პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დაკვეთით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგების თაობაზე კვლევა ჩატარდა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ასაჯაროვებს.
დიდი მცდელობის მიუხედავად, for.ge-მ კვლევის ჩატარების თარიღის, გაწეული სახსრებისა და კვლევის შედეგების თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ოფიციალური ინფორმაცია ვერ მოიპოვა. პრეზიდენტის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ საკითხზე ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს. შესაბამისად, ჩვენთვის კითხვები პასუხგაუცემელი რჩება - თუ საიდან დაფინანსდა კვლევა, ვის მიერ ჩატარდა და თუ რაში დასჭირდა კვლევის შედეგები ქვეყნის პირველ პირს.
პოლიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილის გააქტიურება სწორედ ამ კვლევის შედეგებს უკავშირდება, რომლის თაობაზეც ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე პარტიას მიეწოდა.
იქედან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკითხზე ღია საუბარი არ ისურვა, for.ge წყაროს მიერ მოწოდებულ კვლევის შედეგებს გაგაცნობთ. წყაროს ცნობით, კვლევა ივნისში ჩატარდა, საველე ღონისძიებების ფარგლებში კი, 1500 ადამიანი გამოიკითხა.
კვლევის მიხედვით, „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ რაოდენობა
36 პროცენტამდე მერყეობს, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები კი, ასე გადანაწილდა:
„ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს“, გამოკითხულთა
22% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა,
12% - „ნაციონალურ მოძრაობას“,
6% - „თავისუფალ დემოკრატებს“,
3% - „ლეიბორისტულ პარტიას“,
2% - პატრიოტთა ალიანსს“.
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კვლევა ივნისში ჩატარდა, კვლევის მიხედვით, პაატა ბურჭულაძის პარტიამ „გირჩი“-სა და გიორგი ვაშაძის გარეშე, 4% მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, მეორადი არჩევანიც იკვეთება - გამოკითხულთა 16% მეორადი არჩევანით ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 30%.
მმართველ გუნდში პრეზიდენტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განუცხადა, მას აღნიშნული კვლევის თაობაზე არაფერი სმენია.
დეპუტატის მოსაზრებით, ზოგადად, შიდაპარტიული კვლევები მნიშვნელოვანია, რათა მათ საკუთარ პროგრამებში კორექტივები შეიტანონ.
მისი თქმით, საქართველოში შიდა კვლევების გამოქვეყნებას აზრთა ჭიდილი მოსდევს და ის ახალი დაძაბულობის კერას ქმნის.
„პარტიებს შიდა კვლევები უნდა ჰქონდეთ. პრეზიდენტის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ კი არაფერი მსმენია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევებშია. პრობლემების თაობაზე გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე ეს NDI-ის მონაცემებშია. ერთი ნიშანდობლივი ამბავია, რომ საქართველოში გადაწყვეტილება უამრავ ადამიანს მიღებული არ აქვს და კვლევების მიმართ ნდობაც არ აქვს, რის გამოც კითხვას პასუხს არ სცემს. ასევე ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ ბევრი ადამიანი საარჩევნო ყუთთან გადაწყვეტილებას ცვლის და ამ თემაზე წინასწარ არ საუბრობს“, - დასძენს ვოლსკი.
ვოლსკისგან განსხვავებით, აღნიშნული კვლევის ჩატარების თაობაზე „ყური აქვს მოკრული“ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს, ზურაბ აბაშიძეს.
for.ge-სთან საუბარში აბაშიძე 6 პროცენტიან რეიტინგს იმედის თვალით უყურებს და ვარაუდობს, რომ მისი პარტია საარჩევნო ბარიერს გადალახავს.
„ამ კვლევების თაობაზე ყური მაქვს მოკრული. უამრავი კვლევა ტარდება და არ გამოვრიცხავ, რომ ესეც ჩატარებულიყო, მაგრამ „რუსთავი 2“-მა მეხუთე ადგილზე გადაგვისროლა, რაც არარეალურია. 6 პროცენტი დამაიმედებელია და ბარიერს იქეთ რომ ვართ, ეს დიდი საქმეა, რადგან NDI-მ და „რუსთავი 2“-მა მოახერხეს, რომ ბარიერს მიღმა დავეტოვებინეთ, რაც არარეალურია“, - აცხადებს აბაშიძე.
კანონმდებელი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის გააქტიურება ჩატარებული კვლევის შედეგებს უკავშირდება.
„პრეზიდენტი ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში, მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ალბათ, ეს ის კვლევაა, რის საფუძველზეც მან აქტიურობა დაიწყო. ხედავთ, რომ საქართველოში დადის და აგიტაციას ეწევა“, - აღნიშნავს აბაშიძე.
ნაციონალ მიხეილ მაჭავარიანს კვლევის შედგების თაობაზე არაფერი სმენია, თუმცა, ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კვლევა უნდა გამოაქვეყნოს.
როგორც for.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, როგორც ჩანს, მარგველაშვილს კვლევის ჩატარება ვიღაც ჭკვიანმა ურჩია, მაგრამ მან შედეგები უნდა გაასაჯაროვოს.
დეპუტატის შეფასებით, საქართველოში კვლევები იმდენად არასტაბილუტად ტარდება, რომ ძნელია, რომელიმე შედეგზე საუბარი.
„ნაციონალურ მოძრაობას“ მყარი საბაზისო ამომრჩეველი გვყავს და შედეგების გაუმჯობესება ჩვენს მუშაობაზეა დამოკიდებული. 2012 წელს, „ოცნებას“ ვუგებდით, მაგრამ საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგი საპირისპირო იყო. ამერიკაში ყოველკვირეული კვლევები ტარდება და მონაცემების შედარება შეგიძლია. იქ საშუალება აქვთ დინამიკაში უყურონ, ტრამპის რეიტინგი რატომ შემცირდა და ჰილარის გაიზარდა“, - ამბობს მაჭავარიანი.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი კვლევას ყოველთვიურად უნდა ატარებდეს და დინამიკაში გამოჩნდება, რა არის ის მთავარი საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს.
„პრეზიდენტის მხრიდან კვლევის ჩატარება ჩვეულებრივი და სწორია. მას პულსზე ხელი უნდა ეკავოს. როგორც ჩანს, კვლევის ჩატარება ვიღაც ჭკვიანმა ურჩია, მაგრამ შედეგები უნდა გაასაჯაროვოს. ბიძინა ივანიშვილი ხომ არ იტყვის, რა არის მთავარი მოთხოვნა. მთავარია, ხალხი რას ითხოვს. ცუდია, რომ არ ასაჯაროვებენ“, - დასძენს მაჭავარიანი.
იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში, პოლიტიკური პარტიებისთვის კვლევის ჩატარება ერთგვარ ფუფუნებად ითვლება, შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილმა კვლევისთვის საჭირო თანხები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყო, რადგან რამდენიმე თვის წინ, for.ge-ს მიერ მოპოვებული მასალებიდანაც ჩანდა, რომ ქვეყნის პირველ პირს სარეზერვო ფონდიდან თანხები პოლიტიკური კვლევების დაფინანსების თაობაზე ჰქონდა გამოყოფილი.