„საქართველოში არასოდეს ყოფილა ასეთი მასობრივი შეტევა რუსეთის რბილი ძალის მხრიდან, როგორც ახლა“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, რუსული პროპაგანდისა და პრორუსული განწყობების პოლიტიკური სუბიექტების გაძლიერების ფონზე, საჭიროა, პროდასავლურმა ძალებმა მეტი ძალისხმევა ჩადონ საერთო საკითხებზე ერთობის მისაღწევად, ვიდრე ურთიერთდაპირისპირებაში.
„ჩვენ გვაქვს პრობლემები და ეს შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ძალების მიერ, რომლებსაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა. ამ დროს პროდასავლური ძალები ერთმანეთთან დებატებში შევდივართ და უფრო ხშირად ვართ ჩართული პარტიებს შორის შეხლა-შემოხლით და ამაზე მივმართავთ ჩვენს დროს. ხომ არ სჯობდა, უფრო კარგად აგვეხსნა ხალხისთვის, მაგალითად, რა პროცესები მიმდინარეობს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რატომ გაჭიანურდა პროცესი?“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მისივე თქმით, ეს არის საერთაშორისო პროცესი, რომელიც კარგად უნდა იქნას ახსნილი ხალხისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ანტიევროპული განწყობები გამოიწვიოს, რაც ყველასთვის საფრთხეა. შესაბამისად უსუფაშვილი ფიქრობს, რომ უნდა გავერთიანდეთ არამარტო მაშინ, როცა საერთო საფრთხე არსებობს, არამედ მაშინაც, როდესაც საერთო სარგებლის მიღება გვინდა.
საქართველოში პრორუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალის შესახებ ინფორმაცია, გაზვიადებულად მიაჩნია პრემიერ-მინისტრს. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, პრორუსულ ძალებს არც იმხელა მხარდაჭერა აქვთ, რომ გავლენა მოახდინონ საქართველოს განვითარების ტენდენციებზე. მისივე თქმით, არ უნდა უკუვაგდოთ რუსული პროპაგანდის ფაქტორი და ეს კომუნიკაციების კომპანიაში გავითვალისწინოთ, მაგრამ ასევე არ უნდა გავაზვიადოთ ის პოტენციალი, რაც დაკავშირებულია პრორუსულ ძალებთან.
„ჩატარებულია სხვადასხვა კვლევა, რომელთა შორის ზოგი მეტად სანდოა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ყველა მათგანი აჩვენებს, რომ პრორუსულ ძალებს არ აქვთ მნიშვნელოვანი ეფექტი საქართველოს მოსახლეობაზე და მის განწყობებზე. საქართველო ამჟამად ე.წ. გადარჩენის პოლიტიკას ატარებს. ამაში იგულისხმება რუსეთთან დაძაბულობის შემცირება და, მეორე მხრივ, ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება. ჩვენ გვაინტერესებს რუსეთთან სიტუაციის ნორმალიზება და დაძაბულობის შემცირება, მაგრამ არ შეიძლება რაიმე კომპრომისი ჩვენი სტრატეგიული საკითხების ირგვლივ.
ეს საკითხებია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. როცა ვამბობ „სუვერენიტეტს“, ვგულისხმობ ქართველი ხალხის სუვერენულ გადაწყვეტილებას, გახდეს ევროპის ნაწილი. ამ გადაწყვეტილებაში ცვლილება არ შევა. ჩვენ გვინდა გზავნილი გავუგზავნოთ რუსეთს, რომ ჩვენ არ ჩავერთვებით დაპირისპირებაში, თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერი, განსაკუთრებით სამხედრო გართულება, ამიტომ დღეს ჩვენი პოლიტიკა არის, შეიძლება ვთქვათ, გადარჩენის პოლიტიკა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, რუსეთი დიდ გავლენას ახდენს აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე. გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, მათ შორის რამდენიმე თვის წინ საოკუპაციო ხაზთთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე და საქართველოს მოქალაქეების დაკავება. რაც, მისივე თქმით, უარყოფით ზეგავლენას ახდენს მთავრობის იმიჯზე, მმართველი პარტიის იმიჯზე.
„რუსული პროპაგანდა დაინტერესებულია იმით, რომ ამ რეგიონში თავისი ზეგავლენა დაიმკვიდროს. საქართველოს მთავრობის და მთლიანად პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიზანია როგორმე შევარბილოთ ეს რისკები და ავიცილოთ თავიდან სერიოზული გართულებები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რუსული პროპაგანდის მომძლავრებაზე საუბრობს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, რომლის განცხადებით, რუსული პროპაგანდა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება.
„რუსულ პროპაგანდა რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ ჩვენი ქვეყნისთვის. ვისაუბრე იმაზე, თუ როგორი პასუხი უნდა გაეცეს ამ საფრთხეს. ეს ხომ დაგეგმილი და აღსრულებულია ძალიან პროფესიული სადაზვერვო ორგანიზაციების მიერ და ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მომზადებული ნაბიჯები. ჩვენ, პოლიტიკურმა ძალებმა, კოორდინირებულად უნდა ვიმუშავოთ, რომ არ დავუშვათ რუსული პროპაგანდის გამარჯვება საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ალასანია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში თვალსაჩიონო გახდა რუსული პროპაგნადის გაზრდა საქართველოში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც 10 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.
ექსპერტების განცხადებით, რუსული პროპაგანდა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპისთვისაც. შესაბამისად, ყველა ის ქვეყანა, რომელიც თვლის, რომ უნდა შეეწინააღმდეგოს ამ პროპაგნადას, ნამდვილად უნდა შეიმუშავოს სპეციალური პოლიტიკა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.
ქართველი ექსპერტების შეფასებით საქართველოში აქტიურად შემოდის უკონტროლო რუსული ფული, რომლითაც ფინანსდება როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე მედია. ექსპერტები თვლიან, რომ ამ საეჭვო დაფინანსებისა და იმ საფრთხის გათვალისწინებით, რაც ქვეყანშია სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს, რადგან რუსული გავლენის ქვეშ მყოფი მედია თუ პოლიტიკური ძალა, აქტიურად ეწევა პროპაგანდას, რომ ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის მიუღებელია.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მიზანმიმართულად მუშაობს რუსული პროპაგანდა და ყველა შესაძლებლობას იყენებს ანტიდასავლური განწყობების გასავრცელებლად.
„ქვეყანაში აშკარად შეინიშნება რუსული პროპაგანდის ზრდა. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რას წარმოადგენს დღევანდელი მოსკოვი. ამიტომ, ვიდრე ხელისუფლება იტყვის, რომ ქვეყანაში არანაირი პრორუსული პროპაგანდა არ არსებობს, გაზეთები მაინც წაიკითხონ, რომელიც რასაკვირველია, მომართული არიან რუბლით და არა დოლარით ან ლარით“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.