რა საერთო აქვს ერდოღანს ვლადიმერ პუტინთან და დონალდ ტრამპთან, რატომ ელიან ევროპელები, რომ თურქეთი ევროკავშირში ერდოღანის შემდეგ შეიძლება გაწევრიანდეს და დაკარგავს თუ არა ევროკავშირი თურქეთს?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ესაუბრა.
ევროკომისარი, გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრი გიუნტერ ოტინგერი აცხადებს, რომ თურქეთი ევროკავშირში ერდოღანის შემდეგ შეიძლება გაწევრიანდეს. იმ განწყობიდან გამომდინარე, რაც სამხედრო გადატრიალების მცდელობისას ვიხილეთ, როცა ერდოღანის დასაცავად ამდენი ხალხი გამოვიდა, თქვენც ფიქრობთ, რომ ერდოღანის წასვლის დრო დგება?
- არა მგონია, ასეთი დრო დგებოდეს. ვფიქრობ, ერდოღანს უფრო მეტად ყვავილობის ხანა აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონია. როგორც ჩანს, ევროპა ფიქრობს, თურქეთის საზოგადოებაში გამოიწვიოს გარკვეული მოსაზრებები ერდოღანის წინააღმდეგ და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი თურქ მოქალაქეებში მომწიფებულია აზრი ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების კუთხით. სწორედ ასეთი ელფერი დაკრავს ევროკავშირიდან წამოსულ განცხადებებს.
როდესაც საკუთარ პრეზიდენტზე, ლიდერზე გეუბნებიან, რომ ის შენ ხელს გიშლის განვითარებაში, ეს ნიშნავს, რომ გარედან ხდება პროვოცირება, რათა საზოგადოება საკუთარი ლიდერის წინააღმდეგ წავიდეს. მე ვფიქრობ, ევროპა ცდილობს, თურქეთში საზოგადოებრივი პროცესები წარიმართოს ან არჩევნებით, ან შესაძლოა, სხვა მექანიზმებითაც და ერდოღანის შეცვლა განხორციელდეს.
ცოტა ხნის წინ ერდოღანი ამბობდა, თუკი 2023 წლის შემდეგ (ანუ თურქეთის რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავისთვის) ევროკავშირი გადაწყვეტდა თურქეთის გაწევრიანებას, მაშინ ევროკავშირი უბრალოდ დაკარგავდა თურქეთს. უღირთ კი თურქებს გაწევრიანდნენ ევროკავშირში, თუ ეს მათთვის ზედმეტი ტვირთია, გამომდინარე მათი მენტალობიდან, ხასიათიდან, რელიგიიდან?
- ალბათ, ამაზე უკეთეს პასუხს შესაბამისი რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი გაგცემდათ, რომელმაც იცის, თურქების რეალური ინტერესი რა არის, მაგრამ აქ თავად ევროპასთან ინტეგრაციის იდეა უნდა შეფასდეს - არის კი ეს თურქული საზოგადოების ძირითადი ნაწილის მოტივაცია, თუ ეს მაშინდელი ხელისუფლების მოტივაცია უფრო იყო? თუკი ეს მხოლოდ იქაური ხელისუფლების მოტივაცია იყო და თურქულ საზოგადოებას ნეგატიური, სკეპტიკური, გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა ამ თემასთან, მაშინ შესაძლოა, პირიქით, ამ პროცესებმა ევროკავშირისგან დაშორების ბიძგი მისცეს თურქეთს.
ევროკავშირთან ურთიერთობას, იქაურ ბაზრებს, ეკონომიკას თურქეთი აქტიურად იყენებდა. თუკი აღმოჩნდება, რომ ევროკავშირთან საკომუნიკაციო სივრცეს თურქეთი საკუთარი ეკონომიკისა და ბიზნესისთვის იყენებდა და ბოლო თვეების განმავლობაში ეს ქვეყანა ბევრად წინ წავიდა ეკონომიკური განვითარების კუთხით ისე, რომ აღარ არის დამოკიდებული ევროკავშირზე, შეიძლება, თურქეთმა სხვა დასკვნები გააკეთოს. რამდენადაც ვადევნებ თვალყურს, თურქეთის ძირითადი აქცენტი ევროკავშირთან წმინდა ეკონომიკური ინტერესია და სხვა ტიპის ინტერესები საზოგადოებრივი პროცესების განვითარების კუთხით არ გააჩნია.
თუ თურქეთს ევროკავშირი არ სჭირდება, დაახლოებით ეს ისეთივე მოდელი იქნება, ჩვენ რომ რუსეთისთვის დაგვეყვავებინა, ჩვენი ეკონომიკური ინტერესები გაგვეტარებინა, ამასობაში ალტერნატივა გვეძებნა და, როგორც კი მივიღებდით ამ ალტერნატივას, მაშინვე უარი გვეთქვა რუსეთზე. თუ ამ კონცეფციასთან გვაქვს საქმე, მაშინ გასაკვირი არც იქნება თურქეთის პოზიცია.
ცოტა ხნის წინ თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭება და აღნიშნა, რომ ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც თურქეთს აგერ უკვე 50 წელია კარებთან ალოდინებს. ეს მესიჯი ორგვარად უნდა გავიგოთ-თურქებს ან არ სჭირდებათ ევროკავშირი, ან ძალიან სჭირდებთ, რომ განგებ მკაცრ შეფასებებს არ იშურებენ მისთვის?
- ამან გამახსენა ფაქტი, როცა თინა ხიდაშელმა ნატოსთან ტონი გაამკაცრა არა იმიტომ, რომ დავშორებოდით ნატოს, არამედ დიპლომატიური შანტაჟი მოეხდინა პროცესთა დაჩქარების მიზნით. არ გამოვრიცხავ, თურქეთიც აგრესიულ ფაქტორს ამისთვისაც იყენებდეს. მუქარა, რომ ევროკავშირი დაკარგავს კონტროლს თურქეთზე, შანტაჟს უფრო ჰგავს საიმისოდ, რომ მიაღწიოს მეტ ინტეგრაციას. პრინციპში, ევროკავშირთან დაშორებისთვის თურქეთს არანაირი განსაკუთრებული არგუმენტი არ სჭირდება.
ევროკავშირის ხიბლიც ისაა, რომ სახელმწიფოები თავისუფლები არიან, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით. შესაძლოა, ამ აგრესიით თურქეთი ცდილობს, ევროპას მძაფრი ნაბიჯები გადაადგმევინოს. სხვათა შორის, შანტაჟის ენას დროდადრო საქართველოც იყენებს ხოლმე, მაგრამ საქართველოსა და თურქეთის საჭიროებას შორის განსხვავება დიდია. თურქეთი წინასწარ აფრთხობს ევროკავშირს, თუ რა შეიძლება დაკარგოს ევროკავშირმა, თუკი თურქეთი რუსეთთან დამეგობრდება.
ევროპაში მიიჩნევენ, რომ ბევრი თურქის სურვილია, ძლიერი ლიდერი ჰყავდეთ, რასაც ერდოღანი კარგად იყენებს, მისთვის პოპულიზმი და ნაციონალიზმი უცხო არ არის და ის ჰგავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს. რა ფენომენია ერდოღანი თურქეთისთვის, არის ის ძლიერი ლიდერი და თავისი ქცევით შეიძლება მართლაც შევადაროთ პუტინსა და ტრამპს?
- საერთო ჯამში, ერდოღანის რეიტინგის გაზომვა ძალიან ძნელია. მართალია, ვნახეთ, რომ მან ხალხი გამოიყვანა, მაგრამ თურქეთი იმხელა სახელმწიფოა, რომ მომხრეც და მოწინააღმდეგეც ძალიან ბევრი ეყოლება. თუკი საქართველოში თავისუფლების მოედნის ავსებით ხდებოდა ამის ინდიკაცია და აზრის შექმნა, თურქეთი სხვაგვარი ქვეყანაა. ისევე, როგორც ჩვენ გვახსოვს რამდენიმე წლის წინ რუსეთში ერთადერთხელ დაუშვა პუტინმა მისი საწინააღმდეგო აქცია, რამხელა ტერიტორია შეივსო მაშინ და რამდენი მილიონი ადამიანი მივიდა იმ აქციაზე. ბუნებრივია, მრავალმილიონიან ქვეყანას ამის შესაძლებლობა აქვს.
მე ვფიქრობ, ევროკავშირს უკვე თვითონვე უჭირს თურქეთის ლიდერთან ურთიერთობა. რითია ეს გამოწვეული? - იმით, რომ ერდოღანი იხრება ანტიევროპული მიმართულებით, თუ იმით, რომ ერდოღანი უფრო გონიერი თუ ცბიერი აღმოჩნდა და ცდილობს, თავის ნებაზე წაიყვანოს პროცესები ევროკავშირში?! ევროკავშირს არ უყვარს, როცა მას კარნახობენ, არამედ უყვარს, როდესაც ისე იქცევა, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. ამიტომ ისეთი ლიდერი, რომელიც უფრო ფუნქციური თუ ეფექტური გამოჩნდება და ევროკავშირს რაღაცას აიძულებს, ცხადია, არ მოეწონება. ვიმეორებ, ევროკავშირს უჭირს ერდოღანთან ურთიერთობა და ცდილობს, ხელი შეუწყოს პროცესებს, რომლის მიხედვითაც, შეეცდება საზოგადოება ერდოღანის წინააღმდეგ წარმართოს.
ყოველ შემთხვევაში, ერდოღანი ძლიერი პერსონა გამოდის, რადგან თავის იდეებს კარნახობს ევროკავშირს.
- რაკიღა მისი მართვა ასე მარტივად არ ხდება, ბუნებრივია, ჩვენ შეიძლება გარკვეული ტიპის ძლიერ ლიდერს წავაწყდეთ. თუმცა ლიდერების თეორიაში თუ გადავვარდებით, თანამედროვე ლიდერთა ძლიერება რაში გამოიხატება? მიუხედავად იმისა, რომ მახინჯი შედარებაა, პირობითად გავიხსენოთ ძველი ლიდერი სტალინი და შევადაროთ ობამას. თანამედროვე ლიდერი სხვანაირად აზროვნებს, სტალინური ტიპის ლიდერები - დიქტატორები ძლიერ ლიდერებად დღეს აღარ ითვლებიან. არ შეიძლება, 21-ე საუკუნის ლიდერს უწოდო ძლიერი, თუკი ის დიქტატს მიმართავს მეთოდად.
პუტინი შეიძლება ძლიერი მმართველი იყოს, მაგრამ ძლიერი ლიდერი ვერ იქნება. მკვეთრი განსხვავებაა მმართველსა და ლიდერს შორის, ისევე, როგორც სააკაშვილი შეიძლება იყო ძლიერი მმართველი, რომელსაც ხელში ეჭირა მთელი სახელმწიფო, მისი ნების გარეშე კინოს ვერ უშვებდნენ ტელეარხზე და გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ, მუსიკალურ ჰიტათეულში პირველ ადგილზე ვინ გასულიყო, მაგრამ სააკაშვილი ძლიერი ლიდერი არ ყოფილა. ერდოღანიც, რომელმაც ლამის სიკვდილით დასჯა აღადგინოს, ძლიერ ლიდერად არ შეიძლება შეფასდეს თანამედროვე ლიდერის კრიტერიუმებით.
თუმცა ერდოღანი საკუთარ მოსახლეობას ზუსტ მესიჯებს უგზავნის. რას ნიშნავს თუნდაც ის მყვირალა მესიჯი, რომ დასავლეთმა გადაწყვიტა თურქეთი მარტოობაში დატოვოს? ის ამბობს, რომ დასავლეთისგან ელოდა სოლიდარობასა და ემპათიას, მაგრამ ამის ნაცვლად, თურქეთი, რომელმაც ქვეყანაში დემოკრატიული წყობა დაიცვა, მარტოობაში დატოვეს. ასეთი მკვეთრი ფრაზები არ მოქმედებს თურქ საზოგადოებაზე და ანტიდასავლურად არ განაწყობს?
- თავის დროზე ერდოღანმა მხარდაჭერა მოითხოვა და ვერ მიიღო ეს მხარდაჭერა. ის თვლის, რომ იგი უფლებამოსილ პირად არ ჩათვალეს. ბუნებრივია, ამისგან სერიოზული წყენა დარჩა. პრინციპში, ჩვენთან ნატოს სკეპტიკოსების არგუმენტია, რად გვინდა ნატო, თუ ის არ დაგვაბრუნებინებს ტერიტორიებს, იგივე მომენტია თურქეთშიც. იმავე თურქეთს რაღაც კონკრეტული პირობებისთვის სჭირდება ალიანსი. ზოგადად, ასეთი ალიანსები ეკონომიკური, საკომუნიკაციო და თავდაცვითი ფუნქციისაა. შესაძლოა, ერდოღანს სულაც არ შეუცვლია პირვანდელი განწყობა რუსეთის მიმართ, როცა თურქებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მაგრამ მან მიიჩნია, რომ როცა სჭირდებოდა, დასავლეთისგან მხარდაჭერა არ მიიღო. შესაბამისად, მისი დამოკიდებულება უკვე გასაგებია ევროპის მიმართ. შესაძლოა, ის ამ დისტანცირებით ცდილობდეს ევროპის „ამოქოქვას“, რომ მიიღოს ის, რაც მას სურს ევროკავშირთან ურთიერთობით.
რაც შეეხება ზეგავლენას საკუთარ ხალხზე, თუკი პრეზიდენტს აქვს იმიჯი, მისი შეხედულებები ხალხზე აისახება. ჩვენ უკვე ვხედავთ, ერდოღანი რა ფორმით ცდილობს საწინააღმდეგო აზრთან ურთიერთობას. საერთო ჯამში, ეს უფრო დაშინება და პრევენციაა იმისა, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს.