„ჩვენმა მოსახლეობამ გაცილებით უკეთ იცის, ვინ არიან რუსები, ვიდრე ევროპამ“

„ჩვენმა მოსახლეობამ გაცილებით უკეთ იცის, ვინ არიან რუსები, ვიდრე ევროპამ“

არასამთავრობოებმა კიდევ ერთხელ შემოკრეს განგაშის ზარს და რუსული პროპაგანდის გააქტიურების შესახებ ამცნეს საქართველოს მოსახლეობას, თანაც, ჩვენი ხელისუფლებისგან ამ პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მოითხოვეს.

ამის საპასუხოდ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ რუსული პროპაგანდა, ანტიდასავლური პროპაგანდა აქტიურად არის მოდებული მთლიანად ევროპაში, მათ შორის, საქართველოშიც და ეს არის საფრთხე.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში შექმნილია სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირში შექმნილ შესაბამის დეპარტამენტთან. უფრო მეტიც, მინისტრი განმარტავს, რომ მათი სტრატეგია მოქნილი დოკუმენტია, რომელიც ახალ გამოწვევებს ითვალისწინებს. კერძოდ, წელს მხოლოდ საინფორმაციო ცენტრის მიერ 350-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა. ნატო-ს ეგიდით შედგა სახალხო ფორუმიც, ამდენად, მინისტრი ვარაუდობს, რომ მათი სტრატეგია ეფექტურია.

„საქართველოში მოსახლეობა დღეს ბევრად უფრო მეტად გათვითცნობიერებულია და აქვს გაკეთებული არჩევანი ევროპული გზის მიმართ. გასაკვირია, რომ ჩვენთან არ მოხდა კომუნიკაცია ამ დოკუმენტაციის შედგენისას, რადგან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის, რეკომენდაციები დიდწილად შესრულებულია. რუსეთის მხრიდან ძალიან მაღალია ინტერესი და მაღალია დაფინანსება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

რამდენად გვაძლევს გულდამშვიდების საფუძველს ის გარემოება, რომ რუსული პროპაგანდა აქტიურია მთლიანად ევროპაში და ამ პროპაგანდის გასანეიტრალებლად საკმარისია თუ არა ნატოს ეგიდით გამართული ფორუმი ან კიდევ 350-ზე მეტი ღონისძიება?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროპაში გააქტიურებული რუსული პროპაგანდა ჩვენთვის გულდამშვიდების საფუძველი ვერ იქნება, რადგან ევროპა გაცილებით დაცულია, ვიდრე საქართველო. თუმცა, ამასთანავე, ჩვენმა მოსახლეობამ გაცილებით უკეთ იცის, ვინ არიან რუსები, ვიდრე ევროპამ.

პოლიტოლოგის თქმით, განსაკუთრებით, ამ ბოლო 70 წლის განმავლობაში ქართველებმა რაღაცნაირად იმუნიტეტი გამოიმუშავეს და მოსკოვიდან წამოსულ მათთვის არასასურველ ინფორმაციას ყოველთვის გვერდს უვლიან. ამიტომ ჩვენს მოსახლეობაზე რუსული პროპაგანდის გავლენა გაცილებით ნაკლებად მუშაობს, ვიდრე ევროპელებზე.

„რას გვთავაზობენ არასამთავრობოები? თუ გვთავაზობენ იმას, რომ რუსული პროპაგანდა მთლიანად აიკრძალოს, ეს საქართველოს შიდა დემოკრატიული ინსტიტუტისთვის საკმაოდ სახიფათოა. დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიძლება ეს სწორად გააკეთოს, ანუ აკრძალოს და შეწყვიტოს რუსული პროპაგანდის გამომხატველი გადაცემები, მაგრამ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ახლად მოსული მომდევნო ხელისუფლება, ან თუნდაც იგივე ხელისუფლება ამ აკრძალვას არ გამოიყენებს მთლიანად მედიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. ასე რომ, აკრძალვის პოზიცია საკმაოდ მყიფეა.

მეორე მხრივ, საქართველოში რუსულ პროპაგანდას თუ რაიმე უნდა დაუპირისპირდეს, ეს უნდა იყოს კონტრპროპაგანდა. არც ერთ მედიასაშუალებაში არ ხდება ფაქტების იმგვარად წარმოჩენა, თუ რა არის დასავლური ღირებულებები და საით მივდივართ. უფრო მეტიც, დასავლეთის წარმოჩინება ისე არ ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. ევროპაზე საუბრისას მარტო ცალკეული ფრაზებით, ზოგჯერ ჩემთვისაც მიუღებელი საკითხების გამოტანითა და აფიშირებით შემოიფარგლებიან. ამიტომ პრობლემის გადაწყვეტა თუ გვინდა, უნდა გავითვალისწინოთ ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი რეალობა. როდესაც რუსეთთან მიმართებით ქართულ სინამდვილეს ვადარებთ ბალტიისპირეთს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ბალტიისპირეთში საბჭოთა პერიოდშიც კი სხვაგვარი დამოკიდებულება იყო ზოგადად რუსულისადმი, ვიდრე საქართველოში.

ფრაგმენტული პოლიტიკის გატარება ყველაზე სახიფათოა. სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული საინფორმაციო პოლიტიკა, არა მარტო პროდასავლური თუ პრორუსული, არამედ საკუთარი საინფორმაციო პოლიტიკაც კი არ აქვს ჩამოყალიბებული, რისი შედეგიცაა ის, რომ დღეს საარჩევნო პერიოდში უწევთ რაღაცების თავიდან გაკეთება. რუსული პროპაგანდის გავლენა ქართულ მოსახლეობაზე სხვაგვარი მეთოდით უნდა შემცირდეს და არა აკრძალვებით“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და შესაძლოა, არსებობდეს კიდეც რუსული პროპაგანდა. თუ ეს ხდება სამართლებრივი ჩარჩოების დარღვევით, აკრძალული სიმბოლიკის გამოყენებით, როგორი შემთხვევებიც გვახსოვს, მაშინ საქართველოს სახელმწიფო ამაზე რეაგირებს. ხოლო, თუ არ ხდება კანონის დარღვევა, მაშინ მასზე ზეწოლა სახელმწიფოს არ შეუძლია.

არჩილ გამზარდიას აზრით, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა მთლიანი საზოგადოების ქცევა უნდა იყოს, სახელმწიფო ინსტიტუტები ამას მარტო ვერ გააკეთებენ და არც უნდა გააკეთონ.

„ჩვენ გვახსოვს მსგავსი შემთხვევა წინა ხელისუფლების პირობებში, როცა ძალადობითა და ზეწოლით ხდებოდა რუსული პროპაგანდის მიჩქმალვა. შეიძლება, ეს ჩვენთვის სასურველი იყო, რომ რუსული პროპაგანდა მცირდებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არ ქმნიდა დემოკრატიულ სახელმწიფოს. ამიტომ დავით ბაქრაძის არგუმენტი სრულიად მისაღებია, ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ხალხმა, საზოგადოებამ ერთობლივად უნდა იმუშაოს და არა მხოლოდ ხელისუფლებამ. ჩვენს ქვეყანაში რუსულ პროპაგანდას იმიტომ აქვს განსაკუთრებული სპექტრი, რომ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესებით ძირითადად დაინტერესებულნი არიან საშუალო ასაკს ზემოთ მყოფი ადამიანები, ანუ ისინი, რომლებიც კომუნისტების პერიოდში შედარებით ადვილ ცხოვრებას მისტირიან და კომუნისტური ნოსტალგია მათთვის პრორუსიზმის სიმბოლოდ იქცა. ახალგაზრდები რომ მეტად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში, მაშინ ეს ნაკლებად მოხდებოდა.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნების დამოკიდებულებას, იქ კვალიფიციურად მიდის ეს პროცესები, რადგან არსებობს რამდენიმე ძლიერი სახელმწიფო, რომლებსაც საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. მაგალითად, რუსეთს უფრო ღია ინტერესები აქვს, მაშინ, როცა ჩინეთი თავის ინტერესებზე ხმამაღლა ასეთი აგრესიული და ნეგატიური ფორმით არ საუბრობს. ის უფრო ჩუმი ტაქტიკით მოქმედებს. ზოგიერთი ქვეყნისთვის ამერიკული პროპაგანდა შეიძლება იყოს მიუღებელი, ზოგისთვის კი სხვა ქვეყნის პროპაგანდაა მიუღებელი. ეს, ერთი მხრივ, ნორმალური პროცესია, მაგრამ ამას საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ანუ აქტიური ნაწილი საზოგადოების“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

მისივე თქმით, ნატოს ეგიდით გამართული ფორუმი ან კიდევ 350 ღონისძიების გამართვა საკმარისი არ არის და ვერ ვიტყვით, რომ ამგვარი ღონისძიებების ეფექტი ჩვენს ქვეყანაში მაღალია. უფრო მეტიც, ანალიტიკოსი თვლის, რომ პრორუსულ იდეას საქართველოში სააკაშვილმა დიდად შეუწყო ხელი, რადგან მოსახლეობა იმ მმართველის პროპაგანდის საწინააღმდეგო მხარეს იკავებდა, რომელიც მას არ უყვარდა და არ ენდობოდა.

„ცხადია, ვინც არ გვიყვარს, მისი ნათქვამის საწინააღმდეგოდ მივმართავთ ჩვენს აზრებს. ამიტომ საქართველოში პრორუსულობის გაძლიერების საფუძვლები უნდა ვეძებოთ იმაში, რომ ევროპაზე გველაპარაკებოდა მმართველი, რომელიც მოსახლეობას სძულდა“.