში. ჩემი პრიორიტეტი იქნება საქართველოს ევროპული განვითარება, დემოკრატიის უფრო გაღრმავება, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა და ყველაფერი ის, რისთვისაც ჩვენ უარი ვთქვით საბჭოთა კავშირზე და ვაშენებთ თანამედროვე ევროპული სტილის ქვეყანას.
ფაქტია ისიც, რომ ოცნების გუნდში მომღერლების, სპორტსმენების და მსახიობების სიმრავლეზე გაკეთა აქცენტი და ითქვა, რომ ეს არ იყო შედეგზე ორიენტირებული...
- რაც შეეხება მომღერალს, ამას გვეუბნება ის პარტია, რომელსაც თვითონ ჰყავდა ძალიან დიდი დოზით მომღერლები და სპორტსმენები წარმოდგენილი. შოუ ბიზნესიდან წარმოდგენილი ვართ ორი ადამიანი, მე და ზაზა პაპუაშვილი. ჩვენ გვყავს ორი რაგბისტი - ირაკლი აბუსერიძე და ბიძინა გეგიძე. ასევე გვყავს 2 ფეხბურთელი - ლევან კობიაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი. საუკეთესო პრეზიდენტი იყო რეიგანი და კალიფორნიის გუბერნატორი შვარცნეგერი. სპორტისა და მუსიკის სფეროში არიან გონიერი, განათლებული და გაწონასწორებული ადამიანები.
ამ ხარვეზზე საუბრობდა ირაკლი კობახიძე, რომლის განცხადებით, ეს აისახა საკანონმდებლო საქმიანობაში. თუ მაშინ იყო პრობლემა, დღეს მოიხსნა პრობლემა? ამ კითხვას სვამს საზოგადოება...
- თქვენ ნახავთ „ქართულ ოცნების“ სიას და ჰარვარდის დიპლომების რაოდენობასაც ნახავთ. ის პრინციპი, რომელზეც ისაუბრა ბატონმა ირაკლიმ, გულისხმობდა პროცენტულ გადანაწილებას. რა თქმა უნდა, უმრავლესობაში თუ იქნებიან მომღერლები, ამას მეც არ დავუჭერ მხარს. 150 ადგილიან პარლამენტში სპორტსმენები და მომღერლები თუ დაიკავებენ 100 ადგილს, ხოლო ეკონომისტები და იურისტები უმცირესობაში იქნებიან, ეს საშინელება იქნება, მაგრამ ყველა სფეროს წარმომადგენელს აქვს უფლება დაიცვას როგორც თავისი სფეროს, ასევე თავისი ამომრჩევლის ინტერესები. ვფიქრობ, ძალიან კარგი ბალანსია „ქართულ ოცნებაში“ და ამაში დარწმუნდებით როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს განახლებულ გუნდს.
განვლილ 4 წელს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ პრობლემები რჩება. უმშევრობა ეს არის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი ქვეყანაში, მაგრამ არანაკლებ მტკივნეულია სამართლიანობის აღდგენის საკითხი, რომელიც ისევ აქტუალურია. მეთანხმებით, რომ სამართლიანობის აღდგენის მხრივ არ იყო შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული?
- მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, წელს პირველად არის მაქსიმუმი შობადობის. რაც შეეხება უმუშევრობას, გეტყვით, რომ ამ მიმართულებით გვაქვს წინსვლა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. ბოლო 2 წელიწადში თბილისში დაახლებით 8%-ით არის შემცირებული უმუშევრობა. ასევე დადებითი ტენდენცია არის საქართველოს რეგიონებში. მოსახლეობის უმრავლესობას ასაქმებს კერძო ბიზნესი და მოგეხსენებათ, რომ კერძო ბიზნესი სამ-სამ წრეზე იყო დატერორებული.
განვითარების ნაცვლად, ხშირ შემთხვევაში, მათ ვერ შეძლეს საკუთარი თანამშრომლების შენარჩუნება, ისეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიზნესი. დღეს, როგორც არასდროს ისე უჭერს ბიზნესი მხარს გიორგი კვირიკაშვილს და დიმიტრი ქუმსიშვილს, მათ აქვთ შეხვედრები და ძალიან დიდი ოპტიმიზი აქვთ. სწორედ ეს არის აღმშენებლობის და ხალხის დასაქმების წინაპირობა.
რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, 2012 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ წაგების შემდეგ, რამდენჯერ გაიყიდა „რუსთავი 2“? - ერთ კვირაში სასაწრაფო წესით, სამი მეპატრონე გამოუცვალეს. ხშირ შემთხვევაში წართმეული ქონებები ორჯერ და სამჯერ არის გადაყიდული, მას ჰყავს ე.წ. კეთილსინდისიერი შემსყიდველი, რაც ძალიან ართულებს პროცესებს.
სამი ძირითადი ობიექტი, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ ასე ურცხვად საუბრობდა - 40 ხის გაჩეხვა, ბახტრიონის ქუჩის ბოლოს, ჩოგბურთის კორტები და ჯიქიას ქუჩაზე ფეხბურთის მოედანი, სამივე ეს ტერიტორია ირაკლი აბესაძის ხელმოწერით არის გაყიდული. თუ მესაკუთრეს არ მისცემ შესაბამის ფართს, ან მონაცვლეობას არ გაუკეთებ, სხვა შემთხვევაში მას, როგორც პატიოსან შემსყიდველს, შეუძლია კორტების დანგრევა და იქ კორპუსის აშენება, ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაშინ, ისევ სააკაშვილის მეთოდით უნდა იმოქმედო, მიუვარდე დაიჭირო და მერე აქეთ ახვეწნინო, ოღოდ გამომიშვი და არაფერი მინდაო. ასეთ მძიმე მემკვიდრეობასთან გვაქვს საქმე.
მე, ხელს არავის ვაფარებ. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება იყო გულგრილობა, შეცდომები, შეიძლებოდა რაღაცის უფრო ადვილად გამოძიება, მაგრამ იდეალური არავინ არ არის და არც პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებმაც ალბათ, გარკვეულ პირობებში ვერ მიიყვას საქმე ბოლომდე, უუნარობა გამოაჩინეს. ამიტომაც არის 70%-ით განახლებული „ქართული ოცნების“ გუნდი. გარდა ამისა გეტყვით, რომ ყველა ის ადამიანი, ვისზეც გაჩნდა შეკითხვა, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა გაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“.
მაგალითად, ვისთან გაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობა, ვისთან მიმართებაშიც იყო კითხვები?
- არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ დასავლურ კურსს, ასევე, ისეთი ადამიანები, რომელთა მიმართებაში გაჩნდა კითხვები, რომ თითქოს, ბიზნესის გადანაწილებაში მონაწილეობდნენ, რომ თითქოს ერთ-ერთ ბიზნესში იყო ჩაწილების მცდელობა, ყველა ეს ადამიანები „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიშორა. სააკაშვილის მმართველობის დროს იყო პირიქით, იმ ადამიანებზე, ვისზეც შეკითხვები გაჩნდა ძალადობაზე და უკანონო საქმიანობაზე, ყველა დააწინაურა და დაუფასა ის ძალადობა, რასაც ჩადიოდნენ. აი, ეს სხვაობაა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძარობას“ შორის.
„რუსთავი 2“-ის მესაკუთრეების ისტორია გაიხსენეთ, შესაბამისად, მინდა გკითხოთ, ის პროცესები რომელიც არხის გარშემო მიმდინარეობს, ეს არის დავა კერძო მესაკუთრეებს შორის, თუ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, როგორც თქვენი ოპონენტები აცხადებენ?
- ეს პროცესი ბევრჯერ მოიხსენიეს, როგორც ხელიუფლების შეტევა დამოუკედებელ და თავისუფალ ტელევიზიაზე. მათ ჰყავდათ მხოლოდ შემოგდებული ბიზნესმენი, ვისზეც გაფორმებული ჰქონდათ ეს ტელევიზია. ამის შესახებ იცის ქართულმა საზოგადოებამ და განსაკუთრებით იმ ჩანაწერების ნახვის მერე, რომლის ავთენტურობაში ეჭვი არავის ეპარება, რაც თავად ბატონმა გვარამიამაც დაადასტურა. ამ ჩანაწერით ნათელია ვინ ხელმძღვანელობს და ვისია ეს ტელევიზია. შესაბამისად, ამაზე ინფორმირებულ ადამიანებს შეკითხვები არ აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის კერძო დავა მოწილეებს შორის. შეიძლება ამ დავაში რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან იყოს წაქეზება კარგი გაგებით.
კარგი გაგებით წაქეზებაში რას გულისხმობთ?
- შეიძლება მე ვიყო დაჩაგრული ხელისუფლების მხრიდან და არ მინდოდეს საქმის წამოწევა, ვიღაცა პოლიტიკოსმა მეგობრულად მირჩიოს, რომ რატომ ჩუმდები, მეც გერდში დაგიდგები და საქმე ბოლომე მივიყვანოთო, ასეთი რამ შეიძლება იყო, მაგრამ ის, რომ ეს ხელისუფლების დონეზე იყოს გადაწყვეტილი, ამას გამოვრიცხავ. ვხედავთ, რომ რამდენიმე მოწილეს შორის არის დავა.
ყველამ კარგად ნახა, რომ ეროსი კიწმარიშვილი ფულით წავიდა „რუსთავი 2“-დან, ინვესტიციები განახორციელა როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში იყიდა ბინა. ასევე, ვნახეთ ქიბარ ხალვაში, რომელიც ქვეყნიდან გადამწვარი საწყობებით წავიდა. ისეთი ტერორი მოუწყვეს, რომ ქვეყნიდან გაიქცა. როცა ბადრი პატარკაციშვილს წაართვეს ტელევიზია, რაც შემდეგ აღიარეს, რატომ არ წაართმევდნენ „რუსთავი 2“-ს ხალვაშს? ჩვეულებრივი მოძალადეები იყვნენ და გაუჭირდებოდათ, თუ მათი სტილი არ იყო?
ლევან ბერძენიშვილი, გია ნუცუბიძე და პეტრე ცისკარიშვილი - ესენი არიან თქვენი კონკურენტები, ვის აღიქვამთ ძლიერ კონკურენტად?
- როგორც პოლიტიკოსის, გამოცდილი და განათლებული ადამიანის ლევან ბერძენიშვილის წონა, სხვა კონკურენტებთან შედარებით ერთი თავით მაღალია. ჩემს მხარეს არის შემდეგი უპირატესობა - „ქართული ოცნების“ რეიტინგი და ეს ჩანს ყველა კვლევაში, გიორგი კვირიკაშვილის პირადი რეიტინგი, რომელიც ასევე ძალიან მაღალია. თქვენ რომ ნახოთ ქალაქის მმართველობაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გამგეობების მიერ შესრულებული სამუშაოები, მერე დარწმუნდებით, ვინ არის უნიათო. უამრავი რამ გაკეთდა, ორჯერ მეტი გზა იგება, ვიდრე ნაციონალების დროს, ორჯერ და სამჯერ მეტ ადამიანს აღმოუჩინეს დახმარება.
მაგარამ ამის შესახებ ინფორმირებული არ არის ქართველი ამომრჩეველი, რაც არის მმართველი გუნდის პრობლემა, რადგან ამომრჩევლამდე ვერ მიჰქონდა სწორი ინფორმაცია რეალურად რა კეთდებოდა მაშინ და რა დღეს...
- გეთანხმებით, რომ ეს ერთ-ერთი ნაკლოვანება არის, მაგრამ მოდით შევხედოთ ასე - ნაციოანალების დროს სამი ტელევიზია თავის დირექტორებიანად და თანამშრომლებიანად მათ განკარგულებაში იყო, კანცელარიაში იწერებოდა მთელი დღის სცენარი და მარტო დადებითი კუთხით პროპაგანდა მიდიოდა. თურმე არავითარი დანაშაული არ ხდებოდა.
მას შემდეგ რაც მედია გათავისუფლდა ზეწოლისგან და მიუხედავად ჩემი პოლიტიკური შეხედულებისა „რუსთავი 2“-ის მიმართ, ამ კოლექტივს ვაღიარებ როგორც ყველაზე პროფესიონალურ გუნდს, რადიკალურად შეცვალეს პოლიტიკა და მხოლოდ უარყოფითი მიმართულებით მუშაობენ. მართლაც რომ სანთლით უნდა ეძებო უკმაყოფილო გლეხი კახეთში და ისინი პოულობენ.
დანარჩენ ტელევიზიებში ასეთი დირექტივა ხელისუფლების მხრიდან, რომ დღე და ღამე ჩვენი გაკეთებული საქმე გააშუქეთო, არ მიდის და არც უნდა მიდიოდეს. უნდა ნახოთ რამდენი პრემიები აქვთ გამოწერილი ნაციონალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. 2015 და 2016 წლებში ათჯერ ნაკლები პრემია აიღეს და ათჯერ მეტი საქმე გააკეთეს „ოცნების“ წარმომადგენლებმა.
ნაციონალები იძახიან, რომ თითქოს, პრემიების ხარჯზე უნდა მოუმატონ 50 ლარიანი პენსიაო, ისევ იმ ტყუილში ცხოვრობენ, რაშიც ცხოვრობდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ამომრჩეველი კიდევ უფრო განახევრდება, რაც იქნება პასუხი მათ 9-წლიან მმართველობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პარლამენტი იქნება ძალიან ქმედითუნარიანი და ძველი დაპირისპირების გახსნებაზე არ იქნება დრო დაკარგული.