საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა მიღებულია. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროპოლიტიკის დამატებით მიმდინარეობას. შესაბამისად, მიხეილ ჯანელიძე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული.
44:5-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. პროცედურის თანახმად, ამის შემდეგ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო დისკუსიას გამართავენ. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის დიალოგი 2012 წელს დაიწყო, 2015 წლის ბოლოსთვის კი, ევროკომისიამ დაასკვნა, რომ ქვეყანამ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა.
ევროპარლამენტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირის საბჭოსთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივაზე, შეთანხმების პირველივე მოსმენით მიღწევის მიზნით, ასევე დაამტკიცა მოლაპარაკებებში მონაწილე ჯგუფის შემადგენლობა. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო საკანონმდებლო ცვლილებებს დაამტკიცებს, ბიომეტრული პასპორტების მქონე ქართველები და კოსოვოელები ევროკავშირში ვიზის გარეშე, 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში, 90 დღით ყოფნას შეძლებენ.
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელა ამბობს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გააქტიურებისა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისთვის, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების თემებზე. თუმცა, მისივე განცხადებით, ამის მიუხედავად, საჭიროა, მეტი ძალისხმევა ისეთი სფეროებში, როგორიცაა მედიის თავისუფლება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, არჩევნების სამართლიანობა, ასევე ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობის გაზრდა.
„ევროპარლამენტმა საქართველოსადმი ძლიერი გზავნილი გააჟღერა. როცა კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია, არ არსებობს მიზეზი შეფერხებისთვის. საქართველოს მხარდაჭერით ევროპარლამენტმა უკვე დააფიქსირა ძლიერი გზავნილი. შემდეგი ნაბიჯი უკვე საბჭოზეა დამოკიდებული. ახლა ჩვენ დროულად უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები, რომ პროცესი რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს. ჩემი, როგორც მომხსენებლის პოზიცია უცვლელია - როცა კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია, არ არსებობს მიზეზი შეფერხებისთვის“, - აღნიშნა მარია გაბრიელამ.
ევროპარლამენტის კომიტეტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას, დამსახურებულ გადაწყვეტილებად აფასებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს სასარგებლო საბოლოო გადაწყვეტილება მოკლე ვადებში მიიღება.
„ეს არის საქართველოს მიერ დამსახურებული გადაწყვეტილება. იმედს გამოვთქვამ, ამჯერად სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ“, - აღნიშნავს იოჰანეს ჰანი.
ქართული მხარე ფიქრობს, რომ LIBE-ს გადაწყვეტილება ადასტურებს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ძალიან აქტიურად დგას ევროკავშირის დღის წესრიგში. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე ელოდება, რომ ძალიან მალე პოზიტიური საბოლოო შედეგი დადგება საქართველოსთვის.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, LIBE-ს კომიტეტის გადაწყვეტილება ორი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი - პირველ რიგში კენჭი ეყარა მოხსენებას საქართველოს შესახებ, რომელშიც აღნიშნულია ყველა ის რეფორმა და განხორციელებული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა შესრულებულიყო ის პირობები, რაც საჭიროა ვიზალიბერალიზაციისთვის. სწორედ ამ მიმართულებით გამოიხატა მხარდაჭერა ევროკავშირის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მხრიდან.
„მეორე მხრივ, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა არამარტო ტექნიკური შეფასების და განხორციელებული ქმედებების, არამედ ევროკავშირის და ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური პარტიების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისადმი. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გადაწყვეტილება იმ პროცესში, რომელიც საკმაოდ რთული და კომპლექსურია.
ამ კენჭისყრით მიეცა უფლება მომხსენებელს საქართველოს ვიზალიებრალიზაციის საკითხზე, რათა მან დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან, როგორიცაა ევროკავშირის საბჭო და ევროკავშირის კომისია. ამ ე.წ. ტრილოგიის ფარგლებში მოხდება ტექსტზე შეჯერება, რომელიც გახდება საწინდარი პლენარულ სესიაზე ამ საკითხის განხილვის და საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს ვიზალიბერალიზაციას და მას უფრო დატვირთული ევროპული დღის წესრიგი ექნება.
„პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვენ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვართ ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენ საშინაო დავალება ძალიან კარგად შევასრულეთ და ქებას ვიმსახურებთ. ვაჩვენებთ, რომ ვიზიარებთ ევროპის ფასეულობებს. ევროკავშირის შიგნით არის გამოწვევები, მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა ინსტიტუციისგან პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო სავიზო ლიბერალიზაციას უახლოს მომავალში მიიღებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს მრავალპარტიულად იყო მხარდაჭერილი. მას პრაქტიკულად ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ დაუჭირა მხარი. ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი მუშაობის შედეგი როგორც წინასწარ, სამოქმედო გეგმაზე, ასევე შემდგომ ევროპარლამენტარებთან და საბჭოსა და კომისიაში. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა ინსტიტუციისგან. ამიტომ, იმედი გვაქვს უახლოეს მომავალში ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობისთვის“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
მაშ ასე, ტექნიკურად საქართველომ ყველა დავალება შეასრულა, მაგრამ რჩება ევროპაში მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება. ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ სკეპტიკოსები კვალვაც არიან ევროპაში და ისინი საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებულად დააკვირდებიან.
„თუკი არჩევნებზე იქნება რაღაც დარღვევა და გადაცდომა, ბუნებრივია, ამას გამოიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, რომ უვიზო რეჟიმი კიდევ დიდხანს არ მოგვცენ. ასე რომ, არჩვენებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მნიშვნელობა არ აქვს ეს მიზეზია თუ საბაბი, მაგრამ ფაქტია, თუ რამე იქნება, ამას გამოიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. ახლა მთავარი არის, რომ მას შემდეგ, რაც ტექნიკური სამუშაო დიდი ხანია შევასრულეთ, დავარწმუნოთ ადგილებზე, დედაქალაქებში ევროპული სახელმწიფოები, რომ მოგვცენ უვიზო რეჟიმი. ამ მხრივ, ბუნებრივია, რუსეთი მუშაობს, რომ ეს ჩაგვეშალოს. რუსეთს არ უნდა რომ ჩვენ და უკრაინამ მივიღოთ უვიზო რეჟიმი, სანამ თვითონ მიიღებს“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.