ჩინეთში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე ბარაკ ობამას მიმართ ჩინელების უცერემონიო დახვედრამ მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია.
„ასოშეიტედ პრესის“ თანახმად, მსოფლიოს სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ჩინელებმა ობამას თვითმფრინავს ტრაპი არ დაახვედრეს და არც წითელი ხალიჩა არგუნეს სათადარიგო ბილიკზე. ამას მოჰყვა ობამას თანმხლები ჟურნალისტების ჩამოშორებაც და, როცა ეს ფაქტი გააპროტესტა აშშ-ის დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ჩინელმა კოლეგამ მას მიუგო, „ეს ჩვენი ქვეყანაა! ეს ჩვენი აეროპორტია!“
ჩინური მხარე ამითაც არ შემოიფარგლა და შეეცადა ობამასთვის ჩამოეცილებინა მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. თავად ჩინელებისგან „პატივნაცემმა“ ობამამ ამ საკითხების კომენტირებისას განაცხადა, რომ არ ღირს ამისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება.
ის, რომ 21-ე საუკუნეში მთავარ პარტიებს ამერიკა და ჩინეთი შეასრულებდნენ, იმთავითვე პროგნოზირებადი იყო, მაგრამ მოსალოდნელზე უფრო სწრაფად ხომ არ ავლენს ჩინეთი თავის ბრჭყალებს?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.
ვაჟა ბერიძე: თავისთავად ცხადია, რომ პროტოკოლური ხარვეზები და გარკვეული უპატივცემულობის დემონსტრირება, რაც ჩინეთში პრეზიდენტ ობამას ჩასვლას ახლდა, იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთს, რომელმაც მოიწესრიგა ეკონომიკა და გახდა მეორე ეკონომიკა მოცულობითი თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში, სურს, მეტის უფლება ჰქონდეს გლობალური თემების დარეგულირების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის პოზიციები მთელი რიგი მიმართულებით საკმაოდ შერყეულია, დასავლეთი სადღეისოდ მაინც არ არის მზად, ამას დათანხმდეს. ამიტომ ჩინეთის მისწრაფებას, გახდეს ზესახელმწიფო, აღსრულება არ უწერია და ასეთი ტიპის გაუგებრობები დასავლეთსა და ჩინეთს შორის კვლავაც იქნება. პრინციპში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგი ვერც ჩამოყალიბდა მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით, მაგონდება ჯორჯ ბუშ უფროსის საარჩევნო კამპანია მეორედ არჩევის პერიოდისთვის, სადაც ერთ-ერთი გამოსვლისას ის მიუთითებდა, რომ ჩინეთისა და ინდოეთის მზარდი ეკონომიკები არის საფრთხე ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის. იმდენად განსხვავდება დასავლეთისა და ჩინეთის ინტერესები მთელ გლობალურ საკითხებში, რომ მათ შორის სრული ჰარმონიის მიღწევა ამ ეტაპზე წარმოუდგენელია.
კარგა ხანია, ჩინეთი სამხედრო ფლოტს აძლიერებს, ასევე, ცდილობს კონტროლის მოპოვებას სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო პოზიციებზე, რაც მას საზღვაო სავაჭრო გზების გაკონტროლების საშულებას მისცემს, ამას ემატება ჩინეთის მზრადი ეკონომიკა, ინვესტიციების გაფართოება სამიზნე ქვეყნებში. ცხადია, ჩინეთის ამგვარი წარმატება საფრთხეს უქმნის აშშ-ის გლობალურ ლიდერობას, მის ეროვნულ უსაფრთხოებას. თუმცა ობამას ადმინისტრაციის თავშეკავებული მმართველობა აძლევდა კი ჩინეთს უცერემონიო დამოკიდებულების გამომჟღავნების საბაბს, თუ ჩინელების ასეთი დახვედრა იმითაც აიხსნება, რომ ამერიკაში ძალიან მალე დადგება პოსტობამასეული პერიოდი? არ ვიცით, იქ ტრამპი გაიმარჯვებს, თუ ჰილარი კლინტონი, მაგრამ აღარ იქნება ობამას ადმინისტრაცია.
- რა თქმა უნდა, ეს ფაქტორები თავისთავად არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩინეთი მზად არ არის მსოფლიო მოვლენებში და ახლი გეოპოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბებაში იმაზე მეტი როლი ითამაშოს, ვიდრე დღეს ასრულებს. ჩინეთის გარკვეული აღმავლობა და მეორე ეკონომიკად მისი ეკონომიკის გადაქცევა არ არის მყარი საფუძველი იმისთვის, რომ უფრო აქტიური გახდეს მსოფლიო პოლიტიკის კარდინალური საკითხების გადაწყვეტაში. არც სამხედრო ძლიერების გაზრდა და არც მისი მრავალმილიონიანი არმია არ შეიძლება გახდეს არსებითი ფაქტორი, რადგან ჩინეთი მზად არ არის მსოფლიო ლიდერის ფუნქცია შეასრულოს. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ გვაქვს ერთპოლუსიანი მსოფლიო, ანუ ლიდერი არის შეერთებული შტატები, რომელიც დღემდე განსაზღვრავს მოვლენათა განვითარებას მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში და გლობალურად მთელ მსოფლიოში. თუმცა შეერთებულ შტატებსაც გაუჭირდა ამ ტვირთის ზიდვა და მთელ რიგ გლობალურ თემასთან მიმართებით ჩიხში შევიდა. აქედან გამოსავალი არ ჩანს. მაგალითად, ავიღოთ ავღანეთის ირგვლივ პრობლემის დარეგულირება, ან იმავე სირიის პრობლემის დარეგულირება, არც აქ ჩანს გამოსავალი. შეერთებული შტატების დომინირების პირობებში ამერიკას შეუძლია მოვლენათა განვითარების ტენდენციის კარნახი, მაგრამ ეს არ ნიშნავს საკითხების გადაწყვეტას. გადაუწყვეტელობა შესაძლოა, ამერიკის ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდეს, გარკვეულ კონფლიქტთა დიდხანს გაგრძელება შეიძლება მას აწყობდეს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უწყობს ხელს აშშ-ის დომინანტური როლის შენარჩუნებას. ამიტომაც უჩნდება პრეტენზიები ისეთ სახელმწიფოს, როგორც ჩინეთია.
თუმცა აქ მხოლოდ ეკონომიკის მოცემულობა და სამხედრო ძლიერების ზრდა არ არის განმსაზღვრელი. აქ მთავარია, რომ სხვა ყაიდის ქვეყნებია შეერთებული შტატები და ჩინეთი. ერთი-მეორის საპირწონე რომ გახდეს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი მნიშვნელოვნად განსხვავდება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში. ჩინეთში ჯერ კიდევ ასეულობით მილიონი ადამიანია სიღატაკის ზღვარზე.
ჩინური მენტალიტეტისა და ჩინური გეოპოლიტიკური ხედვისთვის არ არის დამახასიათებელი სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ეს ასე იყო. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, ჩინეთის გააქტიურება მსოფლიოში მზარდი ეკონომიკის პროდუქციის გასაღების ბაზრის გაფართოებაში თუ გამოვლინდება. სხვა ინტერესი დღეს ჩინეთს არ შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ჩინეთის მხრიდან დემოგრაფიული ექსპანსია შემდგომი პოლიტიკური ექსპანსიის საფუძველი შეიძლება გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების თავის ტკივილია უამრავი საკითხი, დაწყებული ევროპის „ბრექსიტით“ დამთავრებული თურქეთისა და რუსეთის დაახლოებით, ირანის ახალი როლით რეგიონში, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების გაჭიმვით, ჩინეთს მაინც გაუჭირდება, უფრო მეტი ფუნქცია შეასრულოს საერთაშორისო გლობალური პრობლემების გადაჭრაში, ვიდრე ის დღემდე ასრულებდა.
ჩინელების მხრიდან დემოგრაფიული ექსპანსია ახსენეთ და ეს მძიმე რეალობა განსაკუთრებით რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში შეიგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში გაამართლა 1979 წლიდან მოქმედმა „ერთი შვილის ყოლის პოლიტიკამ“ და დაიცვა მსოფლიო 300 000 მილიონზე მეტი ადამიანის დაბადებისგან, ჩინეთის მოსახლეობა წლიდან წლამდე რამდენიმე მილიონით მაინც იზრდებოდა. ამას დაემატა ისიც, რომ 2015 წელს ჩინეთმა „ერთი ბავშვის პოლიტიკა“ დაასრულა და ბევრ წყვილს შეუძლია, იყოლიოს მეორე შვილი. ამერიკელი პოლიტოლოგები უფრო შორს მიდიან და აშშ-სა და ჩინეთს შორის ტაივანისა და კორეის გამო გარდაუვალ ომზე საუბრობენ, რადგან ამერიკა მიზანმიმართულად უშლის ხელს ახალ მეტოქეებს.
თუმცა ეს მძიმე სცენარი შეიძლება გამოირიცხოს მხოლოდ იმ მოტივით, რომ ორივე ქვეყანას ბირთვული იარაღი გააჩნია. გარდა ამისა, ხელის შემშლელი იქნება, ასევე, გლობალიზაცია.
- მოვლენათა ასეთი განვითარება ნაკლებად რეალური მგონია. როცა ესა თუ ის დიდი სახელმწიფო ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სამხედრო ძლიერებას აღწევს და მოსახლეობის რაოდენობითაც წინაურდება, დღის წესრიგში ავტომატურად დგება ხოლმე საერთაშორისო არენაზე მისი როლის გაზრდა სხვადასხვა მიმართულებებით - ექსპანსიის ამოცანა და სხვა. ამის მიუხედავად, არა მგონია, ამ ეტაპზე ჩინეთმა აქტიური ექსპანსიონისტური პოლიტიკა აწარმოოს მსოფლიოში. ამის მიზეზი კი ისიცაა, რომ დღეს მთელ მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში, დეკლარირების დონეზე მაინც, კარგახსნილი ეკონომიკა დომინირებს, რაც გულისხმობს შრომითი რესურსებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას. სწორედ ეს აძლევს საშუალებას ჩინეთს, თავისი გავლენა გაზარდოს მთელ მსოფლიოში, თავისი რესურსები, მზარდი ეკონომიკა და ჯერ კიდევ სერიოზული დემოკრატიული პოტენციალი გამოიყენოს ამ გავლენის გასაფართოებლად. ჩინეთისთვის უფრო შორს წასვლა დღეს არ არის აუცილებელი. წინათ, როდესაც ჩინეთი ღარიბი კომუნისტური ქვეყანა იყო, საკუთარი თავის გასაძლიერებლად დიდ ძალისხმევას ახმარდა ზოგჯერ აბსურდამდე მისულ თეორიებსაც კი, რომლის განხორციელებასაც ვერ ახერხებდა კომუნისტური იდეოლოგიის საფუძველზე.
იმდროინდელი ჩინეთი საბჭოთა ლიდერებს სთავაზობდა, მოდით, აქტიურები ვიყოთ სამხედრო თვალსაზრისით, გავაჩაღოთ ომი დასავლეთის წინააღმდეგ. ისინი ფიქრობდნენ და მოარული ხმების დონეზეც ცნობილია, თუ უამრავი ადამიანი დაიღუპება, ნახევარი ჩინეთი მაინც ხომ გადარჩება სრული აპოკალიფსის პირობებშიო. მაშინ სხვა გამოსავალი არც ჰქონდათ, რადგან მილიონი ადამიანი შიმშილობდა ჩინეთში, დღეს კი, მართალია, ჩინეთის მოსახლეობის ნახევარი ისევ არ ასცდენია სიღარიბის ზღვარს, მაგრამ საარსებო პრობლემები ჩინელებმა მეტ-ნაკლებად მოიგვარეს, აქვთ ზრდის პერსპექტივაც. ასეთ შემთხვევაში აგრესიული პოლიტიკის წარმოება გამორიცხულია. უბრალოდ, ისინი შეეცდებიან, მოძებნონ ახალი მიდგომები, რათა თავიანთი გავლენა გლობალური თვალსაზრისით გააძლიერონ.
ჩინელებმა მოახერხეს ის, რომ შეინარჩუნეს კომუნისტური წყობაც და საბაზრო ეკონომიკაც განავითარეს ისტორიულად მოკლე დროში. ამ ძირძველი და, ამავე დროს, თანამედროვე და განვითარებადი ერის შემოქმედებითი პოტენციალი იმდენად დიდია, რომ მათ აგრესია არაფერში სჭირდებათ, გაცილებით უკეთესი პერსპექტივა აქვთ, თუ ისინი განვითარებას ახალ ეტაპზე, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანენ. ამით მიაღწევენ დომინირებას, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში.
და ბოლოს, ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კონფლიქტურ რეგიონებზე ისაუბრეს, მათ შორის, სირიაში შექმნილ ვითარებაზე, რაზეც შეთანხმებას ობამა წინასწარვე სკეპტიკურად უყურებდა. ცნობილია, რომ რუსეთი და აშშ ვერ თანხმდებოდნენ იმ საკითხზე, თუ რომელი ოპოზიციური დაჯგუფებაა ტერორისტული და ვისი პოზიცია უნდა დაებომბათ სირიაში.
- ჩინეთში შეხვედრა დაემთხვა საერთაშორისო ვითარების მკვეთრ დაძაბვას და გლობალური პრობლემების გამოწვევის პერიოდს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისთავად ეს სამიტები არ არის მოწოდებული რაიმე არსებითი ტიპის ცვლილება შეიტანოს მოვლენათა მიმდინარეობაში. ის, რაც ხდებოდა ამ შეხვედრამდე, არ მაძლევს იმის საფუძველს, ვთქვა, რომ რომელიმე მიმართულებით გარღვევა გვექნება და რაღაცაზე პრინციპულად შეთანხმდებიან. თავისთავად, სირიასთან მიმართებით სიტუაცია არ არის მომწიფებული, რომ კონფლიქტის დარეგულირების ქმედითი და ეფექტური მექანიზმი მოიძებნოს. სირიის გაკონტროლება არ შეუძლია არც ერთ ძალას, რომელიც ჩართულია ამ კონფლიქტში, გარდა სირიის ოფიციალური ხელისუფლების, ასადისა და მისი მომხრეებისა. ეს გულისხმობს რუსეთის მეტ ჩართულობას კონფლიქტის დარეგულირებაში და, ვინც გააკონტროლებს სიტუაციას, ის რჩება სირიის მთავარი გამგებელი. ამ შემთხვევაში, მარტივი ჭეშმარიტებაა, ვინც ატარებს არჩევნებს, ის იგებს. ამიტომ დასავლეთი არ დაუშვებს, ასადმა გააკონტროლოს სირიის მთელი ტერიტორია და შემდეგ ჩატარდეს არჩევნები, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს, რადგან მკვეთრად განსხვავებულია რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები რეგიონთან მიმართებით.
თუმცა ამ სამიტზე ძალიან საინტერესო განცხადება გაკეთდა იაპონიის ხელმძღვანელობის მხრიდან რუსეთთან მიმართებით, რომ ისინი წინ წავიდნენ კურილის კუნძულების კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრის მიმართულებით. თუ ამ განცხადებას მართლაც რეალური ვითარება უდევს საფუძვლად, მაშინ რუსეთისა და იაპონიის ურთიერთობები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება იმის გათვალისწინებით, რომ იაპონია აპირებს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების განვითარებას. ეს სერიოზულად ცვლის გეოპოლიტიკურ კურსს აღმოსავლეთში და ეს მომენტი საინტერესოა ამ ფორუმთან მიმართებით.