„ივანიშვილი უსუფაშვილს რას ეპატიჟებოდა, არიქა, სპიკერატში და ჩემი პარტიის ხელმძღვანელად მჭირდებიო?“

„ივანიშვილი უსუფაშვილს რას ეპატიჟებოდა, არიქა, სპიკერატში და ჩემი პარტიის ხელმძღვანელად მჭირდებიო?“

მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი ყოფილ მოკავშირეებს - „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ ღიად უპირისპირდება და თუკი ირაკლი ალასანიას გუნდს სიცრუის დემონსტრირებაში ადანაშაულებს, დავით უსუფაშვილის პარტიას „განათლებული თავებით დამძიმებას“ უწუნებს.

პარტიების კრიტიკის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილი უსუფაშვილ-ალასანიასაც ეხმიანება. ივანიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებებში გიგა ბოკერიას კვალს ხედავს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერს შეადარა და პიროვნული თვისებები დაუწუნა.

„კვირიკაშვილის ძირითადი მოწოდება არ არის საკუთარი სავარძლის შენარჩუნება. კვირიკაშვილი ძალიან დიდი პატრიოტია საკუთარი ქვეყნის, კარგი ფინანსისტი და კარგი მენეჯერია. ძალიან მოკლე დროში აჩვენა, რომ არის ძალიან მაგარი დიპლომატი და მთელ ევროპას და ამერიკას თავი შეიყვარა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. უპატიოსნესი კაცია.

ერთი მანქანით გადაადგილდება ეს კაცი რეგიონებში. საოცრად განიცდის საერთო ფულიდან თითოეული თეთრის დახარჯვას, საოცრად მოწესრიგებული კაცია. უსუფაშვილს არც ერთი მსგავსი თვისება არ აქვს, რაც კვირიკაშვილს აქვს. ქართულ ოცნებაში კოალიციაში ყოფნისას მოახერხა და პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ისევ ჩვენივე დახმარებით და ამას გვამადლის მუდამ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილ პრემიერს უახლოეს მომავალში წერილით უპასუხებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, ჭორების ნაწილში ივანიშვილთან კამათში შეყოლას არ აპირებს.

„როდესაც საუბარია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეიტინგზე, მხარდამჭერთა რაოდენობაზე და ა.შ. ამ თემაზეც ძალიან ბევრი გვისაუბრია მე და ბატონ ბიძინას და შევთანხმებულვართ იმაზე, რომ ქვეყანა ვერასოდეს წავა წინ, თუ იგი არ გათავისუფლდა ჭორების გამავრცელებელი მანქანისგან და რომ ეს მანქანა, სამწუხაროდ, ქვეყანაში საკმაოდ მძლავრობს.

ვწუხვარ, რომ თავად ბატონი ბიძინა აღმოჩნდა ამ მანქანის მსხვერპლი და დღეს ქართულ საზოგადოებას ეუბნება იმას, რომ თურმე მე ან რომელიმე რესპუბლიკელს ილია ჭავჭავაძე ცუდ კაცად მიგვაჩნია. ეს არ არის სახელმწიფოზე ლაპარაკი, ეს არის ჭორების აყოლა, მე არ ვაპირებ ამაში გავყვე. რაც შეეხება სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ამაზე წერილობით უახლოეს დღეებში მოგახსენებთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორც ჩანს, ყოფილი პრემიერის პოლიტიკური გემოვნება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობის შესაბამისად იცვლება, რადგან ცოტა ხნის წინ, ბიძინა ივანიშვილმა მედიის საშუალებით თავად განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილს პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას სთავაზობდა. ამ ფაქტს კოალიციის ყოფილ ლიდერს რესპუბლიკელებიც ახსენებენ და მიიჩნევენ, რომ „2016 წლის ივანიშვილმა 2011 წლის ივანიშვილი დამარხა და დღევანდელი ივანიშვილი 2011 წლის ოქტომბრის ტოლი, ღირსი ვერ აღმოჩნდა“.

სანამ, რესპუბლიკელები ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს გამოეხმაურებოდნენ, მანამდე ყოფილმა პრემიერმა „რესპუბლიკური პარტიას“ ერთპროცენტიანი რეიტინგი უწინასწარმეტყველა და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკურ პარტიისთვის“ „სახელმწიფო იქ იწყება, სადაც პარტია იწყება და იქ სრულდება, სადაც „რესპუბლიკური პარტია“ მთავრდება“.

„დანარჩენი სახელმწიფო, რაც „რესპუბლიკურ პარტიაში“ არ შედის, მათი ყურადღების მიღმა რჩება. კი არ ვციტირებ, მათი წევრების გამონათქვამებს სწორ ინტერპრეტაციას ვუკეთებ, რომ ილია ჭავჭავაძე არცთუ ისე კარგი კაციაო და მათგან ასეთი გამონათქვამები ხშირად გვესმის. განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ. უსუფაშვილი კი, პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენი დახმარებით გახდა და ამას გვამადლის. უსუფაშვილს გიორგი კვირიკაშვილის მსგავსი არც ერთი თვისება არ აქვს“, - დასძინა ივანიშვილმა, რომელმაც უსუფაშვილის მსგავსად, კრიტიკის ქარ-ცეცხლში ირაკლი ალასანიაც გაატარა.

ყოფილი პრემიერის მოსაზრებით, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბევრი სიცრუის ტირაჟირება მოახერხეს და ხშირად, ირაკლი ალასანიას განცხადებები თანხვედრაშია გიგა ბოკერიას განცხადებებთან.

„ალასანიამ უსაფუძვლო და ცრუ განცხადებები გააკეთა იმის შესახებ, რომ ე.წ. კაბელების საქმის ექსპერტი გატაცებული იყო და მოსამართლე საზღვარგარეთ თავშესაფარს ითხოვდა, რაც სიცრუე აღმოჩნდა. რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ გუნდს, მათ უნდა შეძლონ და ნათესაობა გადალახონ. ლიდერი ამდენ სიცრუეს საუბრობდეს, კიდევ რამე დაეჯერება? ბოდიშიც არ მოუხდიათ და გუნდი ლიდერის დინებას მიყვება. ერთ კაცზე მორგებული არიან და ცდილობენ, ალასანიას არ უღალატონ. ასეთ გუნდს მოსახლეობამ ხმა არ უნდა მისცეს“, - აღნიშნა ივანიშვილმა, რომლის განცხადებებსაც შეფასებები რესპუბლიკელებსა და „თავისუფალ დემოკრატებში“ მოჰყვა.

როგორც for.ge-ს ფრაქცია „რესპუბლიკელების“თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, მან განათლებაზე ნეგატიურ კონტექსტში საუბარი პირველად მოისმინა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკმაოდ შეშფოთებულია და ივანიშვილი ტელეეთერების საშუალებით ასე ხშირად, ამიტომ ჩანს.

„ივანიშვილს რესპუბლიკელების მხარდამჭერები პასუხს 8 ოქტომბერს გასცემენ. პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა ერთ პროცენტზე მეტი რამდენჯერაც აღმოჩნდება, ივანიშვილის ანალიზისა და პროგნოზების უნარი იმდენჯერვე გაფერმკრთალდება. „ქართული ოცნება“ 100 მანდატს ვერ მიიღებს, მაგრამ „რესპუბლიკური პარტია“ გაცილებით მეტ ხმას მიიღებს, რადგან აქამდეც მიგვიღია“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

კანონმდებელის მოსაზრებით, ივანიშვილმა დავით უსუფაშვილი არც თუ ისე კორექტულად პირველად მოიხსენია.

„რას ეპატიჟებოდა, არიქა, სპიკერატში და ჩემი პარტიის ხელმძღვანელად მჭირდებიო? - ივანიშვილს საჯაროდ გამოთქმული აზრები ცოტა დაავიწყდა. ერთი რამის კმაყოფილი ვარ - დღეს, ივანიშვილმა ბურჭულაძის კოალიცია ახალ და მთავარ „ნაციონალურ მოძრაობად“ აღარ შემოგვთავაზა. როცა წინა ჯერზე შემოგვთავაზა, მას ძალიან მკაფიოდ ვუპასუხე და ვთქვი, რომ ეს იყო მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც პოლიტიკურ ბაზარზე არ გაიყიდებოდა. ვაშაძე და კუბლაშვილები თავისკენ ივანიშვილმა წამოიყვანა და მერე ბურჭულაძეს გადაულოცა. ის ვამხილეთ და როგორც ჩანს, გაიაზრა, რომ ეს „მანევრი“ არ გაუვიდა, რადგან ის სათანადოდ ინტელექტუალური პროდუქტი არ იყო. დღეს, მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ ბურჭულაძე აღარ იყო“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდია, რომ ივანიშვილმა თავი შევარდნაძედ დაინიშნა, სააკაშვილი - აბაშიძედ.

„საკუთარი პარტიების წარმომადგენელი ორი არაფორმალური მმართველი ერთმანეთისგან მტრის ხატის შექმნას და ერთმანეთის მიშველებას ცდილობს. ქართულ პოლიტიკას მესამე-მეოთხე ძალები სჭირდება. ნიშანდობლივია, რომ 2012 წელს, თანამშრომლობა რესპუბლიკელებსა და „თავისუფალ დემოკრატებს“ შესთავაზა, რომლებიც დღეს საგანგებოდ გვლანძღა და საკმაოდ პოზიტიურად „პატრიოტთა ალიანსი“ მოიხსენია. სამწუხაროდ, ივანიშვილი ისევ „ასავალ-დასავალდა“ და 2016 წლის ივანიშვილმა 2011 წლის ივანიშვილი დამარხა. მანამდე, ასე სააკაშვილს დაემართა, როცა 2003 წლის სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის სააკაშვილმა დამარხა. კიდევ უფრო ადრე ასე შევარდნაძეს დაემართა. სამწუხაროდ, ივანიშვილმა მის მიერ დაანონსებულ მრავალპარტიულობას ვერ გაუძლო. დღევანდელი ივანიშვილი 2011 წლის ოქტომბრის ტოლი, ღირსი ვერ აღმოჩნდა და მისი ლოდი ვერ ატარა. პოლიტიკა მრავალპარტიულობა და კოალიციაა, ეს ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ვერ ისწავლეს. ჩემი პროგნოზია, რომ „ქართული ოცნება“ ისევე აორთქლდება, როგორც „მოქალაქეთა კავშირი“ და „აღორძინება“. მან თავი ჩამოილაბორანტა „მოქალაქეთა კავშირად“. ეს 90-იანი წლების პოლიტიკაა, რაც ქართველმა ხალხმა დაძლია. „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ჯამი ამომრჩეველთა ნახევარიც არ იქნება“, - ამბობს ბერძენიშვილი.

ფრაქცია - „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მსგავსად, მისი მოადგილე თამარ კორძაია ყოფილ პრემიერს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის გაგრძელებაში ადანაშაულებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უსუფაშვილის მიმართ ივანიშვილის განცხადებები შურისძიებას ჰგავს.

კორძაიას თქმით, მას ის დრო ახსოვს, როცა ნაციონალების მმართველობის პირობებში შეკვეთა იყო, რომ რესპუბლიკელებს საარჩევნო ბარიერი არ უნდა გადაგველახათ და მათ 3% დაუწერეს.

„მაშინ, არჩევნები ყველასთვის გაყალბებული იყო და რესპუბლიკელებისთვის არ გაყალბდა? ახლაც ივანიშვილი საჯაროდ აკეთებს დაკვეთას, რომ ჩვენ ერთპროცენტიანი უნდა ვიყოთ და მეტი არ უნდა ვჩანდეთ. მისი ასეთი დამოკიდებულება სამწუხაროა, რადგან მისი ერთადერთი, ძირითადი პარტნიორი და შეუცვლელი ადამიანი უსუფაშვილი იყო. ეს ყველაფერი უფრო პირად შურისძიებას ჰგავს, რადგან ივანიშვილმა საჯაროდ არაერთხელ თქვა, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ უსუფაშვილი ვერ წაართვა. დიახ, ვერ წაართმევდა, რადგან „რესპუბლიკური პარტია“ ერთიან მოსაზრებასა და იდეოლოგიაზე მყოფი ხალხია, რომელსაც ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა აქვს. სამწუხაროდ, ეს ხედვა ივანიშვილისთვის თავსებადი არ აღმოჩნდა და ფაქტობრივად, დღეს, მან საკუთარი თავი ამხილა და თქვა, რომ იდეები, რომ მრავალპარტიული სახელმწიფო უნდა გვქონდეს და მრავალპარტიული დემოკრატია უნდა არსებობდეს, მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან კოალიციაში მრავალპარტიულობას „რესპუბლიკური პარტია“ ითხოვდა. აღმოჩნდა, რომ მან ამომრჩეველი მოატყუა, ჩვენ კი, ისევ ჩვენს ადგილზე ვართ“, - აღნიშნავს კორძაია.

დეპუტატი ფიქრობს, რომ სამწუხაროდ, ივანიშვილმა საკუთარი პოზიცია არაკორექტული ფორმით გამოავლინა, როცა თქვა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ განათლებული ადამიანების პარტიაა, რომელიც თანმიმდევრულია და პროცედურული დემოკრატიის მომხრეა, მაგრამ მას ერთ პროცენტზე მეტი არ უნდა ჰქონდეს.

„მან საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა და საზოგადოებას უთხრა, იცით რა, განათლებულები არ აირჩიოთ, რადგან თავად გაუნათლებლები ხართო. ეს არის განაწყენებული ადამიანის პოზიცია. მას დემოკრატიული განვითარების თაობაზე მცდარი წარმოდგენები აქვს. ძლიერი პარტიების გარეშე, არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს. სახელმწიფო ინტერესებს პარტიები იცავენ და არა ინდივიდები. როცა პროცესი ინდივიდებამდე დადის, დემოკრატია აღარ არის და მან ფაქტიურად აჩვენა, რომ ის დემოკრატიული ლიდერი არ ყოფილა და ის უპირატესობას ანიჭებს არა დეისტიტუციონალიზაციას, არამედ პერსონების გაძლიერებას. პარტიის იქეთ არ იყურებიანო და სახელმწიფო ძლიერი პარტიების გარეშე როგორ არსებობს? პოლიტიკური პარტიის მიზანია, სახელმწიფოს განვითარებაში წვლილი შეიტანოს და როცა იმაზე საუბრობ, რომ პარტია აინტერესებთ და არა სახელმწიფოო, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური წესრიგი ან უნდა, ან მას ისეთი დიდი გამოცდილება არ აქვს, როგორც „რესპუბლიკურ პარტიას“, - დასძენს კორძაია.

რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიციას, ალასანიას გუნდის წევრები ივანიშვილს წარსულს ახსენებენ და რესპუბლიკელების მსგავსად, „ოცნებას“ ნაციონალების პოლიტიკის გაგრძელებას ამჩნევენ.

„ბიძინა ივანიშვილი ჭორებსა და ენის მიტან-მოტანაზე მეტად ვერ ამაღლდა“, - ასე აფასებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ამბობს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ივანიშვილის შეფასებებზე ნაკლებად ღელავენ.

მისივე თქმით, ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ჩართული იყო კაბელების საქმეში და მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა 5 უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასმა. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რომ ალასანიას და ბოკერიას განცხადებები ერთმანეთს ჰგავს, ალასანიას განცხადებით, ასეთი მცდელობები ივანიშვილს ყოველთვის ჰქონდა.

„ეს მცდელობები ყოველთვის ჰქონდა მას, მაგრამ რეალურად ფაქტები ავიღოთ: მურუსიძე ვისი მოსამართლეა და ვისი ხელდასმით მართავს დღეს სასამართლოს? შოთაძე და სხვები პროკურატურაში პრაქტიკულად ნაცვლიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გამოზრდილები არიან და ვისი ხელდასმით არიან და ვისით მართავენ დღეს პროკურატურას?

რეალურად რამდენია უსამართლო საქმე, რომელიც არ მიიყვანეს ბოლომდე და არ გამოიძეს?! ის უსამართლო სისტემა, რომლის გარშემოც ჩვენ გავერთიანდით 2012 წელს, ივანიშვილმა მოირგო საკუთარ პოლიტიკურ ტანზე და ამიტომაც არის აუცილებელი ხელისუფლება შეიცვალოს ამ საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

როგორც for.ge-ს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ განუცხადა, ივანიშვილმა საკუთარი შეფასებით დაადასტურა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული გუნდია და არ არიან თუნდაც ერთი, გავლენიანი ადამიანის ერთგული და მისი პოლიტიკური გემოვნების თუ მმართველობის მსახურებაში. მისი განცხადებით, მისი პარტია პრინციპული გუნდია, რომელმაც როგორც კი დაინახა, რომ მთავარი პროკურატურა გამოყენებული იყო პოლიტიკური მიზნით და პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო ციხეში სრულიად უდანაშაულო ადამიანები ჩასვეს, გამოვიდა და თქვა, რომ ეს არ არის სახელმწიფო, რომლისთვისაც ერთად იბრძოდნენ.

„ივანიშვილი წუხს, რომ თანამდებობები ირაკლი ალასანიასთან ერთად დავტოვეთ, მაგრამ ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ იმ პრინციპებსა და ღირებულებებს ხელისუფლებამ გადაუხვია, რომლისთვისაც ერთად ვიბრძოდით. მისმა საუბარმა დაადასტურა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები არიან, რადგან სასამართლომ, არასამთავროებმა და სახალხო დამცველმა სრულიად ობიექტური შეფასებები დადეს და თქვეს, რომ ამ საქმეში არანაირი მოტივი არ არის და ეს ადამიანები მურუსიძის სასამართლომ ციხეში უკანონოდ ჩასვა. სამწუხაროდ, ივანიშვილი ჯიუტად იმეორებს, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები იყვნენ. დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფოს შენებისთვის ვიბრძვით და ვამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა გააგრძელა და პროკურატურა პოლიტიკურია, ხოლო სასამართლო მურუსიძის ხელშია. სამართლებრივი-დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ბრძოლა გრძელდება, რომელსაც მოვიგებთ“, - ამბობს დეპუტატი.

გოგუაძე თვლის, რომ ივანიშვილი ალასანიას პიროვნულად უპირისპირდება.

„სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში პიროვნული ამბები, დაპირისპირებები და ჭორები ძალიან ბევრია. სამწუხაროა, რომ პიროვნული ურთიერთობების გამო, პოლიტიკოსებს კომპეტენცია, პრინციპულობა და ღირსება ავიწყდებათ, რაც ცუდია და უნდა დავასრულოთ“, - დასძენს გოგუაძე, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი გიორგი ცაგარეიშვილი.

for.ge-სთან საუბარში ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი ხვდება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი „თავისუფალი დემოკრატების“ გარეშე ვერ შედგება.

კანონმდებელის მოსაზრებით, ივანიშვილი მიხვდა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ დამოუკიდებელ ძალად ჩამოყალიბდა თავისი უნიკალური ხედვებით, განუმეორებელი ხელწერითა და ლიდერებით.

„ეტყობა, ეს ივანიშვილს არ აწყობს, რაც მისი შეფასებების მაპროვოცირებელი იყო. ამგვარი შეფასებები სულ მცირე არაეთიკური იყო. 2012 წელს, ივანიშვილი თავის გარშემო ლიდერებს ერთგულებით, ურთიერთგაგებისა და თანადგომის ნიშნით იკრებდა. თუ ადამიანს ეს თვისებები არ გააჩნია, ვერც პოლიტიკოსად ვერ შედგება და ვერც პიროვნებად. თუ კაცად ვერ შედგები, ვერც პოლიტიკაში ვერ შედგები. ჩემმა მშობლებმა ასე გამზარდეს, აქამდე ასე ვიცხოვრე და მეგონა, რომ ივანიშვილმა ამ თვისებების გამო შეგვარჩია. მაშინ, ორგულობა, ღალატი და ქვეშქვეშობა რომ ყოფილიყო, წარმატება მოვიდოდა? მეგობრობა და ურთიერთგატანა დასაძრახი ახლა რატომ არის?“, - ინტერესდება ცაგარეიშვილი.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ თუკი პარტიის წევრები ლიდერს პატივს სცემენ და ეს ვიღაცას ბელადომანიად მიაჩნია, სწორი შეფასება არაა.

„რაც შეეხება ლიდერებისადმი ლტოლვას და სიყვარულს, თავის დროზე, როგორც შევარდნაძისგან მიტოვებული „მოქალაქეთა კავშირი“ დაიშალა ხუხულასავით, ასე დაიშლება ივანიშვილისგან მიტოვებული „ოცნება“ და ოდესელი ვიგინდარასგან მიტოვებული „ნაციონალური მოძრაობა“. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. თუ დღეს „ოცნება“ ოცნებობს, ივანიშვილის ძალით ოცნებობს, თუ „ნაცმოძრაობა“ ფეხზე დგას, მხოლოდ იმიტომ დგას, რომ მთავარი მკვებავი ძალა სააკაშვილია. ყველამ თავის პარტიას და ლიდერს მიხედოს“, - ამბობს დეპუტატი.

ცაგარეიშვილის შეფასებით, ივანიშვილი ცდილობს, რომ 90-100 მანდატი მოიპოვოს და ამ ციფრების გარშემო ტრიალებს.

„როგორც ჩანს, ეს „ოცნებისთვის“ საკრალური ციფრია. ამ გზაზე ოპონენტების ზღვარგადასული კრიტიკაც გასაგებია. მათი მიზანია, როგორმე „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ დარჩეს, როგორც მაცოცხლებელი და მკვებავი ურთიერთის. არ იქნება ერთი და არ იქნება მეორე. „ოცნებას“ არაფერში არ აწყობს ჩვენნაირი ოპონენტი - გაუსვრელი ხალხი, რომელსაც მიტინგები არ დაურბევია, პატიმრებისთვის ცოცხები არ გაუკეთებია და ხალხის ცემა-ტყეპით არ იყო დაკავებული. როცა ივანიშვილმა თქვა, რომ თურმე, ალასანია-ბოკერიას გამონათქვამები თანხვედრაშიაო, გამეღიმა და რა გითხრათ? - ივანიშვილმა მოძალადე მოსამართლეს მურუსიძეს ხელი მრავალჯერ დააფარა. ასევე მან იმ ადამიანებს დააფარა ხელი, რომლებიც ნაციონალების დროს ადამიანებს ატერორებდნენ. სხვის ბოსტანში ლოდების და არა კენჭების, სროლა მარტივია. ხუთი უდანაშაულო ადამიანი კი ციხეშია, რომელზეც სახალხო დამცველი წერს, რომ დაკავებულები უმოტივოდ არიან და მათი კონსტიტუციური უფლებები ირღვევა“, - დასძენს ცაგარეიშვილი.

რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებებზე ისაუბრა და მოუწოდა მათ, გამობრძანდნენ და განმარტონ, რას ნიშნავს, რომ თვალებში ჩახედა და აღარ განმეორდება წარსული.

„რომელ შეცდომებზე ამბობენ უარს, რომ კლავედნენ, რომ აწამებდნენ, რომ ძარცვავდნენ, მთელს ბიზნეს ინაწილებდნენ? ეს უნდა განმარტოს, გამობრძანდნენ და განმარტონ, რას ნიშნავს, რომ თვალებში ჩახედა და აღარ განმეორდება, რომ აღარ მოგვიკლავენ შვილებს, აღარ წაგვართმევენ ბიზნესს, ამას გვპრიდებიან? რა შეცდომებზეა საუბარი. ეს შეცდომა შემოიტანეს ისე ლამაზად, ისე ლაღად, რომ მარჯვნივ კი არ წავიდნენ, ცოტა მარცხნივ შეუხვიეს, თითქოს ასეთი შეცდომა იყო. აი, ეს განმარტონ ძალიან კარგად, რა შეცდომაზე ამბობენ უარს.

სააკაშვილის მეუღლის გამონათქვამია, რომ ხალხს უნდა ეშინოდეს მიშასი და მიშა ისეთია, რომ ხალხს შეეშინდეს, ხოლო დღეს გვეუბნებიან, რომ თვალებში ჩახედვას და აღარ იკადრებს, რასაც კადრულობდა - გაუპატიურებები აღარ იქნება? მკვლელობები აღარ იქნება? წამებები აღარ იქნება? რის გარანტიას გვაძლევენ, რას გვიპრდებიან? ის, იდეოლოგია, რითაც მოვიდნენ, პრაქტიკულად გახსნილად იყო ძალადობრივი“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა „პატრიოტთა ალიანსის“ საქმიანობაც შეაფასა. ამბობს, რომ მათი პლატფორმა ვერ გაიგო. თუმცა აცხადებს, რომ ერთადერთი პარტიაა, ვინც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ სწორად წარმოჩენას. სხვა პარტიები კი, მისი შეფასებით, ხელისუფლებას ებრძვიან.

„ვერ გავიგე მაგათი პლატფორმა, რა უნდათ, ტრადიციები და ქართული კულტურა ყველას გვიყვარს, ყველას მოგვწონს, თუმცა გადაჭარბებული და უტრირებული არაფერი ვარგა. ვერ გავიგე რეალურად, მოისმინონ და ჩამოაყალიბონ თავიანთი პლატფორმა თუ რა სურთ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.