„თუ არასტაბილური გარემო შეიქმნა, ამას გადაყვება „ნაციონალური მოძრაობა“

„თუ არასტაბილური გარემო შეიქმნა, ამას გადაყვება „ნაციონალური მოძრაობა“

მმართველი პოლიტიკური ძალის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს. „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება მმართველი ძალის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში.

როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებს.

„ჩვენი პარტიის მიზანია, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს სწორედ ამგვარ მშვიდ და სამართლიან გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში წარმართოს საარჩევნო კამპანია და ამომრჩევლებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მიზანი სრულიად საპირისპიროა.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ან ჩვენს მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

„ქართული ოცნება“ თხოვნით მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ისეთ ფაქტებზე და შემთხვევებზე, რომლემაც შესაძლოა, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას ხელი შეუშალოს.

„ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ მსგავსი მეთოდები და არ დაუშვან, რომ მათი მხრიდან მოხდეს გარკვეული დაპირისპირების პროვოცირება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირების მხრიდან არის პროვოცირება, არ აჰყვნენ ასეთი ტიპის პროვოკაციებს“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ საკმაოდ ინტენსიური საუბრები მიდის, თუ როგორ შეიჭრან ღონისძიებებზე, შეხვედრებზე და მოახდინონ პროვოკაცია.

„საქართველოში არაფერი არ იმალება, საკმაოდ ინტენსიური საუბრები მიდის, თუ როგორ შეიჭრან ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, როგორ მოახდინონ პროვოკაცია.

მე პირადად მქონდა ასეთი საფრთხე, თუმცა ამის პრევენცია მოხდა, ძალიან ბევრი ხალხი იყო შეხვედრაზე და ეს ვერ განხორციელდა. ბევრი ასეთი შემთხვევაა, რომელიც მიანიშნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მისაქცევად დიდი შანსია, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართული საზოგადოება დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და კონფრონტაციას ვეღარ აიტანს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარია, დასრულდეს სიძულვილი და საფუძველი ჩაეყაროს ნორმალურ ურთიერთობებს.

„ჩვენ არ ვართ სიძულვილის ხალხი, ჩვენ ხომ ადამიანის მოყვარული ერი ვართ. ჩვენ ხომ დღემდე მხოლოდ ერთიანობით მოგვიტანია თავი. მაშ, რა დაგვემართა ამ ბოლო დროს, რა ვირუსი ჩაისახა ასეთი, რომ ვეღარ დავძლიოთ ერთმანეთის სიძულვილი. ნუთუ არ შეიძლება, ადამიანებმა ნორმალურად ისაუბრონ, არგუმენტებით იპაექრონ და არ იყოს ერთმანეთის პიროვნული შეურაცხყოფა?!

ჩვენ ხომ, გარდა იმისა, რომ ევროპელები ვართ, კავკასიელები ვართ და ჩვენთვის პიროვნული შეურაცხყოფა ძალიან მძიმეა. ჩვენ ყოველ საღამოს ჩვენს ოჯახებთან უნდა მივიდეთ და ჩვენს ბავშვებს ჩავხედოთ თვალებში. სწორედ ამიტომ, გვინდა, სხვებს მივცეთ მაგალითი, რომ ასეთი სტილის პოლიტიკა საქართველოში უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს პოლიტიკა, როდესაც ადამიანის ღირსება არაფრად ღირს“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

„ქართული ოცნების“ ბრალდებას არ ადასტურებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დარწმუნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა აქვს. შესაბამისად, როგორც სამადაშვილი აცხადებს, მმართველი ძალა ცდილობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალოს.

„სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ქართველი ხალხისთვის არაფერი აქვს სათქმელი და რომლის წაგებაც არჩევნებში გარდაუვალია, გადაწყვეტილი აქვს წინასაარჩევნო პროცესი აბსრუდული ბრალდებებით წარმართოს. ასეთი ბრალდება მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებს - „ქართული ოცნება“ დარწმუნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა აქვს და ახლა ყველანაირი მეთოდით ცდილობს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ რევოლუციურ სცენარზე მუშაობს, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ყოფილმა პერმიერ-მინისტრმა გააკეთა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნაცმოძრაობა არჩევნების ჩაშლას ცდილობს. როგორც ივანიშვილმა გურიაში, რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რევოლუცია რამდენჯერმა დაგეგმა, თუმცა არ გამოუვიდა.

„ამ პარტიის გათვლა ახლაც მხოლოდ რევოლუციას უკავშირდება. ისევ თვითონ არიან სახიფათონი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ეს წლები მმართველობის პროცესში სულ ძალაზე იყვნენ მომართულნი. რევოლუციიდან 13 წლის შემდეგ, გაზაფხულზე ისევ გეგმავდნენ რევოლუციას. ინფორმაციები ვიცით შიგნიდან და ისედაც ჩანდა. გახსოვთ მიტინგების და დემონსტრაციების აგორება უნდოდათ, რომ უნიათო ხელისუფლება ახლავე უნდა გავუშვათო.

გაზაფხულიდან შემოდგომამდე გადაჰქონდათ, მაშინ არ გამოგვივიდა, ახლა მოვახდენთ რევოლუციას და ისე გავუშვებთო. შემოდგომიდან გაზაფხულზე გადაჰქონდათ და ასე მოვიდნენ დღემდე. ახლაც თვლიან მხოლოდ რევოლუციაზე, რადგან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. მათი ერთადერთი გეგმა არჩევნების აყირავებაა. უნდა გავაცნობიერთოთ, რომ ხიფათი საკმაოდ დიდია“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გურიაში 3%-იანი მხარდაჭერა აქვს. როგორც ივანიშვილი აცხადებს, „ქართული ოცნება“ კვირიკაშვილის მეთაურობით ინარჩუნებს იმ სტანდარტებს მართვაში, რაც მის გუნდთან ერთად წამოსვლის დროს დატოვა.

„ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვაში ათენებენ და აღამებენ, აი, კვირიკაშვილი ასეთი კაცია. აი, სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ აისბერგებსაც ავცდეთ, ეკონომიკაც განვავითაროთ, ევროპაშიც შევიდეთ და ნატო-ს წევრი ქვეყანაც გავხდეთ. ამას სჭირდება სწორი ხელისუფლება და ეს არის რისთვისაც ვიღწვი მე, რომ შეხვედრებისას მოსახლეობა დავარწმუნო, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს. ნუ მიედ-მოედებიან. სირცხვილია, რომ 250-300 ათასი კაცი ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ ელოდება, რა უნდათ, ისევ ძალადობა უნდათ? ისევ ცოცხებს ელოდებიან? რა არის ეს, რა ხდება?“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ რევოლუციურ სცენარზე მუშაობს, ამას ექსპერტებიც ადასტურებენ. როგორც კონსტიტუცინალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი 4 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოსახლეობაში მისდამი დამოკიდებულება შეცვლიყო, მაგრამ რეალურად ეს ვერ მოახერხა და იმ ჯგუფის მხარდაჭერის იმედზე დარჩა, რომელი მუდმივად მასთან იყო ასოცირებული. როგორც ძაბირაძე აცხადებს, დღეს საზოგადოების ფართო ნაწილში „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მხარდაჭერა არ აქვს.

„აუცილებლად დაძლევენ 5%-იან ბარიერს, მაგრამ გამორიცხულია, რომ დიდი რაოდენობით დეპუტაციის გაყვანა შეძლონ. როგორც გვარამია დაგვპირდა, არჩევნებამდე კიდევ წარმოგვიდგნენ საბოლოო კვლევას. ალბათ, იქაც თანაბარი რეტინგი ექნება მმართველ ძალას და ნაცმოძრაობას. უფრო მეტიც, შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე დადგეს. სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ სოციოლოგიური გამოკითხვა, ეს ჩვეულებივი პიარია, რომლის მიზანია საზოგადოების აზრზე ზემოქმედება, რომ არჩევნები გაყალბდა, ამ ფონის შექმნა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისივე განცხადებით, პროვოკაციის ნაწილია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების შტაბის თუ მანქანის დაზიანება, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. როგორც ძაბირაძე აცხადებს, საქმის ამ დრომდე გამოუძებლობა ხელისუფლების მინუსია.

„ხელისუფლება მობილიზებული და კონცენტრირებული უნდა იყოს იმაზე, გამოავლინოს ვინ დგას ყოველივე ამის უკან, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აკეთებენ თუ სხვები. თუ ხელისუფლება წაუყრუებს ამ ფაქტებს, ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებულ კამპანიაში ერთვება ხელისუფლება.

თუ ორივე პოლიტიკური ძალა ცდილობს როგორმე ააგოროს დაპირისპირება, ამას გააკეთებენ, მაგრამ ამ დაპირისპირებაში საზოგადოება არ ჩაერთვება. ეს იქნება პარტიული და პოლიტიკური დაპირისპირება, რადგან „ოცნებისა“ და ნაციონალების მხარდამჭერებში ასეთი მძაფრი დაპირისპირება არ ჩანს. შესაბამისად, არ მგონია, რომ ნაციონალებმა ეს ვერ გათვალონ. თუ არასტაბილური გარემო შეიქმნა, პირველ რიგში, წააგებს ქვეყანა, მაგრამ ამას გადაყვება „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. იმიტომ, რომ ამ არეულობაში ნაციონალები ვერ გაიმარჯვებენ. ისინი დადგებიან საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშე, ფიზიკურ გადარჩენაზე ექნებათ პრობლემები“, - აღნიშნა for.ge-სთან სუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, იმდენად თვითდარწმუნებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომ გაიმარჯვებენ კარსმომდგარ არჩევნებში, პირად ტრაგედიად აღიქვამენ სხვა შედეგს, რაც მომასწავებელი იქნება იმისა, რომ ადეკვატური ქმედების სივრციდან ადვილად გამოსაყვანი იქნება, როგორც კანდიდატები, ასევე მათი ამომრჩევლებიც.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ზოგიერთი ჩვენი სუბიექტიც დაინტერესებული იყოს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად არ იყოს აღქმული, რასაც ცხადია ვიზალიბერალიზაციის დიდი ხნით გადავადება და ნატოს მიერ დამამშვიდებელი განცხადებების უკან წაღება მოგვიწევს. ყველაფერი კი, მისივე თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას დაბრალდება.

„დაუშვებელი არ არის ასეთი სცენარი. დღითი-დღე იძაბება სიტუაცია არჩევნების ირგვლივ. მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის სიდინჯე, თმენისა და საღად აზროვნების უნარი შეგვაძლებინებს გვერდი აუაროთ ასეთ ხაფანგებს და მივიღოთ ის, რისი ღირსიც ჩვენ ვართ. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შანსი, რომ ღირსეულად დავფიქსირდეთ დემოკრატიული ევროპის რუკაზე და ვიყოთ კიდევ უფრო სანდო და შესაბამისად, დაფასებულნი ნატოს მხრიდან.

გამოსარიცხი არაფერია, მაგრამ ნეიტრალიტეტი ასეთ ვითარებაში, შეიძლება ახასიათებდეს მხოლოდ შიშით მოცულ ადამიანს და 8 ოქტომბერი უნდა იყოს სწორედ ის თარიღი, როდესაც უნდა გავაცნობიეროთ როგორი სახელმწიფო გვინდა - სახელმწიფო ხალხისთვის, სახელმწიფო მიშასთვის, თუ სახელმწიფო ბიძინასთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.