„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ გარკვეული ტიპის პროვოკაციებია დაგეგმილი. ირაკლი კობახიძის თქმით, პროვოკაციების განხორციელებისთვის შეიძლება მათ, „თავისუფალი ზონა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ან სხვა ტიპის დაჯგუფებები გამოიყენონ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ასეთი პროვოკაციებით ოპონენტები ცდილობენ ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის პროცესს დააშორონ.
ბრალდებას უარყოფენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. გიორგი ბარამიძის განცხადებით, იმედია მთავრობის „უპასუხისმგებლო“ ქმედებები კვლავ არ დააშორებს საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის პროცესს.
„მთავრობამ კიდევ არ უნდა გადადგას კორცხელის და სხვა ასეთი ძალადობრივი ფაქტების მსგავსი ნაბიჯები, რომელიც ისევ დაგვაშორებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ მთავრობის უპასუხისმგებლო ქმედებები არ დაგვაშორებს კვლავ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, ამ პროცესს“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდებიან პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები და არ დუშვებენ პროვოკაციებს. დავით უსუფაშილის განცხადებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო არა 20%-ით, არამედ რამდენჯერმე უკეთესია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს.
„მე მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდებიან საკმარისად პასუხისმგებლიანი ადამიანები, რომლებიც გაუმკლავდებიან ისეთ უპასუხისმგებლო ადამიანებს, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი და არ დაუშვებენ არანაირ პროვოკაციებს და ძალადობრივ აქტებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 2016 წლის არჩევნებზე უნდა დავადგინოთ საარჩევნო კამპანიის ახალი სტანდარტი, პოლიტიკური ცხოვრების ახალი სტანდარტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით 2012 წლის არჩევნები იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, როგორც დემოკრატიული ძალისხმევა.
„არჩევნები უნდა გაიმართოს ევროპული სტანდარტების შესაბამისად. უნდა ვუჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცისთვის, ვიღაცის ასარჩევად. ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ ევროპულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ეს არ არის მარტივი, როგორც ამომრჩევლებისთვის, ასევე პოლიტიკოსების კონტექსტში, რადგან ამომრჩევლები მიჩვეულები არიან ისეთ საარჩევნო კამპანიას, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ სამყაროს აღსასრულზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საერთაშორისო მოკავშირეები რომ უმაღლესი სტანდარტის არჩევნების ჩატარებას ელოდებიან, ამაზე ღიად საუბრობს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, რომლის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი მის პირად მხარდაჭერაზე მიუთითებს.
„ვფიქრობ, მოკავშირეებისგან მთავარი მესიჯი იქნება ის, რომ განაგრძობენ მხარდაჭერის პოლიტიკას. ისინი კიდევ ერთხელ აღიარებენ იმ წვლილს, რაც საქართველოს შეაქვს ქართველი სამხედროების ჩართულობით. მათ სურთ არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით არსებული პროგრესის მიმოხილვაც, მოუთმენლად ელოდებიან პოლიტიკურ დისკუსიებს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტთან. ისინი ელოდებიან უმაღლესი სტანდარტის არჩევნებს და ელოდებიან კონსენსუსს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ იქნება მიბმული არჩევნების პროცესზე. მისივე თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც გადაწყვეტილია და ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს როგორც კომისიის, ასევე პარლამენტის მხრიდან.
„ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას. ჩვენთვის, როგორც ევროპული სახელმწიფოს მშენებელი საზოგადოებისთვის, არჩევნები არ არის გამოწვევა. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ წინ. ვიზალიბერაზალიციით ჩვენი ინტეგრაციის პროცესი არ სრულდება.
ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც უკავშირდება მომავალი სამი წლის დღის წესრიგს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯით დავიწყებთ ამ სვლას. ჩვენ უკვე 3 თვეა ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში და ვიხილეთ უპრეცედენტო, ღია, სამართლიანი გარემო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერამა, ალექსი პეტრიაშვილმა ღნიშნა, რომ ნუ მივაბამთ არჩევნებს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიც არის საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა. რადგან, მისივე თქმით, ძალიან ცოტა დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას დაიწყებენ.
„მინდა, მოვუწოდო მთელს საზოგადოებას, ნუ მივაბამთ არჩევნებს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიც არის საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა. ეს არის ყველას წარმატება, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და არ მგონია, რომ რაიმე შეფერხებას ჰქონდეს ადგილი, რადგან ამ საკითხის ირგვლივ არის საყოველთაო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებში და დარწმუნებული ვარ, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები ყველა ნაბიჯს გადადგამენ და ყველა ზომას მიიღებენ, რათა არანაირი შეფერხება არ მოხდეს ამ მხრივ“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, რომ არჩევნების პროცესებზე არ არის მიბმული, ამის შესახებ საუბრობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, პროცესი რომ არჩევნებთან იყოს დაკავშირებული, ასეთ შემთხვევაში ევროპარლამენტი დაელოდებოდა 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდა გადაწვეტილებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერაზე.
„როგორც წესი, ასეთი პოლიტიკური ფაქტორების დროს, პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღება. გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ნათელი გახადა, რომ დარჩენილია საკითხის ტექნიკური ასპექტები. პოლიტიკური მხარდაჭერა მიღებულია, რაც ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებაში არჩევნების თემა არ ფიგურირებს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია არჩევნების დემოკრატულ და მშვიდ გარემოში ჩატარება. ვიზა ლიბერალიზაციისგან განსხვავებით, არჩევნების შედეგები შესაძლებელია მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ნატოს თემატიკისთვის.
„როგორც ჩანს, პროვოკაციები იქნება და მხოლოდ განცხადებების მიხედვით ვხედავთ, რომ დაძაბულობა კიდევ უფრო მატულობს. როცა იცი, რომ მოსალოდნელია პროვოკაცია, მაშინ ფრთხილი უნდა იყო, რომ არ წამოეგო ამ პროვოკაციას. ასეთი გონივრულობა ჯერჯერობით ნაკლებად ეტყობათ „ქართული ოცნების“ მომხრეებს. დაძაბულობის და კონფლიქტების წარმოქმნის ნიადაგი ყველა არჩევნებში ხდება და, რა თქმა უნდა, ეს არჩევნებიც არ იქნება გამონაკლისი, მით უმეტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელსაც ჰყავს მომხრეები, მაგრამ ჰყავს მოწინააღმდეგეები და არც თუ ცოტა რაოდენობით. ასე რომ, ბუნებრივი საფუძველი აქვს კონფლიქტებს, რაც შეიძლება მერე პროვოკაციად, ან სხვა ტიპის პოლიტიკურ ფაქტად შეფასდეს.
საჭიროა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მკაფიოდ მოსთხოვონ მხარდამჭერებს ნებიმეირ ფსიქოლოგიურ, თუ ფიზიკურ ძალადობაზე უარის თქმა და ამგვარი ძალადობის შემთხვევაში, საკითხის მოგვარება თავისი მომხრეების დასჯით დაიწყონ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.