პარლამენტის ოთხი წელი - ჩხუბი, კვორუმი და ასანთის ღერით „გაჭედილი“ პულტები

პარლამენტის ოთხი წელი - ჩხუბი, კვორუმი და ასანთის ღერით „გაჭედილი“ პულტები

მერვე მოწვევის პარლამენტმა, ოთხი წლის განმავლობაში, კვორუმის პრობლემა არათუ ვერ მოაგვარა, არამედ კვორუმის არარსებობის გამო, ბოლო საშემოდგომო სესიის სხდომაც კი, ვერ გახსნა.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის გამჭვირვალე შენობაში, დღეს, 13:00 საათზე, პლენარული სხდომა იყო ჩანიშნული, რომელსაც მხოლოდ 30 დეპუტატი დაესწრო, დანარჩენი 120 კანონმდებელი კი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვიურ ანაზღაურებას იღებენ, სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში 30-მა კანონმდებელმა კოლეგების ლოდინში დაახლოებით ერთი საათი გაატარა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სხდომის ჩაშლის თაობაზე განცხადება გააკეთა და დამსწრე საზოგადოებას ბოდიშიც მოუხადა. მათ შორის, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს. მოსამართლეობის წევრობის კანდიდატებმა სპიკერის ბოდიში მიიღეს თუ არა, ამის თქმა რთულია, მაგრამ საგაზაფხულო სესიიდან მოყოლებული, შესაძლოა, ქუთაისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოში ანა დოლიძე, ლევან ბოძაშვილი, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა უფრო მეტჯერ იმყოფებოდნენ, ვიდრე ზოგიერთი დეპუტატი, რადგან ისინი უწყებას ექვსჯერ ესტუმრნენ და მათ უმრავლესობამ ჯერ ნდობა არ გამოუცხადა და მათი ბედი მეცხრე მოწვევის პარლამენტს მიანდო და მიზეზად - „წამსვლელი პარლამენტი“ დაასახელა.

საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის თვალსაზრისით, ბოლო ორი თვის მანძილზე, „ქართული ოცნების“ პასიურობის მიზეზი „წამსვლელი პარლამენტია“, თუ კიდევ სხვა რამ, თუნდაც, უსუფაშვილის მიმართ საბოტაჟი, ამის მტკიცებით ფორმაში თქმა ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ როცა „ოცნებას“ სურდა, საჭიროებისამებრ, ბიუროს სხდომას ღამის 12:00 საათზეც ნიშნავდა და პლენარულ სხდომებს უქმე დღეებშიც ატარებდა. ასე მაგალითად - მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას“ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის მიღება სურდა, ხუთი დღის განმავლობაში, უმრავლესობამ ნაციონალებთან პროცედურული ომი აწარმოა და უქმე დღეების - ხუთშაბათისა და შაბათის საშუალებით კანონი დაამტკიცა.

ამ მოწვევის პარლამენტში მსგავსი რამდენიმე პრეცედენტის გახსენება შეიძლება. მათ შორის, ისეთი სხდომების, სადაც „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოს დასაძლევად თუ ამა თუ იმ კანონპროექტის მისაღებად „ქუდზე კაცი“ გამოჰყავდა და სხდომაზე დავით ბეჟუაშვილისა და კობა დავითაშვილის მიყვანასაც კი ახერხებდა. თუკი აქამდე სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებდა და მათ პოლიტიკურ თამაშებში ადანაშაულებდა, ამჟამად, „ოცნების“ დეპუტაცია პრობლემას არათუ სხდომის ჩავარდნაში ვერ ხედავს, არამედ წინასწარ, სხდომის ჩაშლას აანონსებდა, მოტივად კი, წინასაარჩევნო კამპანიას ასახელებდა.

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ არ ან ვერ ესმით, რომ პარადოქსული მიზეზი მოჰყავთ. თუკი ესა თუ ის პირი მოქმედი დეპუტატის მანტიას პატივს არ სცემს და რეგლამენტით დაკისრებულ უფლებამოსილებას არ ასრულებს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრობა რისთვის სურს - დაკისრებული ვალდებულების შესრულებისთვის და ქვეყნის სამსახურისთვის, თუ თანამდებობისთვის და პრივილეგიებისთვის?!

მართალია, ამ მოწვევის პარლამენტმა აჩვენა, რომ 150-კაციანი შემადგენლობიდან დეპუტატის მანდატის ღირსი სულ რამდენიმე კანონმდებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, კვორუმის არარსებობასა და დეპუტატების „გათამამებაში“ გარკვეული წვლილი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილსაც მიუძღვის, რადგან ჯერ კიდევ 2013 წლის გაზაფხულზე, მას for.ge აფრთხილებდა და ფაქტზე რეაგირებას სთხოვდა, რომ დეპუტატები სხდომებს არ ესწრებოდნენ და კომიტეტებში კვორუმის შევსება გარკვეული მანიპულაციების შედეგად ხდებოდა. მაშინ, უსუფაშვილმა როგორც ახალბედა სპიკერმა გვირჩია, რომ დეპუტატების გადაადგილება თავად გაგვეკონტროლებინა.

ოთხი წლის შემდეგ, კვორუმის გადაუწყვეტელ პრობლემასა და მის მიერ დაშვებული შეცდომის თაობაზე დავით უსუფაშვილმა for.ge-ს შენიშვნა „ყოველგვარი მაგრამ და თუ-ს გარეშე“ გაითვალისწინა, მაგრამ უკვე გვიან აღმოჩნდა, რადგან მან ურჩი დეპუტატების დასასჯელად ვერც რეგლამენტში არსებული ჩანაწერი - „ოჯახური მდგომარეობა“ ვერ შეცვალა და ხშირ შემთხვევაში, ვერც ხელფასის ათი პროცენტი დაუქვითა.

იქედან გამომდინარე, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში სანქციები სათანადოდ არ მუშაობდა, ე.წ. ბიზნესმენი დეპუტატები ამით სარგებლობდნენ და გაცდენების თვალსაზრისით, კობა ნაყოფია, დავით ბეჟუაშვილი, ასევე რამაზ ნიკოლაიშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, ზაზა კედელაშვილი „რეკორდსმენ“ დეპუტატებად ჩამოყალიბდნენ. ისინი სხდომას სურვილისამებრ, სესიებს შორის ინტერვალში ესწრებოდნენ, სამაგიეროდ კი, 1600-4200 ლარის ფარგლებში, კუთვნილ ანაზღაურებას იღებდნენ. ერთი შეხედვით, მინისტრებთან შედარებით, დეპუტატების ხელფასი მაღალი არ არის, მაგრამ ამ მოწვევის პარლამენტში, რამდენიმე კანონმდებელს არათუ ეს ანაზღაურება, არამედ ერთი თეთრიც კი არ ეკუთვნის, რადგან ზოგიერთი მათგანი კანონპროექტებს არათუ არ ამზადებდა, არამედ არც კითხულობდა და ხშირ შემთხვევაში, პულტზე თითის მიჭერის და ტაბლოზე ხმის მიცემის ფუნქციას ასრულებდა.

სხვათა შორის, ზოგიერთ დეპუტატს პულტზე თითის მიჭერაც ეზარებოდა და პულტს ასანთის ღერით „ჭედავდა“. მას შემდეგ, რაც ეს „მეთოდი“ დავით უსუფაშვილმა „გაშიფრა“, რამდენიმე მათგანმა მავნე ჩვევაზე უარი თქვა, მაგრამ შემდეგ პულტის სხვისთვის დატოვება ისწავლა და ეს „ხერხი“ იმ შემთხვევაში არ ამართლებდა, თუ სხდომათა დარბაზში უმცირესობა ან მედია იმყოფებოდა. ნაციონალებიდან დეპუტატების დათვლას და მათ აღნუსხვას ხათუნა გოგორიშვილი ახორციელებდა, ჟურნალისტებიდან კი, ყველა ერთად, რაც ზოგჯერ, სასაცილო სახეს იღებდა, რადგან სხდომათა დარბაზიდან დეპუტატები ჟურნალისტებს ან ციფრებში ედავებოდნენ, ან გოგორიშვილს ადარებდნენ.

შესაძლოა, მედია ხათუნა გოგორიშვილის მეთოდით მართლაც „ხელმძღვანელობდა“, მაგრამ უმცირესობამ საპარლამენტო ბოიკოტი ისე გამოაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის შემდეგ, სხდომათა დარბაზში, წითელ სავარძელში, აღარც ხათუნა გოგორიშვილი აღარ იჯდა. როცა პარლამენტში უმცირესობა იყო, მაშინ, უმრავლესობა მათ ან რეგისტრაციის გავლას სთხოვდა, ისინი კი, ხელისუფლების „უუნარობის“ გამოაშკარავების მიზნით, პოლიტიკურ მანიპულაციებს მიმართავდნენ და სხდომას შლიდნენ, ან ძირითად დროს ერთმანეთის კინკლაობაში, ფიზიკურ დაპირისპირებასა და წარსულის შეხსენებაში ატარებდნენ, განსახილველ საკითხებზე კი, პრიორიტეტების შესაბამისად დაობდნენ.

კვორუმის არარსებობისა და მრავალჯერ მომხადარი ფიზიკური დაპირისპირების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ მერვე მოწვევის პარლამენტი შედგა. შედგა თუნდაც იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში ყველა დეპუტატი „ერთ ხმაში“ არ მღეროდა და მათი რიგებიდან განსხვავებული პოზიციები ისმოდა. მართალია, ზოგჯერ, ეს განსხვავებული პოზიციები საგარეო კურსსაც შეეხო და პარლამენტის თავმჯდომარეს თავის მართლება სტალინთან დაკავშირებით ევროპაშიც მოუწია, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის გამო, პარლამენტის თაროზე რამდენიმე კანონპროექტიც იქნა შემოდებული, ან მინიმუმ კორექტირებული მაინც.

კორექტირებული კანონპროექტები და მიღებული კანონები საქართველოს მოსახლეობაზე თუ რამდენად აისახა, ეს თავად ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს და კითხვებზე პასუხები თუნდაც იმ მაჟორიტარი დეპუტატებისგან უნდა მიიღოს, რომლებიც დეპუტატად არჩევამდე ამომრჩეველს „ოცნების კოშკების“ აშენებას ჰპირდებოდნენ, პარლამენტში ყოფნის დროს კი, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებისთვის თითს ადგილობრივი თვითმმართველობებისკენ იშვერდნენ.

მსგავსმა დეპუტატებმა საკუთარ ოლქს და ამომრჩეველს თუ რა შესძინეს, პარლამენტის კედლებიდან ამის დანახვა რთულია, მაგრამ ზოგიერთი მაჟორიტარი დეპუტატი პრობლემების გაჟღერებას პარლამენტის ტრიბუნიდანაც კი ერიდებოდა. გამონაკლისი აკაკი ბობოხიძე იყო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში, წყალტუბოს ლობირებდა და რაიონის პრობლემებზე ხშირად საუბრობდა. თუ როგორ საუბრობდა, ამაზე დავა შეიძლება, მაგრამ რომ საუბრობდა, ეს ფაქტია. ზოგჯერ, „უცნაური“ საუბრისთვის აკაკი ბობოხიძე ფიზიკური დაპირისპირების ეპიცენტრშიც კი აღმოჩნდა და ერთხელ გიორგი ცაგარეიშვილმა მინერალური წყლის ბოთლი ესროლა, ხოლო მეორედ ზვიად ზვიადაური, ლამის თავზე დაახტა. მართალია, ოლიმპიური ჩემპიონი ტარიელ ლონდარიძემ „განაიარაღა“ და ტრავმას თანაგუნდელიც გადაარჩინა, მაგრამ ამ მოწვევის პარლამენტი კვორუმის პრობლემის გარდა, გამორჩეული შეხლა-შემოხლითაც იყო გამორჩეული.

საქართველოში ძალიან ცოტა იქნება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც არ იციან, ვის ეკუთვნის ფრაზა - „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“. ამ რეპლიკის შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი თავს გიორგი ბარამიძეს დაესხა და უმცირესობა-უმრავლესობას შორის ფიზიკური დაპირიპისპირება მოხდა, მაგრამ სოსო ჯაჭვლიანმა საზოგადოებას თავი „იბიარდზე“ საუბრითაც დაამახსოვრა. ის დეპუტატი ვეღარ გახდება, მაგრამ მშობლიურ კუთხეში „თეთნულდს“ უხელმძღვნელებს.

სოსო ჯაჭვლიანისგან განსხავავებით, უმრავლესობაში მყოფ ზოგიერთ დეპუტატს არ გაუმართლა, რადგან იმის გამო, რომ მათ არაფერი ჩააბარეს და არც რომელიმე პოსტი შესთავაზეს, მმართველი ძალა დატოვეს. ასე მაგალითად - ნანა ყეინიშვილი „ქართულ ოცნებაში“ ოთხი წელი იყო და საკუთარი გუნდის მიმართ უკმაყოფილება არასოდეს არაფერზე გამოუთქვამს, ოთხი წლის თავზე კი, მან პარტია ე.წ. პორტირებული ნაციონალების გამო დატოვა. როგორც ჩანს, ნანა ყეინიშვილს დაავიწყდა, რომ ე.წ. პორტირებულმა ნაციონალებმა ის უმრავლესობა შეინარჩუნეს, სადაც ის ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

ნანა ყეინიშვილის გარდა, თავის დროზე, უმრავლესობა კობა დავითაშვილმა, გია გაჩეჩილაძემ და მურმან დუმბაძემ დატოვეს, მაგრამ ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს უწყებაში პოლიტიკური ფესვები ისე ჰქონდა გადგმული, რომ სურვილის მიუხედავად, „ოცნებამ“ მისი ვიცე-სპიკერის პოსტიდან გადაყენება ვერ შეძლო.

თუ „ოცნებას“ მურმან დუმბაძის შემთხვევაში არ გაუმართლა, მათ ვიცე-სპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშიძე გადააყენეს და თანამდებობა გუბაზ სანიკიძეს ჩააბარეს, რომელმაც „ეროვნული ფორუმის“ კოალიციდან გასვლის პარალელურად, პოსტი დატოვა. მართალია, გუბაზ სანიკიძე მეოთხე წლის ბოლოს გააქტიურდა, მაგრამ მხოლოდ მისი კრიტიკა არ შეიძლება, რადგან მისი მსგავსი ამ მოწვევის პარლამენტში ბევრი იყო. პასიურების მსგავსად, საბედნიეროდ, საკანონმდებლო ორგანოში აქტიური დეპუტატებიც იყვნენ. ისინი ვინც, კანონპროექტებს ამზადებდნენ, ინიცირებას ახდენდნენ და კომიტეტის სხდომების წაყვანაში მრავალ საათს ატარებდნენ.

ალბათ, პასიური და აქტიური დეპუტატები მომავალი მოწვევის პარლამენტშიც იქნებიან, მაგრამ იმედია, მეცხრე მოწვევა წინამორბედს აჯობებს და კანონმდებლები საკუთარ უფლებამოსილებას ბოლო დღემდე, ბოლო საათამდე, ბოლო წუთამდე და ბოლო წამამდე შეასრულებენ და მომავალ სპიკერს დავით უსუფაშვილის მსგავსი სურვილის გამოთქმა არ მოუწევს:

„მინდა ვისურვო, რომ მომავალი პარლამენტი, რომელსაც 8 ოქტომბერს ავირჩევთ, შეძლებს იმას, რომ პირველი დღიდან ბოლო დღემდე, ის დიდი პასუხისმგებლობა ღირსეულად ატაროს, რასაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ჰქვია და მოქალაქეებს ოდნავაც არ გაუჩინოს განცდა იმისა, რომ მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები ფუნქციების შესრულებას ვერ ახერხებენ“.